საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ერს მახათას მთაზე ახალი ტაძრის მშენებლობის დაწყება მიულოცა
ჩვენთვის მართლაც დიდი პატივია, პარლამენტის თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან და მთავრობის წევრებთან ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობა.
მინდა ვთქვა, რომ ეს პაატა ბურჭულაძის დიდი დამსახურებაა, ალბათ, მისი ერთ-ერთი უდიდესი დამსახურება.
საქართველოს ბევრი დიდი მომღერალი ახსოვს. ჩვენ გვყავდა ვანო სარაჯიშვილი, დავით გამრეკელი, ზურაბ ანჯაფარიძე, გვყავს ზურაბ სოტკილავა, მაგრამ საოპერო სცენაზე მსოფლიოს, ალბათ, ისე არავინ არ გააცნო საქართველო, როგორც ეს პაატა ბურჭულაძემ გააკეთა.
ერთი ცალკეული პიროვნებისა და მოქალაქისთვის, ეს უკვე საკმარისი იქნებოდა ისტორიაში ჩასაწერად, პირადი კეთილდღეობის მოსაწყობად და ბედნიერებისთვის, მაგრამ პაატა ბურჭულაძეს ამაზე ბევრად მეტი სურდა.
იგი ძალიან ბევრი კარგი წამოწყების მოთავეა, რომელთაგან, უპირველესი, მისი საქველმოქმედო საქმიანობაა ბავშვების დასახმარებლად.
ამ ღონისძიებებში ჩვენც არაერთხელ მიგვიღია მონაწილეობა.
ქართველ ერში, ცალკეულ მოქალაქეებში მან ქველმოქმედების სული გააღვიძა.
ეს საქართველოს საუკეთესო ტრადიციაა, რომელიც ჰქონდა ვანო სარაჯიშვილს, ძმებ ზუბალაშვილებს...
ეს ტაძარი არის იმის ახალი გამოხატულება, რასაც პაატა ბურჭულაძე აკეთებს.
იგი ამითაც შეიძლებოდა შემოფარგლულიყო და რომელიმე მოქალაქისთვის ეს უდიდესი მიღწევა და დიდი ისტორიული რამ იქნებოდა, მაგრამ მან გადაწყვიტა ამ ახალი ტაძრის მშენებლობის დაწყება.
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ამ საქმეში ჩაერთვებიან ჩვენი მოქალაქეები, ასობით ათასი ქართველი და მონაწილეობას მიიღებს ტაძრის მშენებლობაში.
პაატამ განიზრახა, რომ ეს საერთო ეროვნულ და საერთო მოქალაქეობრივ ღონისძიებად გადაექცია, რაც ძალზე დასაფასებელია.
ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად გვაკლდა - საერთო სახალხო აქტივიზმი, საერთო სამოქალაქო მონაწილეობა საჯარო პროექტებში და პაატა ბურჭულაძემ, ამ მხრივ, ვფიქრობ, მართლაც რევოლუციური საქმე გააკეთა.
მან მოახდინა რევოლუცია ქართულ სცენაზე და ცხოვრებაში, მაგრამ რევოლუცია საქველმოქმედო საქმიანობაში უფრო მნიშვნელოვანი რამ არის.
ვფიქრობ, ეს უდიდესი საქმეა და ამისთვის მისი მადლიერი ვარ.
გასულ რამდენიმე წელიწადში ტაძრების აღდგენას საქართველოში 50 მილიონზე მეტი მოხმარდა - მათ შორის, თითქმის, 4 მილიონი იხარჯება ფოთის ტაძრის მშენებლობისთვის, 2 მილიონი დაიხარჯა გრემის აღსადგენად, 15 მილიონია გამოყოფილი ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის, რომელიც სექტემბერში გაიხსნება.
ეს მართლაც ძალიან დიდი მოვლენაა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთის.
ჩვენ უამრავი ეკლესია აღვადგინეთ, მათ შორის, ბოლნისის ტაძარი, რამდენიმე ათეული სალოცავი კახეთში, ათეულობით ტაძარი ქართლში, იმერეთში, აჭარაში, სამეგრელოში - საქართველოს არაოკუპირებულ უკლებლივ ყველა რეგიონში.
ამას გარდა, ვმუშაობთ იმაზე, რომ გადავარჩინოთ უცხოეთში არსებული ჩვენი ტაძრები, კულტურის კერები, ხელნაწერები, უძველესი დროიდან შემორჩენილი ხატები.
ასევე, ვცდილობთ, ისინი მსოფლიოს გავაცნოთ.
საქართველოსთვის ქრისტიანობა არის არა უბრალოდ იდენტურობის ნაწილი, არამედ პასპორტი ევროპისკენ, ცივილიზებული სამყაროსკენ.
ეს არის ის, რითაც ყოველგვარი სკეპტიციზმის მიუხედავად, შეგვიძლია ყველას დავუმტკიცოთ, რომ საქართველო არის ბოლომდე ევროპული ქვეყანა, უძველესი ცივილიზაცია, რომელიც ნამდვილად იმსახურებს იყოს თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ნაწილი.
ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი რამ არის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ახალი ტაძრის მშენებლობა.
არ ვიცი არც ერთი სხვა ქრისტიანული ქვეყანა მსოფლიოში, სადაც იმდენი ახალი ქრისტიანული ტაძარი შენდება, რამდენიც ჩვენს პატარა საქართველოში.
ეს არის ის, რითაც ჩვენმა თაობამ აუცილებლად უნდა იამაყოს.
მინდა, მის უწმინდესობას მივესალმო.
როდესაც ქრისტიანობაზე ვლაპარაკობთ, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ, ალბათ, მსოფლიოს მასშტაბით არ არის უფრო დიდი სახელის მქონე საეკლესიო იერარქი, ვიდრე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
იგი არის ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე, ყველაზე დიდი დამსახურების მქონე საკუთარი ქვეყნის ეკლესიისა და მსოფლიო ეკლესიების წინაშე.
მინდა, მის უწმინდესობას ვთხოვო აკურთხოს მახათას ტაძრის მშენებლობა; ასევე, მადლობა ვუთხრათ პაატას მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის და მხარდაჭერისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს.