Google+

გამოსვლები და განცხადებები

07.09.2011
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ კრინიცაში მიმდინარე 21-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა ბოლო წლებში სხვადასხვა სფეროში წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე, ბიზნესის დაწყების სიმარტივეზე, ქვეყანაში დაძლეულ კორუფციასა და იმ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.

ფორუმზე საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე ყურადღება პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც გაამახვილა. მისი განცხადებით, სწორედ ქვეყნის ლიდერის მიზანდასახულობის დამსახურებაა, რომ საქართველო სწრაფად მიიწევს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უდიდეს ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლა ჩემთვის დიდი პატივია.

ამ ფორუმის პოპულარობა დიდწილად ორგანიზატორთა მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია. თუმცა, ვფიქრობ, უმთავრესი მიზეზი, რითაც პოლონეთი ხალხს ნუსხვას, პოლონური სასწაულია.

აქ ახალგაზრდა ლიდერთა ეკონომიკური ფორუმიდან მოვედი, სადაც ასევე გამოვედი სიტყვით. გავიხსენე გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სტრასბურგში პოლონელ სტუდენტებთან ერთად ვსწავლობდი და გავდიოდით სტაჟირებას ევროსაბჭოში.

იმ დროს არც პოლონეთი და არც საქართველო ამ ორგანიზაციის წევრები არ იყვნენ. შეხედეთ, როგორ ქვეყნად იქცა ახლა პოლონეთი. იგი არის ევროპული ინტეგრაციისა და ეკონომიკის ლოკომოტივი. პოლონეთის სანიმუშო მაგალითად და სტიმულად იქცა სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპისკენ ისწრაფვიან, დღემდე სწამთ ევროპული ინტეგრაციის უდიდესი პროექტის და არ არიან ევროპისადმი ცინიკურად განწყობილი.

ამ თვალსაზრისით, ფაქტია, რომ პოლონეთის ეკონომიკა გამართულად მუშაობს. ქვეყანა ეკონომიკური წინსვლისთვის რადიკალურ რეფორმებს მიმართავს, ჩვენც ვეუბნებით-ხოლმე ჩვენ ხალხს შეხედეთ, როგორ ხდება პოლონეთში. მათ ჩაატარეს ასეთი რადიკალური რეფორმა 1990-იან წლებში და დღეს უკვე ასეთი შედეგი აქვთ.

თუ რეფორმებს შუა გზაზე არ მიატოვებ, შედეგი აუცილებლად გექნება. შეხედეთ პოლონეთის სამეწარმეო სექტორს, სახელმწიფო მხარდაჭერის გარდა აღსანიშნავია, ამ ხალხის რისკის უნარი, მოქნილობა და მათი მზადყოფნა სიახლეების შესაცნობად.

ვფიქრობ, ეს პოლონელი ხალხისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნიჭია.

ქალბატონებო და ბატონებო, უმთავრესი ისტორიული მოვლენები, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, გვაოცებს ხოლმე. წინასწარ არავის შეეძლო იმის გათვლა თუ რა მოხდებოდა პოლონეთში და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ისევე როგორც არავინ ელოდა იმ ფერად რევოლუციებს, რომლებიც მოხდა საქართველოსა და უკრაინაში.

აქ იმყოფება ბრაიან ჩილკოტი, CNN-ის კორესპონდენტი, რომელიც ვარდების რევოლუციის „ნათლიაა". ზოგს ჰგონია, რომ ჩვენ ვისხედით გასაიდუმლოებულ იატაქვეშა შეხვედრაზე და წინასწარ ვგეგმავდით რა დაგვერქმია რევოლუციისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ასე არ იყო. სატელევიზიო ისტორიაში პირველად ბრაიან ჩილკოტი უძღვებოდა პირდაპირი ეთერით გადაცემულ რევოლუციას, რომელიც CNN-ით 4 საათის განმავლობაში, ყოველგვარი სარეკლამო ჭრის გარეშე გადაიცემოდა. სწორედ მან წამოიძახა: "ეს ნამდვილი ვარდების რევოლუციაა!" ასე შეერქვა ამ რევოლუციას სახელი.

შვიდი წლის წინათ საქართველო, ფაქტობრივად, არშემდგარი ქვეყანა იყო. ხალხი ხშირად კამათობს-ხოლმე იმაზე, ასე უნდა გაგვეკეთებინა თუ სხვაგავარად ჯობდა მოქმედება; რეკონსტრუქცია უნდა ჩაგვეტარებინა სახელმწიფოსთვის თუ არა, თუმცა აქ არც არაფერი იყო გადასაკეთებელი - ჩვენ თითქმის ნულიდან დავიწყეთ სახელმწიფოს შენება.

მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველო არშემდგარი სახელმწიფოდან ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნომერ პირველი ქვეყანა გახდა.

საქართველო, რომელიც კომუნისტური წარსულიდან შემორჩენილი ორგანიზებული დანაშაულის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა, ევროპული კვლევების თანახმად, დღეს უკვე უსაფრთხო ქვეყნის თვალსაზრისით მეორე ადგილს იკავებს ისლანდიის შემდეგ.

ამ მხრივ, ჩვენი დედაქალაქი ერთ-ერთი პირველია ევროპაში და წამყვან პოზიციაზეა უსაფრთხოების თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში.

