Google+

გამოსვლები და განცხადებები

29.06.2010
პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა

უშიშროების საბჭოს სხდომების ტრადიცია არ ემსახურება მხოლოდ არჩევნებს შორის პერიოდს, არც ვინმესთვის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა; ეს სერიოზული ღონისძიებაა, სადაც საქართველოს მთავრობა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იღებენ ამომწურავ ინფორმაციას.

თქვენც საშუალება გაქვთ, რომ როგორც თქვენი - პოლიტიკური ჯგუფების, ისე საზოგადოების ნააზრევი მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ხელისუფლებამდე მოიტანოთ.

მივესალმებით ოპოზიციის მომაწილეობას უშიშროების საბჭოს სხდომის მიმდინარეობაში.

ბოლო პერიოდი უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის საგარეო პოლიტიკური გამოწვევებისა და პრიორიტეტების მხრივ.

ჩვენი საგარეო პოლიტიკა ძალზე გააქტიურებულია - ვიზიტები ერთმანეთის მიყოლებით მიმდინარეობს.

ბოლო პერიოდში საქართველოში რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა.

ახლახან, ჩამოსული იყო ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი; უმოკლეს პერიოდში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ველოდებით; 5 ივლისს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის; 14 ივლისს, საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღეს, ჩვეთან ერთად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს; 15 ივლისს კი ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ვიწყებთ - ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე ევროკავშირთან ოფიციალური მოლაპარკება შედგება.

ამასთან დაკავშირებით თბილისში ჩამოდის ევროკავშირის მაღალი დონის დელეგაცია. ეს ისტორიული მომენტია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაწყების თვალსაზრისით.

შემოდგომით ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას ვვარაუდობთ.

იცით, რომ ხელი უკვე მოვაწერეთ ვიზების გამარტივების ხელშეკრულებას, რომელიც ძალაში შევა წლის მეორე ნახევარში. იმედი მაქვს, რომ ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, ჩვენ დავიწყებთ სვლას საქართველოსა და ევროკავშირის შორის უვიზო მიმოსვლისკენ.

ბოლო წლების განმავლობაში გაცილებით ბევრი ადამიანი ბრუნდება საქართველოში ვიდრე ტოვებს ქვეყანას.

ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობა სხვადასხვა იურიდიულ და სამართალდამცავ სტრუქტურასთან ევროპაში.

ასევე ხელშეკრულებას ხელს ვაწერთ საფრანგეთთან, რათა ქართული სამუშაო ძალის საფრანგეთში გაგზავნა დარეგულირებული იყოს სამართლებლივად და ყოველგვარი უკანონო გადაადგილება როგორც საქართველოდან ისე საფრანგეთიდან, იყოს აღკვეთილი და განეიტრალებული.   

ეს ხდება იმისთვის, რომ ლეგალურად მოძრაობისთვის ჩვენ თანამოქალაქეებს ჰქონდეთ ბევრად მეტი შესაძლებლობა.

საგარეო პოლიტიკური აქტიურობა ძალზე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ასევე სერიოზულადაა გაზრდილი პარლამენტის აქტიურობაც.

იცით, რომ ევროპარლამენტში განიხილება რეზოლუციები ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ ლიტვის პარლამენტმა უკვე მიიღო ეს დოკუმენტი.  

მადლობელი ვარ, როგორც ოპოზიციის, ისე უმრავლესობის იმისთვის, რომ აქტიურად მუშაობთ.

ეს საშუალებას გვაძლევს, რომ ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოში გავიტანოთ და დავიცვათ ჩვენი პოზიციები.

მნიშვნელოვანი რამ მოხდა რუსეთსა და ამერიკას შორის გამართულ ბოლო სამიტზე, როდესაც ოფიციალურ დოკუმენტებსა და განცხადებებში, ამერიკის პრეზიდენტის დონეზე უკვე დაფიქსირდა ტერმინი "საქართველოს უკანონოდ ოკუპირებული რეგიონები".

ანალოგიურ პოზიციაზე ვმუშაობთ ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რაც სრულიად ახალ რეალობას იძლევა ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში.

