Google+

გამოსვლები და განცხადებები

25.06.2012
მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ პატივს ვცემთ ხალხის თავისუფალ ნებას და არჩევანის თავისუფლებას“

მივესალმები გუბერნატორებს, აჭარის ავტონომიის მთავრობის თავმჯდომარეს, ქალქების მერებს, მათ შორის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის მერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერიოდული შეკრებები და მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა.

წინ ზაფხულია, მაგრამ ჩვენთვის დასვენება არც ზაფხულშია და არც რომელიმე სხვა პერიოდში - საქართველოში დიდი აღმშენებლობის ეპოქაა და არ გვაქვს უფლება, რომ მუხლჩაუხრელად არ ვიშრომოთ.

რა თქმა უნდა, იმასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ხდება არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. მაგალითად, სოციალურ ქსელში ერთი ქალბატონი მწერდა, რომ 21-ე საუკუნეში დენიც კარგია, გაზიც და შადრევნებიც, მაგრამ ამისთვის ბიუჯეტიდან თანხის ხარჯვას არ ეთანხმებოდა. პრობლემა ისაა, რომ ამ ქალბატონს ერთი რამ გამორჩა - ამ შადრევნების მიღმა საქართველოში ახალი ქალაქები აშენდა.

ბათუმი სრულიად ახალი ქალაქი; ანაკლია მთლიანად ახალი კურორტია; შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2-3 წელიწადში ქუთაისიც სრულიად ახალი ქალაქი იქნება; თბილისის ცენტრი მთლიანად ახლებურად კეთდება; სიღნაღი არის მთლიაანდ ახალი ქალაქი; სექტემბერში თელავი იქნება, პრაკტიკულად, ახალი ქალაქი ან ამ გზას დაადგება; ყვარელი კეთდება ახლებურად; ლაზიკა აშენდება აუცილებლად და მას, ვისაც სასაცილოდ არ ყოფნიდა ორი წლის წინათ ანაკლიის მშენებლობა, ან ბათუმს რომ იხსენიებდნენ აუგად, საკუთრი სიტყვების უკან წაღება და სკეპტიკური დამოკიდებულების შეცვლა მოუხდა.

მთავარი ის არის, რომ ქალაქების მიღმა ჩვენ შევქმენით მთლიანად ახალი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი; ჩვენ უნდა გადავიდეთ საყოველთაო დაზღვევის სიტემაზე.

ასევე ვქმნით განათლების სრულიად ახალ სისტემას. ჩვენი სკოლები არა მხოლოდ აღარ არის ისეთი, როგორიც 10 წლის წინათ იყო, არამედ საუკეთესო ხდება მთელი რეგიონის მასშტაბით.

ჩვენ ვქმნით ახალ უნივერისტეტებს. ბათუმში დღეს საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შევხვდი,  ახალი აკადემია კეთდება მრავალ ათასიანი სტუდენტებით, ასევე შენდება ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც სექტემბერში გაიხსნება.

მისი კამპუსები განთავსდება ბათუმში და ერთ-ერთი განყოფილება იქნება თბილისშიც.

საქართველოში ტექნიკური სასწავლებლების დიდი ქსელი შევქმენით, რომელიც ხალხს ისეთ პროფესიას აძლევს, რომ მათი კურსდამთავრებულების 80-მდე პროცენტი პირველივე თვეში საკმაოდ მაღალ ანაზღაურებად სამსახურში საქმდება.

ჩვენი რკინიგზა აღარ იქნება ჩიხი - თბილისი-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მეშვეობით,  შევუერთდებით ჩინეთ-ლონდონის რკინიგზას და მისი უმნიშვნელოვანესი რგოლი გავხდებით. ეს არის ისტორიული, ეპოქალური მშენებლობა.

საქართველოს ექნება სწრაფი რკინიგზა და თბილისიდან ბათუმში ჩასასვლელად 3 საათნახევარი დაგვჭირდება. ეს წარმოუდგენელი გარღვევაა.

ჩვენ ვაშენებთ ახალ აეროპორტებს - თბილისის აეროპორტის შემდეგ ავაშენეთ ბათუმის საერთაშორისო და ასევე პატარა აეროპორტი მესტიაში...

