Google+

გამოსვლები და განცხადებები

02.02.2012
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში

უღრმესი მადლობა. მადლობას მოვახსენებთ დეკან ლანკასტერს ასეთი გულთბილი წარდგენისთვის. ასევე, მადლობას გიხდით ბ-ნო ანდერსენ იმისთვის, რომ აქ იმყოფებით.

უღრმესი მადლობა ყველას.

ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, რომ საკუთარი თავი ამ მეტად ამაღელვებელ დარბაზში აღმომეჩინა. სიმართლე ისაა, რომ ყველაზე ახლოს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კედლებთან მხოლოდ ველოსიპედით მოვხვედრილვარ, როდესაც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, სადაც ვსწავლობდი კიდეც, სასეირნოდ გამოვდიოდი.   

შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მაინც მოვახერხე აქ შემოსვლა. იმისათვის, რომ თქვენს წინაშე წარვმდგარიყავი, საკმაოდ გრძელი სიტყვა მოვამზადე, თუმცა მის წაკითხვას არ ვაპირებ - თქვენ ახლახან გაიღვიძეთ და არ მინდა, რომ ისევ დაგეძინოთ. ვეცდები ჩემი ფიქრები გაგიზიაროთ და მომიტევეთ, თუ რაიმეს ზედმეტს ვიტყვი.

საქართველო პატარა ქვეყანაა. ზოგიერთისთვის ის ყველაფრისგან მოწყვეტილი ადგილია. 90-წლებში, როდესაც ამერიკაში ვსწავლობდი, ძალიან რთული პერიოდი იყო. ჩვენს ქვეყანაზე არავინ არაფერი იცოდა და მისი ხსენებისას ყოველთვის გიწევდა იმის თქმა, რომ ეს არა ამერიკის შტატი - ჯორჯია, არამედ სხვა ქვეყანა, უბრალოდ საქართველო იყო. ამის შემდეგ გეოგრაფიულად უნდა აგეღწერა და ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. დეკან ლანკასტერს დღესაც გაუჭირდა ჩემი სახელის წარმოთქმა, იმ პერიოდში კი ეს სრულიად  შეუძლებელი იყო. 

სინამდვილეში ეს იყო ყველაზე დიდი მარში, რომელიც ჩვენ მოვაწყვეთ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში - ჩვენ მსოფლიო რუკაზე საკუთარი ადგილი დავიმკვიდრეთ. მაგრამ სამყაროს ჩვენ ნაწილში საქართველოს გარკვეული მნიშვნელობა გააჩნია.

ეს დიდი ისტორიული ადგილია. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძველესი ცივილიზაცია იყო, რომელიც რამდენიმე ათას წელს ითვლიდა. ორ მაგალითს მოვიყვან. შესაძლოა არ იცოდეთ, რომ მედიცინა მსოფლიოს ქართველი დედოფლის მედეასგან აქვს. იგი უძველესი ცივილიზაციის კოლხეთის სამეფოს დედოფალი იყო, რომელიც საბერძნეთის უძველეს ცივილიზაციას ეპაექრებოდა.

ღვინის წარმოებაც საქართველოდან იღებს სათავეს. საქართველოში ღვინოს იმავე წესით ამზადებენ, როგორც ამას 5-6 ათასი წლის წინათ აკეთებდნენ.

მე პატარა ვენახი მაქვს და იქ ღვინოს ისევე ვამზადებ, როგორც ამას ჩემი წინაპრები აკეთებდნენ.

გარდა იმ ფაქტისა, რომ საქართველო უძველესი ცივილიზაციაა, ეს არის ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანა - საქართველოში ოფიციალურ რელიგიად ქრისტიანობა 4 საუკუნეში გამოცხადდა, როდესაც მეფემ და მთელმა ქვეყანამ მიიღეს ეს სარწმუნოება.  

ჩვენ გამორჩეული ანბანი გვაქვს - მსოფლიოს 14 ანბანიდან ერთ-ერთი.

