მოგესალმებით.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან დაძაბული კვირა, რადგან, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაწყვიტა ამ კვირაში კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება უკავშირდება მის განზრახვას, ე.წ. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მიიღოს ისეთი სისტემა, რომლის თანახმადაც, პრაქტიკულად, მის ხელში მოხდეს ხელისუფლების უზურპაცია. მას ექნება სრული კონტროლი პარლამენტზე, რომლის გადმოტანასაც, ამ მიზნით, აპირებს თბილისში.
მან პირადად მითხრა, რომ გადადგომის შემდეგ სურს ადვილად აკონტროლოს პარლამენტი. პოლიტიკოსისთვის, რომელიც გადადგომას აპირებს, ეს უცნაური სურვილია.
მას აქვს განზრახვა - დაიყვანოს კვორუმი ორ მესამედამდე - ნიშნავს იმას, რომ სხვა ცვლილებები, პრაქტიკულად, უპრობლემოდ განახორციელოს. ეს კი საშუალებას მისცემს, არაფორმალურად, მაგრამ მთლიანად ჩაიგდოს ხელში ქართული პოლიტიკური სპექტრი, პოლიტიკური ცხოვრება და საქართველოსთვის ძირითადი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება.
შეშფოთებული ვარ იმით, რასაც ამ დღეებში ვხედავ.
აი, მაგალითად, რამდენიმე დღის წინათ შევიძინე ზვიად ციკოლიას გაკეთებული სააათი, რომელიც „ლაზიკას“, „დიდგორისა“ და ბევრი ჩვენი საბრძოლო მანქანის დიზაინერი.
ბოლო პერიოდის განმავლობაში, არჩევნების შემდეგ, ზვიად ციკოლია თავს საათების კეთებით ირჩენს, რადგან ქარხანაში აღარავის სჭირდებოდა. არჩევნების შემდეგ, ქარხანა, პრაქტიკულად, გაჩერებულია - მხოლოდ 15 პროცენტიანი სიმძლავრით მუშაობს და მუშების გაშვებასაც აპირებენ. ციკოლია კი, იაპონურმა კომპანიამ წაიყვანა სამუშაოდ.
ქართული სამხედრო ტექნიკის გამომშვები არავის აღარ სჭირდება, ისევე როგორც რევაზ ჭარბაძე, რომელიც იყო ამ ქარხნის ორგანიზატორი და კანონიერი ქურდების ჩვენების შედეგად იძებნება და ევროკავშირში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი.
საქართველოს მთავრობამ მიიღო ჩვენება კანონიერი ქურდებისგან და ეძებს „ლაზიკის“, „დიდგორის“, არტილერიის სისტემების, კავშირგაბმულობის მანქანისა და უპილოტო საფრენი აპარატის გამომშვებსა და მთავარ ორგანიზატორს. გავაქცეთ ჭარბაძე, გავაქციეთ ციკოლია, გავაქციეთ ასევე ეზუგბაია - რკინიგზის ხელმძღვანელი.
დღეს მე ვიყავი ახალქალაქში ჩვენ მიერ აშენებულ ახალ ქართულ სკოლაში და ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცე მათ.
ამ სკოლის გვერდით მდებარე „ქართული ოცნების“ ოფისიდან თავი ჰქონდათ გადმოყოფილი ზოგიერთებს და ჩხუბობდნენ. არადა, შეადარეთ პოლიტიკური სიმბოლოები - ჩვენ ახალქალაქში ავაშენეთ ქართული სკოლა, „ქართულმა ოცნებამ“ კი, გამოუშვა ჩახალიანი.
დღეს გადავუფრინეთ სადგურს, რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული კავშირია. წინა ჩასვლისას, 2 დღით ადრე იცოდნენ რომ ჩავდიოდი და დამახვედრეს მუშები, რომლებსაც ახალდაკეცილი ფორმები ეცვათ. იდგნენ ყველანი მასობრივად. დღეს ერთი მუშაც კი არ იდგა მშენებლობაზე - არავინ არ მოელოდა, რომ ჩავიდოდით, ეს ბოლო წუთს გადავწყვიტეთ.
სამაგიეროდ, ერთადერთი გზა, რომლის მშენებლობაზეც ინტენსიურად მუშაობენ, არის ლარსთან, რუსეთთან შემაერთებელი გზა.
საქართველოს ევროპასთან დამაკავშირებელი რკინიგზა კი, პრაქტიკულად, გაჩერებულია. ბოსფორზე წელს იხსნება გვირაბი და ჩვენც წელს უნდა დაგვემთავრებინა ამ გზის მშენებლობა. ამ ტემპით თუ გაგრძელდა, მინიმუმ, კიდევ 3 წელიწადი დაჭირდება.
არანაკლებ საშიშია ის, რაც გუშინ გიგი უგულავასთან ერთად ვნახეთ თბილისის შემოვლით გზაზე. თბილისში, საუკუნის მშენებლობაზე 200 მილიონზე მეტი დაიხარჯა. რკინიგზის გადატანა თბილისს აქცევს სულ სხვა ქალაქად - საცობები, პრაქტიკულად, გაქრება. კახეთის გზატკეცილი შეუერთდებოდა მცხეთის ავტობანს და ქალაქში იქმნებოდა ახალი ცენტრი.
რაც მთავარია, რკინიგზა არის მზად - გაკეთებულია 9 გვირაბი და რამდენიმე ძალიან გრძელი ესტაკადა. ეს რკინიგზა ოფიციალურად დახურა მთავრობამ მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენი გაკეთებული იყო.
როგორ უნდა ჩაუდგე ჯიბრში საკუთარ დედაქალაქს, თანამოქალაქეებს და იმას, რასაც საქართველო ქმნიდა, რომ ეს რკინიგზა შეაჩერო?