ამას გარდა ვიწყებთ თელავის აეროპორტის მოდერნიზაციას, დავიწყებთ ფოთის აეროპორტის მშენებლობას, სექტემბერში გაიხსნება ქუთაისის აეროპორტი, აუცილებლად უნდა დავიწყოთ აეროპორტის მშენებლობა გურიაში, კერძოდ, სოფელ მერიაში.  

აეროპორტების თვალსაზრისით, საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული ქვეყანა მსოფლიოში, რადგან ეს არის ჩვენი ფუნქცია - ჩვენ ვართ ძალიან მნიშვნელოვან გეოგრაფიულ ცენტრში და ყველა მიმართულებით უნდა გვქონდეს კარგი კომუნიკაციები.

ყოველივე ეს იმისთვის არ კეთდება, რომ თავი მოვიწონოთ და მხოლოდ იმისთვის არ გვინდა, რომ უცხოელი ტურისტების ჩამოვიყვანოთ. უპირველესად, ეს კეთდება იმისათვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა იგრძნოს გაუმჯობესება.

მართალია, საქართველოში სიღარიბე შემცირდა, მაგრამ ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს , რომ საქართველოში ჯერ კიდევ  წარმოუდგენელი სიღარიბეა.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენს ხალხს ვაზღვევთ, სოციალურად დაუცველებს საკვების ფულით, მინიმალური თანხით ვეხმარებით, რა თქმა უნდა, ამ მხრივ, პრობლემა საქართველოში მოხსნილი არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავრობის თითოეული წარმომადგენელი მუშაობდეს სწორედ ამ კატეგორიის ხალხისთვის.

უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ ხალხისკენ უნდა იყოს მიმართული ჩვენი მზრუნველობა და უნდა გვესმოდეს, რომ არავის არ უნდა დარჩეს უსამართლობის გრძნობა;

არავის არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სოციალური მუშაკი არასწორად მოეპყრო, რომ რომელიმე მათგანი არასწორად ამოიღეს სოციალურად დაუცველთა სიიდან;

არავინ არ უნდა ფიქრობდეს, რომ ვინმემ - რომელიმე კომერციულმა ბანკმა, რომელიმე კომერციულმა სტრუქტურამ ან თუნდაც მისმა მეზობელმა ბოროტად გამოიყენა მისი დაუცველობა.

ჩვენ უნდა ვიყოთ პროაქტიული მთავრობა, რომელიც დაიცავს საზოგადოების ყველაზე დაუცველ ხალხს.

ეს არის არსი იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რომ საქართველო გახდეს სამართლიანი საზოგადოება.

ჩვენ გავაკეთეთ იუსტიციის სახლები - ეს ძალიან კარგია და მთელს მსოფლიოს მოსწონს, მაგრამ უპირველესად, ჩემთვის მთავარია ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მოსწონს.

როგორც იუსტიციის სახლი არის გამჭირვალე და მარტივი მომსახურების თვალსაზრისით,  ზუსტად ასეთი უნდა იყოს, ჩემო მეგობრებო, ყველა ადგილობრივი ადმინისტრაცია.

ეს არის მოდელი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ხვალ ყველა მერიის, გუბერნიის, გამგეობის და საკრებულოს მუშაობის სტილი, რომელიც მთლიანად უნდა გადაედოს თითოეულ თქვენს ადმინისტრაციას.  

რამდენიმე თვეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

უახლოეს წარსულში ჩვენ, როგორც საზოგადოება, არაერთხელ დავმდგარვართ კრიტიკული გამოწვევის წინაშე, გამოწვევისა, რომელზეც ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება  იყო დამოკიდებული.

ყოველ ასეთ გამოწვევას, ყოველ ასეთ გარდამტეხ მომენტს საქართველოს ხალხმა დიდი მოქალაქეობრივი ღირსებისა და პატრიოტული შემართების დემონსტრირებით გაართვა თავი.

გაართვა თავი ისე, რომ, იმავდროულად, დაამტკიცა თავისი უპირობო ერთგულება სახელმწიფოებრივი და დემოკრატიული ფასეულობების მიმართ.  

მომავალი არჩევნები ჩვენი მორიგი გადამწყვეტი ისტორიული მომენტი იქნება. მაშინ გადაწყდება გადავა თუ არა საქართველო იმ რუბიკონს, რომლიდანაც მას ვეღარავინ მოაბრუნებს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცებს მთელ მსოფლიოს საკუთარი პოლიტიკური მოწიფულობით, დემოკრატიისა და თავისუფლების სიყვარულით ისე, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია უახლოეს წარსულში.

ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის სრულიად გადამწვეტია ის, რაც ამ არჩევნებთან ერთად იდება სასწორზე: კორუფციისაგან თავისუფალი ეკონომიკური კურსიდან - ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციამდე, ყველასთვის ხელმისაწვდომი, საყოველთაო ჯანდაცვიდან - სოფლის მეურნეობის განვითარებამდე.

ამიტომ, ეს არჩევნები თითოეულ ჩვენგანს, ხელისუფლების ყველა საფეხურზე მყოფთ - პრეზიდენტით დაწყებული გამგებლით დამთავრებული - გვავალდებულებს, რომ დავიცვათ უპირობო ერთგულება დემოკრატიისა და სამართლიანობის პრინციპებისადმი და უზრუნველვყოთ ის, რომ საარჩევნო პროცესი იყოს, მართლაც, სამაგალითო.  

მე, როგორც თქვენს პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციისა და ჩვენ მიერ ერთად აშენებული დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცის გარანტს, დღეს მინდა რამდენიმე გზავნილი გაგაცნოთ.

პირველი გზავნილი ძალიან მარტივია და ყველასათვის კარგად გასაგები უნდა იყოს - მე არ დავუშვებ იმას, რომ ვინმემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების საიმედოობა. პირადად უზრუნველვყოფ იმას, რომ საარჩევნო პროცესის გაყალბებისა და მოქრთამვის ნებისმიერი მცდელობა, კანონის სრული ძალით დაისაჯოს.  

ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენ ერთად ავაშენეთ სისტემა, რომლის პირობებშიც  ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონის უზენაესობას; კანონი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, სიმდიდრისა თუ პოლიტიკური კუთვნილებისა, მიუხედავად ადამიანის სახელისა თუ მისი წარსულისა.

ქართველ ხალხს ეს ძალიან კარგად ესმის და ამიტომ ენდობა იგი ამ ინსტიტუტებს უფრო მეტად ვიდრე, რომელიმე კონკრეტულ პიროვნებასა თუ პოლიტიკურ ძალას.

მაგალითად, პოლიციის შემთხვევაში... ხალხი იმიტომ ენდობა პოლიციას, რომ ყველამ იცის - პოლიცია ინტერესდება იმით, დაარღვიე თუ არა კანონი და არა იმით, თუ ვინ ხარ და საიდან მოდიხარ.  

სწორედ ეს არის ურყევი საფუძველი სახელმწიფოებრიობისა - იმისა, რისთვისაც აქამდე ამდენი გვიბრძოლია ერთად.

გასული თვეების განმავლობაში, გარკვეული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ შესაძლებელია უტიფარი აგრესიით შეტევის განხორციელება კანონიერებასა და სამართლიანი არჩევნების პრინციპებზე.

მათ მოინდომეს, ეჭვქვეშ დააყენონ საქართველოს სახელმწიფოს უნარი - დაიცვას საკუთარი მოქალაქეების თავისუფალი არჩევანის უფლება.

მათ უკვე თავად იწვნიეს, და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი მცდელობები არ გავა!  ყოველი ცალკეული მცდელობა აღკვეთილი იქნება კანონის მიერ.

საარჩევნო პროცესის მოქრთამვა ან ქართული დემოკრატიის ყიდვა არავის არ გამოუვა.

საქართველოს სახელმწიფო დაიცავს და უზრუნველყოფს თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებას გააკეთოს დემოკრატიული და თავისუფალი არჩევანი.

ძვირფასო მეგობრებო,

ჩვენი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები და, რაც მთავარია, ნდობა, რომელიც არის ამ ინსტიტუტების მიმართ, ჩვენ სწორედ იმით ავაშენეთ, რომ ჩვენი ბრძოლა სრულიად უკომპრომისო იყო მათ წინააღმდეგ, ვისაც მიაჩნდა, რომ კანონსა და ხალხზე მაღლა დგას.

ამ ადამიანებს - კანონიერ ქურდებს, კორუმპირებულ თანამდებობის პირებს, ქუჩის კრიმინალებს, გამომძალველ და ყაჩაღ სამართალდამცველებს - მართლა სჯეროდათ, რომ ისინი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა იდგნენ.

გაიხსენეთ როგორ იქცეოდნენ ისინი არც თუ დიდი ხნის წინათ.