ჩვენი ენა ქართველი ხალხის გარდა მსოფლიოში არავის ესმის, ზოგ შემთხვევაში ეს ნაკლი შესაძლოა უპირატესობაც იყოს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ იმ დროს საქართველო ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და კლასიკური განმარტებით, წარუმატებელი სახელმწიფო იყო. ეს იყო 90-იან წლებში.

ზამთრის პერიოდის 80 პროცენტის განმავლობაში მთავრობა ვერ უზრუნველყოფდა მოსახლეობას ელექტროენერგიით, არ იყო გზები. სკოლებში არ იყო გათბობა, გაკვეთილებზე ბავშვები ხელთათმანებითა და ქუდებით ისხდნენ და იყინებოდნენ, მასწავლებლები დაკავებულები იყვნენ შეშის შეგროვებით, რათა საკლასო ოთახები გაეთბოთ.

პოლიციელებს და მთავრობის წევრებს მაშინ ხელფასებს არ უხდიდნენ. პოლიციელები თანამდებობებს მთავრობის წევრებისგან ყიდულობდნენ, შემდეგ პირადი მანქანები უნდა გამოეყენებინათ სამსახურეობრივი საჭიროებისთვის, გაევსოთ ისინი ბენზინით, გასულიყვნენ გზებზე, დამდგარიყვნენ და ხალხისგან ფული გამოეძალათ.

ისინი ყოველთვიურ გადასახადს უხდიდნენ მთავრობას, რომელმაც ისინი ამ თანამდებობაზე დანიშნა. თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ რას ჰგავს ყოველივე ეს. სხვათაშორის თუკი ამის ნახვა გსურთ, წადით რუსეთში, ასეთი რამ იქ ახლაც ხდება. ამის სანახავად დროში მოგზაურობა არ დაგჭირდებათ. არავინ იხდიდა გადასახადებს.

ვარდების რევოლუციის შედეგად, რომელმაც ჩვენ გადაგვარჩინა, ხელისუფლებაში ახალი გუნდი მოვიდა. კარგი იქნება თუ ეს გუნდი კვლავაც ახალგაზრდა დარჩება.

მე მუდმივად ვზრუნავ იმაზე, რომ ახალგაზრდა კადრები შემოვიერთოთ. ცუდი კი ის არის, რომ მე არ ვახალგაზრდავდები, ამიტომ მე ჩემ გუნდზე უფროსად გამოვიყურები. ზოგჯერ ველოდები კიდევაც იმ დროს, როდესაც ხანდაზმულის შესახედაობა მექნება.

როგორც არ უნდა იყოს, მე იმას ვგულისხმობ, რომ იმ დროს ჩვენ ყველა ახალგაზრდები ვიყავით.

მე მაშინ გავხდი 36 წლის, როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს, გვერდში ახალგაზრდების დიდი გუნდი მედგა. მათი უმეტესობა 20-30 წლის იყო. ისინი აღსავსე იყვნენ იდეალიზმით, იცოდნენ, რომ ბევრი რამ უნდა შეეცვალათ. ჩვენ ისეთი დიდი გამოწვევების წინაშე ვიდექით, რომ არც კი ვიცოდით საიდან დაგვეწყო მოქმედება. თუმცა ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ყველაფერი გამოგვსლოდა.

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა, იმ დროს ახალი გამოსული ფილმის „ოუშენის 11 მეგობრის“ გმირებსაც კი შეგვადარეს. რეალურად, ჩვენ საკუთარ თავზე უნდა აგვეღო დიდი რისკი.

პირველი რისკი კი სქელჯიბიანი, საშიში გარეგნობის მქონდე პოლიციელებთან გამკლავება იყო. საკუთარ თავს ვეკითხებოდით შევძლებდით მათ შეცვლას? რა უნდა გვექნა ამ ხალხისთვის?

ჩვენ გავათავისუფლეთ ისინი სამსახურიდან და ერთ დღეს მთელი საქართველო პოლიციის გარეშე დარჩა.

