Google+

გამოსვლები და განცხადებები

27.05.2013
საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა

მოგესალმებით ყველას!

დღეს გვაქვს 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს ბრძოლაში განსაკუთრებული დამსახურების მქონდე ჩვენი სამი ოფიცრის დაჯილდოების ცერემონია. თითოეულ მათგანს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით ვაჯილდოვებთ.

მანამდე, მინდა ვთქვა, რომ გუშინ, ჩვენს კონტიგენტთან შესახვედრად და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ავღანეთში ვიმყოფებოდი.

იქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად მაღალი კვალიფიკაციის სამხედროები გვყავს.

იცით, რომ 13 მაისს ბაზაზე მოხდა თავდასხმა. ამერიკელი გენერალი -  რაიონში ოპერაციის მეთაური აღფრთოვანებით მიყვებოდა, როგორ მოიგერიეს მათ თავდასხმა და იმ პირობებში, როდესაც ძალიან ბევრი სხვა კონტიგენტი ვერ შეძლებდა ამაზე სათანადო რეაგირებას, იმ პირობებში, როცა სამი მებრძოლი დაგვეღუპა, რომ არა ადგილობრივი ოფიცრების ძალიან ეფექტიანი და გმირული მოქმედება, მსხვერპლი ბევრად მეტი იქნებოდა.

გუშინ ერთ-ერთ მათგანს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადავეცით.

მათ დახმარებლად გააგზავნეს ძალა, მაგრამ ამერიკელები მისულიც არ იყვნენ, რომ  ჩვენმა ბიჭებმა აღადგინეს დაცვის გარე პერიმეტრი, მოაწესრიგეს ბაზის ტერიტორია და გადავიდნენ შეტევაზე.

ამერიკელმა გენერლის თქმით, მსოფლიოში ძალიან ცოტა ჯარის კონტიგენტს თუ შეუძლია ასეთი ეფექტიანი მოქმედება და ის, რომ არ დაიბნეს ამდენად რთულ ვითრებაში.

გუშინ ჩვენი კონტიგენტის მეთაური მიყვებოდა, რომ ავღანეთში ჩვენი წინა ჩასვლის დროს, ესროლეს იმ ვერტმფრენს, რომლითაც ჩვენ ჩავედით; ყუმბართმტყოცნებს ესროდნენ იმ ბაზას, სადაც ჩვენ ვიყავით.

ეს დეტალები მე არ ვიცოდი, თუმცა ვნახეთ, თუ როგორი მაღალი კვალიფიკაციის ხალხი გვყავს, რომლებიც არაფრით არ ჩამოუვარდება ამერიკელებს.  

ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ ჩვენს წინააღმდეგ გახსნეს ცეცხლი - გუშინაც, როდესაც იქ ვიყავი, ჩემი სიტყვით გამოსვლის დროს, ნაღმზე აფეთქდა მანქანა, რომელიც იქ პატრულირებდა. კიდევ კარგი არავის არაფერი მოუვიდა.

ამას იმიტომ ვყვები, რომ ეს არის ჩვენი ჯარისკაცების ყოველდღიური საფრთხე, მაგრამ ისინი ძალიან მედგრად დგანან.

არაფერი იმაზე რთული არ არის პრეზიდენტისთვის, ვიდრე ჯარისკაცების იქ გაშვება და  სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება, მაგრამ საქართველოსთვის ეს არის გადამწყვეტი რამ...

ჩვენ, როგორც არასდროს, უნდა გვესმოდეს, რომ 2008 წლის ომში საქართველო ცამდე მართალი იყო.

ჩვენმა ჯარმა სასწაული მოახდინა იმ პირობებში, რომ პირველი კიბერშეტევა ამ სასახლეზე განხორციელდა, როდესაც კომპიუტერები დაგვიბლოკეს. ეს მოხდა ომის ცხელი ფაზის დაიწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

ნუთუ არ არის ეს უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თავდასხმა უკვე დაწყებული იყო?

უკრაინიდან რუსეთის სამხედრო ფლოტი რომ გამოსული იყო, განა ეს არ არის ნიშანი იმისა, რომ ომის აცილება შეუძლებელი იყო?

