საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
მინდა მივესალმო ჩვენს ძმას, ჩვენი მოძმე აზერბაიჯანის ლიდერს ქალაქში, რომელიც ბაქოსთან ერთად გაჩნდა, როგორც თანამედროვე ქალაქი და რომელიც, რეალურად, არის ბაქოს უმცროსი ძმა.
ბაქო და ბათუმი ერთი და იმავე არქიტექტორებმა ააშენეს, მუშაობდნენ ერთი და იგივე ბიზნესმენები, ბათუმი და ბაქო დააკავშირა პირველმა ნავთობსადენმა, პირველი ტანკერები იყო ბათუმში. ასევე კულტურული ცხოვრება და ადამიანური კონტაქტები სინქრონულად მიმდინარეობდა ამ ორ ქალაქში.
დღეს ორივე ქალაქი აღორძინების გზაზე არის დამდგარი.
ბაქოში ხორციელდება გრანდიოზული პროექტები, ისტორიული მნიშვნელობის ცვლილებები, რაც ჩვენ ძალიან გვიხარია. ბათუმი ცდილობს, ამ ყველაფერს დაეწიოს.
დღეს ვსაუბრობდით სწორედ იმაზე, რომ ბათუმის ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე, ძველ ისტორიულ შენობაში აზერბაიჯანული ნავთობკომპანიის ოფისი იხსნება. ამასთან დაკავშირებით მთელი ინფრასტრუქტურა იქმნება.
ორი წლის წინათ ილჰამ ალიევმა გაზი აანთო ბათუმის ერთ-ერთ ოჯახში. ახლა ბუნებრივი გაზი შესულია, პრაქტიკულად, აჭარის მთელ ქვედა ზონაში, ხოლო გაზი ბათუმის ყველა რაიონში არის მისული.
ეს არის შესრულებული დაპირებების, ძალაში შესული მიღწევების მნიშვნელოვანი და კონკრეტული გამოვლინება.
ჩვენი მეგობრობა გამოცდილია დროით და გამოცდილია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში.
საქართველოს არასდროს დაავიწყდება, რომ როდესაც ჩვენ აგვიფეთქეს გაზსადენები და ელექტროსადენები, ზამთრის ყველაზე ცივ დღეებში აზერბაიჯანის მოსახლეობის ნახევარი ქსელიდან გათიშეს, რათა საქართველო არ გაყინულიყო და ჩვენს ქვეყანას გაეგრძელებინა არსებობა. ეს მოხდა 2005 წლის იანვარში, რაც, დარწმუნებული ვარ, ფოტოგრაფიულად დარჩა ქართველი ერის მეხსიერებაში.
ჩვენ არც ის დაგვავიწყდება, რომ საქართველოსთვის ყველა გადამწყვეტ მომენტში, აზერბაიჯანი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ედგა საქართველოს მხარში.
ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობაა, არამედ - ნამდვილი ძმობა.
რამდენიმე წლის წინათ ვლაპარაკობდით, რომ ჩვენ კონფედერაციული ურთიერთობა უნდა ჩამოვაყალიბოთ.
რეალურად, ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთი ურთიერთობაა, რომელიც აღემატება ჩვეულებრივ ურთიერთობას. ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგრძელება, დაბოლოება, ჩვენ ვართ ერთი ორგანიზმის ნაწილი. აზერბაიჯანის მტკივნეული საკითხი მტკივნეულია საქართველოსთვისაც და პირიქით, საქართველოს მტკივნეულ საკითხებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანი ყოველთვის შესაბამის განცხადებას აკეთებდა ისე, როგორც გააკაეთებდა მისთვის პრობლემურ და მნიშვნელოვან თემაზე.
ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმაზე, რომ უნდა დაჩქარდეს ძალიან მნიშვნელოვანი რკინიგზის მშენებლობა თბილისი-ყარსი-ახალქალაქის მიმართულებით. ეს მშენებლობა აზერბაიჯანული კომპანიების და ჩვენი მონაწილეობით მიმდინარეობს.
ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოში გაზიფიკაცია უახლოესი ორი წლის განმავლობაში მიაღწევს 74 პროცენტს, ეს იქნება ორჯერ მეტი, ვიდრე იყო საბჭოთა კავშირის დროს.