ტერმინი "ოკუპაცია" ძალზე იშვიათად გამოიყენებოდა მე-20 საუკუნის ისტორიაში. მას, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომთან მიმართებაში მოიხსენიებდნენ. მაგალითად, ფრანგისთვის ის მხოლოდ საფრანგეთის ნაცისტურ ოკუპაციას ნიშნავდა. ეს ტერმინის ასევე გამოიყენებოდა ზოგიერთი ტერიტორიის მიმართ ახლო აღმოსავლეთში ისრაელის მთავრობის თანხმობით. თუ არ ჩავთვლით მცირე გამონაკლისებს, არ მახსოვს, რომ აღნიშნული ტერმინი სხვა პერიოდში და სხვა ტერიტორიების მიმართ, ერთი შეხედვით მსგავს ვითარებებშიც კი, ყოფილიყო გამოყენებული.

ტერმინი "ოკუპაცია" ნიშნავს იმას, რომ ის ადრე თუ გვიან დამთავრდება. არ არსებობს საქართველოს მუდმივი ოკუპაცია. ოკუპანტი ადრე თუ გვიან დატოვებს ტერიტორიას. ეს პერმანენტულად ნიშნავს აქ ყოფნისთვის დროებით სტატუსს.

ეს ხალხი იქ სრულიად უკანონოდ იმყოფება და ამას აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა. ყოველგვარი ტრანზაქცია, მათ შორის, ქონების - სახლის ყიდვა გაგრაში, ბიჭვინთაში და ა.შ. არის უკანონო. რუსეთის ძალა აფხაზეთის ტერიტორიაზე არის ოკუპანტი.

მინდა ვუთხრა ზოგიერთ თავზეხელაღებულ რუსს: თქვენ უკანონოდ ყიდულობთ სახლს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

რუსმა ხალხმა თავად გამოსცადა ნაცისტური ოკუპაცია მეორე მსოფლიო ომის დროს და არ ვიცი რა დაიმსახურა რუსმა ერმა ისეთი, რომ მათი ხელმძღვანელობის არაშორსმჭვრეტელური და დაუდევარი პოლიტიკის გამო, მოუწია ისეთ სახლმწიფოში ცხოვრება, რომელიც თავად არის ოკუპანტი.

მას მოუწია იმ ერად წოდება, რომელიც დადანაშაულებულია ოკუპაციაში.

როდესაც რუსეთის ხელმძღვანელობაზე ვლაპარაკობთ, უნდა აღვნიშნოთ მათი განცხადებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ამ ხელისუფლებასთან ლაპარაკს არ აპირებენ.

ისინი არ ელაპარაკებიან არც ერთ ხელისუფლებას, რომელიც ეროვნულ ინტერესებს იცავს, მაგრამ ყოველივე ეს დროებითია და ოკუპანტს მოუწევს დეოკუპაციაზე საუბარი.

მინდა დავადასტურო ჩვენი სრული მზადყოფნა, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე რუსეთთან ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი დიალოგი ვითარების ნორმალიზაციის თაობაზე, რაც გულისხმობს 500 ათასამდე დევნილის დაბრუნებას საკუთარ მიწაზე, მათი ქონებრივი და მოქალაქეობრივი უფლებების აღდგენას და საქართველოს დეოკუპაციას; ასევე რაც შეეხება ორმხრივი ურთიერთობის ყველა სხვა საკითხს - ეკონომიკურ, დიპლომატიურ, პოლიტიკურ და, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარულ საკითხებს.    

რუსეთთან კონფრონტაციის არანაირი ინტერესი არ გაგვაჩნია. ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ დიალოგი, მათ შორის, რუსეთის ხელისუფლებასთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, არჩეულია ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით.

ამის მიუხედავად, ეს არის რუსული რეალობა და ვაღიარებთ მათ, როგორც მოლაპარაკების მხარეს.

ჩვენ მათთან ყველანაირი მოლაპარაკება გვსურს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული, როგორც ერთიანი, სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც მათი პარტნიორობა სურს.

ძალიან საინტერესო ტაქტიკური და სტრატეგიული მიმართულებები აქვს ჩამოყალიბებული თემურ იაკობაშვილს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ვთხოვ მას წარადგინოს ეს ხედვა.

დიდი მადლობა.

მოხარული ვარ, რომ ზაფხულის სიცხის მიუხედავად, პოლიტიკური პარტიები არ იშურებენ ძალას, დროს და ენერგიას მონაწილეობა მიიღონ ამ საკითხების გადაწყვეტაში.

ეს არის სათანადო დონეზე დასაფასებელი ჩვენი საზოგადოების მხრიდან.

ჩვენ, შესაძლოა, ყველაფერზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ იმედია, რომ ამ დილოგს კონკრეტული შედეგები ექნება.

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)