გაიხსენეთ, როგორ დათარეშობდნენ ისინი ჩვენს ცხოვრებაზე.

და გაიხსენეთ ისიც, თუ როგორ ვაიძულეთ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპით უკლებლივ, ყველა მათგანი დამორჩილებოდნენ კანონს და ეგოთ პასუხი ხალხისა და სამართლის წინაშე.

ამას ეჭვქვეშ აყენებენ, მაგრამ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპი იყო მაშინ და იქნება ყოველთვის და ჩვენი შეუწყნარებელი კურსი მათ მიმართ, ვისაც კანონი არაფრად მიაჩნია, კვლავაც გაგრძელდება.

ეს ყველას უნდა ესმოდეს.

და იმ ფონზე, როდესაც ცალკეული ძალები გადამეტებული ძალისხმევით ცდილობენ ჩვენი დემოკრატიის ყიდვას - ჩვენი პასუხი მათ მიმართ იქნება ორმაგი - ერთი მხრივ, მათ მცდელობებს დაუპირისპირდება სამართალდამცავი სისტემის პროპორციული ძალა, ხოლო, მეორე მხრივ, მათ მცდელობებს დაუპირისპირდება ჩვენი გადამეტებული, დისპროპორციული ნება, რომ მომავალი არჩევნები იყოს მაქსიმალურად გახსნილი, ტრანსპარანტული და დემოკრატიული. 

ჩვენ ყველანი და პირადად მე - უზრუნველვყოფთ იმას, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ იმოქმედოს თანაბარი შესაძლებლობებით და მთელი საარჩევნო პოლიტიკური პროცესი განხორციელდეს იმ თვალსაჩინო ასპარეზზე, რასაც  საზოგადოებრივი განსჯა, საზოგადოებრივი დებატები ჰქვია.

დღეს ზოგიერთები ცდილობენ, რომ საქართველო წარმოადგინონ ისე, თითქოს, ამ შენობაში ავტოკრატები სხედან და ხალხს აჩუმებენ. სადაა საქართველოში შეზღუდვა? ხომ დავდივარ გარეთ? ყველას შეუძლია გამოთქვას საკუთრი აზრი და ამით ჩვენ ძალიან ვამაყობთ. პირადად მე, ყოველთვის მივიღებ თქვენ აზრს - სწორედ ამას ჰქვია თავისუფალი დებატები.

ეს ასპარეზი იქნება შეუზღუდავად ხელმისაწვდომი ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისათვის.

იმიტომ, რომ ჩვენ, მათგან განსხვავებით, ვინც ხალხის არჩევანის მოქრთამვას ცდილობს, გვჯერა ხალხის.

ჩვენ გვჯერა და პატივს ვცემთ ხალხის თავისუფალ ნებას და არჩევანის თავისუფლებას.

ჩვენ გვსურს, რომ მათი არჩევანი იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული და გააზრებული.

ამიტომ, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პარლამენტის საკანონმდებლო ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა საინფორმაციო სატელევიზიო არხის ტრანსლირება სავალდებულოდ განახორციელოს საქართველოს უკლებლივ ყველა საკაბელო ქსელმა.

კერძო კომპანიებზე ამ ვალდებულების დაკისრება, რა თქმა უნდა, თავისუფალი საბაზრო პრინციპების გარკვეული შეზღუდვაა, იგივე გავაკეთეთ რეკლამებზე - იმდენი უფასო პოლიტიკური რეკლამაა... მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი მოქალაქეების ყველა სახის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა - უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ინტერესია.

ეს საკონონმდებლო ინიციატივა თანაბრად იკავებს ადგილს მსოფლიოს ყველაზე პროგრესულ და განვითარებულ მეთოდებს შორის, რომელთა მიზანია ამომრჩევლის მედიაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ეს არის ქართული დემოკრატიის სიმტკიცისა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ურყეობის მორიგი თვალსაჩინო ნიშანი.

მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენ ერთად ავაშენეთ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც შესწევს ძალა რეაგირება მოახდინოს დიდ გამოწვევებზე სისტემის კიდევ უფრო მეტად გახსნით, მისი უფრო მეტად ჩაკეტვის ნაცვლად (როგორც ამას ხშირად ვხედავთ ჩვენს სამეზობლოში).

შეტევას ჩვენს დემოკრატიაზე ქართული სახელმწიფო უპასუხებს დემოკრატიის გაძლიერებით და არა მისი შეზღუდვით.

