Google+

გამოსვლები და განცხადებები

21.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის სახლის გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა

მოგესალმებით ყველას!

დღეს ისტორიული დღეა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.

ეს არის დღე, როდესაც ვხსნით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე მასშტაბურ, ყველაზე დიდ, ყველაზე ლამაზ შენობას.

ეს არის შენობა, რომელიც მთლიანად ეკუთვნის და გათვლილია არა მთავრობის მომსახურებასა და კომფორტზე, არამედ თავიდან ბოლომდე ეკუთვნის საქართველოს რიგით მოქალაქეებს, ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს.  

თბილისის ცენტრში ახალი იუსტიციის სახლი არის იმ ახალი ურთიერთობის სიმბოლო,  რომელიც ხალხსა და მთავრობას შორის წარმოიშვა, მთავრობას, რომელიც ემსახურება საზოგადოებას, თავის ხალხს და არა პირიქით.

თავისთავად, მთავრობა არაფერს არ წარმოადგენს. მთავრობის წევრები – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თანამდებობის სხვა პირები, თავისთავად, განსაკუთრებულ ფასეულობას არ წარმოადგენენ.

ყველაფერი არის ხალხი!

ჩვენს მოქალაქეებს უკვე ნამდვილი ფასეულობა აქვს - ეს არის ხალხის სახლი და მსგავსი რამ ამხელა მასშტაბით საქართველოში პირველად გაკეთდა.

ეს არის ჩვენი ახალი ინსტიტუტების ეფექტიანობის სიმბოლო, ახალი საქართველოს მთავრობის სიმბოლო, სრული ანტითეზისი ჩვენი წარსულის ინსტიტუტებისა და დაწესებულებების და სრული ანტითეზისი იმისა, რასაც ჩვენი რეგიონის ძალიან ბევრ ქვეყანაში წარმოადგენს მთავრობა და მათი ბიუროკრატია.

ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ ეს არის გლდანის მერვე საპყრობილის - ამ, სამწუხაროდ, სამარცხვინო წარსულის გადმონაშთის სრული ანტითეზისი, რომელიც იყო შემორჩენილი საქართველოში.  

ეს შუშის შენობა არის კონტრასტი ჩაკეტილობასა და გახსნილობას შორის, ახალ ბიუროკრატიასა და ძველ საბჭოთა მეთოდებს შორის, ახალ სახელმწიფოსა და ძველ სახელმწიფოს შორის.

ეს არის განსხვავება წარსულსა და საქართველოს მომავალს შორის.

მინდა დღეს ძალიან ნათლად გამოვხატო, რომ წარსულის ვერც ერთი პრაქტიკა ვერ მოიკიდებს ფეხს ჩვენს ინსტიტუტებში და ვეღარასდროს დარჩება საქართველოში.

დღეს თქვენს წინაშე წარვსდექი როგორც პრეზიდენტი,  რომელიც ჩვენს ხალხს დაპირდა, რომ:  

-         საქართველო წარსულში აღარასდროს დაბრუნდება;

-         საქართველოს თავს ვერასდროს მოახვევენ კორუფციას, ჩაგვრას, უსამართლობას, უთანასწორობას სოციალურს, თანამდებობრივს თუ რეგიონალურს - ვერასდროს ვერ მოახვევენ თავს იმას, რისგანაც ჩვენ გავრბივართ.

აქ იმისთვის ვდგავარ, რომ გითხრათ, მიუხედავად დაბრკოლებისა, მიუხედავად ყველა პროვოკაციისა და მიუხედავად ყველა ჩავარდნისა, ძირითადად, ჩვენ ყველანი ვასრულებთ ამ დაპირებას.

რამდენიმე დღის წინათ ჩვენ ვნახეთ ის, რასაც ბოლო ხანებში ვიძიებდით, რამდენად დიდი და საშინელი დანაშაული ჩაიდინეს პენიტენციურ სისტემაში.

რა თქმა უნდა, მე ვარ ისეთივე და უფრო მეტად აღშფოთებულიც, ვიდრე ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა.

ნახეთ როგორ უპასუხა საქართველოს მთავრობამ. გადახედეთ როგორ უპასუხებდა ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა ჩვენს გარშემო.

