Google+

გამოსვლები და განცხადებები

01.06.2010
საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის სამინისტროში პროკურორები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველომ ორი დღის წინ საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა.

თვითმართველობის არჩევნებმა, რამდენიმე მიმართულებით მოახდინა ჩვენი, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინსვლის დემონსტრირება:

პირველ რიგში, ჩვენ ყველამ ვიხილეთ თუ როგორ დაიხვეწა ზოგადად პოლიტიკური სპექტრი... თუ წარსულის არჩევნებზე ამომრჩეველი ძირითადად პოლიტიკოსების მიერ ერთმენეთის გაუთავებელ ლანძღვას ისმენდა, ამჯერად პარტიებმა და კანდიდტებმა მოახერხეს ეკამათათ საქმეზე, იმ პრობლემებზე, რაც საზოგადოებას რეალურად აწუხებს, კონკრეტულ პროგრამებზე და დაპირებებზე.

ამ არჩევნებმა ასევე გვაჩვენა, თუ რამდენად მომწიფდა და დემოკრატიის თვალსაზრისით გაიზარდა ჩვენი საზოგადოება:   

თუკი ადრე საარჩევნო კამპანია და განსაკუთრებით არჩევნების დღე ტრადიციისამებრ ხასიათდებოდა ძალადობით და ისტერიული ეგზალტაციით (ალბათ ჯერაც ყველას გვახსოვს, 6-7 წლის წინანდელი წინასაარჩევნო შეხვედრები როგორ ემსგავსებოდა ხშირად ბრძოლის ველს, როგორი ჩვეულებრივი მოვლენა იყო საარჩევნო უბნებზე ცემა-ტყეპა, კივილ-წივილი ყუთების გატაცება, და შიგა-და-შიგ სროლებიც კი), ამჯერად წინასაარჩევნო კამპანიამ და არჩევნების დღემ ჩაიარა უკიდურესად მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში.

პირველად ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატიის ისტორიაში ჩატარდა კანდიდატების დებატები პირდაპირ ეთერში.

ყველა პარტიასა და კანდიდატს მიეცა თანაბარი და შეუზღუდავი შესაძლებლობა საკუთარი სათქმელი მიეტანა ამომრჩევლამდე.

დღევანდელობის არც თუ ისე მშვიდ პოლიტიკურ გარემოში, არც თუ ისე იოლ ისტორიულ ეტაპზე, საკმაოდ მკვეთრი პოლიტიკური დაპირისპირებებისა და პოლარიზაციის ფონზე, ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ მას შეუძლია მშვიდად, ცივი გონებითა და რეალობის პრაგმატული ანალიზით, ასევე სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობის ძლიერი განცდით მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის მომავალი კურსის შესახებ.

გარდა ამისა, განვლილმა არჩევნებმა გვიჩვენა, თუ რამდენად დაიხვეწა სახელმწიფო აპარატი. რომელმაც აჩვენა თუ როგორი მოწოდების სიმაღლეზე დგას სიმშვიდის, სტაბილურობის, და საზოგადოების დემოკრატიული განვითარების სადარაჯოზე.

ყოველმა ჩვენგანმა, უკვე მერამდენედ ვიხილეთ, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი მცდელობებისა, რომ ამას ხელი შეეშალოს, საქართველოს ჰყავს კარგად ორგანიზებული, ფუნქციონირებადი სახელმწიფო აპარატი, რომელიც მყარ და საიმედო საყრდენს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და განვითარებისათვის.

ერთი სიტყვით, ის რაც ჩვენ ორი დღის წინ ჩატარებულ არჩევნებზე ვიხილეთ მთლიანობაში არის საქართველოს პროგრესის და ევროპული ცივილიზაციისაკენ სვლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი.

მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არ არსებობს არანაირი ცივილიზაცია და არანაირი პროგრესი კანონის უზენაესობის გარეშე.

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ერთადერთი სასუქი რაც სახელმწიფოებრიობის ნაყოფიერ მოსავალს იძლევა არის კანონიერება და სამართლიანი გარემო.

მე დღეს საქართველოს პროკურატურაში ვიმყოფები და მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ თუკი რაიმემ შესაძლებელი გახადა ის, რომ საქართველო უკანონობისა და კრიმინალის მორევიდან ამოვიდა და დღეს წარმოადგენს სრულფასოვან სახელმწიფოს, რომელიც ესწრაფვის დემოკრატიულ განვითარებას, პირველ რიგში ეს არის ჩვენი სამართალდამცავი სისტემის და პროკურატურის თანამშრომლების წარმოუდგენელი ძალისხმევის და თავგანწირვის შედეგი. 

დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანია მოკლედ შევაჯამოთ პროკურატურის მიერ გასული წლების განმავლობაში ჩატარებული სამუშაო და მიღწეული შედეგები.

