საქართველოს პრეზიდენტი ყვარელში ამერიკული ხორბლის თესვის პროცესს დაესწრო და აგრონომებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში დღეს ამერიკული ხორბლის თესვის პროცესს დაესწრო და სწავლულ აგრონომთა კონკურსში გამარჯვებულ იმ 18 აგრონომს შეხვდა, რომლებიც გადამზადების კურსს საზღვარგარეთ გაივლიან
დღეს ძალზე სასიამოვნო და მზიანი დღეა, მაგრამ სასიამოვნოა მით უფრო, რომ ორი ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყეთ - ყვარელში ხორბლის ახალი ჯიშის დათესვას და აგრონომების ხელახალი მომზადების პროგრამას ვიწყებთ.
ამ პროგრამების განხორციელება ყველასთან ერთად რამდენიმე თვის წინათ გადავწყვიტეთ. ამისათვის ყვარელი საგანგებოდ შევარჩიეთ, რათა ხორბლის მოყვანის გეოგრაფია გავაფართოვოთ.
თქვენ იცით, რომ ხორბლის მოსავალი, ძირითადად, დედოფლისწყაროში, ხოლო ნაწილობრივ სიღნაღში მოდის, მაგრამ ბევრად უფრო მეტი მიწის ათვისებაა აუცილებელი უფრო ეფექტიანად, რათა მოსავალიც ბევრად მეტი მივიღოთ.
მინდა გვესმოდეს, რომ ახლა საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფიის აღმოჩენა, პრაქტიკულად, ხელახლა ხდება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში (დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგი ორი ათწლეულიც) მორგებული ვიყავით კომუნისტების მიერ დადგენილ კლიშეებზე.
ვთქვათ, კომუნისტებმა თქვეს, რომ ზღვის კურორტებია მარტო ბიჭვინთა, გაგრა და ქობულეთი, ხოლო დანარჩენი არც ერთი ადგილი კურორტი არ იყო. ანაკლიას, გალის რაიონს და ფოთის აკვატორიას იყენებდნენ სამხედრო ბაზებისთვის, ასევე იყო გონიო და კვარიათი. მთის კურორტი იყო მხოლოდ ბაკურიანი და არ იყო გამოყენებული ის წარმოუდგენელი პოტენციალი, რომელიც აქვს რაჭას, სვანეთს, აჭარის მაღალმთიანეთს. არც აქაურობა - კახეთი არ ითვლებოდა ტურისტულ ადგილად. თუმცა კლიმატისა და დღევანდელი მსოფლიოს მოთხოვნების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალი ,არა მარტო საქართველოში, არამედ, შესაძლოა, ევროპის და, მინიმუმ, რეგიონის მასშტაბით, არის კახეთი.
ამიტომ ჩვენც მუდმივად ვიყავით ორიენტირებული იმაზე, რომ ჩვენი კურორტები იყო ერთი და გასავალი - მეორე.
ჩვენ გვითხრეს, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობა მორგებული უნდა ყოფილიყო საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობაზე. საბჭოთა კავშირი იყო ჩაკეტილი სისტემა და მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ ყველაფერი შიგნით ეწარმოებინათ.
იყო უზარმაზარი რუსეთი, ჩვენ ვიყავით პატარა საქართველო, მაგრამ მხოლოდ აქ იყო სუბტროპიკები. აქედან გამომდინარე (აქ გვესწრება გოგონა ქობულეთიდან და იცის), სადაც იყო და არ იყო საჭირო, ყველგან მანდარინი, ლიმონი და ფორთოხალი უნდა გაგვეხარებინა, რათა პოლიტბიუროს წევრებს ჩაიში მუდმივად ჰქონოდათ საბჭოთა, ანუ ქართული ლიმონი. ასევე ყველგან უნდა დაგვერგო ჩაი, იმის მიუხედავად გაიხარებდა თუ არა და შემდეგ ბუჩქებიანად ამოგვეძირკვა. სამაგიეროდ, გეგმები სრულდებოდა და საბჭოთა კავშირი თავს არწმუნებდა, რომ საკუთარი ჩაით, ლიმონით და სხვა ციტრუსებით, სრულად იკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნას ამ პროდუქტებზე.
იგივე შეეხება კახეთს.
