Google+

გამოსვლები და განცხადებები

02.03.2012
მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებს მიმართა და ახალი ინიციატივები გააცნო

მოგესალმებით ყველას.

თქვენთან შეხვედრა მინდოდა, რადგან რამდენიმე დღის წინ პარლამენტში მქონდა გამოსვლა და მსურდა ამაზე მესაუბრა.

როდესაც პარლამენტარებს მივმართავდი, ვთქვი, რომ საქართველოში დღეს მენტალიტეტებს შორისაა ბრძოლა, მიმდინარეობს მენტალური რევოლუცია.  

ვარდების რევოლუცია მხოლოდ დროშების ქნევა არ იყო. რამდენიმე ქვეყანამ მოგვბაძა და კიდევ ბევრ ქვეყანაში მოხდა რევოლუცია, მაგრამ ერთია, როდესაც ქუჩაში გამოდიხარ და დროშებს იქნევ, ხოლო მეორეა ის, რა მოხდება შემდეგ.

საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც მთლიანად შეიცვალა მენტალიტეტი და ეს  უცხოელებმა აღიარეს.

ეს ძალიან დიდი ნახტომია.

განვითარების დონით, საზოგადოებრივი ურთიერთობისა და მთავრობის ხალხთან ურთიერთობის მიხედვით ჩვენი ქვეყანა ჩამორჩენილი, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიოს ქვეყნების დონეზე იყო - კორუფციის, დამნაშავეობისა და ცინიზმის, სიღარიბისა და უპერსპექტივობის უმაღლესი დონით.

ომამდე და კრიზისამდე ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, საშუალოდ, 10 პროცენტზე მეტი იყო. კრიზისის შემდეგ 3-პროცენტიანი ვარდნა გვქონდა. შემდეგ ეს მაჩვენებელი ისევ 7 პროცენტით გავზარდეთ და როდესაც მსოფლიო „ნოკდაუნიდან“ გამოვა, ჩვენი ეკონომიკური  ზრდის მაჩვენებელი ისევ ორციფრიან ნიშნულს - 10 პროცენტს დაუბრუნდება.

მე ვყოფილვარ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში, რომელთა მოქალაქეები ყველაფრით  უზრუნველყოფილი არიან. საუკეთესო სახლებიც აქვთ და მანქანებიც, უცხოეთში 4-5 თვეს ატარებენ, განათლებაც გარანტირებული აქვთ... ხშირად მიფიქრია, მათი ერთი კვირის შემოსავალი რომ გვქონდეს, ლაზიკას 1 წელიწადში ავაშენებდით...

რა არის ჩემი ერის გრძელვადიანი პერსპექტივა? ბევრად ნაკლები, ვიდრე, ვთქვათ, სინგაპურს, სამხრეთ კორეასა და ჰონკონგში მცხოვრები ხალხს აქვს. თითოეული ეს ქვეყანა ქმნის ინოვაციას და ეს არის ჩვენი ამოსავალიც.

ჩვენ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. დღე არ გავა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ძველი თუ ახალი პრეზიდენტი საქართველოზე არ ლაპარაკობდნენ... რა თქმა უნდა, გვემუქრება ეკონომიკური კრიზისი. ბენზინის ფასების ზრდაც საოცრად მოქმედებს. ვფიქრობ, რომ ეს არის დიდი გამოწვევა.

მეორე მხრივ საქართველოში რომ რეფორმები ხურციელდება იმის შედეგიცაა, რომ მუდმივად ვართ სასიცოცხლო გამოწვევების წინაშე.

ჩვენ ძალიან მაგრები უნდა ვიყოთ - საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით, რომ ფიზიკურად გვეარსება.ახლა უკვე გვაქვს სახელმწიფო. ბოლოს ასეთი შანსი გვქონდა დავით აღმაშენებლის დროს.

მთავარი, რაც დამპყრობელს ვერ წარმოედგინა იყო ის, რომ კავკასიაში ვინმე შექმნიდა სახელმწიფოს.

 ქართველები ტრადიციულად  წარმატებული იყვნენ. ალავერდ უნდილაძემ ააშენა ისაპაჰანი. მათ მოიგეს შაჰ აბაზის ყველა ომი, რომელმაც მოსახლეობის ნახევარი ფერეიდანში გადაასახლა. მისთვის მთავარი დამრტყმელი ძალა სწორედ ქართველები იყვნენ. შაჰის ისტორიკოსი წერს:  „ქართველები არიან საუკეთესო მშენებლები და მეომრები. ეს ის ხალხია, რომელიც  ერთმანეთთან საერთო ენას ვერასდროს ვერ მონახავს“.

