Google+

გამოსვლები და განცხადებები

25.10.2013
საქართველოს პრეზიდენტი: „ყველანი მოვეგოთ გონს და ვიღაცის ჯინზე ნუ გავაფუჭებთ იმას, რაც წინა წლებში აშენდა. ნუ შევუყენებთ წყალს საქართველოს!“

მოგესალმებით.

დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით, მინდა ორიოდ სიტყვა გითხრათ.

რამდენიმე წლის წინათ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, საქართველოს  პრეზიდენტი ვერ ჩადიოდა ქვეყნის რამდენიმე რეგიონში. მათ შორის იყო აჭარა და ჯავახეთი, ახალქალაქი, ნინოწმინდას რეგიონი.

ამ წლების განმავლობაში ჩვენ მოვახდინეთ და აღვადგინეთ სრულფასოვანი კონტროლი აჭარაზე,  რომელიც ბოლომდე სეპარატისტული იყო ასლან აბაშიძის ქვეშ.

ჩვენ მთლიანად აღვადგინეთ კონტროლი ჯავახეთზე. მინდა შეგახსენოთ, რომ ჯავახეთში ვერ შედიოდა ვერც ერთი ქართველი პოლიციელი, ვერც ერთი ქართული ჯარის შენაერთი.

გახსოვთ, ალბათ, მაგალითად, როგორ გამოაბუნძულეს ერთხელ დავით თევზაძე თავის შენაერთებთან ერთად.

ჩვენ მოვახერთხეთ ის, რომ ამ რეგიონში შევიდა ქართული ენა. ასობით ქართველი მოხალისე, მასწავლებელი წავიდა და, პრაქტიკულად, ყველა სკოლაში იყო და არის ქართულის მასწავლებელი, რომელიც იქაურ ბავშვებს ქართულ ენას ასწავლის.

ვამაყობთ იმით, რომ, მაგალითად, გუშინ და დღეს აზერბაიჯანელი სტუდენტების ასოციაცამ გადმომცა სიგელი, რომლითაც მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც ადრე სულ სამი აზერბაიჯანელი სტუდენტი იყო და რამდენიმე ეთნიკური სომეხი, დღეს ათასამდე აზერბაიჯანელი და დაახლოებით ამდენივე ეთნიკური სომეხი ახალგაზრდა სწავლობს.

ჩვენ დავიწყეთ ამ რეგიონის მართლაც სრულმასშტაბიანი ინტეგრაცია.

იქ აშენდა ქართული სკოლა; იქ აშენდა უზარმაზარი სარკინიგზო კვანძი, რომლის მშენებლობაც ჯერ კიდევ წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ჭიანურდება ან საბოლოოდ დასრულდება;  გაიხსნა ახალი საბაჟო პუნქტები; გავაკეთეთ თბილისი-ახალქალაქის შემაერთებელი გზა.

აი, ყოველივე ამის ფონზე, ციხიდან ჩახალიანის გამოშვება, რომელმაც დაარბია ქართული უნივერსიტეტი, დაარბია საქართველოს ეპარქია, მუდმივად აწყობდა პროვოკაცებს რუსეთის სამხედრო დაზერვის დაკვეთით და პირდაპირ მუშაობდა რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ისევე, როგორც რუსეთის ჯაშუშების: შკრილნიკოვის, გევორქიანის და სხვებიც გამოშვება, რომელიც სხვათა შორის, გვინდოდა გაგვეცვალა რუსეთში დაკავებულ ქართველ მზვერავებზე და პრაქტიკულად ყველაფერი მოლაპარაკებული იყო...

როდესაც საქართველოში მთავრობა შეიცვალა, ამ მთავრობამ ყოველგვარი პირობების გარეშე (დარწმუნებული ვარ, ეს არ ყოფილა შემთხვევითობა), გაუშვა ყველა რუსი ჯაშუში, რითაც,  პრაქტიკულად, დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს უსაფრთხოებას.

ჩახალიანისთვის და მისი მსგავსი ადამიანებისთვის თავისუფლების მინიჭება მაინც ყველაზე საშიში იყო. ჩახალიანი მათ არა მარტო გამოუშვეს, არამედ მას რეგულარულად ხვდებიან კიდეც ჩვენი მთავრობის მაღალჩინოსნები.

მისი ძმა, რომელიც ამას წინათ დააკავეს ბანდიტობისთვის, მთავრობის მითითებით გაუშვეს ციხიდან მაშინ, როდესაც უამრავი სხვა ადამიანი ბევრად ნაკლები ბრალდებებით, ტყუილად ჰყავთ დაკავებული.

მოსახლეობასთან დღეს ჩემი შეხვედრის დროს, ეს ადამიანი მოვიდა სამთავრობო პარტიის აქტივისტებთან ერთად - მინდა ყველანი დავფიქრდეთ ამაზე, უპირველესად, საქართველოს მთავრობას ვთხოვ დაფიქრდეს, რადგან რომ ასეთ ელემენტებთან თამაში, მათი გაჯეჯილება და მათთვის თავისუფლების მიცემა ყოვლად დაუშვებელია.

