Google+

გამოსვლები და განცხადებები

09.12.2010
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 კონფერენციაზე

კანკუნი, მექსიკა 

2010 წლის 8 დეკემბერი 

თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო დელეგატებო, ქალბატონებო და ბატონებო,  

ნება მიბოძეთ, ჩვენი მექსიკელი მასპინძლების პატივსაცემად, სიტყვა ესპანურად წარმოვთქვა. ჩემთვის უდიდესი პატივია დღეს აქ, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მე-16 კონფერენციაზე ყოფნა.       

ვეცდები გაგიზიაროთ საქართველოს ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება  ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც ჩვენია, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ განახორციელოს მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული ქმედებები და ამით სამოდელო ქვეყანა გახდეს.   

მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ნება მიბოძეთ, მადლობა მოვახსენო ჩვენს მექსიკელ მასპინძლებს და თქვენ ყველას, კონფერენციაზე გაწეული მუშაობისთვის. 

არსებობდა გარკვეული შიში, რომ  კოპენჰაგენის იმედგაცრუების შემდეგ, კანკუნი იქნებოდა სამიტი, რომელსაც მცირე იმედები და დაბალი მოლოდინები უკავშირდება.    

მექსიკის მთავრობას და, განსაკუთრებით, კონფერენციის პრეზიდენტს, ქალბატონ  პატრიცია ესპინოზას უნდა მივულოცოთ, რომ არაჩვეულებრივი სამუშაო შეასრულეს კლიმატის ცვლილებების შესახებ მოლაპარაკებების განსაახლებლად. აგრეთვე, ძალზე მოხარული ვარ, რომ აღმასრულებელ მდივნად ქალბატონი ქრისტიანა ფიგუერესის დაინიშნა.        

კონფერენცია, რა თქმა უნდა, დასრულებული არაა, მაგრამ კანკუნს აქვს პოტენციალი, ნახშირბადის დაბალი მოხმარების ხანისკენ ჩვენს საერთო სწრაფვაში ახალი ნიშანსვეტი გახდეს.    

ჩვენ ახლოს ვართ REDD (ტყეების განადგურებით და შემცირებით გამოწვეული ნახშირორჟანგის შთანთქმის შემცირება) ჩარჩო შეთანხმების მიღწევასთან განვითარებადი ერების მიერ ტყეების შენარჩუნებისთვის კომპენსაციის მიღების თაობაზე, ისევე, როგორც „მწვანე ფონდთან" დაკავშირებით. შედეგად ეს გამოიღებს მილიარდების მიმართვას ღარიბი ერებისკენ კლიმატისცვლილებებისადმი ადაპტაციის გასაადვილებლად, განვითარებული ქვეყნებისგან ნახშირბადის დაბალი მოხმარების ტექნოლოგიების გადმოსაღებად და ენერგიის უფრო სუფთა წყაროებზე გადასასვლელად.    

იდეალურ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კოპენჰაგენის შეთანხმება გასულ დეკემბერს იქნებოდა მიღწეული და აქ მას შემდეგ შევიკრიბებოდით, რაც წარმატებას მივაღწევდით.      

როგორც იცით, საქართველო არის და რჩება კოპენჰაგენის შეთანხმების ძლიერ მხარდამჭერად.   

ჩვენ გვჯერა, რომ დებატების დრო იმის თაობაზე, საჭიროა თუ არა მსოფლიოს რეაგირება კლიმატის ცვლლებაზე, გავიდა; ერთადერთი საკითხი, რაც ჩვენს წინაშე დგას, არის ის, თუ  როგორ ვიმოქმედოთ.     

ასევე მტკიცედ გვჯერა, რომ დაბალნახშირბადიანი სამყარო არა მხოლოდ გარემოს გააუმჯობესებს, არამედ ხელს შეუწყობს რეგიონული უთანხმოებების შემცირებას.  

ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ქვეყანა გლობალური ენერგომომარაგების გზაჯვარედინზე მდებარეობს, რეგიონში, სადაც ნავთობის და გაზის არსებობა, საწვავის კონფლიქტებს უწყობდა ხელს საუკუნეზე მეტი დროის განმავლობაში. განახლებადი ენერგიის ადგილობრივი წყაროების შექმნა უზრუნველყოფს იმას, რომ ენერგია არ გამოიყენებოდეს პოლიტიკურ იარაღად. ამის განხორციელება მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, როგორც საქართველო იქცევა, ქმნის სტაბილურობას რეგიონში.   

უშუალოდ კოპენჰაგენის შეხვედრის შემდეგ, საქართველო ოფიციალურად შეუერთდა კოპენჰაგენის შეთანხმებას და ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს მისი დებულებების დანერგვას. აგრეთვე გვჯერა ამ კონვენციის პროცესის გაგრძელების აბსოლუტური აუცილებლობის და დარწმუნებული ვართ, რომ მივაღწევთ დაბალანსებულ შეთანხმებას, რომელიც ასახავს საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობის პრინციპს.

ნახშირორჟანგის გამოყოფის საკითხის გარდა, დროა დავიწყოთ მუშაობა და გარემოსდაცვით და მდგრადობის სხვა საკითხების გადაჭრის გზების ძიება.  

თუმცა საქართველო პატარა ქვეყანაა, გვჯერა, რომ შეგვიძლია დიდი გავლენა მოვახდინოთ, განსაკუთრებით, ჩვენს რეგიონში - რეგიონში, რომელმაც ეკოლოგიური დეგრადაციისგან ისევე იზარალა, როგორც წნეხისა და არასტაბილურობისგან.   