რაც შაჰაბასმა დაგვაკლო, რუსეთის იმპერიამ დაგვმართა. მე-19 საუკუნეში ჯავახეთი სავაჭრო, ეკონომიკისა და კულტურის ცენტრი იყო. პირველი, რაც რუსეთის იმპერიამ გააკეთა, ჯავახეთის მოსახლეობა გაასახლა.

მეორე იყო აფხაზეთი და აფხაზეთის ქართველობა და მისი მრავალეთნიკური ერთობა. ყველაზე დიდი დარტყმა აფხაზეთში მოგვაყენა, საიდანაც გაასახლა თითქმის 500 00 ადამიანი, როგორც კი „თვალებიდან გამოვიხედავდით“ გვირტყამდა იქ, სადაც შეიძლებოდა  დაბადებულიყო ახალი საქართველო.

რამდენიმე დღის წინ რუსეთში ერთ-ერთმა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა თქვა: „ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ წარმატებული ქვეყნების მაგალითით - დაწყებული სინგაპურით და დამთავრებული საქართველოთი; დაწყებული საქართველოთი და დამთავრებული ჰონკონგით“.

ესეც ხომ არ არის ჩემი პიარი?

როდესაც ჩვენი საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ გამოვცადეთ, მაშინვე დაიწყეს ლაპარაკი, რომ  ამერიკული და ინგლისური ჯობია... არ გიკვირთ, რომ საერთოდ შევქმენით? ვინ წარმოდგენდა, რომ ჩვენი ინჟინრები ქართული სქემებით, სხვების დაუხმარებლად შევქმნიდნენ მუხლუხოიან მანქანას? ხვალ პოლიგონზე არტილერიას გამოვცდით...

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კლასის ჩანაცვლება საქართველოში მოხდეს ისე, რომ შემდეგი ალტერნატივა იყოს არა კორუმპირებული, ძველი მენტალიტეტის მატარებელი თაობა, არამედ ახალი, რომლისთვისაც სუფთა ურთიერთობაში პოლიტიკა არის ჩვეულებრივი რამ.

დღეს ახალგაზრდას აღარ ეზარება შრომა. ახალი პროგრამით, ზაფხულში 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება - ერთი თვე იმუშავებენ და 500 ლარს აიღებენ.

ჩვენ შევქმენით ახალი, ძალიან კარგი ტურისტული კოლეჯი. სტუდენტები დიდი ენთუზიაზმით ეკიდებიან ყველაფერს ახალს. სასტუმროს მფლობელებსაც ვკითხეთ ხომ არ სურდათ ეს სტუდენტები სტაჟორებად აეყვანათ. ეს მათი ინტერესი უნდა იყოს. ჩვენ გვსურს, რომ მათი ბიზნესი განვითარდეს. ორ წელიწადში თუ არა, ხუთ წელიწადში ხომ ნამდვილად გვეყოლება 5 მილიონი ტურისტი. მით უმეტეს, რომ ეს ახალგაზრდობა უკვე ხვდება, რომ კვალიფიკაცია უნდა აიმაღლოს და იშრომოს.

არის ლიდერთა სკოლა, ტექნიკური სასწავლებლები, პროფსასწავლებლები. ჩვენი პროგნოზით,  სამ წელიწადში საქართველოში იქნება ისეთი მოთხოვნა იქნება, რომ აღარსად წასვლა არ მოუნდებათ. მალე სამუშაო ადგილები იმდენი გაჩნდება, რომ კვალიფიციური სპეციალისტებისა და მუშა-ხელის დეფიციტი იქნება.  ამაზე უკვე ვმუშაობთ.

შემოდგომით  საქართველოს 20-მდე ქალაქში ინგლისური ენის, კომპიუტერისა და პროფესიული ტრენინგები გაიმართება. სულ ქვეყნის მასშტაბით,  25 წელს გადაცილებული 20 ათასი ადამიანი გადამზადდება, რომლებსაც,  პროექტის ფარგლებში, ცოდნის გაღრმავების, ახალი პროფესიის ათვისებისა და დასაქმების საშუალება ეძლევა. 

