Google+

გამოსვლები და განცხადებები

21.04.2012
მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ შევეჩვიეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სახელმწიფოს მეთაური, პრემიერ-მინისტრი და სხვა ცნობილი ადამიანები ჩამოდიან, მათ შორის, ბიზნესმენები, სპორტსმენები, კულტურის წარმომადგენლები. თუმცა ის, ვინც დღეს ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში, ყოველმხრივ განსაკუთრებული სტუმარია.

იგი ბევრად უფრო პოპულარულია, ვიდრე პრეზიდენტების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებსაც ეს პრეზიდენტები ხელმძღვანელობენ.  

იგი ბევრად საინტერესო ადამიანია, ვიდრე იმ ხალხის უმრავლესობა, ვინც კი ოდესმე შემხვედრია ცხოვრებაში.

ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმატება მუდამ თან სდევს და აქვს იმის ამოცნობის საოცარი უნარი, სად შეიძლება მიაღწიოს მას.

ის, რომ იგი საქართველოში იმყოფება, ჩემთვის უტყუარი საბუთია იმისა რომ საქართველო სწორ გზას ადგას. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ორგანიზაციის დასკვნა, უფრო მნიშვნელოვანი, რომელიმე პოლიტოლოგის ან ანალიტიკური ცენტრის კვლევა.

ეს არის ჩემთვის ყველაზე უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველო, პრობლემების, გაჭირვებისა და უამრავი სხვა საკითხის მიუხედავად, რომლებიც ჯერ კიდევ დასაძლევი გვაქვს, წარმატების გზას ადგას.  

ეს არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, თუ არ ჩავთვლით ჩვენს მეზობელ 80-მილიონიან თურქეთს, ერთადერთი ქვეყანა კონტინენტურ ევროპაში, სადაც დონალდ ტრამპი, პარტნიორებთან ერთად კომერციულ, საცხოვრებელ და სასტუმრო ცენტრს ავითარებს.

საქართველოში დონალდ ტრამპის ყოფნა, საქართველოს შეუქცევადი წარმატების ნიშანი და საბუთია.

ვფიქრობ, დონალდ ტრამპს ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს.

90–იანი წლების დასაწყისში ნიუ იორკში ვასწავლობდი, როდესაც ტრამპი შედარებით ახალი ვარსკვლავი იყო.

მე მისი აღმასვლის თვითმხილველიც ვარ და იმისაც, რომ რისკზე წასვლით, პრაქტიკულად,  ყველაფერი დაკარგა.

იმ მდგომარეობაში, რომელშიც იგი აღმოჩნდა, ყველა ხელს ჩაიქნევდა, მარცხს შეეგუებოდა და თამაშიდან გავიდოდა, მაგრამ დონალდ ტრამპი ერთი დღეც არ გაჩერებულა, შრომით ყველაფერი დაიბრუნა და ცხოვრებაში ბევრად მეტს მიაღწია, ვიდრე მანამდე ჰქონდა.

ამიტომ, პირადად ჩემთვის იგი, მართლაც, მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს ბრწყინვალება და წარმატება. ჩვენ გვაქვს საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, რომლითაც იშვიათად ვაჯილდოვებთ უცხოელებს.

ვფიქრობ, დონალდ ტრამპი არის წარმატების და ბრწყინვალების, მართლაც, განსაკუთრებული ნიმუში მსოფლიოს მასშტაბით.

ჩემთვის დიდი პატივია, მას ეს ორდენი გადავცე.

სიამოვნებით მივესალმები მას ჩვენთან - საქართველოში.

საქართველოში დონალდ ტრამპის სტუმრობა უხარია ქართველ ხალხს და ამას მთელი მსოფლიო უყურებს.

 

Trump Organization-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ბატონო პრეზიდენტო, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ - ჩვენი აქ ჩამოსვლა თქვენი დამსახურებაა.

მახსოვს, პირველად თქვენ ოთხი წლის წინათ დამირეკეთ და მითხარით: „თქვენ არაჩვეულებრივ და დიდ საქმეებს აკეთებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ახლა კი მსურს საქართველოში ჩამოხვიდეთო.

შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დარეკეთ.

საბოლოოდ, ჩვენი ორი არაჩვეულებრივი პარტნიორი, მათ შორის მაიკლ კოენი ჩამოვიდა აქ და შესანიშნავად  იმუშავა კიდეც.

მათ უყვართ საქართველო და პატივს გცემენ თქვენ - ყველაფერი ურთიერთპატივისცემაზეა აგებული.

შემდეგ საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოძიება დავიწყე, მაინტერესებდა, რა ვითრება იყო აქ და აღმოვაჩინე, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და საუკეთესო ადგილია მსოფლიოში.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)