Google+

გამოსვლები და განცხადებები

21.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას.

დღეს ვაპირებდი ბრიფინგის გამართვას ბოლო საერთაშორისო აქტიურობასთან დაკავშირებით,  მაგრამ, ვიდრე ამ საკითხზე გადავალ, ბუნებრივია, მინდა განცხადება გავაკეთო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის, ასევე თბილისის ყოფილი მერის, ევროსაბჭოში, გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციაში, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის და კახეთის მოქმედი გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, ჩემი წარდგენა ვანო მერაბიშვილს და მის საქმიანობას არ სჭირდება. ჩვენმა ზოგადოებამ კარგად იცის მისი დადებითი და უარყოფითი ასპექტები - უფრო მეტად კი დადებითი და ვერც ერთი პროკურორი და მოსამართლე საზოგადოების ვერდიქტს მასთან მიმართებაში ვერ ჩაანაცვლებს.

თქვენ იცით, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი უკრაინაშიც დააკავეს ბევრად უფრო სერიოზული ბრალდებებით, ვიდრე მერაბიშვილს წაუყენეს. ალბათ, გახსოვთ რა მდგომარეობაშია მას შემდეგ უკრაინა.

ევროკავშირთან მიმართებაში უკრაინის ინტეგრაციის პროცესი გაყინულია და უკვე ორი წელია ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით არავითარი წინსვლა ამ ქვეყანას არ აქვს. ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით, მას ყველა წამყვან ევროპულ ქვეყანასთან შეექმნა პრობლემა, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.  

ამას წინათ, ჯონ კერი გამოვიდა და როგორც წინაპირობა, კიდევ ერთხელ მოითხოვა იულია ტიმოშენკოს ციხიდან გათავისუფლება.

ასე რომ, ამხელა უკრაინა, რომელიც მთელს მსოფლიოს სჭირდება, მთელ ევროპას, ევროკავშირს აშშ-ს, ნატო-ს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მოტივებით დაკავების გამო, პრაქტიკულად,  სერიოზულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა.

საქართველო პატარა ქვეყანაა და ევროპას და დასავლეთს ჩვენ ბევრად ნაკლებად ვჭირდებით, ვიდრე უკრაინა (ჩემთვის ამის თქმა მტკივნეულია, რადგან ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს ასე არ ყოფილიყო), მაგრამ რუსეთს ჩვენ უფრო ვჭირდებით, ვიდრე უკრაინა. რუსეთის სასიცოცხლო ინტერესია საქართველოს საერთაშორისო იზოლაცია.

ვფიქრობ, არავის არ აქვს ილუზია იმის თაობაზე, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკურ დონეზე წყდება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ საზოგადოებაც და მთავრობაც უნდა დაფიქრდეს რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოყვეს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის დაკავებას ჩვენი  ქვეყნისთვის, მისი საერთაშორისო პოზიციებისთვის,  საქართველოს გრძელვადიანი პერსპექტივისა და უცხოური აგრესიისგან დაცვისთვის.

ამ საკითხზე ყველა უნდა დავფიქრდეთ.

რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილს, თუკი საქართველოში ჩემს შემდეგ არის ვინმე, ვისი მოშორება, დაკავება და განადგურებაც შეიძლება უნდოდეს ვლადიმერ პუტინს, ეს არის სწორედ ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შესაძლოა, ამ საკითხებთან დაკავშირებით არ იყოთ ინფორმირებული - ქართული საზოგადოება ამას ნაკლებად ადევნებდა თვალს, მაგრამ მე კარგად ვიცი, რომ ევროპის საბჭოში სწორედ ზურაბ ჭიაბერაშვილის ტიტანური შრომის შედეგად მოხდა ჩვენი პოზიციების წინ წამოწევა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ახალ დონეზე აყვანა და  ტერმინის „ოკუპაცია“ დაკანონება.

სამწუხაროდ, ახალი ხელისუფლების პირობებში, ეს საკითხი გამქრალია ევროპის საბჭოს დღის წესრიგიდან, რაც ძალიან დიდი ჩავარდნა და უარყოფითი ფაქტორია.  