ხშირად15– 16 წლის  ახალგაზრდა იძახის, რომ არ იცის რა უნდა ცხოვრებაში. ეს უნდა დამთავრდეს - ადამიანმა ყოველთვის უნდა იცოდეს რა უნდა.

უკვე საგრძნობლად წამოიწია წინ ტექნიკურმა საგნებმა. მიხარია, რომ ფიზიკის სფეროს სპეციალისტებმა გააკეთეს ახალი იარაღის ნიმუშები. ჩემთვის ნიმუშია ის, რომ საქართველოში შეიძლება აეწყოს ტექნოლოგიური წარმოება. მინდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.

მომავალი წლიდან მკვეთრად გავაფართოებთ უცხოეთში წასვლის პროგრამებს. ალბათ იცით, რომ, ძირითადად, ვაფინანსებთ ტექნიკურ ფაკულტეტებს, მაგრამ ჰუმანიტარული ფაკულტეტების საუკეთესო სტუდენტებისთვისაც დავუშვებთ კვოტებს, რათა მათაც მივცეთ შესაძლებლობა. მომავალ წელს, მინიმუმ, 5-6 ათას ქართველს ახალგაზრდას, რომელიც კარგი  ზაფხულის სკოლებიდან მოიპოვებს მოწვევას, დავუფინანსებთ გზასაც და ყველაფერს, რასაც სასწავლებელი არ დააფინანსებს.  ყველას მოვუწოდებ, რომ საზაფხულო სკოლებში წავიდეს და ისწავლოს. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალური რაოდენობის ხალხი გადიოდეს დროებით სასწავლებლად. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

ამას გარდა, ბევრი უცხოელი პედაგოგი უნდა ჩამოვიყვანოთ, რათა უცხო ენა ვისწავლოთ. ამდენი სამედიცინო დაწესებულება შევქმენით, ამდენი სავადმყოფო გავხსენით და  შეუძლებელია დაეწიო ახალ ტექნოლოგიებს თუ ყველაფერთან ერთად, არ იცი უცხო ენა. სახელმძღვანელოების თარგმნა რომც დავიწყოთ, დასრულებას ვერ მოვასწრებთ, რომ ესა თუ ის ტექნოლოგია მოძველდება. ამიტომ, უცხო ენების ცოდნის გარეშე დღეს მუშაობა არ შეიძლება.

სტუდენტი მუდმივად უნდა სწავლობდეს და ვითარდებოდეს. ჩვენ უნდა განვავითაროთ სამედიცინო ტურიზმიც.

ჩვენ მასწავლებლებსაც ძალიან ბევრი პლიუსი აქვთ, მაგრამ იმ ამერიკელმა და სხვა ქვეყნის პედაგოგებმა, რომლებიც ჩვენ ჩამოვიყვანეთ, ახლებურად, სხვა კუთხით დაანახეს მათ ბევრი რამ.

ამიტომ, ჩვენს უნივერსიტეტებშიც დავუშვით კვოტები უცხოელ პედაგოგებზე, რადგან საქართველოში უნდა იყოს ბევრი უცხოელი პროფესორი.

მაგალითად, წელს ბათუმში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პირველი ნაწილი გაიხსნება. საუკეთესო შენობას ვაშენებთ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სამი ამერიკული საუკეთესო უნივერსიტეტიდან ჩამოვლენ, რომელთაგან თანამშრომლობისთვის ავარჩევთ ერთს.  და მომავალ წელს ბათუმში სრულად ამოქმედდება პირველი ნამდვილი ამერიკული, სრულფასოვანი, უმაღლესი კლასის ტექნოლოგიური  უნივერსიტეტი, რომელიც მთელ საქართველოს მოემსახურება და რეგიონალური მნიშვნელობის იქნება. იმ პირობებში, როდესაც ამერიკელებთან და ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, ტექნიკური სკოლები გვაქვს გაკეთებული; იმ პირობებში, როდესაც სხვა სკოლები წამოვწიეთ წინ; იმ პირობებში, როდესაც უცხო ენებს ვნერგავთ ისე, როგორც არც ერთ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში - ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი იქნება ყოველივე ამის გვირგვინი.   

თავის მხრივ, ეს იქნება ჩვენი განათლების სისტემის ნამდვილი გარღვევა.  

დიდი მადლობა მობრძანებისთვის. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)