ეკოლოგიური პრობლემები და პოლიტიკა მხოლოდ ჩრდილოეთის სამყაროს დიდ და მდიდარ წევრებს არ ეხება: გარდამავალ დემოკრატიებს, განვითარებად ქვეყნებს, პატარა რესპუბლიკებსაც შეუძლიათ საკუთარი წვლილის შეტანა. ფაქტობრივად, „მწვანე ამბიციას" ისე უნდა უყურებდნენ, როგორც თავისი განვითარებისა და სტაბილურობის გასაღებს. კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში ამ ქვეყნებმა განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულონ, როგორც ინოვაციების განხორციელების ლაბორატორიებმა - მოახდინონ ახალი იდეების ტესტირება, დასახონ ამბიციური მიზნები და იყვნენ მოდელი სხვებისთვის.      

ჩვენი ყოვლისმომცველი მიზანი საქართველოში არის იმის ჩვენება, რომ წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირება შეიძლება დაგვეხმაროს ზრდაში - და ამის განხორციელება იყოს მდგრადი. ამ ინიციატივას იგივენაირად ვუდგებით, როგორც ჩვენი ეკონომიკის, ინსტიტუტებისა და პოლიტიკური სფეროს რეფორმირებას. 

საქართველომ უკვე გადადგა კონკრეტული ნაბიჯები კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად. ჩვენი დედაქალაქი, თბილისი მიუერთდა ევროკავშირის ინიციატივას „მერების შეთანხმებას", რათა 2020 წლისთვის საგრძნობლად შემცირდეს სათბური ეფექტის მქონე გაზების ემისია. თბილისი პირველი დედაქალაქია რეგიონში, რომელიც ამ გადაწყვეტილებას შეუერთდა.

ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო დიდ ნაბიჯებს დგამს განახლებადი ელექტროენერგიის პროგრამის გასავითარებლად. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მეგობრული საინვესტიციო გარემო, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ მილიარდობით დოლარი იდება განახლებად ენერგორესურსების ათვისებაში, განსაკუთრებით კი, ჰიდროელექტროენერგიის განვითარებაში. 

ჩვენი სწრაფი პროგრესის შედეგი გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში ელექტროენერგიის წარმოების 80 პროცენტზე მეტი განახლებად წყაროებზე მოდის. უფრო მეტიც, მეზობელ ქვეყნებში განახლებადი ელექტროენერგიის ექსპორტს უკვე ვაწარმოებთ და, სავარაუდოდ, ელექტროენერგიას თურქეთის გავლით ევროკავშირსაც მივაწვდით. ეს საშუალებას მოგვცემს საქართველო ევროპაში განახლებადი ენერგიის პირველ ფართომასშტაბიან ექსპორტიორად ვაქციოთ.

ჩვენი ინიციატივები განახლებადი ენერგიის შესახებ, შესაძლებელია გადაიქცეს ფართო-მასშტაბიან ინიციატივებად ჩვენი ტყეების ზრდის და ნახშირბადის პროგრესირებადი  შემცირების მხრივ. ორივე ეს ინიციატივა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას მოითხოვს.

ეს პროგრამები საშუალებას იძლევა საქართველოს ტერიტორიის 10 პროცენტზე მეტი დაიფაროს ბუნებრივი ტყით, რაც მნიშვნელოვან ეკონომიურ და ეკოლოგიურ სარგებელს მოგვიტანს. ყოველივე  ეს დეგრადირებული ნიადაგის და მცენარეული საფარის რეაბილიტაციამდე მიგვიყვანს, უზრუნველყოფს წყალგამყოფების დაცვას და უფრო მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივთა დასაქმებას.

ამას გარდა, ჩვენ ვიწყებთ პროგრამას, რომელიც მიგვიყვანს უფრო სუფთა ტრანსპორტის დანერგვამდე. საჯარო ინსტიტუტები, ამ შემთხვევაში, მაგალითი გახდება, რადგან მიმდინარე წლიდან საქართველოს მთავრობა ტრადიციულ მანქანებს ელექტრომანქანებით ჩაანაცვლებს.

ქალბატონებო და ბატონებო,

მე ვერ დავასრულებს ჩემს მოხსენებას ისე, თუ არ ვიტყვი, რომ ჩვენი გარემო ადამიანების საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების წინაშე დგას, რომელთა შეჩერებაც ადვილია და რომელთა იგნორირებაც არ უნდა დავუშვათ. აქვე უნდა აღვნიშნო ის ტრაგიკული სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოს ამჟამად ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთშია, სადაც ოკუპანტი ძალისა და მარიონეტული რეჟიმის დამანგრეველი ქმედების გამო, შავი ზღვის სანაპირო აბრაზიას განიცდის.

მათ მიერ გუმისთის მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვებამ  მშენებლობის პროექტისათვის, რომელიც სოჭის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება, მეწყერები და მიკროკლიმატის გადაგვარება გამოიწვია.

მათ მიერ ნავთობის უკანონო მოძიება შავ ზღვაში, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ხდება სრულ სიბნელეში, ყოველგვარი იმ ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე, რომელიც გარემოზე გავლენის შემოწმების საშუალებას იძლევა.

ეს უაღრესად შემაშფოთებელი ფაქტია. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მიმდინარე ოკუპაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის გამო, ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ ეს ყოვლად აღმაშფოთებელი ქმედებები.

ქალბატონებო და ბატონებო,

გლობალური დათბობა მთელი კაცობრიობის პრობლემაა და მოითხოვს რეაგირებას გაერთიანებული კაცობრიობისაგან.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ გაბედულად და მტკიცედ, გვერდით უნდა გადავდოთ ჩვენი მოკლევადიანი ინტერესები, ახლანდელი მეტოქეობა და დაძაბულობა და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ გრძელვადიანი კეთილდღეობისათვის, იმ კეთილდღეობისათვის, რომელიც მომავალ თაობებს ეკუთვნის. 

გმადლობთ.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)