Google+

გამოსვლები და განცხადებები

06.06.2013
საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

საქართველომ დღეს კიდევ ერთი მსხვერპლი გაიღო ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და მსოფლიო ცივილიზებულ ერთა ოჯახში გაწევრიანებისკენ მიმავალ ძალიან რთულ და ეკლიან გზაზე.

რამდენიმე წუთის წინ, თქვენ იხილეთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განცხადება ავღანეთში ჩვენი ექვსი მებრძოლის დაღუპვის თაობაზე.

ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე დარტყმა და ძალიან მძიმე დანაკარგი თითოეული ჩვენგანისთვის.

ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, არაფერი არ არის უფრო მძიმე, ვიდრე ის, რომ ქართული ოჯახები თავიანთი საყვარელი წევრების დაღუპვის თაობაზე ამ გარემოებებში იღებენ შეტყობინებას.  ეს ტრაგედიაა, უპირველესად, მათთვის და მძიმე დარტყმა მთელი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის.

ბოლო წლების განმავლობაში მე რამდენჯერმე ვიყავი ავღანეთში და რამდენჯერმე მქონდა საშუალება მენახა ჩვენი ჯარისკაცები.

მე ვიცი, როგორ ამაყობენ ისინი იმ მისიით, რომელსაც ახორციელებს.  

მე ვიცი ამ მისიის შესრულებისას როგორ გაბედულად და გმირულად მოქმედებს თითოეული მათგანი ყოველდღიურად, ყოველწუთიერად, დღე და ღამე.

რამდენიმე თვის წინ საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დაესხნენ თავს ჩვენს კონტიგენტს სწორედ ჰელმანდის პროვინციაში, როგორ მწყობრად, გმირულად, კოორდინირებურად იგერიებდნენ ისინი მოწინააღმდეგის შემოტევას, როგორ თავაწეულად იცავდნენ საკუთარი სამშობლოს ღირსებას, საკუთარი დროშის სიამაყეს. 

ბოლო კვირების განმავლობაში, ასეთი ტიპის შეტევა უკვე მეორედ ხორციელდება.

მსგავსი შეტევა 13 მაისს, დაახლოებით, იგივე ხელწერით განხორციელდა ერთ-ერთ ბაზაზე.

ჩვენ მაშინაც გვყავდა მსხვერპლი, მაშინაც გვყავდა ბევრი დაჭრილი...

მე სწორედ ამ თავდასხმის შემდეგ ვიყავი ავღანეთში, სწორედ იმ ბაზის მახლობლად. შევხვდი 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებს და ვნახე ის ხალხი, ვინც გმირულად მოიგერია წინა შეტევა, ვინც მოახერხა მოწინააღმდეგის განეიტრალება.

ეს მართლაც ძალიან მძიმე მისიაა.

2014 წელი არის ამ ეტაპის დამასრულებელი წელიწადი, მაგრამ რაც უფრო უახლოვდება მისია დასასრულს, მით უფრო რთული, სახიფათო, წინააღმდეგობით აღსავსე და სარისკო ხდება ის ქართული არმიის, იმ შენაერთებისთვის, რომლებიც იქ არის განლაგებული.

რატომ ვართ ჩვენ ავღანეთში?

რა თქმა უნდა, ეს შეკითხვა ისმის თითოეული ქართული ოჯახის მხრიდან.

ავღანეთში ვართ იმიტომ, რომ, საბოლოოდ, ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, ჩვენი ქვეყნის დამკვიდრებას მსოფლიო რუკაზე, ემსახურება იმას, რომ საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გადარჩეს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ჩვენ ვიქნებით ძლიერი ალიანსების ორბიტაზე, თუ ჩვენ ვიმოძრავებთ ძლიერ ალიანსებში გაწევრიანებისკენ, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ.

თუ ჩვენ შევძლებთ ჩვენი უსაფრთხოების დაკავშირებას გლობალურ უსაფრთხოებასთან, რა თქმა უნდა, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ გავიზიარებთ იმ რისკებს, რომელიც ამ გლობალურ უსაფრთხოებას ახლავს.

ახლახან მივიღე ნატოს გენერალური მდივნის სამძიმრის წერილი, რომელიც ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი მებრძოლების გმირობას, საქართველოს როლს ამ ძალიან სახიფათო მისიის მონაწილეობაში.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია.

ჩვენ მუდმივად გვემუქრება ძლიერი მოწინააღმდეგე, საქართველოს სუვერენიტეტი განიცდის  მუდმივ ზეწოლას და იტანს მუქარებს ძლიერი მტრების მხრიდან.

ამ პირობებში, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რომ 2008 წლის ფართომასშტაბიანი შემოჭრის დროს, ჩვენ ჯართან ერთად, ჩვენი ჯარის გმირობისა და საზოგადოების ერთიანობის პარალელურად, სწორედ ჩვენი მოკავშირეების ძალიან გაბედულმა და რადიკალურმა მოქმედებამ გადაარჩინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

ჩვენ მივიღეთ ეს გაკვეთილი, რომ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ რაიმე პირობებში დავრჩეთ მარტო.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მოკავშირეობის ქარტია, რომელსაც ხელი სწორედ 2008 წლის შემდგომ მოეწერა.

ჩვენი არმიის აღჭურვასა და გადამზადებაში უფრო აქტიურად ერთვებიან ამერიკელები.

პრეზიდენტ ობამასა და ჩემს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ეს ყველაფერი, საბოლოოდ, ემსახურება იმას, რომ საქართველო არა მხოლოდ გადარჩეს, როგორც  დამოუკიდებელი სახელმწიფო და დამკვიდრდეს მსოფლიო რუკაზე, არამედ შექმნას ძლიერი  უსაფრთხოების სტრუქტურა, ჩამოაყალიბოს ქმედითუნარიანი შეიარაღებული ძალები და, რა  თქმა უნდა, ის, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ გარანტირებული მშვიდი  მომავალი.

სწორად ამ ჩვენი შვილების მომავალს შეეწირნენ დღეს ჩვენი მებრძოლები ჰელმანდის პროვინციაში.

ჩვენი შვილებისა და სამშობლოს გადარჩენას შეეწირნენ ის ქართველი მებრძოლები, რომლებიც ბოლო წლებში დაიღუპნენ ავღანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ისინი ნამდვილი გმირები არიან!

ისინი ნამდვილი პატრიოტები არიან!

რაც მთავარია, ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ - ჩვენი ვალი თითოეული მათგანის ხსოვნის  წინაშე არის ის, რომ არ ჩავიქნიოთ ხელი, არ დავხიოთ უკან და გავაგრძელოთ საქართველოს წინსვლა ევრო-ატლანტიკური სივრცისკენ.

ვიდრე სული გვიდგას, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი გზა ჩვენი პატარა და  სათაყვანებელი საქართველოს გადასარჩენად და გასაძლიერებლად.

მე ვუსამძიმრებ თითოეული ქართველი დაღუპულის ოჯახს, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს.

ქედს ვიხრი ჩვენი მებრძოლების გმირობის წინაშე და დარწმუნებული ვარ, მათი მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლის - საქართველო აუცილებლად გადარჩება, მოიკრებს ძალებს, გაძლიერდება და ბოლომდე მიიყვანს ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი მომავლის შეუქცევადად უზრუნველყოფის საქმეს.  

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)