რაც მთავარია, ჭიაბერაშვილი იყო ჩვენი ელჩი ჟენევაში და მსო-სთან მოლაპარაკების დროს, ამერიკელებისა და შვეიცარიელების დახმარებით, მან, პრაქტიკულად, ისეთ შეთანხმებას მიაღწია რუსეთთან, რომელიც მთლიანად ითვალისწინებდა საქართველოს ინტერესებს.

რუსეთის მაშინდელი ხელმძღვანელობა ასეთი ხელშეკრულების ხელმოწერისთვის ძალიან დიდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა  და ჩაითვალა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ყოველ შემთხვევაში, იურიდიულად, რუსეთმა საკუთარი ინტერესები დათმო.

იმ ხელშეკრულებებით, რომლებიც ჭიაბერაშვილმა გააფორმა და ჩვენ მხარი დავუჭირეთ, რუსეთის ბაზარზე პირველი იანვრიდან უნდა შევსულიყავით და ონიშენკოს არც ბოდიშებს  უნდა ვუხდიდეთ, არც უნდა ვეხვეწებოდეთ.

ეს გააკეთა ამ კაცმა და თუ ვინმეს მიმართ მოსკოვში აქვთ ბოღმა, ეს სწორედ ზურაბ ჭიაბერაშვილია.

ალბათ, არის ხალხი, ვისაც გულს მოფხანს ის, რომ ეს ადამიანები ადრე თანამდებობის პირები იყვნენ და ახლა გისოსებს მიღმა არიან.

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ყველამ იცის ეს ადამიანი. მისი მინისტრობის დროს გავხსენით 150 საავადმყოფო, შემოვიღეთ დაზღვევის ინსტიტუტი, რომელიც ახლა მძიმე მდგომარეობაშია, არის აქტიური პუბლიცისტი...  

განა ამ ადამიანის დაპატიმრება სამართლიანობის გამოვლინებაა? არის თუ არა მისი დაპატიმრება და კორუფციაში დადანაშაულება უსამართლობა იმ პროკურორების მხრიდან, რომლებიც მსახურობდნენ შევარდნაძის დროს, ამას წინათ თავად დაუდასტურდათ მძიმე დანაშაულში მონაწილეობა (ეს პრესამ კარგად იცის) და დღეს ადანაშაულებენ კორუფციაში? მათი სახელები და გვარები საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.

საერთოდ, მინდა ყველა დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ტერმინი „სამართლიანობის აღდგენა“.

ე.ი. ვარდების რევოლუციამდე იყო სამართლიანობა და რევოლუციამ ეს სამართლიანობა დაარღვია.

ამ ლოგიკით, საქართველოში სამართლიანობა იყო მაშინ, როდესაც ხალხი ცვიოდა შსს-ს მე-6 სართულიდან; როდესაც კახა თარგამაძე, ლაშა ნაცვლიშვილი, ძალიან ბევრი მაშინდელი მაღალჩინოსანი (რომელი ერთი ჩამოვთვალო) ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ ქვეყანას, ფეხქვეშ თელავდნენ ადამიანების უფლებებს.

მაშინ იყო „სამართლიანობა“, რომელიც ვარდების რევოლუციამ დაარღვია და ახლა მისი აღდგენა ხდება.

თუ სამართლიანობა იყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც პუტჩი მოხდა და მხედრიონმა ქუჩაში ასობით ადამიანი დახვრიტა - მშვიდობიანი დემონსტრანტები თბილისში, ზუგდიდში, საქართველოს სხვა ქალაქებში...

თუ სამართლიანობა იყო კომუნისტური წყობის დროს, როდესაც დისიდენტებს ებრძოდნენ და ციხეში ალპობდნენ? თუ სამართლიანობა იყო 1924 წელს, ან 30-იან წლებში, როდესაც მთელი ქართული ინტელიგენცია გაანადგურეს? თუ მეფის რუსეთის დროს, როცა ქართულ ენას გვიკრძალავდნენ?

რომელ ეპოქაში იყო სამართლიანობა, ახლა რომ უნდა აღადგინონ?!

ვფიქრობ, ეს შეკითხვა თითოეულმა მოქალაქემ უნდა დასვას. სამართლიანობის აღდგენა კი არა, სულ სხვა რამ ხდება. 

ამაზე ყველას მოგვიწევს დაფიქრება. 