სამწუხაროდ, ასეთი რამეები ძალიან ბევრ, ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება და ეს საჯაროდაც არ გამოაქვთ. ამით ნამდვილად არაფერს არ ვამართლებ, უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ ჩვენთან ეს ყველაფერი საჯარო გახდა და ასეც უნდა ყოფილიყო.

თუმცა, ნახეთ, როგორ ვუპასუხეთ ყოველივე ამას - ჩვენ ვუპასუხეთ ისე, როგორც უპასუხებდა 21–ე საუკუნის ახალი დემოკრატიული მთავრობა.

ჩვენ პასუხი იყო იმ სისტემის მთლიანად დაშლა, რომელმაც ასეთი სისტემური მარცხი დაუშვა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს პენიტენციური სისტემის ახალი მინისტრი - გიორგი ტუღუში, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ სისტემის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი იყო.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აქ გვყავს ჩვენი ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ეკატერინე ზღულაძე.

ეს ორი ადამიანი ზუსტად ისევე წარმოადგენს ახალ საქართველოს, როგორც ეს ახალი შენობა, რომელსაც დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვხსნით.

სწორედ თქვენ წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის მომავალს, თქვენ ყველანი ერთად, ის გოგო–ბიჭები, რომლებიც აქ მუშაობენ.

ამიტომ ჩემი, როგორ პრეზიდენტის მოვალეობაა არის ძალიან კონკრეტული რამ - ჩვენს სისტემაში ბოლომდე აღმოვფხვრა წარსულის გადმონაშთები, რომლებიც ყველაზე მახინჯი ფორმით არის შემორჩენილი და მთლიანად დავუთმოთ გზა სიახლეს, ისევე, როგორც ეს ცარიელი სივრცე უნდა შეივსოს სიახლით, ახალი მენტალიტეტით, ახალი აზროვნებით, ახალი სახელმწიფოებრიობის განცდით, იმით, რასაც წარმოადგენს ეკა ზღულაძე, რასაც წარმოადგენს გიორგი ტუღუში, რასაც წარმოადგენენ ჩვენო გოგოები და ბიჭები და, ზოგადად, რასაც წარმოადგენს ახალი საქართველო.

მინდა გითხრათ, რომ ეს არის ზუსტად ის, რასაც მოითხოვენ ჩვენგან ჩვენი მოქალაქეები - საქართველო გათავისუფლებული წარსულის მარწუხებისგან, საქართველო გათავისუფლებული ორგანიზაბული დანაშაულისგან.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ციხეში ამ დანაშაულის ჩამდენი ხალხის ყოფნა, რა თქმა უნდა, იყო ჩვენი პასუხუსმგებლობა.

სადისტად ქცეული, კორუმპირებული, ორგანიზებულ დანაშაულთან შეკრული ყოფილი „გაიშნიკი“ მუშაობდა იქ და თავის ხელქვეითებთან ერთად აკეთებდა და ფირზე იღებდა ამას და ფულს იხდიდა.

მაგრამ ვინ იხდიდა ფულს? ვიღაცამ ხო უნდა დასვას შეკითხვა? ვისთვის ინახავდნენ  ყველაფერს? ვისთვის ხდებოდა ეს მრავალი თვის განმავლობაში, იმ პირობებში, როდესაც ეს ჩვენ ვერ დავინახეთ? ამიტომაც აგო პასუხი ორმა მინისტრმა და უამრავმა თანამდებობის პირმა. მაგრამ ამას ინახავდნენ არჩევნებისთვის. რატომ ამ არჩევნებისთვის? იმიტომ, რომ მათ უნდათ, რომ ამ არჩევნებმა საქართველო დააბრუნოს იქ, მოუსვლელში, საიდანაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ გაქცევას.

აი, ეს არის განსხვავება ჩვენს გაგებასა და იმას შორის, რასაც ჩვენ ყველანი ერთად წარმოვადგენთ.

