მიხეილ სააკაშვილი: „ახალციხე უნდა გახდეს ახალი აღმშენებლობის მთავარი გვირგვინი“
მოგესალმებით ყველას!
თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამდენად დიდი პატივია ჩემთვის თქვენთან შეხვედრა.
ადიგენში დღეს ისეთი საავადმყოფო გავხსენით, როგორზეც ადრე ოცნებაც არ შეგვეძლო.
ჩემთვის ეს არის ოცნების განხორციელება, რადგან ასეთ პირობებში მკურნალობა ადრე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს შეეძლო.
ეს არის თანასწორობის იდეა - ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს ღირსეულ პირობებში სწავლა, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს ღირსეულ პირობებში მკურნალობა.
ის, რაც ადრე შეეძლოთ მხოლოდ ძალიან მდიდარ ხალხს ან, წინა მთავრობების დროს, მთავრობის წევრებს, როგორც ეს მეზობელ ქვეყნებშია, საქართველოში კეთდება ხალხის სახელით, ხალხისთვის, ხალხის მომავლისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის.
ახლა გადავწყვიტეთ, რომ მთელ საქართველოში ავაშენოთ ბიბლიოთეკები. სად უნდა აგვეშენებინა პირველი ბიბლიოთეკა თუ არა რუსთველის სამშობლოში.
თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე თვალწარმტაცი მხარე, ახალციხე ათწლეულების განმავლობაში იყო მიტოვებული ადგილი საქართველოში.
ეს იყო სამხედრო ზონა ერთი იმპერიისთვის, მეორე იმპერიისთვის... აქედან გაასახლეს უამრავი ხალხი, რადგან ეს ადგილი სჭირდებოდათ საყრდენად სხვადასხვა სამხედრო თამაშებისათვის.
მას შემდეგ, რაც სამცხე-ჯავახეთიდან რუსეთის ჯარები გავიდა, მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსი ჯარისკაცები აქეთ ვეღარ შემოვიდნენ, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ აღმშენებლობა ეს აღარ არის მიგდებული, პროვინციული და შორეული ადგილი.
ჩვენი გადაწყვეტილებით, ახალციხე უნდა გახდეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ცენტრი და ჩვენი მთავარი სიამაყე, საქართველოს ახალი აღმშენებლობის მთავარი გვირგვინი. აქ ამის საფუძველი ნამდვილად არის.
თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი, ისტორიული ციხის - ახალციხის ციხე-სიმაგრის სრული რეკონსტრუქცია.
შუა საუკუნეების, ისტორიული ციხე საქართველოსა და მთელი რეგიონის უმთავრესი და ძალზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაა.
ჩვენ უკვე გვაქვს სიღნაღის, მესტიის, ბათუმისა და ქუთაისის აღმშენებლობის გამოცდილება, განვახორციელეთ პროექტები ბათუმის გარშემო, ახლა ვაკეთებთ თელავს, ყვარელს და საერთოდ, მთელ კახეთს. ამიტომ, ამ გამოცდილების გათვალისწინებით, საკმაოდ დიდი ცოდნით, ენთუზიაზმითა და რესურსებით შეიარაღებულებმა, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ახალციხე თქვენთვის და დანარჩენი საქართველოსთვის საუკეთესო ადგილად გადავაქციოთ.
აქაური ხალხი იმსახურებს, რომ ბევრად უკეთესად იცხოვროს და ამას დაგპირდით კიდეც.
არსდროს არ დამავიწყდება ჩვენი შეხვედრები საპრეზიდენტო არჩევნების წინ, 2007 წლის დამლევს. მაშინ ძალიან ბევრი მიიჩნევდა, რომ ამ მხარეს არაფერი აღარ ეშველებოდა და აქ არაფერი არ გაკეთდებოდა. ძალიან ბევრს მიაჩნდა, რომ ეს ეპოქა დაწყების გარეშე დამთავრდებოდა.
მაშინ აქ, ახალციხეში, თქვენთან მოვედი და თქვენ მითხარით: „ყველაფერი ახლა იწყება და ერთად ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას“.
ჩვენ მაშინ გავიმარჯვეთ და მომავალშიც გავიმარჯვებთ, რადგან როგორც არ უნდა შეიკრან წარსულის დაბრუნების მსურველი ძალები, როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენს დაბრუნებას საბჭოთა კავშირში, ჩაბნელებულ ეპოქაში, უგზოობასა და უპერსპექტივობაში, არაფერი გამოუვათ.
