Google+

გამოსვლები და განცხადებები

24.12.2010
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის სხდომა მესტიაში გამართა

მოგესალმებით ყველას.

მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, რადგან დღეს სვანეთისთვის მნიშვნელოვანი და სერიოზული დღეა - არ მინდა ვთქვა „ისტორიული", რადგან ამას დრო თავად განსაზღვრავს. 

პრაქტიკულად, პირველი ნაბიჯები გადაიდგა და პირველი კონკრეტული შედეგები მივიღეთ ახალი დიდი ტურისტული ზონის და ახალი მსოფლიო მარგალიტის - სვანეთის გახსნის თვალსაზრისით.

სვანეთი დაკეტილი იყო დანარჩენი მსოფლიოსთვის და, მათ შორის, დანარჩენი საქართველოსთვისაც.

დარწმუნებული ვარ, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა - 90 პროცენტზე მეტი აქ საერთოდ არ არის ნამყოფი. ყველამ იცის, რომ ეს სადღაც, შორეული, მიუდგომელი, საინტერესო, მაგრამ მაინც ძალიან ძნელად ასასვლელი ადგილია საქართველოში.

სინამდვილეში, ეს არის ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქართული კურორტი. აქ არის რამდენიმე კრიტერიუმი, რომელიც ამ ადგილის უნიკალურობას განსაზღვრავს. პირველი არის, რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი სილამაზე, რელიეფი, ძალიან მშრალი და ჯანსაღი კლიმატი, იდეალური საზაფხულო და საზამთრო ტემპერატურა. აქედან გამომდინარე, თოვლიანი დღეების ხანგრძლივობა საკმაოდ დიდია, ქარი, პრაქტიკულად, არ ქრის, აქ არის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, წარმოუდგენელი კულინარია და, რაც მთავარია, ძალიან კარგი ხალხი.

ჩვენ ვნახეთ, რომ ხალხმა ძალიან სწრაფად აითვისა ყველა საქმე, მათ შორის, ტურიზმის თვალსაზრისითაც. სვანეთში ძალიან სტუმართმოყვარე, თბილი და ყოველმხრივ განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს.

უნდა გვესმოდეს, რომ აქამდე გზა იყო მთავარი პრობლემა, რომლის მოსაგვარებლად ყველაფერს ვაკეთებთ.

ახლა ვანვითარებთ სათხილამურო ტრასებს. დღეს ნახეთ, რომ გაიხსნა აეროპორტი, სადაც წელს სუბსიდირებული რეისების შესრულებას ვგეგმავთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ბილეთი თვითღირებულებასთან შედარებით, ბევრად ნაკლები ეღირება. ამას შეგნებულად ვაკეთებთ, რათა ეს ადგილი ბევრმა ნახოს და მის შესახებ სხვებსაც უამბონ.  

მესტიიდან მომავალი გზა წელს ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული - მისი მშენებლობა, ძირითადად, მომავალ წელს დასრულდება.

თქვენ იცით, რომ აქ გავა ორი გზა. პირველს, რომელიც წალენჯიხიდან ჯვარის გასწვრივ გადის, პირდაპირ აქ ამოვყავართ. მეორე, ძალზე პერსპექტიული გზა, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, ქუთაისიდან ლენტეხის მიმართულებით გავა, ლენტეხიდან კი, გვირაბის გავლით - მესტიაში. ეს არის 135 კილომეტრიანი გზა. იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ეს წელს დაიწყება. მას ჯერ დაგეგმარება სჭირდება და უნდა ვნახოთ თუ რა საერთაშორისო საკრედიტო რესურსების მოზიდვა შეგვიძლია, მაგრამ მომავალში ეს ორი გზა უნდა გვქონდეს.

ეს ნიშნავს იმას, რომ, რეალურად, მესტია ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი ადგილი გახდება.