თუმცა მსურს გითხრათ, რამდენი ბინძური ფულიც არ უნდა დაიხარჯოს ჩვენს წინააღმდეგ, ვერაფერს გახდებიან.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა ხდება, არც ერთი არ ვართ ბრმა და კარგად ვიცით, რომ ძალიან დიდი რაოდენობის რუსული ფული იხარჯება ამისთვის, რუსული მეთოდებს იყენებენ, კომპრომატების ომითაა შემოსული საქართველოში და აწარმოებს კლასიკურ რუსულ კამპანიას საქართველოს წარსულში დასაბრუნებლად, საქართველოს დასაბრუნებლად რუსეთის იმპერიულ სივრცეში.

ამავე დროს, მინდა ვუთხრა ჩვენს ხალხს: ჩვენ ყველამ ვიცით რაც მოხდა და თქვენ ყველამ ნახეთ მთავრობის პასუხი - 21-ე საუკუნის, ახალი, დემოკრატიული მთავრობის პასუხი ყოველივე ამაზე, მაგრამ მინდა ყველა დავფიქრდეთ, ყველამ მიმოვიხედოთ გარშემო.

რა თქმა უნდა, იყო ტრაგედიები და ჩავარდნები, მაგრამ თითოეული ჩვენგანის შვილი დღეს უსაფრთხოდ გადის ქუჩაში.

თქვენ როგორც რეალობას გთავაზობენ იმას, რაც მოხდა იზოლირებულად ერთ ან რამდენიმე დაწესებულებაში, ერთ ან რამდენიმე უწყებაში და  გეუბნებიან, რომ ეს არის საყოველთაო პრაქტიკა. ამით ისინი თქვენს გასულელებას ცდილობენ.

მინდა ვიკითხო – თითოეულმა ჩვენგანმა გამოვრთოთ ერთი წუთით ტელევიზორი და გავიხედოთ ქუჩაში, ვუშვებთ თუ არა ჩვენს შვილს უსაფრთხოდ, არის თუ არა ჩვენი ქუჩა უკეთესი, არის თუ არა ჩვენი სკოლები უკეთესი, გვივარდება თუ არა სახლში ვინმე და არღვევს თუ არა ჩვენს უფლებებს?

როდესაც დაწესებულებაში მივდივართ, თუ გვხვდება იქ ძველი „პასპორტისტკები“, რომლებიც ხელებში შემოგვყურებენ? თუ გვხვდება ახალი სახელმწიფო აპარატი?

გადავწყვიტოთ, რა გვინდა ჩვენ - დავაბრუნოთ ძველი დრო და მთელი საქართველო ვაქციოთ გლდანის მერვე საპყრობილის კარანტინის განყოფილებად, საიდანაც ყველამ ერთად დავიწყეთ გამოსვლა? ეს არის არჩევანი? ეს დამოკიდებულია უახლოეს 10 დღეზე.

წინა დღეებში მე ყველაზე ნაკლებად მაღელვებდა და მაინტერესებდა პოლიტიკა, მაგრამ არც სირაქლემა არ ვარ, რომ თავი ქვიშაში დავმალო და ძალიან კარგად ვიცი რა წყდება  საქართველოსთვის.

იმ პირობებში, როდესაც შემოსულია რუსული ფული, რუსული კომპრომატების ომი, რუსული მეთოდები, რუსეთის არმია აურაცხელი რაოდენობით დგას ჩვენს საზღვრებთან და ატარებს ძალიან საშიშ მანევრებს; იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ტერიტორიის ოკუპანტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, 2008 წელს ვერდამთავრებული საქმის ბოლომდე მიყვანა, რა თქმა უნდა, სურს ამ არჩევნების გამოყენება.

ჩვენ ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით.

ამ დღეებში ყველამ შოკი მიიღო. მაგრამ შოკის განცდის შემდეგ არის დაფიქრებისა და თვალის გახელის დრო.

მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ის, რაც ამ დღეებში ხდება, არ არის იზოლირებული ფაქტები, რომელიც სხვათა შორის ამოვარდა არჩევნების წინა დღეებში, ამას მრავალი თვის განმავლობაში ინახავდნენ.

გიორგი ტუღუშისთვის რომ ეთქვათ, რომელიც ამ ფაქტებზე ნადირობდა, სისხლს გაგვიშრობდა და ყველაფერს დაამთავრებდა პირველივე ფაქტის შემთხვევაში და პირველივე ვიდეოს ჩვენებით, რომელიც მათ ფულის სანაცვლოდ, შეკვეთით გადაიღეს - ორგანიზებული კრიმინალისგან მიღებული ფულით, როგორც ახლა ირკვევა.

გამოეგდოთ თუნდაც რომელიმე თავისი ტელეარხით და პირველივე დღეს დაისჯებოდა და პირველივე დღეს დამთავრდებოდა ყველაფერი.

მაგრამ, ნურას უკაცრავად, აგრძელებდნენ, უკვეთავდნენ, ამთავრებდნენ და ინახავდნენ არჩევნების პერიოდისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას არჩევნების წინ ეფიქრა არა იმაზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა უნდა ჰქონდეს ხალხს, არა იმაზე, რომ უმუშევრობა უნდა დავძლიოთ, არა იმაზე, რომ ჩვენ შვილებს მომავალი შვუქმნათ, არა იმაზე, რომ კრიმინალური და კანონიერი ქურდები არასდროს არ დაბრუნდნენ და არა თუნდაც იმაზე, თუ რა შეიცვალა საქართველოში უკეთესობისკენ, არამედ შოკის ქვეშ მიეღოთ იმპულსური გადაწყვეტილება, რათა საბოლოოდ გაუხსნან ხელი მას, ვისაც საქართველოს წარსულში დაბრუნება უნდა.

აი, ეს არის ის, დღეს რაც წყდება.

როდესაც ახალგაზრდა ადამიანი აღშფოთებულია იმით, რაც ტელევიზიით იხილა, მე მათი ბოლომდე მესმის და კიდევ კარგი ასეთი ახალგაზრდობა გვყავს, მაგრამ ვინც ეს შეუკვეთა, ვინც ამაში ფული გადაიხადა და ვინც ამაზე თვალი დახუჭა, არ შეიძლება მან დივიდენდები დაიწეროს.  

ის, ვინც კომპრომატების რუსულ ომს აწარმოებს, არ შეიძლება საქართველოს საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს იმ მთავარ თემებიდან, რომლებიც ჩვენ გვაწუხებს.

ჩვენ შევქმენით თანამედროვე მთავრობა და, სხვათა შორის, ერთხელ თქვა დიდმა გერმანულმა ფილოსოფოსმა ჰეგელმა, რომ მთავრობა, რომელიც ხალხის მხარესაა და არის პროგრესული, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია თავისი ხალხის უსაფრთხოების დაცვისთვის, ვიდრე ათასობით ჯარისკაცი.

ეს ჩვენს ზუსტად სახელმწიფო აპარატს შეეხება.

ვერავინ ისე კარგად ვერ დაამარცხებს ბნელეთის ძალებს, თუ ჰეგელს მივყვებით, ვერავითარი ათასობით ჯარისკაცი, როგორც გამჭვირვალეობა და როგორც ჩვენი იდეალების მყარი ერთგულება.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ორგანიზებული დანაშაული საქართველოს წარსულში დაბრუნებას ცდილობს.

ეს არ არის ახალი და ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი რამ ვიცით. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ემზადებოდნენ ისინი ამისთვის.

მათ შორის როგორ ემზადებოდა ამ არჩევნებისთვის საერთაშორისო ქართული მაფია, რა გეგმები ჰქონდათ მათ.

ის, რაც ჩვენ ახლა ვიხილეთ, ჯერჯერობით მათი გეგმების მხოლოდ მცირე ნაწილია და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ თემებზე, რომლებიც ხალხს აღელვებს: ჯანდაცვა, უმუშევრობა, სოფლის გაძლიერება, ჩვენი შვილების მომავალი, განათლება, ახალი უნივერსიტეტები, ახალი პორტები, ახალი აეროპორტები... რა თქმა უნდა, გავაკეთებთ ასევე ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს ხალხს სრული ინფორმაცია ჰქონდეს იმის თაობაზე თუ რა შეთქმულებებს აწყობდნენ და რა მეთოდებით აპირებენ საქართველოს რელსებიდან გადაყვანას და ისევ ჩიხში შეყვანას.

მე ისევ მინდა ჩვენს ხალხს, რომელიც ახლა გვისმენს, შევეკითხო:

ვის უფრო ენდობით თქვენ, ვინ დაიცავს თქვენს უფლებებს?

