მოგესალმებით ყველას!
თქვენ იცით, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტში 2012 წლის ბიუჯეტი შემოიტანა.
მსოფლიოში განვითარებული ეკონომიკური პროცესების მიუხედავად, ასევე იმის მიუხედავად, რომ ევროზონა პრაქტიკულად იშლება, რაც მძიმედ აისახება საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ სამეზობლოში, განსაკუთრებით, ჩრდილოეთით, მძიმე ეკონომიკური კრიზისის ყველა ნიშანი შეიმჩნევა, ჩვენი ბიუჯეტი განვითარებაზე და ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული.
ჩვენ გვაქვს 2008-09 წლების გამოცდილება, როდესაც საქართველო, ეკონომიკური თვალსაზრისით, უმძიმესი მსოფლიო კრიზისის ფონზეც ვითარდებოდა.
გლობალური ფონის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით, საკმაოდ ოპტიმისტური განწყობა მაქვს.
წელს, იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ყველა ქვეყანამ დაწია, ჩვენ ეს მაჩვენებელი 7 პროცენტამდე გავზარდეთ.
ინფლაციის მაჩვენებელი ამ წელს, დაახლოებით, 3 პროცენტია, რაც, რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე კიდევ უფრო დაბალანსდება. ეს გაცილებით დაბალია იმ ორნიშნა მაჩვენებელთან შედარებით, რომელსაც წლის დასაწყისში გვიწინასწარმეტყველებდნენ.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფასები არ გაიზარდა - პირველადი მოხმარების საგნებზე ფასების მატება შეინიშნებოდა, განსაკუთრებით, გაზაფხულზე. თუმცა, საერთო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ეკონომიკური ზრდა, რაც უკვე დადებითი ეკონომიკური პროცესია.
როდესაც ვამბობთ, რომ განვითარებაზე ვართ ორიენტირებული, ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს ახალი, დიდი პროექტები - ახალი ქალაქები, ახალი კურორტები, რევოლუციური სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა - მთელი მასშტაბით გაიშლება.
მომავალი წელი საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობის დაწყების წელიწადი იქნება. ეს შეეხება ნესკრას, ხუდონს, ნამახვანს და სხვა ჰიდროელექტროსადგურებს.
მომავალი წელი არის ახალი, დიდი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების წელიწადი.
სწორედ მომავალ წელს ფრანგებთან ერთად ერთობლივი პროექტის განხორციელებას, ახალი კურორტის მშენებლობას ვიწყებთ სვანეთში, კერძოდ, თეთნულდზე. ამ პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 70 მილიონი ლარია.
ასევე ახალ ინფრასტრუქტურას ვქმნით კახეთისთვის და მომავალ წელს ამ რეგიონთან დაკავშირებით გრანდიოზული პროექტები გვაქვს. ეს ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია როგორც კახეთისთვის, ისე მთელი საქართველოსთვის.
გეგმის შემდეგი ნაწილი ბორჯომის აღორძინებას უკავშირდება და აქაც ძალიან დიდი და სერიოზული პროექტები გვაქვს შემუშავებული.
ყველაზე დიდი სიურპრიზი საქართველოსთვის და ჩვენი ხალხისთვის იქნება ის, რაც გაკეთდება ახალციხეში.
ასევე უნდა დავასრულოთ დაწყებული პროექტები: ანაკლია, რა თქმა უნდა, აჭარა, მათ შორის, აჭარის ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძის უღელტეხილზე. ყოველივე ეს, ჯავახეთის მიმართულებით, გოდერძის გზის მშენებლობის პარალელურად გაკეთდება.
ამას გარდა, გაგრძელდება სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობაც.
მომავალ წელს გადავალთ სტეფანწმინდის მიმართულებით ახალი გვირაბის დაგეგმარების საბოლოო ეტაპზე, რომლის საშუალებითაც სტეფანწმინდა უფრო მოკლე გზით დაუკავშირდება თბილისს.
ასევე, სერიოზულად ვგეგმავთ გვირაბებისა და გზების მშენებლობას სვანეთისა და სხვა რეგიონების მიმართულებით. იქ, სადაც ვერავის წარმოედგინა, რომ გზების შემოკლება 2-ჯერ და 3-ჯერ იყო შესაძლებელი.