ჩვენ ვახსენებთ მესტიას, მაგრამ ეს მხოლოდ ამ რაიონს არ შეეხება. ქვემოთ ჭუბერია, შემდეგ მესტია, შემდეგ ეცერი, ადიში და, ბუნებრივია, უშგული... ერთი სიტყვით, აქ რამდენიმე ხეობაა ერთმანეთზე გადაბმული და როდესაც ქვემო სვანეთამდე ჩადიხარ, გაყოლებაზე, დაახლოებით, 200 კილომეტრი გამოდის.

რეალურად უნდა გვესმოდეს რამდენად დიდ ტურისტულ პოტენციალზეა ლაპარაკი. წელს ის გაგვიკვირდა, რომ სვანეთში, დაახლოებით, 20 ათასი უცხოელი ჩამოვიდა. არადა, მომავალში, მინიმუმ, ნახევარი მილიონი ტურისტი ჩამოვა. ეს ციფრები ჰაერიდან არ მომაქვს. მაგალითად, ალტოადიჯეში (იტალიაში), სადაც, დაახლოებით, ასეთივე მაშტაბის ხეობაა, ჩვენთან შედარებით, უფრო პატარა მთის მასივით და ბევრად უფრო ნაკლები სათხილამურო პოტენციალით, ამაზე რამდენჯერმე მეტი ტურისტი ჩადის.

უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ აქ იფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოსაწყობი გვაქვს და  ჩამოსასვლელად ჯერ ისევ შორია. თუმცა მალე აეროპორტები გვექნება ფოთსა და ქუთაისში, ხოლო ამ ადგილებიდან - პირდაპირი გზები. ამიტომ, ეს ადგილები დანარჩენი მსოფლიოსთვისაც ძალიან ადვილად ჩამოსასვლელი გახდება.

ვვარაუდობ, რომ 4 წელიწადში აქ ნახევარი მილიონი ტურისტი გვეყოლება. ამისთვის კი,  საჭიროა დაუღალავი შრომა და სარეკლამო კამპანია. წელს ჩვენ მესტიის ცენტრი ცოტა მოვაწესრიგეთ, ახლა უნდა გამოვაცხადოთ ტენდერები და დაბა მესტიაში ყველგან კარგი გზა უნდა გავიდეს.

შენობების აღდგენა მთლიანად უნდა დასრულდეს და ძირითადი ცენტრი ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც შვეიცარიისა და ავსტრიის საუკეთესო კურორტები. ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს შესაძლებელია. სხვათა შორის, იანვარში ვიყავი ავსტრიაში და ვფიქრობდი: ნეტავ როდესმე ასეთი ცენტრი თუ გვექნება-თქო. როცა მესტიას ვუყურებ, ახლა უკვე ვხვდები, რომ ეს სრულიად შესაძლებელია. ასეთი კოშკები იქ არ არის, მაგრამ, რაც შეეხება, თანამედროვე ქალაქის ინფრასტრუქტურას, აქ უკეთესიც იქნება, რადგან ყველაფერი ახლა კეთდება.

დაგეგმილია რამდენიმე ახალი ძალზე მნიშვნელოვანი შენობის აშენება, მაგრამ მთავარი, რაც ამ ადგილს ჭირდება, არის სასტუმროები.

მართლაც გამკვირვებია, რომ კერძო სექტორს სძინავს. სასტუმროები შენდება ბათუმშიც, გუდაურშიც... გუდაურში სეზონი მხოლოდ ზამთრის თვეებშია; მართალია ბათუმი ძალიან  გალამაზდა,  მაგრამ ზღვისპირეთში სეზონი აქამდე იყო მხოლოდ ზაფხულში.

ეს არის ადგილი, სადაც სეზონი არის სულ. აქ დასვენების მსურველი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე არის ადგილი. ასე იქნება შემდეგი 20 წლის განმავლობაში.

ჩვენ გვაქვს წინადადება, რომ ეს ადგილი თავისუფალ ტურისტულ ზონად გამოვაცხადოთ, მაგრამ აქ ამას არ ვაკეთებთ - ეს არ არის სწორი.