გულახდილად გეტყვით, რომ ეს შეხვედრა რამდენიმე დღის წინ იყო ჩანიშნული, მაგრამ ჩემი თხოვნით გადავდეთ იმ დროისთვის, როდესაც არჩევნები უკვე ჩატარებული იქნებოდა, რათა ეს ღონისძიება ვინმეს წინასაარჩევნო კამპანიად და "პი-არ" აქციად არ მოენათლა.

თუმცა ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენი საზოგადოება ასე აქტიურად უჭერს მხარს ქვეყნის განვითარების არსებულ კურსს არის ის, რომ ჩვენს ხალხს ძალიან კარგად ახსოვს ის საქართველო, რომელშიც ცხოვრობდა 6-7 წლის წინ.

ყველას ახსოვს როგორ იყვნენ ქვეყანას დაპატრონებული კრიმინალები;

ყველას ახსოვს, როგორ წარმოადგენდნენ "მართლმსაჯულების" უმაღლეს ინსტანციას კანონიერი ქურდები;

ყველას ახსოვს ყაჩაღობების ჯოჯოზეთური ხანა, როდეასც ყველა ოჯახი, ყოველ ღამე იყო იმის შიშში, რომ ამჯერად მათ დაეცემოდნენ დაუნდობელი ყაჩაღური ბანდები;

ყველას ახსოვს როგორ ყაჩაღობდნენ სახელმწიფო მოხელეები;

ყველას ახსოვს მანქანებისგან დაცარიელებული ქუჩები, ახსოვს როგორ უმალ ქრებოდა ავტოფარეხის ცხრაკლიტულს გარეთ დარჩენილი მანქანა და ხშირად ავტოფარეხიც არ იყო საკმარისი დაცვა;

ყველას ახსოვს გატაცებები და მკვლელობები, როგორც ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები ამბები..

მაშინ არავის ეგონა რომ ამის შემობრუნება შესაძლებელი იყო.. მაშინ საქართველო უკვე კარგა ხნით იყო ჩამოწერილი როგორც განუკითხაობის მორევში ჩაძირული არშემდგარი სახელმწიფო.

მაგრამ ვარდების რევოლუციამ შესაძლებელი გახადა სამართალდამცავ სისტემაში ახალი სისხლის, ახალი თაობის მოყვანა, რომელმაც უბრალოდ უარი განაცხადა დანებებულიყო და შეგუებოდა დანაშაულს.

ბევრი მათგანი, მაშინ ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. უბრალოდ გულანთებული ქვეყნის სიყვარულით და შემართული უსამართლობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მათ უმრავლესობას ახლაც ვხედავ თქვენს რიგებში, მაგრამ ახლა თქვენ უკვე გამოცდილი, გამობრძმედილი მუშაკები ხართ, იგივე შემართებით, ქვეყნის წინაშე, გაათმაგებული პასუხისმგებლობით და რაც მთავარია დიდი პროფესიული მონაგარით.

თქვენ ახლა ამაყნი ხართ არა მარტო იმით რისიც გწამთ და რასაც ემსახურებით, არამედ იმითაც რასაც მიაღწიეთ და როგორ შედეგიც გაქვთ თქვენს სამსახურეობრივ მოღვაწეობაში.

შედეგები კი ასეთია:
 
დაახლოებით ოთხი წლის წინ - 2006 წელს ჩვენ ვსაუბრობდით დანაშაულის მკვეთრ, ხშირ შემთხვევაში რამდენიმეჯერად შემცირებაზე 2003 წელთან შედარებით.

მაშინდელი შედეგები საკმაოდ დაუჯერებლად ჟღერდა და უკვე მიჩნეული იყო უდიდეს წარმატებად.

მე დღეს მინდა შევადარო ის 2006 წელი გასულ 2009 წელს და რამდენიმე მონაცემი შემოგთავაზოთ:

განზრახ მკვლელობა:
2006 წელს - 403
 2009 წელს - 213 (თითქმის განახევრებულია)

ქურდობა:
 2006 წელს - 27,657
 2009 წელს - 12,672 (განახევრებულია)

ძარცვა:
 2006 წელს - 2751
 2009 წელს - 1064 (თითქმის სამჯერ არის შემცირებული)

ყაჩაღობა:
 2006 წელს - 2160
 2009 წელს - 677 (სამჯერ და მეტად არის შემცირებული)


2003 წელს ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ საქართველოს ვაქცევდით კანონიერი ქურდებისაგან თავისუფალ ზონად.

მაშინ ბევრი გაგვინაწყენდა ამაზე, უმრავლესობას კი ეს განუხორციელებელ უტოპიად ეჩვენა.

იმ გავლენის ფონზე, რაც მაშინ ქურდებს რეალურად გააჩნდათ, მათ წინააღმდეგ ბრძოლას მართლაც სჭირდებოდა წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევა და ის რაც არცერთი სტატისტიკით არ იზომება - თავგანწირვა.