2004 წლის გაზაფხული იყო, უეცრად ქუჩაში არ იდგა არც-ერთი პოლიციელი, პრობლემის არსებობის შემთხვევაში არ არსებობდა ნომერიც კი პოლიციის გამოსაძახებლად. და რა მოხდა?

ეს ყველაფერი არდადეგების სეზონის დაწყებამდე იყო და დაიწყო თუ არა არდადეგები, ჩვენ ხალხს დავპირდით, რომ 3-4 თვეში ახალი სამართალდამცავი ძალები გვეყოლებოდა.

ჩვენ დავიწყეთ ახალგაზრდების მოზიდვა, თუმცა ამ დროსაც არ არსებობდა პოლიცია. სწორედ ამ დროს დაიწია ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობამ და დანაშაულის რიცხვმაც იკლო.

აღმოვაჩინეთ, რომ პოლიცია პრობლემის შემადგენელი ნაწილი იყო და არა პრობლემის გადაწყვეტის საშუალება.

რამდენიმე ხანს ვფიქრობდი, გვჭირდებოდა თუ არა საერთოდ პოლიცია. შემდეგ კი ახალი სამართალდამცავი ძალები შევქმენით და ახლა პოლიციას მოსახლეობის ნდობის 86% აქვს მაშინ, როდესაც ძველ პოლიციას ნდობის მხოლოდ 5% ჰქონდა.

ეს ევროპის მასშტაბით უმაღლესი მაჩვენებელია, ზოგჯერ ჩვენ კონკურენციას ვუწევთ ფინეთსა და დანიას. ჩვენს რეგიონში დანაშაულის დონე უმაღლესი იყო. დღესაც კი, რუსეთის მაფიის ხელმძღვანელების 70% საქართველოდანაა, მაშინ როდესაც დანაშაულის მაჩვენებელი საქართველოში 5-ჯერ უფრო დაბალია ვიდრე რუსეთში. ევროკავშირის სანდო კვლევების თანახმად, ჩვენი ქვეყანა ევროპაში ყველაზე უსაფრთხოა და დანაშაულის მაჩვენებელი აქ ყველაზე დაბალია.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენი კონკურენტი ისლანდია იყო, რომელიც რეალურად კუნძულია. მაგრამ ჩვენ ახლა მათაც გავუსწარით - ეს ისე შევძელით, რომ არ შეგვიქმნია ოკეანე ჩვენს ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.

მეორე მხრივ, ხალხს არ უყვარს გადასახადების გადახდა, ეს მათ არ უყვართ არცერთ ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში, ამ ხრივ, უფრო მძიმე ვითარება იყო, რადგან მოგეხსენებათ ჩვენ სხვა ქვეყნის ძალაუფლების ქვეშ ვიმყოფებოდით, ჩვენ ვერ ვიტანთ იმ ქვეყანას - საბჭოთა კავშირს, გვეგონა, რომ თუ იმ ქვეყანას მოატყუებდი, ეს იყო ყველაზე კეთილშობილი საქციელი, რომლის ჩადენაც შეგეძლო, მოგეტყუებინა ქვეყანა და ამით შენს ოჯახს ეხეირა.

ეს იყო პატრიოტიზმის ყველაზე ძირითადი გამოვლინება, მაგრამ ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვსულიყავით და გაგვეგო, რომ ეს ახლა ჩვენი საკუთარი ქვეყანაა და დრო წავიდა.

მეორე მხრივ, არსებობს საერთო კეთილდღეობა, საერთო საქმე. ხალხისთვის რთული იყო ამ სისტემაზე გადმოსვლა. საჯარო მოხელეები იმდენად კორუმპირებულნი იყვნენ, რომ ხალხი ვერანაირ აზრს ვერ ხედავდა გადასახადების გადახდაში.