თქვენ იცით, როგორ იყო კახეთში. საქართველო არის ღვინის ქვეყანა და კაცობრიობამ პირველი ღვინო აქ აწარმოა. ეს ჩვენთან უძველესი კულტურაა და ჩვენ გვაქვს ასობით, პრაქტიკულად, გადაშენებული და ახლა აღორძინების ეტაპზე მყოფი ყურძნის ენდემური ჯიშები. ჩვენ დაგვიდგინეს, რომ უნდა გვეწარმოებინა ღვინო, რადგან დიდ ბელადს - სტალინს ქართული ღვინო მოწონდა, აქედან კრემლში გაქონდათ. მისი საყვრელი ჯიშები იყო თელი და ციცქა და რადგან სტალინი სვამდა, მთელ რუსეთსაც ქართული ღვინო უნდა დაელია. ამიტომ საქართველოს დაუწესეს გეგმა. ძალზე დაგვაზარალა იმან, რომ საქართველოდან ღვინო საბჭოთა კავშირში მხოლოდ რუსეთში გადიოდა - არა უკრაინაში, მე იქ ვსწავლობდი და მახსოვს, რომ იქ მხოლოდ მოლდოვისა და ყირიმის ღვინოები იყო. ქართული ღვინო იყიდებოდა მოსკოვში, პეტერბურგში, ციმბირში...
როდესაც რუსეთმა ემბარგო გამოგვიცხადა, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებშიც კი ქართულ ღვინოს შედარებით ნაკლებად იცნობდნენ.
შემდეგ იცით, რომ როდესაც ჰეიდარ ალიევმა სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიიღო, შევარდნაძეც, რა თქმა უნდა არ ჩამორჩებოდა მას. მასაც სჭირდებოდა გმირის წოდება, რადგან სხვაგვარად პოლიტბიუროსკენ გზას ვერ გაიხსნიდა (შევარდნაძეს იმიტომ კი არ ვახსენებ, რომ ნიშნს ვუგებ - ეს სულ არ მაინტერესებს, მაგრამ დღეს რაც ხდება , ყველაფერი იმ დროსთან არის პირდაპირკავშირში - ამის გამო ბევრ უბედურებას გადავეყარეთ. უნდა გვესმოდეს რატომ მოხდა ეს და გამოსავალი ვიპოვოთ). დაგვიწესეს მოსავლის მილიონ ტონიანი ნიხრი, რადგანაც მოლდოვა აწარმოებდა ამდენივეს, ამ გზებზე ყველგან იდგა „გაი" და ღიპიანი „გაიშნიკები" ყველას საბარგულს გვახსნევინებდნენ, რომ ერთი გოდორი ყურძენიც არ გამოგვეტანა აქედან (მსგავსი შემთხვევა ჩემს ბავშვობაშიც იყო - მახსოვს, ერთხელ ოჯახთან ერთად მოვდიოდით და 12-ჯერ გაგვაჩერეს. ყველა ჯერზე გვამოწმებდნენ). რეალურად მაშინ 500-600 ტონა მივიღეთ, დანარჩენი კი, მიწერებით, შაქრით, წყლით გამოიყვანეს და ღვინოდ, ყურძნის წვენად აქციეს. შევარდნაძემ სოციალისტური შრომის გმირის წოდება მიიღო და პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი გახდა. ამით კახური მეღვინეობა განადგურდა - აი პატარა დეტალი რა მოვიღეთ ამის ფასად.
ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ამოძირკვეს ტრადიციული კულტურები, მაგალითად, ზეთის ხილის ხეები, რომლებიც ძალიან კარგად ხარობს კახეთში და დარგეს ყურძნის ჰიბრიდული, ე.წ. უწამლავი ჯიშები, რომელსაც დიდი მოვლა არ სჭირდება, მაგრამ ღვინო მისგან არ კეთდება. ამ ჯიშისგან გაკეთებულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე გასავალი არა აქვს.
ეს მენტალიტეტი იმ დროიდან მოგვყვება - თუ ჩვენ ხალხს ვაძლევთ ინტერესს, რომ ჰიბრიდი ამოძირკვოს და ზეთის ხილის ხეები დარგოს, რომელიც უფრო კარგად ხარობს, ამბობენ, რომ მთავრობა ჩეხავს ვაზს.
ასევე ამბობდნენ, რომ ეკლესიებს ანგრევდა მთავრობა - 150 ეკლესია აღვადგინეთ, მათ შორის, ძირითადად, კომუნისტების დროს განადგურებული, მაინც ამას ამბობდნენ.
როდესაც პირველად გავხდი პრეზიდენტი, მახსოვს ბევრს დავფრინავდი საქართველოს მასშტაბით (არა მარტო საქართველოს მასშტაბითაც) და შედარება შემიძლია - ჩვენს მიწებზე იმის 80 პროცენტიც არ იყო დახაზული და დამუშავებული, რაც დღესაა. უცხოეთში ფრენისას, როდესაც 1989 წელს პირველად ჩავფრინდი ჰოლანდიაში, აეროპორტში დაფრენამდე, პირველი რაც თვალში მომხვდა იყო დახაზული მიწის ნაკვეთები და ვიფიქრე, რომ ჩვენთან ასე არასდროს არ იქნებოდა. ახლა კახეთში, სამეგრელოში და საქართველოს ბევრ სხვა ადგილზე არის ასე.
მიწის დამუშავება საქართველოში დაიწყო, თუმცა მიწის დასამუშავებლად, რამდენიმე ფაქტორია საჭირო: მექანიზაცია - იცით რომ ბოლოს იაპონური ტრაქტორები შემოვიდა - ბოლო ხუთ წელიწადში სამი ათას 400 ტრაქტორი შემოვიტანეთ, მაგრამ კიდევ ათას 500 გვჭირდება, რომ სოფლის მეურნეობა მინიმუმამდე იყოს გაჯერებული და მექანიზაციის პრობლემა გადაიჭრას; ასევე გვქონდა მორწყვის, ზოგადად, მელიორაციის პრობლემა - წყლის თვითდინებით მორწყვის თვალსაზრისით, უკვე კომუნისტების დროინდელ ნიშნულზე გავედით და ეს პრობლემაც მინიმალურ დონეზე დავიყვანეთ.
შემდეგი ეტაპი, რასაც ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი, არის კოლხეთის დაშრობა. ამ პროგრამის განხორციელებას 2012 წლისთვის ვვარაუდობ. იქ უამრავი რაოდენობის მიწაა, რომელიც საექსპორტო კულტურებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ. კომუნისტებმა რაც დააშრეს იმის 15-20 პროცენტი ისევ დაჭაობდა, რადგან ძველი ტექნოლოგიები სათანადო მოვლის საშუალებას არ იძლეოდა. ახლა არის უფრო მოწინავე ტექნოლოგიები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და ხალახლა გავაკეთოთ ყველაფერი.
ეს არის ინფრასტრუქტურული საკითხები.
მიწის დამუშავებისთვის ასევე ძალზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია ზოგადად, სწორი ეკონომიკა.
თქვენ იცით, ბევრი მიწა დაუმუშავებელია იმის გამო, რომ შევარდნაძის დროს ეს მიწები დაირიგეს პროკურორებმა, გამგებლებმა, მინისტრის მოადგილეებმა, რომლებიც არ ამუშავებენ მათ, უბრალოდ ელოდებიან როდის მოიმატებს მისი ფასი, რათა მერე ან უცხოელზე გაყიდოს, ან უფრო გამდიდრებულ სხვა ქართველს მიჰყიდოს, რომელმაც საკუთარი შრომით შეიქმნა შემოსავალი.
ასე არ გამოვა - მიწა დაუმუშავებელი არ უნდა იყოს. ამიტომ, საგადასახადო კოდექსის ახალი ცვლილებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ამ საკითხს ბევრად უფრო მოქნილად მივიუდგეთ და ასეთ მიწებზე გადასახადი დავაწესოთ. თუ ისეთი სულელი აღმოჩნდება ვინმე, რომ დაუმუშავებელ მიწაში გადასახადები იხადოს, მისი საქმეა, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ შევარდნაძის დროს პროკურორი ან „გაიშნიკი" იყო და ამის გამო აქვს მიწა - ასეთი მიდგომა დამთავრდა. ახლა დროა მიხვდე, რომ „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", - ხელები დაიკაპიწე და იშრომე, ან მას მიეცი საშუალება, ვისაც ამის გაკეთება სურს.
ჩვენ პატარა ტერიტორია გვაქვს , მცირემიწიანი ქვეყანა ვართ და დასაკარგი და უქმად გასაჩერებელი მიწები არ გაგვაჩნია.
ასევე, გაზაფხულზე განვაგრძობთ სასუქებითა და საწვავით დახმარების პროგრამას - მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასი ახლაც ეტაპობრივად იმატებს, რაც სულაც არ მახარებს, ამიტომ ჩვენ იმასაც გავაკეთებთ, რომ კრიზისული ვითარების დროს მთავრობა ამ საკითხშიც ჩაერიოს.