თქვენ უფრო მეტად ენდობით გიორგი ტუღუშს, რომელიც ახლა აქ ზის, უფრო ენდობით ეკა ზღულაძეს, რომელიც ახლა აქ ზის, ენდობით იმ ახალგაზრდა გოგონებს და ბიჭებს, რომლებიც ამ შენობაში მუშაობენ, რომელთაც ზუსტად იციან რას ნიშნავს სამართლიანობა და რა რეაგირება უნდა მოახდინონ უსამართლობაზე, უფრო ენდობით ამ ხალხს და ჩვენ ყველას, რომლებმაც, შესაძლოა, შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ვიცით ამ შეცდომებზე დროული რეაგირება, მათი რადიკალურად გამოსწორება და ათჯერ უფრო მეტი სიკეთის მოტანა და გაკეთება, თუ გსურთ, რომ ეკა ზღულაძე, გიორგი ტუღუში, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი ჩაანაცვლოს ვინმე კრიმინალმა თამაზაშვილმა, რომელიც კავშირში იყო ბევრ დანაშაულთან, მათ შორის, იმ დანაშაულთან, რომლის ჩადენა ჩვენი დაუდევრობით და ჩვენი უწყებების ცუდი მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი?  

ვინ უფრო დაიცავს თქვენს უფლებებს? ტუღუში, ზღულაძე თუ თამაზაშვილი?

ვინ უფრო უკეთესად წაიყვანს საქართველოს წინ?

ის, ვინც ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავუწვეთ ჩვენს დამპყრობელს, ვისაც აღიზიანებს შუშის შენობები, ვისაც უნდა ამ ხიდის დანგრევა, ვისაც უნდა ქუთაისში პარლამენტის მოშლა...

თუ ის ხალხი, რომელმაც ყოველივე ეს შექმნა იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონოდა ახალი სახელმწიფო აპარატი, ყველა რეგიონი განვითარებულიყო და საქართველომ გააგრძელოს წინსვლა.

ვინ უფრო იქნება დემოკრატიული მთავრობის მომხრე?

ის, ვინც ყოველგვარი ბინძური მეთოდებით იბრძვის ხელისუფლებისთვის, არაფრის წინაშე არ იხევს უკან, არ არის არც ერთი ინსტიტუტი, რომელსაც შეურაცხყოფას არ მიაყენებს, დღე და ღამ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მოახდინოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და ძირი გამოუთხაროს...

თუ ის ხალხი, ვინც აშენებს ამ სახელმწიფოს, ვინც ააშენა დიდი ნაწილი ამ სახელმწიფო ინსტიტუტების და ვინც აპირებს ამ მშენებლობის ბევრად უფრო მასშტაბურად გაშლას, საქართველოს, ბევრად უფრო, წინ წაყვანას.  

მე არც კი მეეჭვება ის, თუ რა პასუხს გასცემს ამ კითხვებს ჩვენი საამაყო საზოგადოება.

მაგრამ საზოგადოება ყველაფერს გააკეთებს გამჭვირვალეობის, თავისუფლების პირობებში და არა მანიპულაციების, დაშინების და სხვადასხვა პროვოკაციების ფონზე, რომლებიც გამიზნულია თავგზა აუბნიოს საზოგადოებას, დაავიწყონ მთავარი თემები და საკითხები და ამგვარად, ბოლოს და ბოლოს, წაგვართვან ჩვენი მთავარი პერსპექტივის განცდა.

არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თანამოქალაქეებს უყურებს როგორც მონებს, როგორც მსახურებს, როგორც პლებეებს, უყურებს ზემოდან ქვემოთ, მაგრამ ეს დრო ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა და მას ვერანაირი მანიპულაციებით, ვერანაირი რუსული ბინძური მეთოდებით უკან ვერავინ ვეღარ დააბრუნებს.

ჩვენს უკან დგას წარმოუდგენლად კარგი შენობა, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, რომ იმ ხალხის უმეტესობა, რომელიც თუნდაც აქ, ამ კვარტლებში ცხოვრობს, რა თქმა უნდა, არ ცხოვრობს ასეთივე კარგ ბინებში და ეს კიდევ არ არის ყველაზე მძიმე სოციალური ფონი.

