საქართველოს პრეზიდენტმა პენიტენციურ სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი გამართა
საქართველოს პრეზიდენტი: გუშინ დავალება რომ მოგეცით საღამოს, დაადგინეთ თუ არა ყველა ვინც იყო იმ ამაზრზენ ვიდეოებში და დააკავეთ თუ არა?
მთავარ პროკურორი: გამოძიება მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, ბატონო პრეზიდენტო, ამ ეტაპისათვის დაკავებულია უკვე 10 საჯარო მოხელე, მათ შორის, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გლდანის მე-8 საპყრობილის დირექტორი, მისი მოადგილე და სხვები.
საქართველოს პრეზიდენტი: სულ რამდენი კაცია ამ ჯგუფში?
მთავარი პროკურორი: უკვე დაკავებული გვყავს 10 პირი, კვლავ მიმდინარეობს მუშაობა და გადავედით 12 ეჭვმიტანილის ინტენსიური დაკითხვის რეჟიმზე. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ, მაქსიმალურად ეფექტიანად მივიყვანოთ ბოლომდე გამოძიება. ბუნებრივია, ეს იყო ამაზრზენი დანაშაული და საზოგადოების ინტერესიც მაღალია.
საქართველოს პრეზიდენტი: მთავარი შეკითხვა მაქვს ის, თუ სად იყო აქამდე პროკურატურა? ის, რომ ამხელა ჯგუფი ამდენი დღე, ალბათ, ამდენი თვეც, არ ვიცი რა მოტივებით ან უმოტივოდ, მათ შორის, სრული მანიაკები უბრალოდ ასე დაუსჯელად მოქმედებდნენ; ასე დაუსჯელად ცემდნენ და ამცირებდნენ ხალხს. მანიაკალური მოტივის გარდა, მართლა არ მესმის, რა შეიძლება იყოს ამ საშინელი საქციელის მიზეზი. ის, რომ ჩვენ ამის გამოძიება მხოლოდ რამდენიმე კვირის წინათ დავიწყეთ ნიშნავს იმას, რომ ბევრი რგოლი ჩავარდა. ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს, თუმცა ძნელი წარმოსადგენია ამ მასშტაბით, ამდენი ხნის განმავლობაში ხდებოდეს ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში. რეალურად მოხდა სისტემური მარცხი. არა უბრალოდ ეს ჯგუფი... თუნდაც ის ფაქტი, თქვენ რომ გუშინ ამბობდით, არსებული პატიმრებისგან იღებდნენ დავალებებსო, ეს რაზე მეტყველებს? რა სიტუაციაა ჩვენ ციხეებში? კანონიერი ქურდები ვეღარ მართავენ, სამაგიეროდ რა ხდება შიგნით? ამიტომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს ბევრად უფრო მასშტაბური, ვიდრე ამ ხალხის დაჭერა, უპირველესად, ჩვენ ამ სისტემას უნდა გადავხედოთ მთლიანად. ამ სისტემას უნდა გადავხედოთ მთლიანად, ეს დაგვრჩა ბოლო ნაწილობრივ რეფორმირებული სტრუქტურა სახელმწიფო აპარატში. პრობლემა იყო ის, რომ ყველა ორგანო ფუნდამენტურად გამოვცვალეთ - პოლიცია, საგადასახადო, საბაჟო, თავდაცვის სამინისტროში მოხდა სერიოზული ფუნდამენტური ცვლილება ბოლო წლების განმავლობაში 2008 წლის შემდეგ და ეს იყო ერთადერთი, სადაც, იმის მიუხედვად, რომ კალმახელიძე ბევრ რამეს ცვლიდა - პაემნები შემოიღო, პრობაცია შემოიღო, ბრასლეტები შემოიღო - თურმე მთავარ ადგილზე, მთავარ ციხეში, მთავარ ცენტრში ხდებოდა მსგავსი რამ. აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნული, ნაწილობრივი ცვლილება იყო და მთავარი რამ აღმოჩნდა, რომ იყო ისეთივე საზიზღარი, როგორც ძველ დროს. ამიტომ, ვანო, სიტუაცია არის ბევრად უფრო მასშტაბური და სცილდება პროკურატურის კომპეტენციას შეეხება. ეს სისტემა მთლიანად არის