ყოველივე ეს უკავშირდება იმას, რისთვისაც ბოლო დღეებში  ვიყავი წასული უცხოეთში და მინდა ამ საკითხზეც გავამახვილო თქვენი ყურადღება.

შესაძლოა, ხალხს ეს ნაკლებად აღელვებს, მაგრამ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი თემებია.

თქვენ იცით, რომ რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ კოსოვოსგან განსხვავებით, რომლის დამოუკიდებლობაც აღიარა, თუ არ ვცდები, დაახლოებით, 120-130 ქვეყანამ, რუსეთმა ვერავისგან ვერ მოიპოვა ჩვენი ტერიტორიების აღიარება ვენესუელას, ნიკარაგუასა და სამი კუნძულოვანი სახელმწიფოს გარდა.

დსთ-ს არც ერთმა ქვეყანამ ეს არ აღიარა და ჩემი ინფორმაციით, არც აპირებენ. მე კონტაქტი მაქვს დსთ-ს ლიდერებთან და, ვფიქრობ, ეს ასეც იქნება.

ეუთოს წევრი არც ერთი სახელმწიფო არასდროს არ აღირებს ამას, აღარაფერს ვამბობ, ევროკავშირზე, მკაცრი განცხადება გაკეთდა იმის თაობაზე, რომ ამას არასდროს აღიარებს აშშ.

შესაბამისად, რუსეთს მოუწევს ნაქურდალის უკან დაბრუნება, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა მთელი მსოფლიო ამას, დღესდღეობით, ოკუპაციად აღიარებს.

ამას ამბობს ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, ამას ამბობს ევროსაბჭო ზურა ჭიაბერაშვილის მცდელობის შედეგად, ამას ამბობს აშშ.

მათ მოუწევთ აფხაზეთისა და ცხივალის რეგიონის დეოკუპაცია.

ეს რომ არ მოხდეს, რუსეთისთვის ერთადერთი გამოსავალია, ქვეყნების მაქსიმალური რაოდენობა ჩაიგდოს ხელში და გარკვეული მასა შექმნას გაეროში, რადგან ყველა ამ ქვეყანას  აქვს გაეროში ხმა.

შეიძლება, ადამიანმა დასვას შეკითხვა - რა მნიშვნელობა აქვს რას აღიარებს და რას არა ვანუატუ, რომლის მოსახლეობა 260 ათასია?

დიდი აქვს მნიშვნელობა აქვს, რადგან ვანუატუს ზუსტად ისეთივე ერთი ხმა აქვს გაეროში, როგორიც ჩინეთს, მილიარდნახევრიანი მოსახლეობით.

როდესაც ეს ხმები გროვდება ერთად, ვიღებთ 20-50 ხმას და ხდება საქართველოს არსებობის დელეგიტიმაცია.

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და თუკი მის ორ ნაწილს, ქვეყნების სერიოზული რაოდენობა ცალკე სახელმწიფოებად აღიარებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმურობას წყალი შეუდგება. 

აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს ძალზე მტკივნეული პრობლემაა.

მეორე - აი, თუ არ აქვს მნიშვნელობა - პირადად ვარ მომსწრე როგორ მუშაობდა რუსეთი ვანუატუსთან და, მაგალითად, ტუვალუსთან. ტუვალუ არის ქვეყანა, რომელიც იძირება ნაურუსთან ერთად. ამ 15 ათასიანი კუნძულის პრემიერ-მინისტრი ჩააფრინეს ნიუ-იორკში და ორი დღის განმავლობაში, ლავროვი მას შეხვდა ორჯერ. მე ვიყავი იქ და ვიცი როგორ ხდებოდა.

შემდეგ მოსკოვიდან ჩამოაფრინეს ბოინგი, ჩასვეს ტუვალუს პრემიერი, ჩაიყვანეს სოჭში, შემდეგ -  სოხუმში, მოაწერინეს ხელი აღარებაზე, ალბათ, ჩაუთვალეს ფული და მეორე დღეს ისევ გადააფრინეს ნიუ-იორკში გენერალური ასამბლეის სესიაზე.

აი, ამხელა რუსეთი ასე ცდილობს, მიაღწიოს თითოეული ქვეყნის აღიარებას.

ზუსტად ასევე იმუშავეს ვანუატუსთან...