აქ ნებისმიერ მსურველს მიწას ერთ ლარად, ანუ უფასოდ მივცემთ, მაგრამ გადასახადებისგან არ გავათავისუფლებთ. ეს საკმარისზე მეტია!

რა გადასახადებისგან გათავისუფლებაზეა ლაპარაკი, როდესაც აქ ოქროს ზოდები ექნებათ. თუ ადამიანს ოდნავ მაინც აქვს სამეწარმეო ალღო, უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერი რამ, რასაც აქ გახსნის, მუდმივად იქნება დატვირთული.

ჩვენ გვესმის, რომ ადამიანს, ერთადერთი, საწყისი კაპიტალი უჭირს და ამიტომ,  ერთ ლარად ვაძლევთ მიწას, თორემ, ახლა წესით, ისიც არ უნდა მიგვეცა. კარგი რეკლამის პირობებში ეგეც არ იყო საჭირო, მაგრამ იმისათვის, რომ მშენებლობები სწრაფად დაიწყოს, ამ პირობას ვთავაზობთ. გადასახადებისგან განთავისუფლება, ამ შემთხვევაში, ყველამ უნდა დაივიწყოს. პირიქით, ეს ადგილი და აქაური ობიექტები გადასახადების ერთ-ერთი მთავარი შემომტანი იქნება შემდეგი წლების განმავლობაში.  ეს მართლაც არის ოქროს ფონდი. აქაურობის პოტენციალი, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ამკიერკავკასიის მასშტაბით, ბევრად მეტია, ვიდრე ნებისმიერ რამისა, რაც საქართველოს შეიძლება როდესმე ჰქონდეს.

ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ამ სიამოვნებით დატკბეს. აქ მიწა ძალიან ცოტაა და სანამ ის ჯერ კიდევ არის, სანამ ერთ ლარად ვაძლევთ, მოვუწოდებ, რომ ყველამ თვალები გაახილოს, ჩამოვიდეს, ააშენოს და გამდიდრდეს. ჩვენ მხოლოდ ის გაგვიხარდება, რომ გააკეთებს.

მომავალ წელს ადიშამდე მისასვლელ გზას დავიწყებთ. შემდეგ უნდა გავაკეთოთ გზა თეთნულდის ძირამდე. მერე უნდა ავიდეთ თეთნულდში და იქ გავაკეთოთ საბაგირო.

მაგალითად, აქ  თოვლი ჯერჯერობით ჭირს, მაგრამ ადიშში უკვე არის. როდესაც ზემოდან ეშვები, სრიალის დროს პირდაპირ უშბას უყურებ. აქაც, პრინციპში, სამი ტრასაა, მაგრამ ერთი ტრასა იქ დაუყოვნებლივ უნდა გაკეთდეს. შემდეგ უკვე ყველა მიმართულებით განვითარდება. უშგულის გზას, თავისთავად, მსოფლიო ბანკით მეშვეობით ვაკეთებთ. 14 კმ საერთოა უშგულამდე და შემდეგ ტრასამდე მისასვლელად 7 კილომეტრი გვემატება. ეს არის ორი სხვადასხვა გზა. თითო კილომეტრის გაკეთება 600-700 ათასი ლარი ჯდება და შევძლებთ, რომ 15 მილიონამდე გავაკეთოთ. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ტრასაა. იქ ისევე უნდა გაკეთდეს პატარა სასტუმროები, როგორც ზემოთ არის.

მესტიაში ისეთივე გზები უნდა იყოს, როგორც შვეიცარიაში - ანუ საუკეთესო.  

ასევე უნდა აღვადგინოთ ისტორიული კოშკები. ადიშის ხეობაში,  თეთნულდზე პატარა ეკოლოგიურ სოფლის ასაშენებლად უნდა გამოვაცხადოთ მსოფლიო ტენდერი. შესაძლოა ძალიან ძვირფასი არ იყოს, მაგრამ პატარა ეკოლოგიური სოფელი უნდა გავაკეთოთ. ეს მთელ მსოფლიოში უნდა გამოვუცხადოთ არქიტექტორებს, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი დიდი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას.