კანონის ფეხქვეშ გათელვის ყველა მცდელობას დაუპირისპირდება, ერთი მხრივ, მკაცრი სამართალდამცავი ძალისხმევა, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო სისტემის სამაგალითო მუშაობა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულობის უზრუნველსაყოფად. 

მივმართავ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველა დონეზე.  

გარკვეული ძალები შეეცდებიან - ისინი უკვე ცდილობენ - გაავრცელონ სიცრუე თქვენი მუშაობის შესახებ.

ამიტომ, იცოდეთ, რომ ყველაზე სწორი გზა დავამარცხოთ სიცრუე - არის სამაგალითო მუშაობა.

სამაგალითო მუშაობა ხალხის თავისუფალი არჩევანის დასაცავად;

სამაგალითო მუშაობა იმისათვის, რომ ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, მათ შორის, ვერც სახელისუფლებო ძალამ, ვერ შეძლოს უკანონო გავლენის განხორციელება ამომრჩევლის ნება-სურვილზე;

სამაგალითო მუშაობა იმისათვის, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება;

თუმცა ერთი წუთითაც არ უნდა შეჩერდეს სამთავრობო მუშაობა, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმები და აღმშენებლობას ვერ შევაჩერებთ.

აღმშენებლობის ჩვენი გეგმების განხორციელება არც არჩევნების წინ დაწყებულა და არც არჩევნებით დამთავრდება. ეს პროცესი არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება და ნამდვილად არ არის მორგებული რაღაც პოპულისტურ კონიუქტიურაზე. ეს კარგად უნდა გვესმოდეს.

ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით ამას და უნდა გავაგრძელოთ კიდეც, თუმცა ისე, რომ არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ.

ჩვენ სამაგალითო მუშაობა გვჭირდება დემოკრატიისა და, შესაბამისად, საქართველოს მომავლის დასაცავად.

ეს არის ჩემი თხოვნაც და ჩემი კატეგორიული მოთხოვნაც თითოეული სახელმწიფო მოხელის მიმართ.

რადგან თქვენ ხართ კანონის უზენაესობის მთავარი გარანტი, თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს - მათ შორის, პოლიტკური კამპანიების წარმოების უფლებას - განურჩევლად პოლიტიკური მსოფლმხედველობისა, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა.

როგორც ქვეყნის მეთაური, მე ვარ ამაყი იმით, რომ მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი, რომ საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელსა და ქალაქში, ყველა უბანსა და ქუჩაზე პირუთვნელად დაიცავთ ჩვენი ხალხის ამ ფუნდამენტურ უფლებებს.

მე ვარ ამაყი იმით, რომ მაქვს თქვენი და მთელი საქართველოს  საზოგადოების იმედი.

კანონის უზენაესობა იქნება დაცული! ჩვენი დემოკრატია მორიგ გამარჯვებას იზეიმებს!

ჩვენ არა მარტო შევინარჩუნებთ ერთად არჩეულ კურსს კეთილდღეობისა და ევროპული ინტეგრაციისკენ, არამედ მომავალი თვეები იქნება წინგადადგმული დიდი ნაბიჯები ამ მიმართულებით - 2014 წელს ჩვენ გვაქვს რეალური შანსი გავხდეთ ნატოს წევრი და, რეალურად, ესეც ოქტომბერში გადაწყდება.

ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა დავიკაპიწოთ ხელები, ორმაგი ძალისხმევით ვიმუშაოთ, რათა  ყველას ვაჩვენოთ, რომ ხალხი ტყუილად არ გენდოთ, ტყუილად არ აგრძელებს თქვენს ნდობას და ხალხს ტყულად არ აქვს ჩვენი იმედი. რაც მთავარია, ყველას ვაჩვენოთ - იმას გარდა, რომ გვყავს ეფექტიანი სახელმწიფო აპარატი, ვართ სამართლიანი, გახსნილი და დემოკრატიული.

ვიყოთ ახლოს თითოეულ მოქალაქესთან, ჩვენს ხალხთან, ამოვუდგეთ მათ მხარში და ვაჩვენოთ, რომ საქართველოს საერთო წარმატება იქნება თითოეული ქართული ოჯახის წარმატება, თითოეული ქართული ოჯახის წინსვლა და თითოეული ქართული ოჯახის იმედების ასრულება.

დიდი მადლობა, ჩემო მეგობრებო. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)