ასევე იყო ლატვიის მოქალაქე, ვინმე გულბისი, რუსეთის დაზვერვის რეზიდენტი, რომელიც ამ ამოცანით სპეციალურად ჩასახლდა ფიჯისში.

ამ რეგიონში ფიჯი არის ცენტრალური ქვეყანა, რადგან იქ არის აეროპორტი და იქ იყრის თავს ყველა გზაგასაყარი.

გულბისმა დაიწყო ფულების დარიგება და ოკეანთის ქვეყნებში ჩვენი ტერიტორიების აღიარების ლობირება.

იგი მუდმივად დადიოდა მოსკოვში, მუდმივად ხვდებოდა ლავროვს და მედვედევს, რომელსაც, როგორც ვიცი, ტუვალუს პრემიერიც შეახვედრეს...

ჩვენ ვიმუშავეთ ფიჯის ხელმძღვანელობასთან, აქ ჩამოვიყვანეთ ფიჯის საგარეო საქმეთა  მინისტრი ინოკე კუბუაბოლა, რომელსაც ვენახშიც ვუმასპინძლე.

ფიჯის ხელმძღვანელობა მოიქცა ძალიან კარგად. ერთ მშვენიერ დღეს, მან მოკიდა ხელი გულბისს, პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და დაატოვებინა ოკეანეთის ტერიტორია.

ასევე ვიმუშავეთ ვანუატუსთან. ჯერ ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ედვარდ ნატაპეის, შემდეგ  ნიუ-იორკში შევხვდი მის მემკვიდრეს, მეორე პრემიერ-მინისტრს სატო კილმანს. იქ საკმაოდ ვრცელი საუბარი გვქონდა, რის შემდეგაც მას ტელეფონით ვესაუბრე.

მის ახლანდელ პრემიერ-მინისტრს ტაილანდში ვესაუბრე...

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მოსკოვიდან წარმოუდგენელი ზეწოლის მიუხედავად, ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ქვეყანამ, რომელმაც აღიარა ტერიტორიის დამოუკიდებლობა, მიიღო საპირისპირო გადაწყვეტილება და გადათქვა თავისი აღიარება.

ეს არის მნიშვნელოვანი პრეცენდენტი - როცა სიმართლე შენს მხარესაა, რა რაოდენობის ფული და დიპლომატიური რესურსიც არ უნდა დადონ მის საპირწონედ, ვერაფერს გახდებიან.

წარმოიდგინეთ, რამხელა რესურსი აქვს რუსეთის ფედერაციას, რამხელა გამოცდილება აქვს ამისთვის. იმის გამო, რომ კარგად იმუშავეს ელენე ხოშტარიამ, სერგი კაპამაძემ, დავით ჯალაღანიამ, გია ვაშაძემ, სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.

მახსოვს, როდესაც გავიგე ვანუატუს მიერ ჩვენი ტერიტორიების აღიარების შესახებ, რომში ვიყავი, კინაღამ სისხლი ჩამექცა ტვინში. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან შევდიოდი შეხვედრაზე და პირველი მას ვთხოვე ჩაერთულიყო და რამე მოემოქმედებინათ.

ამ თემასთან დაკავსირებით, რამდენჯერმე ავსტრალიის პრემიერს ველაპარაკე და საგარეო საქმეთა მინისტრს შევხვდი.

ამაზე ავსტრალიის დღევანდელ პრემიერ-მინისტრსაც ვესაუბრე.

აი, ეს არის მიმდინარე პროცესი. ეს პროცესი მნიშვნელოვანია იმით, რომ ჩვენ მოვახერხეთ ამ აღიარების გაუქმება.

სხვათა შორის, ვენესუელაში ოპოზიცია აპირებდა აღიარების გაუქმებას და რამდენიმე კვირის წინ არჩევნებზე მხოლოდ ერთი პროცენტი დააკლდა გამარჯვებისთვის.

აღიარების გაუქმება ვენესუელას ოპოზიციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო...

ყოველივე ეს ჩვენ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერის წყალობით მოვახერხეთ, რადგან ჩვენი მოკავშირეა დასავლეთი, ჩვენი მოკავშირე არის ევროკავშირი და აშშ, ჩვენი მოკავშირე არის ავსტრალია და ახალი ზელანდია - ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოკავშირეები არიან.