ასევე ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ შევქმნათ მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სატრანზიტო დერეფანზე, რომელიც შუა აზიიდან და ჩრდილოეთ ჩინეთიდან აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, ყველაზე მოკლე გზით დაუკავშირდება უმეტეს ევროპას.
ეს არის ურთიერთობები, რომელშიც არ მხოლოდ არ არის პრობლემები, უკეთესის წარმოდგენაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
თავის დროზე ამას საფუძველი ჩაუყარა ჰეიდარ ალიევმა, რომელმაც სტრატეგიულად განჭვრიტა როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი მომავალი და თავისი ძალიან მოქნილი, საინტერესო და გონივრული მოღვაწეობით გაამყარა ილჰამ ალიევმა.
ეს ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში დარჩება ჩვენს შორის.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობა შეიძლება მხოლოდ გაღრმავდეს და რეგიონალური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდეს.
ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენთვის ძალიან ახლობელ და ნაცნობ მიწაზე. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - თავი იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
უწინარესად, მადლობას მოგახსენებთ საქართველოში მოწვევისათვის. მე ვხედავ განვითარების იმ პროცესებს, რომლებიც აქ მიმდინარეობს.
მართლა მოხარული ვარ ბათუმში კიდევ ერთხელ ჩამოსვლით, ბათუმში მიმდინარე თითოეული ცვლილება თქვენს აქტიურ მუშაობას უკავშირდება.
ბათუმი ყოველდღიურად ლამაზდება. ჩვენ ვხედავთ ახალ სასტუმროებს, ახალ შენობებს, ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. ბათუმში ორი წლის წინათ ვიყავი და შემიძლია შევადარო მაშინდელი ვითარება დღევანდელს.
მოხარული ვარ იმ ცვლილებებით, რომლებიც აქ ხორციელდება. ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თქვენი წარმატება ჩვენს წარმატებას ნიშნავს.
თქვენი საქმიანობიდან და აქტიური მუშაობიდან გამომდინარე შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ საქართველო ნამდვილად მიმზიდველი ქვეყანაა უცხოელი ინვესტორებისთვის.
საქართველოში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უცხოური კომპანიები გამოთქვამენ ნდობას და ეს დიდი მიღწევაა. ეს იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში წარმატებული პროცესები მიმდინარეობს.
მოხარული ვარ, რომ საქართველოში ჩამოსულ ინვესტორებს შორის არიან აზერბაიჯანელი ბიზნესმენებიც და ისინი დიდ ინტერესს იჩენენ თქვენი ქვეყნის მიმართ. ინვესტივციები, ძირითადად, ენერგოსექტორში იდება, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ აზერბაიჯანული კომპანიები სხვა სფეროებითაც დაინტერესდებიან. ჩვენი ქვეყნები, ხომ სხვადასხვა მიმართულებებში თანამშრომლობენ.
ჩვენს შორის ურთიერთობა გრძელ, ისტორიულ გამოცდილებას ემყარება და ძმობის და მეგობრობის დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ყოველთვის მხარდამხარ ვიდგებით ერთმანეთთან. ეს ისტორიული მახსოვრობა, რომელიც ჩვენ დღესაც გვაცოცხლებს, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობა განმტკიცდეს.
საქართველო და აზერბაიჯანი გლობალური მნიშვნელობის პროექტებზე ერთობლივად მუშაობენ.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო -სუფსა, ბაქო-თბილისი-ერზერუმი, ნავთობსადენები, გაზსადენები - თითოეული ეს პროექტი ემსახურება არა მარტო ჩვენი ხალხების ინტერესებს, არამედ დიდ როლს თამაშობს მსოფლიო გლობალური ენერგოუსაფრთხოებისა და სტაბილურობის შექმნის საკითხში.
ჩვენ დავიწყეთ სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც, ასევე მუშაობას ელექტროენერგიის სფეროშიც ვიწყებთ.
მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა საკითხზე, რომელზეც ერთობლივად გვიმუშავია, საუკეთესო კოორდინაცია გვქონდა. ბაქომ და თბილისმა ასე უნდა გააგრძელონ თანამშრომლობა.