თქვენ გახსოვთ, როდესაც ემბარგო გამოგვიცხადეს, ჩვენ დავნიშნეთ რთველის გენერლები. შარშანაც და წელსაც რთველსაც და ციტრუსების მოსავალსაც მივუდექით როგორც სამხედრო კამპანია.
ჩათვალეთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს სოფლის მეურნეობის ოფიცერთა ახალი კორპუსი - სწავლული აგრონომები, რომლებმაც უნდა შემოიტანოთ თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვან სფეროში - ადამიანთა ეკონომიკური წარმატების, კვებისა და ქვეყნის წინსვლის თვალსაზრისით.
ჩვენ ვლაპარაკობთ ეკონომიკურ ზრდაზე, შემდეგი სამი-ოთხი წლის განმავლობაში თავისუფლად შეგვიძლია გავაორმაგოთ სოფლის მეურნეობის წილი ერთიან შიდა ეროვნულ პროდუქტში, რადგან ძალზე დაბალი დონიდან ვიწყებთ. ეს მოგვცემს საქართველოს ზოგადი ეკონომიკური მაჩვენებლის რამდენიმეპროცენტიან ზრდას.
ამისათვის, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ახალი მეთოდებით მუშაობა. პირველი აქედან არის მეთესლეობა. ის, რაც გვგონია, რომ მამაპაპური და კარგად ნასწავლია, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რეალურად, საკმაოდ მოძველებული მეთოდია. საბჭოთა პერიოდიდან, მიჩურინის დროიდან დაგვიწესეს რომელი იყო კარგი თესლი, კარგი ხორბალი , კარგი სიმინდი და მისი თელსი, უიმედოდ მოძველებულია. ეს შეეხება ხეხილსაც, ბოსტნეულის ზოგიერთ სახეობას და საჭიროა ახალი რამის გაკეთება.
თქვენ იცით, რომ, ამ მხრივ, 2009 წელი ჩაგვივარდა, რადგან კლიმატური პირობებმა ხელი არ შეგვიწყო და ხორბლის 85-90 პროცენტი უცხოეთიდან შემოვიტანეთ. ადგილზე მხოლოდ 120 ათასი ტონა ვაწარმოეთ და 850-900 ათასი ტონა შემოვიტანეთ.
წელს ახალი თესლის გამოყენება უნდა ვისწავლოთ. სხვათა შორის, ეს უკვე გაკეთდა შიდა ქართლში და ამან ძალიან კარგად იმუშავა. ხალხი მიხვდა იქ სარგებელს და კი არ შეჭამა ის ხორბალი, არამედ კვლავ დასათესად გამოიყენა.
დღეს ხორბლის მომყვანი განწირულია მარცხისთვის, თუ გამოიყენებს მხოლოდ არსებულ სათესლე ბაზას.
იმისათვის, რომ სათესლე ბაზა შეიცვალოს, უნდა გავაკეთოთ ის, რასაც დღეს ვაკეთებთ - ამერიკული ხორბალი მინიმუმ ორჯერ, ზოგან სმჯერ და ოთხჯერ ზრდის მოსავლიანობას. ყოველივე ეს შეიძლება მაქსიმუმ ორ-სამ წელიწადში დასრულდეს და ოთხჯერ მეტი ხორბლის მოსავალი გვქონდეს.
ეს მოგვცემს საშუალებას, 2013-14 წლისთვის, იმედი მაქვს ჩემი პრეზიდენტობის ვადის დასასრულითვის, საქართველომ თავისი მოთხოვნილების 35-40 პროცენტი უზრუნველყოს.
100 პროცენტთ ჩვენს მოთხოვნილებას ვერ დავაკმაყოფილებთ, მაგრამ შევძლებთ, რომ მუდმივად შიშში და სხვა ქვეყნებში განვითარებული მოვლენებზე არ ვიყოთ დამოკიდებული. მაგალითად, ხანძრის, მიწისძვრის, შტორმის ან სულაც ზოგიერთი სხვა დიდი მწარმოებლის გადაწყვეტილების გამო, ჩვენ მშიერი არ უნდა დავრჩეთ - ეს უნდა გამოვრიცხოთ საქართველოში.
პროდუქტებზე ფასები იზრდება და საქართველო არ უნდა იყოს მუდმივად მსხვერპლისა და მაჩანჩალას როლში. რა თქმა უნდა მსხვერპლი ვართ, როდესაც დამოკიდებული ვართ ბრაზილიაში, ყაზახეთში ან რუსეთში სიმინდის ფასზე. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლება მხოლოდ მაღაზიაში მეტი გადავიხადოთ პურში, ფქვილში, წიწიბურაში და ა.შ.