როდესაც ჩემს სამუშაო ოთახში მივედი, თქვენ წარმოიდგინეთ, მთავრობის მოხელეებსაც არ ჰქონდათ ხელფასი. პირველი კონვერტი ორი კვირის თავზე მივიღე და ეს იყო ჩემი პირველი ანაზღაურება - თქვენ წარმოიდინეთ, 40 ამერიკული დოლარი. აღვშფოთდი, მაგრამ მითხრეს, რომ ეს ჩემი საპრეზიდენტო ხელფასი იყო.

ჩემი წინამორბედის პირობებით დავინტერესდი და მიპასუხეს, რომ სწორედ ამდენივეს იღებდა მთელი ამ წლების განმავლობაში. მე რა თქმა უნდა ვთქვი, რომ ამ ხელფასით ვერ ვიცხოვრებდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხაზინა ცარიელი იყო.

ამიტომ ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვთხოვეთ ცოტაოდენი ფული, რათა საგადასახადო მუშაკებისთვის მაინც გადაგვეხადა. თუმცა არც ის მინდოდა, რომ ასეთი მცირე ხელფასი ან მე მქონოდა ან სხვა რომელიმე მოხელეს.

მაშინ ვიფიქრე, რომ თუკი გადასახადის აკრეფას 40 პროცენტით გავზრდიდით, ამას დიდ წარმატებად მივიჩნევდი. როდესაც შემოსავალი ამ გზით გავაორმაგეთ, შეხედეთ ახლა სად ვართ, გადასახადები 60 პროცენტით შევამცირეთ. ამ ნაბიჯით გადასახადების აკრეფის მაჩვენებელი 20-ჯერ მაინც გაიზარდა. ეს სწორედ იმის მაჩვენებელი იყო, თუ რამდენს იპარავდნენ მანამდე -  ფარული ეკონომიკის ინდექსი.  

ჩვენ სხვა ბევრი ცვლილებაც განვახორციელეთ. რაც შეეხება სახელმწიფო აპარატს, ჩვენ მისი 90 პროცენტი გავწმინდეთ. ხალხი ფიქრობდა, რომ თუკი გადასახადებს არ გადაიხდიდნენ და სანეპიდ სადგურებსა და სახანძრო სამსახურებს გავაუქმებდით, რესტორნები გადაიწვებოდა, ჩვენს ქალაქებს ვირთხები შემოესეოდნენ და ყველაფერი ძალიან ცუდად იქნებოდა. თუმცა მსგავსი არაფერი არ მომხდარა.  

დღევანდელი მდგომარეობა ასეთია: სამართლისა და დემოკრატიის კანადურმა ცენტრმა 64 ქვეყანაში ჩაატარა გამოკითხვა Transparency international-ის ადგილობრივი ფილიალების მეშვეობით, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა სახელწიფო აპარატს და მიაკვლია იმას, რომ ჩვენ ახალი ზელანდიის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალე სახელმწიფო აპარატი გვაქვს, მაშინ როდესაც ადრე ყველაზე უარესებს შორის ვიყავით.

შემდეგ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პრინციპები, ასევე უამრავი ფილოსოფია არსებობს, ჩვენ უამრავ ახალ შენობას ვაშენებთ, რომელთაგან ყველა გამჭვირვალეა, მათ შორის, პოლიციის შენობები, საგადასახადო ოფისები.

საქართველოში პასპორტის მისაღებად მაქსიმუმ 10 წუთი გვჭირდება, მართვის მოწმობის ასაღებად - რამდენიმე წუთი, ნებისმიერი ტვირთის შესამოწმებლად, არ ვგულისხმობ პირად ჩემოდანს ან დიპლომატს, დაახლოებით, 10 წუთია საჭირო. მანქანით საზღვრის გადაკვეთა პასპორტის წარდგენის გარეშეა შესაძლებელი. ჩიპიანი პასპორტების მეშვეობით, შეგიძლია ჯიბიდან პასპორტის ამოუღებლად გადაკვეთო საზღვარი, ისე, თითქოს საბაგირო გზის ბარათი იყოს.