ეზუგბაიაზეც გამოაცხადეს ძებნა და ახლა მასაც პოლიტიკური თავშესაფარი აქვს ევროკავშირში.
დღეს ვიყავი ვანო მერაბიშვილის მშობლებთან და ვნახე, როგორ მოკრძალებულად ცხოვრობს ეს ხალხი. ძალიან კარგად მოვლილი მიწის პატარა ნაკვეთი აქვთ, მაგრამ უბრალოდ და, შეიძლება ითქვას, ხელმოკლედ ცხოვრობენ.
მერაბიშვილს მილიარდების მოპარვას აბრალებდნენ და დღეს ვნახე როგორ ცხოვრობს მისი ოჯახი, გუშინ კი მთელმა საქართველომ ნახა როგორ ცხოვრობს მათი შემადგენლობა. ეს ხალხი ვიღაცას ლექციას უკითხავს! ყველაფერი თავდაყირა დადგა.
დღეს პრემიერ-მინისტრმა ჩვენ მიერ სამი წლის წინ დაწყებული ჰესის მშენებლობა, რომელიც ჩვენ გავხსენით, უკვე მესამედ გახსნა, როგორც დიდი ამბავი.
ეს ის პრემიერ-მინისტრია, რომელმაც ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გააჩერა, თბილისის შემოვლითი რკინიგზა გააჩერა და თბილისს წაართვა მომავალი.
ასევე ქუთაისს და მთელ რეგიონს ართმევს მომავალს, რადგან პარლამენტის შენობის გადმოტანა უნდა, რათა მის სასახლესთან უფრო ახლოს იყოს. მთელ ქუთაისს ართმევს მომავალს.
ეს ის პრემიერ-მინისტრია, რომელმაც, პრაქტიკულად, შეაჩერა ევროპისკენ მიმავალი სტრატეგიული რკინიგზის მშენებლობა და, სამაგიეროდ, გველაპარაკება ევრაზიის კავშირში შესვლაზე.
თუ ამ სიტუაციაში პარლამენტში მათ მოახერხეს საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა, საქართველოში საბოლოოდ გაჩერდება პროგრესი და მოხდება ხელისუფლების საბოლოო უზურპაცია. ეს, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი ვერ იქნება, მაგრამ, სამწუხაროდ, გამოიწვევს პროგრესის შეჩერებას, ქაოსს და იმას, რისი აცილებაც ყველას გვსურს.
ამის გამო, როგორც არასდროს, საჭიროა ჯანსაღი პოლიტიკური ძალის კონსოლიდაცია. საჭიროა გვესმოდეს, რომ ისინი ახლა ყველაზე მუშაობენ, მოსყიდვით, შანტაჟით, ხელების გადაგრეხვით.
ეს არის გადამწყვეტი მომენტი იმისა, შეძლებს თუ არა საქართველო იმ ზიანისა და ზარალის გადალახვას, რომელიც მას ამ მოკლე ხანში მიადგა და წინ სვლას; თუ ჩავეფლობით იმ ჭაობში, რომელშიც ბოლო თვეების განმავლობაში გვექაჩებიან.
გაჩერებული მშენებლობები და გაჩერებული პროგრესი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების ხარჯზე ხდება.
ახლა იმის დრო არ გვაქვს, რომ ჩვენს შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს მომავალი წავართვათ.
მინდა მოვუწოდო საპარლამენტო ფრაქციას სრული მობილიზაციისკენ. ეს არის სიმართლის მომენტი.
მინდა საზოგადოებას ავუხსნა, მათ შორის, ქუთაისის საზოგადოებას, თუ რას უპირებენ.
ხმების მიღება უნდათ საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ეჩქარებათ ამ ცვლლების მიღება.
ვფიქრობ, ქუთაისელები არ მოტყუვდებიან და მიხვდებიან რას ეუბნებიან: ახლა ორ მესამედს გავხდით, თქვენ ხმა მოგვეცით საპრეზიდენტო არჩევნებში და წყნარად წავიღებთ პარლამენტს თქვენგან...
...და ქუთაისის მომავლის პროექტიც მოკვდება - თან არა მარტო ქუთაისის, არამედ წყალტუბოს, საირმის, მთელი დასავლეთ საქართველოს იმ ზონის.
თბილისს მომავალი წაართვეს ამ რკინიგზით, სამხრეთ საქართველოს და მთელ საქართველოს ართმევენ მომავალს ყარსი-ახალქალაქით, ბათუმს განათლების სისტემას ართმევენ, თუნდაც ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაჩერებით.
სხვათა შორის, როდესაც ჰესებზე საუბრობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მარტო ჯავახეთში დღეს 3 დიდი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ვნახე გაჩერებული.
ის, რომ დღეს პრემიერმა თქვა: ხუდონი უნდა აშენდესო, თქვა ერთადერთი მიზნით - ბუკიას ხმა სჭირდებათ, რომელიც ხუდონჰესის ლობისტია.
ახლა ეტყვიან: ხუდონს ავაშენებთო, მიიღებენ ხმას და მერე იმასაც დაბლოკავს - ჩვეულებრივ აფერასთან გვაქვს საქმე.
ამას ჩვენ მაინც უნდა მივმხვდარიყავით დიდი ხანია. სწორედ ამიტომ ახლა ძალიან მობილიზებულად უნდა ვიმოქმედოთ - ხალხმა უნდა იცოდეს რა ფენომენთან აქვს საქმე.
ჩვენს საზოგადოებას ყველაფერი კარგად უნდა ავუხსნათ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი გაიგებს. ძალიან ბევრი უკვე ხვდება კიდეც, რასთან აქვს საქმე.