თუ ფასები იზრდება, ის მაინც უნდა გავაკეთოთ, რომ მოსავალი ჩვენ მოვიყვანოთ და ჩვენვე მივიღოთ აქედან მეტი შემოსავალი, რათა გაზრდილი ფასებით უკეთესად შევძლოთ პროდუქტის ყიდვა.
ეს არის თანამდროვე ეკონომიკა.
იგივე შეეხება სიმინდს. ამ შემთხვევაში უკეთესად გვაქვს საქმე - ჩვენი მოთხოვნილების 95 პროცენტს უზრუნველვყოფთ, ეს აშკარად უკეთესია, ვიდრე ხორბალთან პროპორცია, მაგრამ მოსავლიანობა აქაც ძალიან დაბალ დონეზეა.
ახალი თესლით, რომელიც წელს შემოგვაქვს, სიმინდის მოსავლის გაზრდა სამჯერ შეგვეძლება.
ეს ყველაფერი ახალმა აგრონომებმა უნდა გააკეთონ. სოფლებში ძალიან განათლებული ხალხი გვყავს, წერაც კარგად იციან და კითხვაც - შედიხარ საშუალო ფერმერის, მწარმოებლის, სოფლის მცხოვრების ოჯახში და ისეთ წიგნებს აწყდები თაროებზე, რომ დანარჩენ ევროპაში 90 პროცენტმა მათი არსებობაც კი არ იცის. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხალხს ცოდნის მოთხოვნილება აქვს, მაგრამ ეს ცოდნა მათ ვიღაცამ უნდა მიაწოდოს. იმისათვის, რომ მათ ცოდნა შევძინოთ, იმ ქვეყნების გამოცდილება უნდა გამოიყენოთ, სადაც ცალკეული დარგები აქვთ წინ წამოწეული.
ამიტომ, თქვენი პირველი ნაკადი მიდის ეგვიპტეში. ეგვიპტე არ არის ძალიან მდიდარი ქვეყანა, ის შერეული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს მასთან, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მისი ზოგიერთი დარგი ძალიან კარგად არის განვითარებული. მისი ზოგიერთი მონაკვეთი თანამედროვე სოფლის მეურნეობის საუკეთესო ნიმუშია.
ძირითადად, ჩვენი სოფლის მეურნეობა განუვითარებელია, მაგრამ გვჭირდება ცალკეული „კუნძულების" შექმნა, რომლებიც, თავის მხრივ, შექმნის სტანდარტს. თუ ეგვიპტე დიდია და იქ 2 პროცენტი ბევრს არაფერს არ ცვლის, აქ 15 პროცენტიც რომ გვქონდეს თანამედროვე სტანდარტები, დანარჩენი 85 პროცენტი ბევრად უფრო ადვილად მოებმება ყველაფერს. მით უმეტეს, რომ ქართველებს თავმომწონება გვახასიათებს, შეჯიბრის განცდა დამეზობელს არ ჩამორჩენა თუ ის მოწინავეა. სწორედ ეს მოწინავე სტანდარტი უნდა შექმნათ თქვენ.
ჩვენ გვექნება იმის საშუალებაც, რომ თქვენ გაგიშვათ დასავლეთ ევროპაში, ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ბალტიის ქვეყნებში, რომლებმაც მოახერხეს საბჭოთა მეთოდებიდან თანამედროვე ფერმერულ წარმოებაზე გადასვლა, მაგრამ საიდანღაც უნდა დავიწყოთ. ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ ცალკეული მოწინავე მეურნეობების გამოცდილება გავიზიაროთ.
საქართველოში ყველა უნდა გახდეს ამ პროცესის მონაწილე, რადგან მთავრობა ცალკე ვერაფერს ვერ გააკეთებს. ერთ-ერთ თქვენგანთან, წყალტუბოდან, ვლაპარაკობდი კიდეც, მთავრობას შეუძლია გზა მიგიყვანოთ ბოსტნეულის სათბურამდე, მოიყვანოს გაზი, მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკება აწარმოოს გაზისა და ელექროენერგიის შეღავათიანი ტარიფების თაობაზე, ხელშეკრულებები დადოს სხვადასხვა ქვეყნებთან, რათა ექსპორტი დაბალი გადასახადებით შევიტანოთ, უზრუნველგყოთ თესლით, მაგრამ მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ვერც ცალკე აღებული მეურნეობის განვითარებას და ვერც მოსავლის გაზრდას. ჩვენ თესლს მოგიტანთ, მაგრამ ის თქვენ უნდა დათესოთ, თქვენ უნდა გაახაროთ, თქვენ უნდა მოიყვანოთ და თქვენ უნდა შექმნათ გრძელვადიანი პროგნოზები საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად.