ქართველი ხალხი არის არა იქ, სადაც ასეთი ძალები იკრიბება, არამედ იქ, სადაც ახლა ვართ - ქართველი ხალხი ხართ თქვენ, ქართველი ხალხი არის ის, ვინც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა, მისი ბოლომდე დანგრევის საშუალება არავის არ მისცა, იმედი არ მოაშლევინა და ჩვენი ოცნებების ასრულების შესაძლებლობა დაგვიტოვა.
რა თქმა უნდა, ბევრად მეტია გასაკეთებელი და ჯერ კიდევ წარმოუდგენლად დიდი გაჭირვებაა. უდავოა, რომ უფროს თაობას წარმოუდგენლად მეტი უნდ გავუკეთოთ. რამდენი ლარითაც არ უნდა მოვუმატოთ პენსია, საკმარისი მაინც არ იქნება. ასევე, სკოლები ბევრად უკეთესად უნდა გავაკეთოთ. რამდენიმე ადგილზე საუკეთესო სკოლები უკვე ავაშენეთ და აქაც კეთდება ბევრგან.
მთავარი, რაც ჩვენ უნდა გავითავისოთ, არის ის, რომ დიდი აღმშენებლობის ბოლო ეპოქა აქ თამარის დროს იყო.
გუშინ სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა ახალი, ძალიან დიდი და საუკეთესოდ შესრულებული ხატი „საქართველოს იმედი“ გვაჩვენა. მეუფე ნიკოლოზმა მითხრა, რომ ასეთი ხატის შექმნა ჩვეულებრივი მოვლენა არ არის.
რა თქმა უნდა, აქ ჯერ კიდევ ძალიან დიდი გაჭირვებაა, მაგრამ გავიხსენოთ, როდის კეთდებოდა ბოლოს საქართველოში ასეთი ხატები; როდის იყო საქართველოში ბოლოს ასეთი აღმშენებლობა; იქმნებოდა თუ არა პირობები მაშინ, როდესაც მტერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე იყო. ქართველ ხალხს ნიჭი ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ სხვა საუკუნეებში არაფერი არ კეთდებოდა, არაფერი არ შენდებოდა... ბოლოს, აღმშენებლობა ოქროს ხანაში - დავითისა და თამარის დროს მიმდინარეობდა.
მინდა თქვენ გკითხოთ, იმ ხალხს, ვინც ძალიან კარგად იცის ამ ეპოქების შესახებ. თუ ყოფილა თამარის ეპოქის შემდეგ ახალციხეში და მის გარშემო ისეთი აღმშენებლობა, როგორიც დღეს არის?
ჩვენს ეპოქაში იქმნება ის, რაც 8 საუკუნის განმავლობაში არ შექმნილა და ამას ვაკეთებთ ჩვენ.
ახალციხის ციხე-სიმაგრეს, ამ სასწაულს, სადაც რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ამ წვიმასა და თოვლში, სიცივესა და ყინვაში ჩვენთან ერთად რამდენიმე ასეული თქვენი თანაქალაქელი, თანასოფლელი აშენებს.
მათ ააშენეს ეს ბიბლიოთეკა, იუსტიციის სახლი, პოლიციისა და სხვა ახალი შენობები, არემონტებენ სკოლებს და ა.შ.
ამას არც მთავრობა აკეთებს, არც გუბერნატორი, არც განმგებელი - ამას თქვენ აკეთებთ.
დღეს ეს ხალხმა უნდა გააკეთოს და კოლექტიურად აკეთებს იმას, რასაც დავით აღმაშენებლი და თამარ მეფე ცალ-ცალკე აკეთებდნენ.
ხალხს დღეს ამაყად აქვს აფრიალებული ხუთჯვრიანი დროშა, რომელიც გარე თუ შიდა მტრებს ძალიან აღიზიანებს.
ჩვენ ისევ ავაშენებთ შუშის სასახლეებს, იმის მიუხედავად, რომ მათ ესეც არ სიამოვნებთ.
მათ არ მოსწონთ ჩვენი გაკეთებული გზები, არც შუშის ხიდი თბილისში ან სხვა ლამაზი შენობები.
იცით რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს თურმე უკეთესად შეძლებია კეთება და თურმე შესაძლებელია, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მიმზიდველი გამხდარიყო.
ჩვენ არასდროს დავიცლებით ენერგიისგან, ჩვენ არასოდეს დავუშვებთ ხუთჯვრიან დროშას, ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის საბოლოო გათავისუფლებისთვის და ჩვენ არასდროს არ შევაჩერებთ თქვენთან ერთად აღმშენებლობას.
დიდი მადლობა ძმებო.