თუკი ჩვენ თვითონ დავივიწყეთ სიმართლე, რომ ვიყავით ომის მსხვერპლი, რატომ ჩამოვა რომელიმე უცხოელი ლიდერი, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, როგორც ეს მოხდა 2008 წელს და დადგება ქართველების გვერდით?

ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად.

ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ იმ ამირანის როლში, რომელსაც აღარ უნდა ჯაჭვის გაწყვეტა და უნდა დამპყრობლის გვერდით ყოფნა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაფასოთ ის, რაც წარსულში მოხდა და გავაგრძელოთ ყოველივე ეს მომავალში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ ჩვენ აღვნიშნეთ დამოუკიდებლობის დღე.

სამწუხაროა ის, რომ აღლუმი არ ჩატარდა, მაგრამ გამიხარდა, რომ სამხედრო ტექნიკა გამოვიდა საქართველოს ქალაქებში.

ჩვენ მოვახდინეთ სასწაული, შევქმენით ქართული საბრძოლო ტექნიკა და ეს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მსოფლიოში. თუმცა, როდესაც გუშინ ეს ტექნიკა ვნახე, ჩემთვის გავიფიქრე, რომ მისი შემქმნელი, იმდროინდელი თავდაცვის მინისტრი, დღეს ციხეში ზის.

უშუალო შემსრულებელს დატოვებული აქვს საქართველო, ტექნიკის წარმოება კი, თითქმის,  ნულამდეა დაყვანილი - პრაქტიკულად, გაყინულია.

ჩვენ ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ, რადგან ეს ჩვენს მომავალს შეეხება.

დღეს კიდევ  მორიგი მცდელობაა ოკუპაციის ხაზის გადმოტანის. კარგად უნდა დავფიქრდეთ ამის თაობაზე, მით უფრო იმ ფონზე, რომ ვიღებთ კანონს, რომლითაც, პრაქტიკულად, ვშლით საქართველოს საზღვრებს, ვცვლით კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ - ამაზეც უნდა ვიფიქროთ.

ამის მიუხედავად, მაინც ოპტიმისტი ვარ, რადგან ასეთი ბიჭები გვყავს.

მათი ნახვისას, გუშინ კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი.

2008 წელს ჩვენებმა წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინეს - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამდენი საბჭოთა და შემდგომ რუსეთის დამპყრობელის საფრენი აპარატი არავის არ ჩამოუგდია.

არასდროს არავის დაუჭრია და არ უკუუგდია მთავარი არმიის მთავარი გენერალი...

ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, როგორც სამასმა არაგველმა, 5 დღის განმავლობაში შეაჩერა მასზე 100-ჯერ დიდი ძალა და  მოგვცა დრო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, საქართველო გადაგვერჩინა. 

ამ ბიჭების გმირობა სახელმძღვანელოებში ჩაიწერება.

არ მინდა ყველა დეტალზე ლაპარაკი - ამის დროც მოვა, მაგრამ დღეს ეს ბიჭები ნამდვილი გმირები არიან.

მათ ეს რამდენიმე წლის წინათ მოახერხეს და ვიდრე ასეთი ხალხი გვყავს, საქართველო იქნება უკვდავი.

ჩვენი კონტიგენტის მეთაური ავღანეთში, პოლკოვნიკი ალექსანდრე კიკნაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დავაჯილდოვეთ.

2008 წელს გამოჩენილი განსაკუთრებული გმირობისთვის, ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი მინდა გადავცე ბესიკ მჟავანაძეს, გარიკ არამიანს და მალხაზ წიქორიძეს.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.

მინდა დავამატო ერთი რამ - ჩვენ გვაქვს ეროვნული გმირის წოდება და მინდა შემოვიტანო საკანონმდებლო ინიციატივა, რომ მას, ვისაც ეროვნული გმირის წოდების მიენიჭება, არ აქვს მნიშვნელობა სიცოცხლეში იქნება ეს, თუ სიკვდილის შემდეგ (ვისურვებდი, რომ ბევრს სიცოცხლეშივე მიენიჭოს), მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელფასი ჰქონდეს იმ ოდენობით, რამდენიც აქვს მინისტრს.

თუკი ვინმეს უნდა ჰქონდეს მაღალი ხელფასი, უპირველესად, უნდა იყოს ეროვნული გმირი.

ამ კანონპროექტს ჩვენ უახლოეს დღეებში წარვუდგენთ პარლამენტს.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)