გასაუქმებელი, მთელი პენიტენციური დეპარტამენტი, მთლიანად არის სარეორგანიზაციო, მთლიანად ახლებურად არის ჩამოსაყალიბებელი, მთლიანად არის გადასახალისებელი - ზუსტად ისევე, როგორც თქვენ გააკეთეთ პატრულში, ზუსტად ისევე, როგორც მოხდა პოლიციაში. პოლიციაში შეიძლება დღეს მოხდეს დარღვევა და ყველა პოლიციელზე ვერც შენ და ვერც ვერავინ ვერ აგებს პასუხს - ეს სისტემურად არის შეუძლებელი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის მაინც იყო წინა წლების განმავლობაში, რომ რამდენჯერაც რომელიმე პოლიციელმა რაღაც ჩაიდინა, ჩავედით, მოვხსენით, დავსაჯეთ და დავაპატიმრეთ. სისტემა ამიტომაც გაკონტროლდა. ეს ჩვენ ტელევიზიითაც არ გვიჩვენებია. როგორც ჩანს, აქ ასეთი გარე კონტროლი საერთოდ არ არსებობდა ან ძალიან სუსტი იყო. ამიტომ, ვანო, პირადად ჩაიბარე ეს საქმე. შეძლებ, რომ მთლიანად გადაერთო ამ სისტემაზე? კარგად მესმის, რომ ეს არის კომპრომატების პოლიტიკური ომი. მაგრამ პოლიტიკა ახლა ყველაზე ნაკლებად მაღელვებს. ის, რასაც ჩვენ ვუყურეთ, ცდება ყოველგვარ პოლიტიკურ საზღვრებს. ძალიან კარგად ვიცი, რომ ფულიც ტრიალებს, დადგენილია ისიც, რომ ყველაფერი მომზადებულია, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს - შენ არ უნდა მისცე საბაბი, შენ არ უნდა გიპოვონ ასეთი სუსტი წერტილი და ვიღაც მანიაკების ხელში არ უნდა იყოს სისტემა ისე, რომ ადვილად მანიპულირებადი იყოს შიგნიდანაც და გარედანაც ცუდი ხალხის მიერ. ამიტომ, მთლიანად გადაერთე, ყველა სხვა საკითხები ცოტა ხნის განმავლობაში გვერდზე გადავდოთ და როგორც პოლიციის რეფორმა განვახორციელეთ, ისე გავაკეთოთ აქაც. ეს ბევრად უფრო პატარა სისტემაა, მართალია რთული სისტემაა - მე ნამუშევარი მაქვს და ვიცი, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ შევცვალეთ, მთავარი საზიზღრობები კიდევ დარჩა შიგნით. როგორი ნულოვანი ტოლერანტობაც გვავს დანაშაულის და იმ ხალხის მიმართ, ვინც სასჯელს იხდის მკვლელობისთვის, გაუპატიურებისთვის, ძარცვისთვის და რატომაც აღარ არის დამნაშავეობა - თითქმის ნულზეა დასული, ისე უნდა იყოს ნულოვანი ტოლერანტულობა ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ, რადგან ჩვენ ვაშენებთ ცივილიზებულ, ადამიანურ ქვეყანას და არა ძალადობაზე აგებულ დისციპლინას. არის ძალიან ბევრი მექნიზმი, რითიც შეიძლება წესრიგის დამყარება, თითის გაკარების გარეშე და არსებობს სხვა ბევრი მეთოდი ადამიანის დარწმუნების. უბრალოდ აქ საქმე გვქონდა ადამიანებთან, რომელთაც სიამოვნებდათ ის, რასაც აკეთებდნენ. ამიტომ პატიმრებთან, განსაკუთრებით კი, იმ პრობლემურ ციხეებში მთლიანად შევიყვანოთ პატრული. ეს არის დროებითი ღონისძიება, ვიდრე იქ მოხდება გადარჩევა, გადახალისება, ტრეინინგი, როგორც იყო პოლიციის რეფორმის დროს. შეიყვანეთ პატრულის ჯგუფები, იმის მიუხედავად, რომ ეს ბოლომდე მათი ფუნქცია არ არის. სიტუაცია არის საგანგებო და ეს არის დროებითი ზომა, ვიდრე ყველაფერს ფუნდამენტურად განვაახლებთ და შევცვლით. მხოლოდ რეჟიმი არ უნდა შეიცვალოს, დაწყებული საშხაპეებიდან და სანიტარული პირობებიდან, პრობაციის სისტემა უნდა გავაფართოვოთ, რათა ჩვენი ციხეები განვტვირთოთ.
ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ზუსტად რა მოხდა, ამიტომ შევქმნათ საპარლამენტო კომისია, ჩავრთოთ საზოგადოება. ომბუდსმენი არ არის თბილისში, როგორც კი ჩამოვა შევხვდები მას და ყველა საპატიმროში დავსვათ ომბუდსმენის წარმომადგენელი. ხანდახან კი არ შეიაროს, ყველა საპყრობილეში იჯდეს - დავუმატოთ შტატები, ფული... მთელი ამ წლების განმავლობაში გიორგი ტუღუში ამ სისტემაზე ლაპარაკობს და აკრიტიკებს. როგორც გაირკვა, ძალიან სამართლიანადაც აკრიტიკებს. ყველგან გახსნას თავის წარმომადგენლობა. იქ იყოს ეს ხალხი, მუდმივად შეუშვას მონიტორინგის ჯგუფები. 25 ათასი ოჯახი ნერვიულობს, რომელსაც ნათესავი ჰყავს საპატიმროში, ისინი გავგიჟდით ნანახით, ვისაც ასეთი ნათესავი არ გვყავს და წარმოიდგინეთ თუ მით უმეტეს, ნათესავი გყავს იქ, რაც არ უნდა ჩაედინა მას. ამიტომ დღეიდან, აი, ახლა, ამ საათებიდან დაუკავშირდით და ვისაც უნდა რიგგარეშე პაემანი, გააკეთეთ სია, საპატიმრო-საპატიმრო მოატარეთ ყველა და აჩვენეთ თავიანთი ნათესავები, დაამყარებინეთ კონტაქტი, რათა დარწმუმდნენ, რომ საღ-სალამათია და პრობლემა არ შექმნია. სისტემა უნდა გავხსნათ მაქსიმალურად - დახურულ სისტემას მოჰყვება ისეთი რამ, რაც მოხდა. პოლიცია ჩვენ გავხსენით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შესაძლოა არის კიდევ გარკვეული გადაცდენები და ამის უარსაყოფად თავს ვერავინ დადებს, მაგრამ, მთლიანობაში, იმის გამო, რომ გახსნილია და იმის გამო, რომ საზოგადოება ჩართულია და აკონტროლებს, ასეთი რამ იქ გამორიცხულია. ვანო შენ როგორ ფიქრობ?
ვანო მერაბიშვილი: ბატონო პრეზიდენტო, დღეიდან თუთოეული პატიმრის უსაფრთხოებაზე მე ვარ პასუხისმგებელი. მთელი საზოგადოების წინაშე ვამბობ, განსაკუთრებით, მათ ოჯახებს მინდა ვუთხრა - ამ წუთიდან მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ ადამიანების უფლებები, სამოქალაქო უფლებები, ადამიანური უფლებები, არა მარტო მსგავსი ტიპის დანაშაული, არამედ სხვა ელემენტარული, იქნება ეს სოციალური თუ უსაფრთხოების სხვა საკითხები, იქნება მოგვარებული. ამ საქმეში მე პირადად დავკავდები, უშუალოდ ჩავერთვები. თქვენ გახსოვთ, რომ წლების განმავლობაში პოლიციაში იყო წამების ტრადიცია, ჩვენების გამოძალვის მიზნით და შინაგან საქმეთა სამინისტროში, პოლიციაში ეს ერთხელ და სამუდამოდ მოვსპეთ. მე გაძლევთ გარანტიას, რომ მალე ეს ორგანო გახდება ისეთი, როგორიც ეკადრება დღევანდელ საქართველოს და ამ ორგანოს მიმართ საზოგადოების ნდობა ამაღლდება. მსგავსი ფაქტები აღარასდროს გამეორდება და ყველა ოჯახის წევრს, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება გარანტია და იქნება დაზღვეული, რომ მათ ოჯახისა თუ ჩვენი საზოგადოების ნებისმიერ წევრს ასეთი საფრთხე არ შეექმნება. პირადად მე დღეიდან დავკავდები, უახლოეს დღეებში ძირეულ სტრუქტურულ ცვლილებებს გავაკეთებთ და რამდენიმე თვეში ჩამოვაყალიბებთ ახალ სისტემას...
საქართველოს პრეზიდენტი: დღეს საღამომდე შევიყვანოთ პატრული, ჯერ ერთი, ადამიანური მოპყრობის მიზნით, ხოლო, მეორე მხრივ, გავაძლიეროთ ზომები, რადგან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა გეგმები იყო, რას უკავშირდებოდა ზოგადად ეს და რისკენ მიჰყავდა საქმე ციხეებში. ამიტომ უნდა აღვკვეთოთ ასეთი ტიპის გამოვლენები. ახლა 1991 წელი არ არის, როდესაც გაიხსნა კარი, გამოუშვეს ხალხი და რაც მოუვიდა საზოგადოებას, ძალიან კარგად გვახსოვს. ამ კარს ვერ გავხსნით, მაგრამ ის გამჭირვალე უნდა იყოს, ყველამ უნდა იცოდეს რა ხდება გარეთ და შიგნით და ვინ არის პასუხისმგებელი თოთოეული ადამიანის ბედზე.
