Google+

გამოსვლები და განცხადებები

16.11.2011
მიხეილ სააკაშვილმა და ქეთრინ ეშტონმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

მიხეილ სააკაშვილი

მოგესალმებით ყველას!

მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ბარონესა ქეთრინ ეშტონი უკვე მეორედ სტუმრობს საქართველოს. პირველად ეს იყო მაშინ, როდესაც მოლაპარაკებები დავიწყეთ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით ძალზე დიდი პროგრესი განიცადა.

იცით, რომ ევროკავშირთან ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ვუახლოვდებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის. ვიცით თუ რა ეკონომიკური პრობლემებია ევროპაში, მაგრამ, ამავდროულად, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს პროდუქციის გასვლა გადამწყვეტი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის შემდგომი  ეკონომიკური ზრდისა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. იმედი გვაქვს, რომ ამ მოლაპარაკებებს უახლოესი კვირების განმავლობაში დავიწყებთ.

სხვათა შორის, ერთ-ერთი დიდი პროგრამა, რომლის განხორციელებასაც 2015 წლის მოდერნიზაციის გეგმის მიხედვით ვაპირებთ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს მანამდეც მოხდება, არის ის, რომ დაწყებული მოლაპარაკებები რამდენიმე წელიწადში დავასრულოთ და გვქონდეს სრულიად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, მათ შორის, ევროკავშირის მიმართულებით. მეორე მთავარი საკითხი ისაა, რომ მომავალში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებობდეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამჟამად  ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო მიმოსვლა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის, სამსახურეობრივი ვიზიტებისთვის შენგენის ზონაში - ევროპის ქვეყნებში  ძალზე მარტივი იქნება ვიზის აღება და მოგზაურობა. ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალში საქართველოს ყველა მოქალაქეს ევროპის კავშირის ქვეყნებში უვიზოდ შესვლა შეეძლოს.  ჩვენ შემთხვევაში ეს გაადვილებულია, რადგან ევროკავშირთან რეადმისიის ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული.ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდება უკან, ვიდრე მიდის. ამიტომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემთხვევაში სულაც არ ველოდებით, რომ ქართველები, ევროკავშირში გაიქცევიან და საქართველო დაცარიელდება რაც, სხვათა შორის,  ევროკავშირის ბევრ, ახალ წევრ ქვეყანაში მოხდა. ვფიქრობ, ჩვენ შემთხვევაში ეს უბრალოდ საშუალებას მისცემს ჩვენ ხალხს, მეტი იმოგზაურონ, ფართო ასპარეზზე გავიდნენ, მაგრამ ქართველებს აქვთ თვისება, რომ ისინი საქართველოში ყოველთვის ბრუნდებიან და მათ ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებსაც კი ურჩევნიათ. თუმცა, ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ევროპის განუყოფელი ნაწილი ვართ.

ამას გარდა ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ, რომელიც საქართველოში ჩვენ ხალხთან იყო ჩამოსული, მხარი დაგვიჭირა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშრებით. რა თქმა უნდა, ეს ინსტიტუციური პროცესია.

 ჩვენ ევროკავშირისა და ნატოს ფორმალური კანდიდატები უკვე ვართ. ნატოს მხრიდან ეს განცხადება  ბუქარესტის სამიტზე გაკეთდა, ევროკავშირს ასეთი დეკლარაცია ჯერ არ აქვს გაკეთებული. უმეტესად  გვესმის , რომ საქართველო მომავალში აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა ჩვენი ხალხისგან, ყველაზე ხშირად კი ჩემგან, რადგან მოუთმენლად ველოდები ამ ფაქტს, ისმის კითხვა,როდის შეგვიშვებთ ამ უწყებებში,რატომ გვანერვიულებთ და გვაცდევინებთ, თუ გვეუბნებით, რომ კარი ღიაა, შემოგვიშვით. მაგრამ, რა თქმა უნდა,ეს ასე მარტივი არ არის. 3 - 4 წლის წინ, მსოფლიოში არავინ ლაპარაკობდა იმაზე, რომ საქართველო ნატოს წევრი უნდა გამხდარიყო. მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფად თუ ჩაითვლებოდა, რომ ამ დონეზე მივუახლოვდებოდით მას და ამ დონეზე მოხდებოდა ჩვენი ინტეგრაცია ამ ორგანიზაციაში. ჯერ-ჯერობით ეს მხოლოდ პროცესის დასაწყისია. თავად ეს პროცესი ბევრად უფრო მეტ გარანტიას გვაძლევს ეკონომიკური განვითარების და ძირითადად უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რადგან როდესაც შენ ხარ ქვეყანა, რომელიც ამ დონეზე ჩქარა ინტეგრირებ, ამ ქვეყნის დესტაბილიზაცია და მითუმეტეს, დაპყრობა და რუკიდან გაქრობა, ბევრად უფრო ძნელი ხდება. ამიტომ ამ პროცესს კონკრეტული შინაარსი აქვს და ჩვენი მხრიდან მისი არასაკმარისად შეფასება, დიდი შეცდომა იქნება.