გზები აუცილებლად უნდა დავაპროექტოთ. ვნახოთ, გავთვალოთ, თუ წელს მოესწრება, წელს გავაკეთოთ, თუ არა და მომავალ წელს, მაგრამ შემდეგი განვითარება არის თეთნულდი და მისი საბაგიროები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენ გვექნება მესტიის ეს კომპლექსი, შემდეგ თეთნულდის კომპლექსი და 2-3 წელიწადში უკვე უშგულის კომპლექსი უნდა გვქონდეს. მაგ დროისთვის უკვე უნდა მოვიდეს  ქუთაისის გზა.

ასე რომ, რეალურად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს არც ერთ ცალკე აღებულ რეგიონში, თუ არ ჩავთვლით აჭარას - იქ უფრო მოკლევადიანი ვიზიტორები არიან -  500 000 ტურისტი  არსად არ იქნება. აქ კი იქნება უდავოდ. თუმცა მანამდე მოსაყვანია ყველა ეს კომუნიკაცია და გასაკეთებელია სარეკლამო კამპანია.

მინდა მადლობა ვუთხრა ტურიზმის დეპარტამენტს, სხვათა შორის, ეს ცენტრი ძალიან კარგად გააკეთა და ძალიან კარგი იდეები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგაზრდული და  დასასვენებელი ცენტრი გააკეთოს.  

ასევე, მინდა ვთხოვო ვერას, რომ ცალკე სამაშველო სამსახური ჩამოვაყალიბოთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერანაირად ვერ შეითავსებს იმ ფუნქციებს, რომლებიც უშუალოდ კურორტებს ეხება. ეს სრულიად განსხვავებული რამ არის. ეს არის სუფთა ტურიზმზე ორიენტირებული სამსახური, ამიტომ უნდა იყოს ეკონომიკის სამინისტროს პატარა შენაერთი, რომელიც კორდინაციაში იქნება სხვა არსებულ სამაშველო სამსახურებთან. მესტიაში მუდმივად უნდა იყოს ბაზირებული ერთი, თუნდაც პატარა ვერტმფრენი, რადგან როდესაც ხეობა თოვლით  იკეტება, ადგილზე უნდა იყოს ამის საშუალება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია: ჩვენ მოლაპარაკება ვაწარმოეთ საფრანგეთის მთავრობასთან და სამაშველო პროგრამის მასწავლებელთა  პირველი ათკაციანი ჯგუფი ჩამოვა იანვარში. ოცკაციანი ჯგუფი ჩამოვა თებერვალში და მაისის დამლევს, საშუალება გვექნება, რომ საქართველოში გვყავდეს ორმოცდაათკაციანი ჯგუფი. პირველი ჯგუფი იქნება მესტიაში. ყველაზე ძლიერი სამაშველო პროგრამა ძაღლებითა და ვერტმტფრენებით აქვთ საფრანგეთში და ტრენინგებს საქართველოში ეს სპეციალისტები ჩაატარებენ. როგორც იცით, საქართველო ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელსაც ყველაზე ცნობილი მთასვლელები ჰყავს და მათგან 50 ადამიანი ამ მიმართულებით დასაქმდება.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: სხვათა შორის, ჩვენ პატარა სათხილამურო სკოლები უკვე გვაქვს, მაგალითად, უშგულში და კიდევ ერთი-ორ ადგილზე გავაკეთებთ, რათა აქ მაქსიმალურად ბევრი პერსონალი მომზადდეს.

მინდა მადლობა ვუთხრა ასევე საქაერონავიგაციას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რადგან ბევრი რამ ძალიან სწრაფად გააკეთეს. ეს შეეხება როგორც აეროპორტის, ისე გზების მშენებლობას, ჩვენ ორივე გზა ვნახეთ და ორივე ძალიან კარგია. ყველაფერი რეკორდულად სწრაფად გაკეთდა და მინდა, ყველა მეგზევეს ჩვენგან დიდი მადლობა გადაუხადოთ.