ასე რომ, ბიუჯეტი გათვლილი გვაქვს არა არსებულის შენარჩუნებაზე, არამედ განვითარებაზე.
მომავალი წლის ბიუჯეტში ჩადებული გვაქვს პენსიების შემდგომი ზრდა. გაგრძელდება დაზღვევების (განსაკუთრებით უმწეოთა დაზღვევების) განვითარებაც.
ასევე ძალიან დიდი პროექტები განხორციელდება ჯანდაცვის სფეროში, რათა თანამედროვე ჰოსპიტალური სტრუქტურა გვქონდეს.
მომავალი წლის უდიდესი პროექტია ქუთაისი. ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც პარლამენტი სრულად გადავა ამ ქალაქში.
რამდენიმე დღეში ქუთაისში ვხსნით მთავრობის ახალ შენობას, რომელიც სიდიდით ოდნავ თუ ჩამორჩება სახელმწიფო კანცელარიას. მოხერხებისა და ფუნქციაზე მორგებულობის თვალსაზრისით კი, ის საქართველოში არსებულ ყველა სამთავრობო შენობას აღემატება.
აი, ეს არის ჩვენი გეგმები.
მეორე საკითხი - ჩვენს სამეზობლოში ეკონომიკური ვითარება ძალზე რთულია, მაგრამ ამას განაპირობებს არა ობიექტური, არამედ სუბიექტური ფაქტორები. რუსეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში ძალიან დიდია კორუფციის მასშტაბები, დიდია განუკითხაობა, უპერსპექტივობის განცდა. ახლა სწორედ ის დროა, რომ საქართველომ იაქტიუროს ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
იმის თქმა ნამდვილად არ მინდა, რომ სხვისი გაჭირვებით უნდა გავიხაროთ, მაგრამ ახლა ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ სხვადასხვა ქვეყნიდან წამოსული კაპიტალის ჩვენთან დაბანდებისთვის. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში არ არის კორუფცია, გვაქვს კარგი საინვესტიციო ფონი, უსაფრთხოების უმაღლესი დონე, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ აქ არის ტურისტული სამოთხე და ამ მაჩვენებლებით, საქართველოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეედრება.
ახლა ყველა ქვეყანაში გაჭირდა ინვესტიციების მოზიდვა და კაპიტალი, პრაქტიკულად, ყველა ქვეყნიდან გაედინება. ამ დროს საქართველოს აქვს შანსი ამ „გაქცეული“ კაპიტალის ხარჯზე გაზარდოს თვისი ეკონომიკური პოტენციალი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხი უკეთესად მოვამზადოთ, უნდა შევქმნათ ახალი ტექნიკური სკოლები. ძირითადად, ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ასევე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჩამოსაყალიბებლად და უნდა გამოვიყენოთ არსებული უნივერსიტეტებიც.
მაგალითად, ძალიან საინტერესო ახალი სფეროებია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში...
აუცილებელია ინგლისური ენისა და სხვა უცხო ენების მასობრივად დანერგვა.
კაპიტალის გადინების პირობებში, როდესაც იქმნება მიზიდულობის მთავარი წერტილი, საინვესტიციო ფონის, სამთავრობო პოლიტიკისა და დაბალი გადასახადების გარდა, უპირველესად, აუცილებელია, რომ ადგილზე იყვნენ კვალიფიციური სპეციალისტები.
ამის გაკეთება ძალიან სწრაფად შეგვიძლია, რადგან ჩვენ გვყავს ნიჭიერი ხალხი და ბოლო წლების გამოცდილებით, ვიცით, რომ ყველა ასაკის ადამიანები ექვემდებარებიან გადამზადებას. ამის დადებითი ტენდენციები სახეზეა.
ამიტომ, ჩვენ გვჭრდება არა მხოლოდ 20 და 23 წლის ახალგაზრდები, არამედ ყველა ასაკის, 40-55 წლის ხალხიც, რომლებიც უნდა მოვამზადოთ და მოვარგოთ შრომის თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს.
ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ საქართველომ წამოიღოს ინვესტიციები მეზობელი ქვეყნებიდან.