რა თქმა უნდა, მე კარგად ვიცი, იმ ადამიანებს, ვინც აქ ცხოვრობენ, აქვთ ძალიან ბევრი პრობლემა, არის ძალიან დიდი უმუშევრობა, ჯერ კიდევ არასაკმარისია ხელფასები, მათ დიდ ნაწილს არ აქვს სამედიცინო დაზღვევა, თუმცა საქართველოს მოსახლეობის ნახევარს უკვე აქვს.

ისინი ისურვებდნენ, რომ მათი შვილების განათლება იყოს უფრო მაღალი ხარისხის - ჩვენ ყველას გვინდა ეს.

ისინი ისურვებდნენ, რომ არ მოხდეს არც ის საშინელი ფაქტები, რომლებიც ბოლო დღეებში ვიხილეთ.

ეს ყველაფერ ვიცი, მაგრამ ეს შენობა თუნდაც თითოეული მათგანისთვის არის იმედის შუქურა - როგორც ეს იუსტიციის სახლები, რომლებიც ჩვენ ავაშენეთ, როგორც ახალი პარლამენტი, რომელიც ჩვენ ავაშენეთ და რომელსაც ვერავინ ვერ მოშლის და ვეღარ წამოიღებს იმერეთიდან უკან, როგორც ახალი პოლიციის უწყებები, რომელიც ჩვენ ავაშენეთ, როგორც მთლიანად შეცვლილი პენიტენციური სისტემა, რომელსაც გიორგი ტუღუშთან ერთად ავაშენებთ.

ჩვენ ვაჩვენებთ რა არის განსხვავება იმ უბედურებასთან, რაც ჩვენ ვიხილეთ.

ზუსტად ასევე ეს შენობა განასახიერებს ახალ საქართველოს, რომელსაც ვერანაირი პროვოკაციები, ვერანაირი სიბინძურე, ვერანაირი მანიპულაციები და ვერანაირი მილიარდობით შემოდენილი ფული და საზღვრებთან მომდგარი პოტენციურ და მოქმედ დამპყრობელთა ვერანაირი არმია ვეღარ დაანგრევს და ვეღარ შეცვლის.

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს.

ქართველი ერი, აუცილებლად, წავა წინ და ბნელეთის ძალები ერთხელ და სამუდამოდ ჩამოგვშორდებიან, რადგან ეს არ არის მათი ადგილი, მათი იდეების ადგილი, მათი მსოფლმხედველობის ადგილი, მათი პრაქტიკის ადგილი...

ან ეს ფუნდამეტურად უნდა შეიცვალოს, ან ახალ სისტემებში, ახალ ინსტიტუტებში, რა თქმა უნდა, ვეღარასოდეს ვეღარ იქნება წამყვანი და გადამწყვეტი.

ეს არის მთავარი გამოცდილება დღევანდელი დღის.

მინდა მოგილოცოთ ეს დღე.

ამ დღეს მე დიდი ხნის განმავლობაში ველოდი. ეს სახლი არის ჩემი ოცნების სახლი და ვერც ერთი ჩვენგანი ვერ აიშენებდა უკეთეს სახლს ვერც ზურაბი, ვერც ეკა, ვერც გიორგი, ვერც გიორგი ვაშაძე, ვინც ამ სისტემის გადამწყვეტი მაფორმირებელი იყო ზურაბ ადეიშვილის ხელმძღვანელობით, ვერც დავით საყვარელიძე...  

ვერც ერთი ვერასოდეს ვერ ავიშენებდით ისეთ კარგ სახლს, როგორიც ეს იუსტიციის სახლია.

ეს არის ჩვენი სახლი, ეს არის თქვენი სახლი, ეს არის საქართველოს სახლი და საქართველო იქნება ერთიანი, წარმატებული, გამაგრებული, ლამაზი, მყარი და ძალიან კარგად მოწყობილი სახლი, სადაც ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრისთვის ცხოვრება იქნება ისეთივე კომფორტული, როგორიცაა ეს იუსტიციის სახლი, რომელიც ყველამ ერთად გავხსენით.

დიდი მადლობა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)