საქართველო რომელიც ტოტალური კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული, „Transparency International"-ის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე პროგრესულ ნაბიჯებს დგამს ამ სენისგან გასათვისუფლებლად. სოციოლოგიური კველევბის თანახმად, მათ შორის "გელაპის" მონაცემებით, 6 წლის წინათ ქართველთა 98 პროცენტი აღიარებდა, რომ კორუფციული გარიგებების გარეშე შეუძლებელი იყო ცხოვრება. ახლა კი ეს მაჩვენებელი 0.2 პროცენტზე უფრო დაბალია, რასაც ბოლო პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს. ასე რომ, კორუფციის დამარცხება შევძელით.

ჩვენ დრამატული არჩევანი გავაკეთეთ - სრულიად შევცვალეთ პოლიციის სტრუქტურა. დავითხოვეთ ძველი კადრები და სახელმწიფოში 3-4 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, არ გვყავდა პოლიცია. ეს გავაკეთეთ არა იმიტომ, რომ ისინი ტოტალურად დამნაშავეები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ მათი ნაწილი, რეალურად, მართლაც იყო ორგანიზებული დანაშაულის მონაწილე.

დღეს ვითარება კარდინალურად განსხვავებულია. წარმატებული აღმოჩნდა საბაჟო და საგადასახადო რეფორმები. როგორც ახლახან გავლენიანმა გამოცემამ "ეკონომისტმა" პუბლიკაციაში აღნიშნა, საქართველოში "მენტალური რევოლუცია" მოხდა.

მაგალითისთვის მოგიყვებით ბათუმის საბაჟო ტერმინალზე ვიზიტის შესახებ, სადაც ამას წინათ მსოფლიო დონის ლიდერთან ერთად ჩავედი. სავალდებულო პროცედურებს საბაჟოზე სულ შვიდი წუთი სჭირდება. ამ რეფორმების მისაღწევად, ჩვენ გავათავისუფლეთ საბაჟოს ძველი თანამშრომლები და სტრუქტურა ახალგაზრდა კადრებით დავაკომპლექტეთ.

ქვეყანაში გვაქვს გამჭვირვალე იუსტიციის სახლები, სადაც საქმის წარმოების 90 პროცენტი კომპიუტერიზებული პროგრამის მეშვეობით ხდება ანუ ერთი ფანჯრის პრინციპით.

ჩვენთან მსოფლიოში ყველაზე სწრაფად შეიძლება დაარეგისტრირო როგორც საკუთრება, ისე კერძო სამეწარმეო საქმიანობა. ჩვენი მიღწევები და განხორციელებული რეფორმები ძალზე გვეამაყება, რადგან ვაშენებთ დემოკრატიას, ახალ პოლიტიკურ სისტემას და ეკონომიკას.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მოსახლეობის ნაწილი დევნილია, მაგრამ, ამის მიუხედავად, ქვეყანა წინსვლას განაგრძობს.



პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი:

მივესალმები ჩვენს მეგობრებს და გმირებს ეკონომიკურ ფორუმზე...

პრეზიდენტი სააკაშვილი დაჯილდოვდა იმ ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი, რომელსაც ეკონომისტები ბიზნესმენები და ექსპერტები ანიჭებენ პოლონეთში...

რამდენიმე წლის წინათ ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ საქართველო და მოლდოვა ასე სწრაფად გაივლიდნენ გზას ევროპისკენ, იმ სტანდარტებისკენ, რომელიც ჩვენთვის ასე ახლოა. ეს არ არის მოკლე და იოლი გზა, მაგრამ საქართველოსა და მოლდოვის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიზანდასახულობის წყალობით, იმ სტანდარტების შესრულებისა და იმ გამბედაობის წყალობით, რომელიც მათ მიღწევას სჭირდება, ამ გზას გადის როგორც საქართველო ისე მოლდოვა. ევროკავშირში, იმ გაერთიანებაში შესვლამდე, რომელიც დღესდღეობით უალტერნატივოა ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს გზა ჩვენც გავიარეთ...

ყველაზე ამბიციური ქვეყნები, რომლებიც მალე შეხვედებიან პარტნიორობის სამიტზე ვარშავაში, სწორი გზით მიდიან ზუსტად ამ გაერთიანებისაკენ და არავის მოსდის აზრად, საქართველოში, მოლდოვაში და უკვე უკრაინაშიც, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

ამიტომაც, დღეს კრინიციდან, ხვალ კი ვარშავიდან, ასევე ბრიუსელიდან და სტრასბურგიდან უნდა წამოვიდეს ძალიან მძლავრი ხმა, რომელიც ძლიერ მუხტს ატარებს ევროკავშირის არა მარტო ამჟამინდელი სტატუს-კვოს გაგებით, არამედ იმითაც, თუ რას უნდა მივაღწიოთ მომავალში. შესაბამისი ცალკეული სტრუქტურების შენება, ევროკავშირის შიგნით ექსკლუზიური პოლიტიკური ფორმატების შექმნა, შენგენის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ევროკავშირის გაფართოების იდეასა და მის წევრობაზე უარის თქმა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ყოველგვარ სტანდარტს ასრულებენ, კაპიტულაცია იქნებოდა...

ევროკავშირმა უნდა მიიღოს იმ ქვეყნების ამბიცია, რომლებსაც წარმოადგენენ პრემიერ-მინისტრი ფილატი და პრეზიდენტი სააკაშვილი და მან ეს უნდა გააკეთოს არა მარტო მათი ქვეყნების, არამედ მთლიანად ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე.




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)