ეკონომიკის ყველა სხვა სფეროს იგივე შეეხება. მთავრობის მიერ გახსნილი ქარხანა ვერ იმუშავებს. ქარხანას ხსნის კერძო მეწარმე. რომც დავხარჯოთ ბიუჯეტის ფული, რომელიც ისევ მეწარმისგან არის შემოსული, მაინც ვერ იმუშავებს, რადგან ქარხანას ბაზარზე გარკვეული ნიშა უნდა ჰქონდეს დაკავებული, ხოლო მეწარმემ უნდა იცოდეს რა არის მისი კონკრეტული შემოსავალი ამ საქმიდან.
ჩვენ შევქმენით, რომ საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოს 200 ქვეყნიდან წელს უკვე პირველ ათეულში შევიდეს.
ბიზნესის აწყობა აქ ძალიან ადვილია - გააკეთეთ!
ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურა გვაქვს ევროპაში -გზები გავიყვანეთ, დენი და გაზი მოვიყვანეთ, სხვა ქვეყნებთან შედარებით ტარიფებიც დაბალია - ააშენეთ, დათესეთ, მოიყვანეთ, გააკეთეთ!
ყველაზე ადვილია მთავრობის დადანაშაულება. მე ვარ პირველი, რომელიც საკუთარ თავს დავიდანაშაულებდი და მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო ვიქნებოდი, მაგრამ მოდით ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედოს. ყველამ დავიკაპიწოთ ხელი და ყველამ ვიმუშაოთ.
ერთადერთი, რაც გვჭირდება - ცოდნაა. ამ ცოდნით კი ჩვენი ხალხი თქვენ უნდა შეაიარაღოთ. თქვენზე დიდ იმედებს ვამყარებთ. არც ერთი ჯგუფის სადმე გადასამზადებლად წასვლა არასდროს ისე არ გამხარებია, როგორც თქვენი გამგზავრება. ბევრი დადის მოსამზადებლად და სასწავლად - მოსამართლეები, მეგზეევეები, ეკონომისტები, მთავრობის წარმომადგენლები, პრეზიდენტის ფონდიდან სხვადასხვა პროფესიის შესასწავლად ბევრი სტუდენტი დაფინანსდა, მაგრამ არავინ ისე მნიშვნელოვანი არ არის დღეს, როგორც აგრონომები და სოფლის მეურნეობის სპეციალისტები. საქართველოს სახელიც კი, ბერძნულად და ლათინურად - გეორგია - მიწასთან და მიწათმოქმედებასთან არის დაკავშირებული. ჩვენ უნდა დავუბრუნოთ ქვეყანას მისი ფუნქცია.
დრო შეიცვალა, ინდუსტრიულ ეპოქაში გადავედით, პოსტინდუსტრიული ეპოქაა, ინფორმატიკის ეპოქაა, მაგრამ დღეს როგორც არასდროს მსოფლიოს უდგას კვების აუცილებლობა - ხალხის რაოდენობა გაიზარდა და კარგი ცხოვრება ყველას მოუნდა. ადრე ჩინეთში 800 მილიონი ადამიანი შიმშილობდა, ახლა ყველას აქვს საკვები; ინდოეთში 900 მილიონი კაცი შიმშილის ზღვარზე იყო ახლა მინიმუმ 700 მილიონს საკვები აქვს.
როდესაც საკვებზე ფასი იზრდება, ადგილზე არაფერი არ რჩება, ამიტომ ჩვენი განვითარება უნდა უსწრებდეს სხვა ქვეყნების დონის ზრდას, რათა არ ჩამოვრჩეთ და დამშეული არ დაგვრჩეს ხალხი.
ამას ყველაზე კარგად თქვენ აუხსნით ჯერ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, ხოლო შემდეგ დანარჩენ საქართველოსაც.
მინდა გისურვოთ წარმატება.
საქართველოში იქმნება უცხოეთში განსწავლულ აგრონომთა ახალი ელიტა, რომელიც ააღორძინებს საქართველოს სოფლის მეურნეობას, დაუბრუნებს მას ძველ სახელს, ძველ დიდებას, განავითარებს და უფრო ძლიერ და მდიდარ ქვეყნად აქცევს მას.
თქვენი იმედი გვაქვს ყველას.