სწორედ ეს არის ის, რაც შეიცვალა. მსოფლიო ბანკმა აღიარა, რომ, საქართველო პირველია აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. წარმოიდგინეთ, ჩვენთან მსოფლიოში ყველაზე სწრაფად არის შესაძლებელი საკუთრებისა და კომპანიების რეგისტრაცია, ყველაზე სწრაფად ხდება საბაჟო პროცედურები და ეს ყველაფერი ერთ ფანჯარაში, ერთ შენობაში არის თავმოყრილი, სადაც მომღიმარი ადამიანები მუშაობენ, მისვლისას გესალმებიან და რომც მოინდომო, მაინც არ მოგცემენ იქ დარჩენის უფლებას.  გეუბნებიან, რომ საკუთარი საბუთები უნდა აიღო და წახვიდე. სწორედ ასე მუშაობს ყველფერი.

ქვეყანა მართლაც შეიცვალა არა მარტო სათავისოდ, არამედ მთელი რეგიონის უდიდესი სავაჭრო „ჰაბი“ გახდა. საქართველოში ახლახანს დასრულდა ევროპაში უდიდესი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა. როგორც იცით, საქართველოში უამრავი ადამიანი ჩამოდის მანქანის საყიდლად, რადგან მასთან დაკავშრებული პროცედურები ჩვენთან მარტივია და მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. არ გჭირდება დამატებით თანხის გადახდა. ამას გარდა, სხვა ბევრი მიზეზითაც ჩამოდიან საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს გაზი და ნავთობი, ჩვენ ვგეგმავთ ახალი ქალაქების , ახალი აეროპორტების, ახალი რკინიგზების, ჩქაროსნული მატარებლების თუ ავტომაგისტრალების მშენებლობას ყველა მიმართულებით. ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

როდესაც აქ მოვდიოდი, ერთი ჩემი მეგობრის, კატარის ემირის ფოტო ვნახე. დოჰა ლამაზი ქალაქია და ჩვენი ქალაქების ნაწილი მისი მსგავსი ხდება, თუმცა პატარა განსხვავებაა ის, რომ ჩვენ თითქმის არ გვაქვს გაზი. სწორედ ამის გაკეთება შეუძლია თავისუფალ წარმოებას, რამაც მე მომიყვანა ამერიკის შეერთებულ შტატებამდე.

რამდენიმე დღის წინ ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ობამასთან, რომელმაც საჯაროდ, სატელევიზიო კამერების წინ დაასახელა საქართველო, როგორც მოდელი მთელი რეგიონისთვის, დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური წარმატების თვალსაზრისით.

ძალიან სასიამოვნოა ამის მოსმენა, პრეზიდენტისგან და არა მარტო მისგან. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც დაადასტურა ეს. გუშინ სენატორებს შევხვდი და ყველა მათგანი იმავეს ამბობს. მარკო რუბიომ თქვა, რომ ჩვენ ვართ მისაბაძი მოდელი მთელი რეგიონისთვის, სენატორმა მაქკეინმა ამას წინათ აღნიშნა, რომ იგი თავს ქართველად გრძნობდა, შესაძლოა იყოს კიდეც. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ყოველივე ეს გამოვიარეთ.

2005 წელს რუსეთმა საქართველოს ყველა ენერგომომარაგების წყარო დაუბლოკა. ჩვენი ელექტროენერგიისა და გაზის, რომელსაც საჭმლის მოსამზადებლად, გასათბობად, ასევე ინდუსტრიული მიზნით ვიყენებდით, 80 პროცენტი რუსეთიდან შემოგვქონდა. ჩვენ განვაახლეთ ჩვენი ენერგოსექტორი და ახლა ელექტროენერგია რუსეთში გაგვაქვს.