ერთი წლის წინათ, ასეთ რამეს ისინი ვერც გაბედავდნენ. ერთი წლის წინათ ის ციხეშიც იყო. ახლა კი ისინი არა მხოლოდ ბედავენ, არამედ ბევრად უფრო დიდი და შორსმიმავალი გეგმები აქვთ.

ჩემი ერთ-ერთ მთავარი მიღწევა იყო სამოქალაქო ინეგრაცია საქართველოში.

პრემიერ-მინისტრი ორი დღის წინათ ჩავიდა და უთხრა საქართველოში გვაქვს ჩვენი პრობლემები, ხოლო თქვენი წარმოშობის ქვეყანას - თავისი. პრაქტიკულად, იქაურებს უთხრა: საქართველოში თქვენი ადგილი არ არისო.

მან თქვა: მიკვირს, როგორ ცხოვრობთ საქართველოში, როდესაც თქვენი ქვეყანა გვერდით არისო.

ერთი მხრივ, ვეუბნებით ისეთ რამეს, რისი წარმოთქმაც ჩემი მთავრობის დროს შეუძლებელი იყო, ხოლო, მეორე მხრივ, ვახალისებთ სეპარატისტებს, რომლებიც პირდაპირ იყენებენ ჩვენი პრემიერ-მინისტრის გამონათქვამებს პროვოკაციული მიზნებისთვის.

სახელმწიფო აპარატზე ასეთი დარტყმა, წესრიგისა და კანონიერების ასეთი მოშლა პირდაპირ დააზარალებს საქართველოს სახელმწიფროებიობას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ ადგილებში, სადაც რუსეთი პირდაპირ შემოიჭრა და პირდაპირ მოვიდა ჩვენთან კონფრონტაციაში, ბოლო წლებში მე და ჩემმა მთავრობამ აღვადგინეთ საქართველოს იურისდიქცია ისე, რომ თბილისის პოლიტიკურ ელიტას არც გაუგია და არც დაინტერესებულა ამით.

ჯავახეთსა და აჭარაში ჩვენი იურისდიქცია, პრაქტიკულად, არ ვრცელდებოდა, ქვემო ქართლში  დაკარგული არ გვქონდა, მაგრამ იყო სერიოზული პრობლემები.

სერიოზული პრობლმები გვქონდა პანკისში...

ყველაფრის აღდგენა მოვახერხეთ იქ, სადაც რუსეთი პირდაპირ არ შემოიჭრა, მაგრამ ახლა თუ შევასუსტებთ კონტროლის მექანიზმებს, თუ ჩვენ პოლიტიკური მიზნებისთვის გამოვიყენებთ ამ და მსგავს პროვოკაციებს, მივიღებთ იმას, რომ ჩვენი დამპყრობელი, პრაქტიკულად, ხელახლა გამოიყენებს ამას საქართველოს წინააღმდეგ შემდგომი პროვოკაციებისთვის და ამ ქვეყნის  შემდგომი დაქუცმაცებისთვის, საქართველოს რეპუტაციის შემდგომი შერყევისთვის.

ყველაზე მეტად არ მინდა ის, რომ ამ წლების შრომა წყალში გადაიყაროს.

შეჩერებული და დაპაუზებული პროექტები, რომლებსაც იქ ვახორციელებდით: შეჩერებული სათხილამური კურორტი, ბევრად უფრო შენელებული რკინიგზა, ან უნდა დაჩქარდეს, ან უნდა განახლდეს.

უნდა დაჩქარდეს საბაჟო ტერმინალების გახსნა, ახალი შიდა გზების მშენებლობა და უნდა განახლდეს ის, რაც შეჩერებულია.

რაც მთავარია, საქართველოს კანონის უზენაესობა და საქართველოს სუვერენიტეტი არ შეიძლება ეჭქვეშ დადგეს სხვადასხვა ელემენტების მოქმედების გამო.

ვიცი, რომ საქართველოს მთავრობაშის არის ხალხი, ვისაც საეჭვო კავშირები აქვს, მათ შორის ჩვენი დამყრობლის ინტერესებთან, მაგრამ, საბოლოოდ, ჩვენ ყველანი ქართველები ვართ.

არ მჯერა, რომ საქართველოში ოდესმე მოვა მთავრობა ან თუნდაც დღევანდელ მთავრობას ენდომება ის, რომ შეირყეს საქართველოს ინტერესები და სუვერენიტეტი და გაგრძელდეს საქართველოს დაქუცმაცება ჩვენი დამპყრობლის მიერ.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, რომ დღევანდელი ინციდენტი იყოს უკანასკნელი.

ყველანი მოვეგოთ გონს და ვიღაცის ჯინზე, ბოღმისა და ღვარძლის გამო ნუ გავაფუჭებთ იმას, რაც წინა წლებში აშენდა. ნუ შევუყენებთ წყალს საქართველოს!

პრეზიდენტები იცვლებიან და გამოიცვლებიან - რამდენიმე რამდენიმე კვირაში აღარც მე ვიქნები პრეზიდენტი; მთავრობებიც გამოიცვლება, მათ შორის, ეს მთავრობაც, მაგრამ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც შეუქცევადად დააზარალებს ჩვენს საქართველოს.

დიდი მადლობა. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)