თუ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს,  რომლებიც საქართველოს მოაქცევს იზოლაციაში, დაგვიდგება ყველა პრობლემა, მათ შორის, უპირველესად ტერიტორიული პრობლემა.

იზოლაციით უკრაინას არაფერი არ დააკლდება - უკრაინას დღეს ტერიტორიული პრობლემა არ უდგას, საქართველო კი ცეცხლს ეთამაშება.

საკმარისია, ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, როგორშიც უკრაინაა, შეგვიძლია დავემშვიდობოთ არაღიარების პოლიტიკას და საქართველოს მხარდამჭერ მთელ სხვა პროგრამებს.

ეს არის ისტორიულად საშიში პროცესი, მეგობრებო.

მე დავდივარ ფორუმებზე, ვიყავი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, ტაილანდში; პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მივდივარ ეკვადორში; პერუშიც ვიყავი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, რომელმაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს თქვა, რომ აპირებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.

პირადად ჩავედი იქ და მასთან ერთად სამხედრო აღლუმი ჩავიბარე - მე ვიყავი ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელიც მიწვეული იყო სამხედრო აღლუმზე.

იქ მუშაობით ვითარება შემოვაბრუნეთ.

როდესაც პერუში ჩავდივართ, მათ არ ვეუბნებით, რომ მანდარინს მოგყიდით ან კახურ ღვინოს ჩამოგიტანთ, რაც ძალიან გვინდა, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით, რომ მსოფლიო რეიტინგების სიაში პირველი რეფორმატორი, ყველაზე არაკორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანა  ვართ ევროპაში.

ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა სურვილი შეისწავლოს პოლიციის რეფორმა და გაიზიაროს ჩვენი გამოცდილება.

იგივე მითხრა ლაოსის ლიდერმა, იგივე თქვა ბანგლადეშის პრემიერმა...

მეცხრე ადგილზე ვართ მსოფლიო რეიტინგებით, თუ ჩვენი მთავრობა გამოვა და იტყვის, რომ ყოველივე ეს არის ბლეფი, მაშინ სავიზიტო ბარათი ამ ქვეყნებთან აღარ გვექნება; მაშინ მათთვის სათქმელი, პრაქტიკულად, არაფერი გვექნება.

კიდევ ერთი - თუ თავად ვამბობთ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, საამისოდ საგამოძიებო ჯგუფს ვქმნით წინასწარ გამოცხადებული შედეგით და ვამბობთ, რომ ეს არის სამართლიანობის აღდგენა, უნდა გვესმოდეს, რომ, ამ შემთხვევაშიც, წყალი უდგება ამ არაღიარების პოლიტიკას.

ბოლო თვეების განმავლობაში განვითარდა ისეთი პოლიტიკური პროცესები, რომ თუ ამ პოლიტიკას წერტილი არ დავუსვით და ნათლად არ ვთქვით ის, რომ საქართველო იყო აგრესიის მსხვერპლი, ვანუატუს მაგალითის მიუხედავად, რომელმაც ოპტიმიზმით ამავსო, დავდგებით აღიარებების გაგრძელების საფრთხის წინაშე.

ჩვენთვის დღეს ყველაზე საშიში, რუსულ არმიაზე საშიშიც კი, არის რუსული პროპაგანდა.

როდესაც ვსვამთ შეკითხვას - იქნებ მართლა ჩვენ წამოვეგეთ და ხაფანგში გავებით? - უნდა გავიხსენოთ, რომ იმ მოვლენებამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა საიტი დაიბლოკა.

პირველი კიბერშეტევა მსოფლიოს თანამედროვე ისტორიაში განხორციელდა საქართველოზე!

რამდენიმე დღით ადრე, შავი ზღვის ფლოტმა დატოვა ყირიმის პორტი და წამოვიდა საქართველოსკენ.

ამ დროს მე იტალიაში ვიყავი ოჯახთან ერთად...

მაინტერესებს, ყველაფერი, ამხელა არმია დაძრული იყო და რა უნდა გვექნა იმისათვის, რომ ომი აგვეცილებინა თავიდან?

ისტორია ყველაფერს კარგად აჩვენებს.

ერთადერთი იყო ის, რომ ჩვენ დავდექით მედგრად და გადავარჩინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა.

