საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა
ძვირფასო თანამემამულენო!
როგორც იცით, გუშინ სეპარატისტების მიერ თამარაშენისა და სხვა ჩვენი კონტროლის ქვეშ მყოფი სოფლების დაბომბვის საპასუხოდ ჩვენც გავხსენით ცეცხლი და გადავედით შეტევაზე.
მინდა ჩაგაბაროთ გუშინდელი ღამის ანგარიში.
გუშინდელი ღამის განმავლობაში საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა გაათავისუფლეს წინაგარის რაიონი მთლიანად, ზნაურის რაიონი მთლიანად, სოფელი დმენისი, რომელიც იყო ერთ-ერთი მთავარი ცენტრი და ყველაზე დიდი სოფელი ამ რეგიონში, სოფლები ღრომი და ხეთაგუროვო და ალყა შემოარტყეს ქალაქ ცხინვალს.
ასევე გათავისუფლებულია ქალაქ ცხინვალის უმეტესი ნაწილი და ამჟამად, ბრძოლა მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში.
ამას გარდა, შეტევა მიიტანეს ხეობაზე როგორც ქალაქ ცხინვალის მხრიდან, ისე კოლონის მხრიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა და ჩრდილოეთის მიმართულებით მიიტანა შეტევა.
ამ ეტაპისთვის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი გათავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების კონტროლის ქვეშ.
ამავე დროს, მინდა განვაცხადო მთელი მსოფლიოს გასაგონად - საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია.
ბოლო საათებსა და წუთებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა განხორციელდა და დაიბომბა დასახლებული პუნქტები და ეს სხვა არაფერია თუ არა კლასიკური საერთაშორისო აგრესია.
მსურს მივმართო მსოფლიო საზოგადოებრიობას, მინდა მივმართო რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა.
საქართველო ამ კონფრონტაციის ინიციატორი არ ყოფილა, მაგრამ საქართველო თავის ტერიტორიებს არ დათმობს, საქართველო თავისუფლებაზე უარს არ იტყვის.
ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე ათეული ათასი რეზერვისტის მობილიზაცია და რეზერვისტთა მობილიზაცია გრძელდება.
სამშობლოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან, ძნელბედობის ჟამს, მაშინ, როდესაც წყდება საქართველოს მომავლის, საქართველოს თავისუფლების, თითოეული ჩვენგანის მომავლის, თითოეული ჩვენგანის თავისუფლების ბედი, ასევე ბედი იმისა, გვექნება თუ არა სამშობლო, ყველანი უნდა დავირაზმოთ.
არ შეგვეშინდეს!
არ შეგვეშინდეს არც ბომბების, არც მათი შეტევების - ჩვენ უფრო მეტნი ვართ.
ეს ჩვენი სამშობლოა, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენ ვიცავთ საქართველოს და ჩვენ ვიცავთ საქართველოს მომავალს!
ჩვენ ყველანი ერთად, ასობით ათასი ქართველი უნდა დავირაზმოთ და გადავარჩინოთ საქართველო!
ჩვენ თავისუფლების მოყვარე ერი ვართ და თუ ერი ერთ მუშტად შეიკვრება ვერანაირი აგრესორი, ვერანაირი გარე ძალა მას ვერაფერს ვერ დაუშავებს.
უნდა გავძლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ!
ყველას მობილიზაციისაკენ მოვუწოდებ!
ვაცხადებ საყოველთაო მობილიზაციას საქართველოში!
ვაცხადებ რეზერვისტთა საყოველთაო მობილიზაციას!
ყველა უნდა გამოცხადდეს გაწვევის პუნქტებში და ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს.
თუ ყველანი მაგრად და ერთად დავდგებით, საქართველოს დამმარცხებელი ძალა, თავისუფლების დამმარცხებელი ძალა, თავისუფლების მოყვარე ერის დამმარცხებელი ძალა როგორი თვითმფრინავებით, ტანკებით და რაკეტებითაც არ უნდა იყოს შეიარაღებული ის, მაინც ვერ მოგვერევა!
გაუმარჯოს საქართველოს!
ღმერთი იყოს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს - საქართველოს და თითოეული ჩვენგანის მფარველი!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური