Google+

გამოსვლები და განცხადებები

09.10.2013
საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის საზოგადო მოღვაწე ანდრეი ილარიონოვი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

მიხეილ სააკაშვილი

ანდრეი ილარიონოვი რუსეთის სახელმწიფოსა და ხალხის დიდი პატრიოტია, თუმცა იგი არ არის რუსეთის იმპერიის ქომაგი. ჩვენ ქართველი პატრიოტები ყოველთვის მოვნახავთ საერთო ენას რუსეთის ნამდვილ პატრიოტებთან.

ჩვენი ხალხები საუკუნეები უნდა ცხოვრობდნენ ერთად. ჩვენი ვალია, ცუდ მემკვიდრეობაზე, შეცვლილი სიტუაციების პირობებში ერთად ავაშენოთ ახალი კეთილმეზობლური ურთიერთობები და ეს სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება. ამაზე მე გაეროშიც ვისაუბრე.  

ანდრეი ილარიონოვმა წარმოუდგენელი ღვაწლი გაწია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის წარმოშობისა და მიმდინარეობის შესწავლაზე.

დღეს, როდესაც ბევრი ქართველი პოლიტიკოსი იმეორებს იმას, რომ ომის დაწყება  ან საქართველოს ბრალია ან, თურმე, პროვოკაციას წამოვეგეთ, ამ კაცმა დამაჯერებელი პასუხი გასცა ყველა შეკითხვას, რომელიც უკავშირდებოდა ამ ომს.

ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ საქართველო პროვოკაციას წამოეგო, ელემენტარული სიბრიყვეა, არ ითვალისწინებს საქართველოს ისტორიას და იგივეა თუ ვიტყვით, რომ ლაშა-გიორგი მონღოლების პროვოკაციას წამოეგო.

2008 წელს ჩვენ დავიცავით და გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა, რაც ვერ შეძლო ჩვენზე უფრო ძლიერმა სახელმწიფოებმა ანალოგიური შემოტევის პირობებში.

ჩვენი სახელმწიფოებრიობა გადარჩა იმის გამოც, რომ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა გვქონდა; ასევე რუსეთში იყვნენ პატრიოტები, რომელთაც ესმოდათ სახელმწიფოს გადარჩენისა და სამომავლოდ, საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობა.

ამიტომ, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის, ასევე თავისი ქვეყნის გაძლიერებასა და საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობაში გაწეული ღვაწლისთვის, მადლიერების ნიშნად, მსურს, ანდრეი ილარიონოვს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადავცე.  

 

ანდრეი ილარიონოვი

ძვირფასო მეგობრებო,

მინდა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადავუხადო ამ მაღალი ჯილდოსათვის, მაგრამ ეს ჯილდო მეკუთვნის არა მხოლოდ მე, არამედ იმ ათასობით და მილიონობით ადამიანს, რომლებიც ყოველთვის, ყველა დროს იყვნენ, არიან და იქნებიან საქართველოს, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს საუკეთესო მეგობრები.

ეს არის წმინდა გიორგის სახელობის ორდენი, წმინდა გიორგი კი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი წმინდანია. წმინდა გიორგი ასევე ერთ–ერთი ყველაზე სათაყვანებელი, ყველაზე პატივსაცემი წმინდანია რუსეთშიც.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ახლოს არიან ჩვენი ხალხები, რამდენად ახლოსაა სიმბოლოები, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს.

მაგრამ ბოლო დროს, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ამ ისტორიულ გრძნობას – გრძნობას, რომელიც ეფუძნება ჩვენს უდიდეს სულიერ სიახლოვეს, კიდევ ერთი გრძნობა დაემატა – უდიდესი პატივისცემისა და მადლიერების გრძნობა იმისთვის, რაც ბოლო წლების განმავლობაში თქვენთან გაკეთდა.

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ადვილი არ იყო იმის წარმოდგენა, რომ რუსეთში ხალხი საქართველოს აღიქვამდა არა მხოლოდ საუკეთესო ადგილად დასვენებისთვის, სადაც დასვენებაც შეგიძლიათ და მეგობრების შეძენაც, არამედ, იმის ნიმუშად, თუ რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს ძალიან მოკლე პერიოდში ქვეყანაში ძალიან მძიმე საბაზო, საწყისი პირობებით.

ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ნამდვილად მოვლენა გახდა ის, რომ რუსეთში, რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილება ქართული რეფორმები.

ჩვენ განვიხილავთ იმას, რაც გაკეთდა თქვენთან – არა უპრობლემოდ, სირთულეებით, მაგრამ გაკეთდა.

ეს არის სრულიად ახალი დამოკიდებულება ახალი საქართველოს მიმართ.

ალბათ, თქვენ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებთ სრულად, თუ რამდენად დიდი მაგალითი გახდა საქართველო ამ პერიოდის განმავლობაში პოსტსაბჭოთა სივრცის მრავალი ქვეყნისთვის და, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის.

უპირველეს ყოვლისა, ეს გაკეთდა თქვენი პრეზიდენტის წყალობით, ასევე იმ გუნდის ძალისხმევით, რომელიც მასთან მუშაობდა და მუშაობს. 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)