მაშინ მხარში ამოგვიდგა მთელი მსოფლიო, რადგან იმ პერიოდში საქართველო არ აღიქმებოდა დემოკარტიის პრობლემების მქონე ქვეყნად - მაშინ საქართველო აღიქმებოდა, როგორც სანიმუშო ქვეყანა რეგიონში და მთელი ევროპა, 6 ევროპელი პრეზიდენტი, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, თუნდაც  ჯონ კერი, რომელიც სახელმწიფო მდივანი იყო, ჩამოვიდნენ, დადგნენ  ჩვენს გვერდით და გადაარჩინეს საქართველოს თავისუფლება.

მე ვსვამ შეკითხვას: ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ხვალ რომ იგივე პრობლემა დაგვიდგეს, ვინ ამოგვიდგება მხარში? ხომ არ ვიგდებთ თავს ისეთ მდგომარეობაში, რომ აღარავინ იყოს ჩვენი მომკითხავი?

მსოფლიოში ძალიან ბევრი ქვეყანა ჩვენზე ბევრად მეტი მოსახლეობით, არანაკლები სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე, მდიდარი რესურსებითაც, მაგრამ, რომლის გამოც, შესაძლოა, თითიც  არავინ გააძრიოს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მიმართ არ აქვთ სიმპატია.

ჩვენთვის, ქართული სახელმწიფოს გადასარჩენად, დასავლეთის სიმპატიასა და კეთილგანწყობას საარსებო მნიშვნელობა აქვს.

მსმენია, უთქვამთ: რა გაგვიკეთა დასაველთმა და ამერიკამ, იქნებ რუსეთმა გაგვიკეთოსო.

რუსეთმა დაგვპყრო და აპირებდა საქართველოს დამოუკიდებლობის დამთავრებას, დასავლეთმა და ამერიკამ კი გადაგვარჩინა.

ჩვენს გადასარჩენად ამერიკამ მე-6 ფლოტი დაძრა, ამერიკის თვითმფრინავები დაიძრნენ ჩვენს  დასახმარებლად, ჩვენს პორტებში მათი გემები შემოვიდნენ, ჩამოვიდნენ მაღალი დონის დელეგაციები და კონკრეტული გაფრთხილებები გაიცა აგრესორის მისამართით.

ქართველი ხალხის ერთიანობასთან და ჩვენი ჯარი თავდადებასთან ერთად, რომელიც 300 არაგველის მსგავსად მოქმედებდა და ხუთი დღის განმავლობაში აკავებდა დამპყრობლის ასჯერ უფრო ძლიერ არმიას, მათ გააჩერეს ეს პროცესი.

ამიტომ, ახლა, ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ისინი არიან ჩვენი არაკეთილმოსურნეები და რუსეთთან უნდა მოვნახოთ საერთო ენა, ზუსტად იგივეა საერთო შაჰაბასთან რომ მოგვენახა; იგივეა რომ ვთქვათ, აღა მახმად ხანი კარგი ადამიანი იყო, ქართველები უყვარდაო და განსაკუთრებით კი თბილისი იტაცებდაო; ზუსტად იგივეა, თუ ვიტყვით, თურქ-სელჩუკებს უნდა შეკვროდა აღმაშენებელი და არა ჯვაროსნების მობილიზაცია მოეხდინა.

ეს დასავლეთისა და ევროპის ჩვენ მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთი მაგალითია, რადგან  დიდგორი ჩვენ დასავლეთთან ერთად, ჯვაროსნებთან  ერთად მოვიგეთ.

წარმოიდგინეთ ამ დროს აღმაშენებელს რომ ეთქვა: თურქ-სელჩუკებს უნდა შევეკრა, დათვს ბაბაია უნდა დავუძახოო.

დღეს მთავარი დებულებების გადახედვა ხდება და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ დღეს პროპაგანდა უფრო საშიშია, ვიდრე შეიარაღებული შემოსვლა.

დღეს უკვე ჩვენს შიგნით მრავლდება ის მიკრობები, რომელმაც, შეიძლება, ისე დაასუსტოს  ჩვენი ორგანიზმი, რომ დავკარგოთ ყოველგვარი იმუნიტეტი ყველა საერთაშორისო არაკეთილმოსურნეს ზეწოლის მიმართ და ასევე კეთილმოსურნეთა მხარდაჭერა.

ეს არის ის, რისი თქმაც, ძირითადად, მსურდა. 

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)