ჩვენ ქეთრინ ეშტონს დიდ მადლობას ვუხდით, იმიტომ რომ, მან მართლა ბევრი გააკეთა საქართველოსთვის. ასევე მადლობელი ვართ იმ „არცნობის“ პოლიტიკისთვის, რომელსაც ევროკავშირი მკაცრად ატარებს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ევროპარლამენტი ხვალ საქართველოს საკითხთან დაკაშირებით კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლის ძირითადი ნაწილი საქართველოს ეხება, კერძოდ საუბარია ტერმინ ,,ოკუპაციის’’ ევროპის პოლიტიკური  ლექსიკონის დონეზე დამკვიდრების შესახებ.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი რეზოლუციაა, რომლის გარშემოც დიდი ვნებათა ღელვა მიმდინარეობს. ეს რეზოლუცია ჩვენი ხვალინდელი დღეა და მას ყველა ველოდებით, რადგან მნიშვნელოვანია ექნება თუ არა მას მხარდაჭერა და  ჩადებული იქნება თუ არა ის ლოგიკა, საღი აზრი და რეალობა, რასაც ევროპული ინსტიტუტები მოითხოვენ.

ქეთრინ ეშტონი

ბატონო პრეზიდენტო, უპირველეს ყოვლისა უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმართმასპინძლობისთვის. მე მეორედ ვარ თბილისში და ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. ჩვენ სხვა დროსაც შევხვედრილვართ ერთმანეთს სხვა ქვეყნებში, მაგრამ თქვენთან, აქ შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

მინდა საუბარი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების  საკითხით დავიწყო. თქვენ სწორად ბრძანეთ ბატონო პრეზიდენტო, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობისთვის, მაგრამ ასევე ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობისთვისაც. მე, როგორც ყოფილი კომისარი ვაჭრობის საკითხებში, ძალზე მოხარული ვარ იმის ნახვით, თუ რამდენად დიდი პროგრესია მიღწეული. თქვენ მართალი ხართ, ის მოლოდინი რაც გვაქვს, საშუალებას მოგვცემს მომდევნო რამოდენიმე კვირის განმავლობაში სწრაფად წავიწიოთ წინ, რათა შობისთვის ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომლისთვისაც ვიცი თქვენ ბევრს მუშაობდით. როდესაც ვაჭრობის თემასთან დაკავშირებით ვსაუბრობ, მინდა თქვენ და ქართველ ხალხს მადლობა გადაგიხადოთ და შევეხო იმას, თუ როგორ წარმართეთ მოლაპარაკებები, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თქვენ დიდი ძალისხმევა ჩადეთ ამ მოლაპარაკების პროცესში და მინდა მოგილოცოთ მისი დასრულება და ის რაც თქვენ შეძელით. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ჩვენც საშუალებას გვაძლევს  ამ კუთხით  ვითანამშრომლოთ, რაც ხელსაყრელი იქნება ყველა ჩვენგანისათვის.

თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ  მნიშვნელვანია სავიზო რეჟიმის გამარტივება, რათა მიმოსვლა უფრო ადვილი და  ხელმისაწვდომი იყოს სტუდენტებისთვის, მეცნიერებისთვის და ბიზნესმენებისათვის, რათა მათ უფრო აქტიურად და ეფექტურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან.

თქვენ მართლაც კარგ პროგრესს მიაღწიეთ. გაზაფხულზე დისკუსიები გაიმართება ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ ლოგიკურ დასასრულამდეც მივა და უახლოეს თვეებში მნიშვნელოვან პროგრესსაც ვნახავთ. ეს არის საუკეთესო დრო და პერსპექტივა ჩვენთვის, როდესაც ჩვენი ურთიერთობის საკვანძო საკითხები წინ მიიწევს და პროგრესირდება. თუმცა, ამავდროულად უნდა ვისაუბროთ ჩვენი რეგიონის მასშტაბით თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე ჩვენი საერთო ინტერესების შესახებ, რომლებიც არა მხოლოდ სამეზობლოს და რეგიონის ქვეყნებს შეეხება, არამედ მთელ მსოფლიოს. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საშუალება გვქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გვესაუბრა.

მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩემთვის ძალზე დიდი პატივია აქ ყოფნა და თქვენთან შეხვედრა.

დიდი მადლობა!



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)