მსურს დავუბრუნდე იმ თემას, რომელზეც სათაფლიის გამოქვაბულში ვილაპარაკეთ. თქვენ იცით, რომ ნავთობი ისევ გაძვირდა, ინფლაცია გაიზრდება, ამ მხრივ, მსოფლიო პროცესებთან დაკავშირებით, კარგი პროგნოზები არა მაქვს. რა თქმა უნდა, ეს მძიმე დატრყმაა თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრებასა და ყოველდღიურ ყოფაზე. ნავთობის ფასის ზრდა პირველადი მოხმარების საგნების ფასებზე აისახება. მაინტერესებს, რა მოვამზადეთ საკომპენსაციო პაკეტთან დაკავშირებით?

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური: ბატონო პრეზიდენტო, მას შემდეგ რაც წინა მთავრობის სხდომაზე დაგვავალეთ, რამდენიმე სხვადასხვა ვარიანტი განვიხილეთ. რეალურად, ყველაზე ხელმისაწვდომი პაკეტი, რომელიც ყველა ოჯახს შეეხება არის ელექტროენერგიის ვაუჩერი და უახლოეს კვირებში, ალბათ, იანვრის დამლევს ყველაფერი მზად იქნება. ამის თაობაზე, ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიებთან მოლაპარაკებას, სავარაუდოდ, წლის დამლევამდე  დავასრულებთ. რეალურად, ლაპარაკია იმაზე, რომ ყველა ოჯახი მიიღებს  ელექტროენერგიის 20-20 ლარიან ვაუჩერს, რომელიც ელექტროენერგიის გადასახდელად შეიძლება გამოიყენოს. მათთვის ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, მთლიანად არ მოიხსნება, მაგრამ  ელექტროენერგიის გადახდის სიმძიმეს შეუმსუბუქებს. ეს პროგრამა მთლიანად 20-დან 25 მილიონ ლარამდე დაჯდება. საქართველოში სულ არის მილიონ სამასი ათასი აბონენტი. აქედან მილიონი აბონენტი არის აქტიური, რომელიც მუდმივად მოიხმარს ელექტროენერგიას. შესაბამისად, მილიონამდე ადამიანს 20-20 ლარიან ვაუჩერს დავურიგებთ. ეს, დაახლოებით, არის  საქართველოს ერთი თვის საშუალო მოხმარება და თუ ამ ინიციატივას დაამტკიცებენ, იანვრის დამლევს, თებერვალში მზად ვართ, ეს პროექტი სრულად განვახორციელოთ.

თბილისის მერი გიგი უგულავა: სხვათა შორის, თბილისის რამდენიმე უბანში უკვე გაიხსნა 40 კეთილმოწყობილი ჯიხური (მათი რაოდენობა 200-მდე გაიზრდება), სადაც  სოციალური ბარათით მოსარგებლე ყველა ადამიანს - პენსიონერს, სოციალურად დაუცველს, დევნილს -  პირველადი მოხმარების პროდუქტების (კვერცხი, ზეთი, შაქარი, პური, ა.შ.) შეძენა 15-20 პროცენტით იაფად შეეძლება. ანუ, მაგალითად, ყოველ 20 ლარზე ადამიანი სამ ლარს დაზოგავს. გადახდა წარმოებს ბარათით, შესაბამისად, სალარო აპარატი დგას და ყველაფერი ლეგალურ სივრცეშია მოქცეული. ამით  სარგებლობენ სოციალური ბარათით მოსარგებლე თბილისელები, რომელთა რაოდენობა, მთლიანად, 500 ათასია.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ხალხს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ მსოფლიო კრიზისის წნეხი. ძალიან საინტერესოა მერიის ინიციატივა. რაც შეეხება 20 ლარიან ვაუჩერს: თითოეული ჩვენგანის ოჯახს ეს ვაუჩერი არ სჭირდება, მაგრამ შეგვიძლია გადავცეთ მათ, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. ყველას ჰყავს ნაცნობი, მეგობარი, მეზობელი, რომელიც ეკონომიას აკეთებს და ელექტროენერგიაში თვეში, მაგალითად, 16-17 ლარს იხდის. თუ ვინმე ბევრად მეტს იხდის  და ეს 20 ლარი იმდენად არ ააზარალებს, გაჭირვებულმა ადამიანმა, შესაძლოა, 3 თვე - მთელი ზამთარი გადააგოროს. საერთო ფასებთან შედარებით, შესაძლოა ეს დიდი შვება არ იყოს, მაგრამ გააჩნია ოჯახსაც და სიტუაციასაც. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ის, რისი საშუალებაც გვაქვს - არც მეტი და არც ნაკლები, მაგრამ სოლიდარობა მთავრობამ მაინც უნდა გამოავლინოს. ასე რომ, ეს ერთ-ერთი გამოსავალია.

