Google+

გამოსვლები და განცხადებები

10.01.2013
მიხეილ სააკაშვილი: „პრეზიდენტის რწმუნებულები რეგიონებში არის ის ხალხი, ვისზეც გადის ბრძოლის ხაზი, რომ საქართველოში არ მოხდეს კორუმპირებული, კრიმინალური წარსულის რესტავრაცია და საქართველომ გააგრძელოს განვითარება“.

მოგესალმებით,

მივესალმები, როგორც საკრებულოს წევრებს, ისე აპარატის თანამშრომლებს, ასევე რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს. დღეს ზუგდიდში ჩამოვედი, რათა წარვადგინო სამეგრელოს ახალი გუბერნატორი -ბატონი თენგიზ გუნავა.

თქვენ მას ყველა კარგად იცნობთ. სამეგრელოში მისი მოღვაწეობის დროს, კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, სრული წესრიგი დამყარდა - ამოიძირვკა ნარკოტიკები,  ქურდობა, ყაჩაღობა, კონტრაბანდა და სხვა მძიმე დანაშაული.

მე მას ასევე ვიცნობ, როგორც 2008 წლის ომის ერთ-ერთ მთავარ გმირს. კარგად მახსოვს, რომ მან 2008 წელს ძვირფასი ტექნიკა გადაარჩინა - რუსებს სამხედრო ოპერაციის დროს წაართვა ორი საზღვაო კატარღა, ააფეთქა ანტისაჰაერო დანადგარები, რომელიც ოკუპანტებს სამხედრო ნადავლის სახით გაჰქონდათ. მან ასევე გადაარჩინა ჩვენი სხვა კატარღები ფოთში.

მახსოვს, როდესაც ფოთში ჩავედი, რუსები გამოემართნენ ჩემს დასაკავებლად. ის თავისი მცირე შენაერთით რუსულ კოლონას გადაეღობა და დიდი დიდი ხნის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული, სანამ გამოსვლას დავამთავრებდი.  

თქვენ იცით იმ პრობლემების შესახებ, რომელიც მას შეექმნა. იმ ქვეყანაში, სადაც მთავრობა საპყრობილედან ათავისუფლებს რუსეთის ჯაშუშებს და პოლიტიკურ პატიმრებს, ნამდვილ სამხედრო და ომის გმირებს ექმნებათ პრობლემები. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ და ამას შევეგუოთ. გვსურს, რომ საქართველომ გააგრძელოს აღმშენებლობა.  გვინდა, რომ გუბერნატორებმა ითანამშრომლონ ყველა ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოსთან. მისი ფუნქცია არ არის კონფრონტაცია, მისი ფუნქციაა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი და უზრუნველყოს  საქართველოს განვითარების გაგრძელება.

იცით, რომ ძალიან ბევრი კორუფციაში, კონდრაბანდაში, მათ შორის, სიგარეტისა და ჯართის კონდრაბანდაში გასვრილი წარსულის კადრი დაბრუნდა სხვადასხვა თანამდებობაზე სამართალდამცავ სტრუქტურებში და სახელმწიფო ორგანოებში.

მაგალითად, სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში  დანიშნეს შევარდნაძის დროინდელი ყოფილი პოლიციის უფროსი. ბრუნდება ხალხი, რომელთაც შევარდნაძის დროს,  ფული ჰქონდათ გადახდილი თანამდებობებზე დასანიშნად. სამწუხაროდ, დაფიქსირდა პატრულის მიერ ქრთამის აღების პირველი შემთხვევები და ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი მშენებლობის პროექტი შეჩერებულია, როდესაც შეფერხებულია ყველა ის გრანდიოზული გეგმა, რომელიც ჩვენ გვქონდა და გვაქვს სამეგრელოსთვის, მათ შორის, დიდი პორტის მშენებლობა, რომელიც საქართველოსა და სამეგრელოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო შემდგომი განვითარებისათვის.

ამ პირობებში ხდება წარსულის რესტავრაციის მცდელობა. ამიტომ ჩვენი პრეზიდენტის რწმუნებულები ამ და სხვა რეგიონებში არის ის ხალხი, ვისზეც გადის ბრძოლის ხაზი, რათა საქართველოში არ მოხდეს კორუმპირებული, კრიმინალური წარსულის რესტავრაცია და საქართველომ გააგრძელოს განვითარება. ჩვენ გვსურს, რომ მთავრობამ საქმე გააკეთოს, შეწყვიტოს იმაზე საუბარი, რომ ჩვენ მათ ხელს ვუშლით, რადგან ეს ასე არ არის.

ჩვენ არ ვცდილობთ პოლიტიკური კრიზისის შექმნას. ერთადერთი რაც გვინდა არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ აკეთოს საქმე და მისცეს ეკონიმიკას განვითარების საშუალება, ხალხს ხელი გაუმართოს, პროექტების განხორციელება გააგრძელოს და იზრუნოს საქართველოს პერსპექტივებზე. ეს იყო ჩვენი ამოცანა აქამდე და დარჩება მომავალშიც, მიუხედავად გართულებული სიტუაციისა. აქამდე ჩვენი კითხვა იყო, განვითარდებოდა თუ არა საქართველო უფრო ჩქარი ტემპით, განვითარდებოდნენ თუ არა ჩვენი რეგიონები. დღეს კი, სამწუხაროდ, ისმის კითხვა, გადარჩება თუ არა ის, რასაც უკვე მივაღწიეთ. კითხვის დასმის თვალსაზრისითაც კი 90-იან წლებში დავბრუნდით, მაგრამ  მე მინდა რომ ეს დროებითი მოვლენა იყოს და დავასრულოთ წარსულთან პაემანი, რომელსაც ახლა თავს ახვევენ მოსახლეობას.

 ჩვენ ნამდვილად ბევრი რამ გავაკეთეთ წინა წლებში, თუმცა ახლა ბევრად მეტია გასაკეთებელი და ეს ყველამ კარგად ვიცით. ამ მხრივ, გვსურს ვიყოთ ძალიან კონსტრუქციულები და ამავე დროს ძალიან გახსნილები ყველა ტიპის თანამშრომლობისათვის. 

მინდა ბატონ თენგიზს ვუსურვო წარმატება თავის საქმიანობაში, ამ ძალზე რთულ ვითარებაში. იგი საქართველოს პატრიოტია, ძალიან წესიერი და გამორჩეული მოქალაქეა.

თითოეულ თქვენგანს მინდა ვთხოვო დახმარება, რათა მისი საქმიანობა საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში წარმატებული იყოს.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)