2006 წელს მათ დაბლოკეს ჩვენი პროდუქციის იმპორტი თავიანთ ქვეყანაში, რის შედეგადაც ერთ კვირაში ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საექსპორტო ბაზრის 60 პროცენტი. სწორედ იმ წელს ეკონომიკური ზრდის ორციფრიანი მაჩვენებელი გვქონდა და მას შემდეგ მდგრადად ვიზრდებით, ეს რუსეთზე ორჯერ უფრო მაღალი მაჩვენებლია, მაშინ, როდესაც მათ ნავთობიც აქვთ და გაზიც.

2008 წელს მათ მოახდინეს ჩვენი ოკუპაცია, პრეზიდენტმა მედვედევმა ნათლად განაცხადა, „ჩვენ რომ არ შეგვეტია საქართველოსთვის, ის ნატოს წევრი გახდებოდა“. გამართლებული მიზეზია იმისა, რომ შენს მეზობელ სახელმწიფოს თავს დაესხა.

მათ ჩვენ შემოგვიტიეს, მაგრამ ქვეყანამ ამას გაუძლო და სწორედ ამაში მდგომარეობს მთავარი არსი.

რუსეთის გადმოსახედიდან საქართველო იმპერიის ძვირფასი ნაწილია, ჩვენი ქვეყანა ჩრდილოეთ კალიფორნიას ჰგავს, გასაოცარი სანაპიროებით, მწვანე და მშვენიერი მაღალი მთებით, სადაც შესაძლებელია თხილამურებით სრიალი. წელიწადის უმეტეს დროს შესაძლებელია ერთ დღეს ზღვის ძალიან თბილ წყალში ცურვა და მთაში თხილამურებით სრიალი.

საქართველოში გემრიელი საკვები და მშვენიერი ადგილებია, ყოველ შემთხვევაში, რუსებისთვის ეს კარგი იყო. ეს სასიამოვნო ადგილია, აქ საინტერესო ადამიანებია, ისინი კარგი მომღერლები, კარგი მოცეკვავეები არიან, მათ გემრიელი საკვები აქვთ, ამ ადამიანებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, უმეტესობა თავად ზრუნავს საკუთარ თავზე.

ისინი არ არიან ვალდებულნი შეიწუხონ თავი იმით, რომ ჰქონდეთ საკუთარი ქვეყანა  ან ჰქონდეთ საკუთრი წარმატების ისტორია, მაგრამ უცებ რა ხდება, ჩემს ხალხს სათანადოდ არავინ აფასებს!

 ისინი ფიქრობდნენ, რომ კორუფცია ჩვენთვის კულტურის ნაწილი იყო.

მსოფლიო ბანკმა ჩაატარა კვლევა. ათი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფებოდა. ის მსოფლიო ბანკში მიიწვიეს, მთელი საათის  განმავლობაში აკრიტიკებდნენ და არავინ დახმარებია.

ათი წლის შემდეგ, მე მივედი მსოფლიო ბანკში, რათა წარმედგინა ამ ბანკის მიერ ის ერთადერთი ქვეყანა, რომლის შესახებაც პირველად ისტორიაში გამოქვეყნდა კვლევა კორუფციის დაძლევის შესახებ.

ჩემი გამოსვლის დროს წარმოუდგენელი აპლოდისმენტები მივიღე.

მათ ეგონათ, რომ კორუფცია ჩვენი კულტურის ნაწილი იყო.

მათ ეგონათ, რომ ადვილია ჩვენი ხალხით მანიპულირება ნებისმიერი საარჩევნო დაპირებებით ან ყველანაირი იაფფასიანი ხრიკებით;  ის, ვინც ფიქრობდა, რომ არჩევნებზე შეიძლებოდა ხალხის ყიდვა ყალბი დაპირებითა და ილუზიით, არასათანადოდ აფასებდა და აფასებს ჩემს ხალხს. მას, ვისაც ჰგონია, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლის წინააღმდეგობით აღსავსე გზას, ოქროს გალიის დაპირებულ კომფორტზე გავცვლით, სათანადოდ ვერ აფასებს ქართველ ერს!!!

ჩემმა ერმა ამ უხეშ თავდასხმასაც გაუძლო.