სოფლის მეურნეობაში გლეხებს ვეხმარებით - ახალი ნერგების სპეციალური პროგრამა გვაქვს, რომლითაც სიმინდის მოსავლიანობა 4-ჯერ 5-ჯერ ზოგჯერ 6-ჯერ იზარდება სიტუაციისა და ადგილის გათვალისწინებით; ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რაც ყველაზე ღარიბ ადამიანებს, ყველაზე დაუცველებს ცხოვრებას გაუადვილებს, მაგრამ ეს უფრო გძრელვადიანი პროგრამებია.

ელექტროენერგიის ვაუჩერები უკვე თებერვლის დასაწყისში უნდა დავარიგოთ. ყველაზე რთული პერიოდი, პრინციპში, თებერვალი-მარტია, რადგან მოსავლის მარაგი ხალხს უმთავრდება, ახალი მოსავალი კი, ჯერ არ არის და მას განსაკუთრებით აწვება დენისა და  გაზის გადასახადი...

მსურს, კიდევ ერთხელ დავუბრუნდე აქაურობის თემას. მაგალითად, ეს ძალიან კარგი სასტუმროა, არადა, როდესაც ამას აშენებდნენ, ალბათ, ზოგიერთი ფიქრობდა რად უნდაო.  ახლა ის წინასწარ არის გაქირავებული ზაფხულიდან. ჩემს ნაცნობებს აქ უნდოდათ ახალი წლის გატარება, მაგრამ არც ერთი თავისუფალი ნომერი აღარ არის.

მზად ვართ, სწორედ ამ სასტუმროს გაყოლებაზე მივცეთ ბიზნესმენებს უფასოდ მიწები სასტუმროების ასაშენებლად.

მაგალითად, პირადად მე, 3-4 მილიონი რომ მქონდეს, არც კი დავფიქრდებოდი იმაზე, სად ჩამედო ფული. თითო სასტუმრო 2 მილიონამდე თუ დაჯდება. ჩემს ფულს მთლიანად აქ ჩავდებდი, რადგან ზუსტად 5-6 წელიწადში 10-15 მილიონს მომიტანდა. ეს არის რეალობა.

ამიტომ, ყველას ვთხოვ, კარგად დაფიქრდეს ამაზე და გააკეთოს. შესაძლოა, დიდი ფინანსური კონსულტანტი არ ვარ და ამიტომაც არ მაქვს ორი მილიონი, მაგრამ, პრინციპში,  ინტუიცურად, თქვენც და ჩვენც სტერეო სათვალეებით ვუყურებთ ყველაფერს. სათვალის ერთ ნაწილში ვხედავთ იმას, რაც არის, ხოლო მეორე ნაწილით იმას, რაც იქნება.

რასაც აქ ვხედავთ, ეს წარმოუდგენელი პოტენციალია.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)