ვანო მერაბიშვილი: მე გაძლევთ გარანტიას, რომ არა მარტო ციხეში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება იქნება დაცული, არამედ მთელი საზოგადოების უსაფრთხოება. ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საქართველოში დაბრუნდეს ძველი დრო. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ გარეთ მყოფი მოქალაქეებიც და პატიმრებიც იქნებიან უსაფრთხოდ და დაცული იქნება ის უფლებები, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ ჩვენი კონსტიტუციით და ჩვენი კანონით. ამის უზრუნველყოფა ჩვენი ვალდებულებაა როგორც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ისე ციხეში მყოფი ადამიანი რა სასჯელსაც არ უნდა იხდიდეს ის.
საქართველოს პრეზიდენტი: საზოგადოება ბევრ შეკითხვაზე ითხოვს პასუხს და აბსოლუტურად მართალია. მას მუდმივად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, მათ შორის, ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ ვიცით, მაგრამ გარკვეულწილად, ოპერატიული მიზნით, აქამდე არ ყოფილა გამოქვეყნებული. ის, რაც მოხდა, წარმოუდგენლად საზიზღარი ფაქტია. ეს არის ყოველივე იმის დისკრედიტაცია, რასაც ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ვაკეთებდით და თუკი რამე არის პირადად ჩემთვის ღალატი, ეს არის ის, რასაც ეს არაადამიანად ქცეულები ჩადიოდნენ. თუმცა, მეორე მხრივ, ამის პარალელურად, საქართველოს ბევრი სხვა საფრთხის წინაშეც დგას, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის მხრიდან. ვფიქრობ, საზოგადოებას ესეც უნდა ვუთხრათ, მათ შორის, გავაცნოთ ის მასალები, რომლებიც თქვენ გაქვთ უცხო ქვეყნების შესაბამისი სტრუქტურებთან თანამშრომლობის შედეგად. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა თამაში მიდის და რა ვნებათაღელვაა, რისი მცდელობაც არის და იქნება. ჩვენ ამის ნაკლებად გვეშინია, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად მოულოდნელი და საზიზღრობა იყო ის, რაც სისტემის შიგნით ხდებოდა. აი, ეს არის ჩემთვის დარტყმა, თორემ დანარჩენ გამოწვევებს გავუმკლავდებით, როგორმე ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.
ახლა, პრაქტიკულად, მთლიანად გადაერთეთ ამ საქმეზე - ყოველდღიურად შეამოწმეთ დღისით, ღამით, გააკონტროლეთ ვინმე სადმე უსამართლოდ ხომ არ არის გადაყვანილი, მაგალითად, კარცერში; ხომ არ აქვს ვინმეს უსამართლოდ დადებული დისციპლინარული სანქცია; ხომ არ ხდება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება...
გაწიეთ რისკ-ჯგუფი, რომელიც იქ არის და პატრულის თანამშრომლები დღეს საღამომდე შევიდნენ ციხეებში. მესმის, რომ ახლა მხოლოდ ერთი ჯგუფია აღმოჩენილი, მაგრამ ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ სხვაგანაც იგივე ხდებოდა. თუკი ეს აქ შეიძლებოდა ასე დაუსჯელად მომხდარიყო, პროვოცირებულად თუ არაპროვოცირებულად, ზუსტად ასევე შეიძლება ყოფილიყო სხვაგანაც. რისკს ვერსად ვერ გავწევთ, ძირითად საპატიმროებში ყველგან იყოს პატრული, სახალხო დამცველის და მონიტორინგის ჯგუფები. შეუშვით ნათესავებიც და აჩვენეთ მათი ოჯახის წევრები.
ასევე მინდა მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანდაცვას. ამაზე ბევრი ვიმუშავეთ წინა წლების განმავლობაში, გავაძლიერეთ ეს ბლოკი, მაგრამ მაინც დაუშვებლად მაღალია ავადმყოფობის დონე. ამასაც ცალკე მიხედვა უნდა და სერიოზული ფულის დახარჯვა და ეს უნდა გავაკეთოთ. სანდრასგან ვიცი - ძალიან ხშირად დადიოდა. ტუბერკულიოზი ცოტა გამოვასწორეთ, მაგრამ მაინც ძალიან არის მოდებული, ჰეპატიტიც ძალიან გავრცელებულია და ამას უნდა მივხედოთ. ეს კიდევ ცალკე თემაა.
მოდით, ახლა სასწრაფოდ მთავარ საკითხებს მიხედეთ. ყველაფერი უნდა შეიცვალოს. გუშინ დავპირდით საზოგადოებას და ეს ხალხი უკვე დაკავებულია, ახლა კი გპირდებით, რომ ყველაფერს ისეთივე ტემპით შევცვლით, როგორც წინა შემთხვევაში ვმოქმედებდით. რამდენიმე დღეში ეს სიტემა ისე უნდა მუშაობდეს, რომ საერთოდ ვეღარავინ ვეღარ იცნოს.
იმოქმედეთ!