მათ ეგონათ, რომ ჩვენ არ შევიწუხებდით თავს ყველა ამ რეფორმით, ამ რთულ გზას და უბრალოდ უკან დაბრუნდებოდა ძველ დროში.

 როდესაც მე შეერთებულ შტატებში ჩამოვედი, ეს ქვეყანა ჩემი შთაგონების დიდი წყარო გახდა, რადგან აქ მივიღე განათლება და გავატარე სტუდენტობის წლები.

ვფიქრობ ასე იმიტომ მოხდა, რომ მაგალითად მე აქ კონგრესის სტიპენდიით ჩამოვედი. საკმაოდ რთული იყო ნიუ-იორკში მოხვედრა ჩემთვის, მე ამ ქალაქის გარეუბანში, ასტორია ქუინსში ვცხოვრობდი. კოლუმბიის უნივერსიტეტში, რომ მივსულიყავი ერთი საათი ყოველ დღე მეტროთი მიწევდა მგზავრობა, საკვებისთვის გაჭირვებით მყოფნიდა ფული. 2 წელიწადში კი უკვე მშვენიერ ადგილას, ცენტრალ პარკის დასავლეთ ნაწილში ვცხოვრობდი. როგორც თქვენ სწორედ აღნიშნეთ, მე პრესტიჟული იურიდიული ფირმისათვის ვმუშაობდი და მთავარი, რაც მე მქონდა იყო განცდა იმისა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია, თითქოს ის მე მეკუთვნის და შემიძლია, რომ მუდამ წინ წავიდე.

რამდენიმე დღის წინათ, კალიფორნიაში ვიყავი Basecamp-ის სამიტზე, სადაც შეკრებილი იყვნენ კორეელები, ჩინელები, შუა აღმოსავლეთის ქვეყნების მოსახლეობა, სამხრეთ ამერიკელები და სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები. მათი უმეტესობა ახლახან, მხოლოდ 2,3 ან 4 წლის წინ ჩავიდა ამერიკაში და ამ დროის განმავლობაში აქ ცხოვრობენ. ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი, რომ ისინი ამერიკელებს გავდნენ, მათი ჟესტიკულაცია ამერიკული გახდა, ისინი ისეთი ინგლისურით ლაპარაკობენ, რომელიც ამერიკულს გავს, ვეჭვობ, რომ ისინი უკვე ამერიკელები არიან.

მე პატივს ვცემ ყველა ქვეყანას, მაგრამ წადი კორეაში და კორეელი გახდი ორ წელიწადში. წარმატებას გისურვებთ ამ თვალსაზრისით. სწორედ ეს ანიჭებს ამ ქვეყანას განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ ქვეყანაში ყოველთვის ცხოვრობდნენ როგორც პესიმისტი, ისე მერყევი ადამიანები.

ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში უცხოპლანეტელები რომ დამჯდარიყვნენ, ყოველთვის იარსებებდა პოლიტიკური კლასი, რომელიც იტყოდა, მოდით დავნებდეთ, თავს ნუ შევიწუხებთ უაზრო წინააღმდეგობის გაწევით. ისინი არც ისე ცუდები არიან, როგორც ჩანან. ისინი ყოველთვის აღმოაჩენდნენ საკუთარ თავს უმცირესობას შორის.

საბოლოოდ, ამერიკა ჩვენი აზრით, მსოფლიოსთვის სასიკეთოდ დიდი ძალაა. ნებისმიერი ადგილიდან, მოსკოვის ცენტრში ახლო აღმოსავლეთის მოსახლეობის რევოლუციები და, სადაც წელს ხდება ცვლილებები, გირჩევთ დააკვირდეთ, რომ ამ ადამიანებისთვის ამერიკა არის შთაგონება. ასევე ამერიკა იყო შთაგონება ჩემი ხალხისა და მის გარშემო მცხოვრები მოსახლეობისთვის.

თქვენ წარმოუდგენლად იღბლიანი ხართ და ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და თქვენთან საუბარი.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)