თუმცა ქურდულ სამყაროს იმდენად მაღალ დონეზე ჰქონდა აყვანილი დანაშაულიებრივი საქმიანობის დაფარვა, რომ მარტო თავგანწირვაც არ იქნებოდა საკმარისი.

ამიტომ 2006 წელს ჩვენ სისხლის სამართლის კოდექსში შევიტანეთ რევოლუციური დამატება რითაც პროკურორებს ხელში მივეცით ყველაზე ქმედითი სამართლებრივი იარაღი ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლაში რეალური გარდატეხის შესატანად.

ამ კანონის ამოქმედებიდან დღემდე, ქურდული სამყაროს წევრობისთვის პასუხისგებაში მიეცა 144 პირი.

დანარჩენმა ქურდებმა თავის გადასარჩენად უცხოეთს მიაშურეს და სამუდამოდ დატოვეს საქართველო.

დღეს ჩვენი ქვეყანა არის კანონიერი ქურდებისაგან თავისუფალი ზონა და ეს თქვენი და საქართველოს პოლიციის დამსახურებაა.

ჩვენ ახლა ბევრს ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე და კანონის წინაშე თანასწორობაზე, ადრე ეს ფრაზა მხოლოდ მწარე ირონიას აღძრავდა, რადგანაც ჩვენ ვცოვრობდით ქვეყანაში სადაც არსებობდნენ ხელშეუხებელი ადამიანები: თანამდებობის პირები და მათი ახლობლები, რომელთაც რაც არ უნდა მძიმე დანაშაული ჩაედინათ, პასუხს არავინ მოთხოვდა.

ასეთ უსამართლობას ვაწყდებოდით ყოველ ნაბიჯზე.

თანამედროვე საქართველო მისი განვითარების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპად მიიჩნევს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად მისი თანამდებობისა თუ გვარიშვილობისა, განურჩევლად მისი სიმდიდრისა თუ გავლენიანი საახლობლო წრისა, იყოს თანაბრად პასუხისმგებელი კანონის წინაშე ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე.

თქვენი დამსახურებით დღეს ეს ასეა და ზედმეტი სიტყვების გარეშე, თქვენი მუშაობის ამსახველი ციფრები მოგვითხრობს იმის შესახებ თუ რა არის თანასწორობა კანომის წინაშე ახალ საქართველოში:

2003 წლიდან დღემდე სხვადასხვა დანაშაულისათვის პასუხიგებაში მიცემული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირთა სტატისტიკა ასეთია:

15 -მინისტრი
15 -მინისტრის მოადგილე
6  -პარლამანტის წევრი
24 -საკრებულოს წევრი
91 -საკრებულოს თავმჯდომარე
5  -პრეზიდენტის რწმუნებული
93 -გამგებელი
31 -გამგებლის მოადგილე
6  -მერი
6  -ვიცე მერი
277 -საბაჟო ორგანოს თანამშრომელი
213 -საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი
261 -სხვა საჯარო მოხელე

ეს ციფრები არ არის უბრალო სტატისტიკა. ეს არის კანონის უზენაესობა განვითარების პროცესში, ეს არის სამართლიანობის განცდა უბრალო მოქალაქისთვის, ეს არის გარანტი რომ თანამდებობაზე მყოფი ადამიანი არც კი ფიქრობდეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე.

ეს არის ნულოვანი კომპრომისი კორუფციას. რის გარეშეც შეუძლებელია ეკონომიკისა და საზოგადოების წარმატებული განვითარების უზრუნველყოფა.

შორს ვართ იმ აზრისგან, რომ სამართალდამცავი სისტემის უკლებლივ ყველა თანამშრომელი დგას მოწოდების სიმაღლეზე და პირნათლად ასრულებს საკუთარ მოვალეობას საზოგადოების წინაშე.

ამიტომ სამართალდამცავი სისტემის ხარისხი და წარმატება ყველაფერთან ერთად იმითაც იზომება თუ რამდენად აქვს მას თვითწმენდის უნარი.

საქართველოს სამართალდამცავი სისტემა გამოირჩევა ამ უნარით. მისი წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ის, რომ ის არასოდეს აფარებს ხელს საკუთარ რიგებში ჩადენილ დანაშაულს, არასოდეს ინდობს კოლეგას, როემლიც უღალატებს მუნდირისა თუ მანტიის ღირსებას.

ამას დასტურია გუშინ განხორციელებული ანტიკორუფციული ღონისძიება, რომლის შედეგადაც დაკავებულ იქნენ კორუფციეში მხილებული მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი.

2003 წლიდან დღემდე სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლებიდან პასუხგებაში მიცემულია:

1064 პოლიციელი
109 გამომძიებელი
20 პროკურორი და
30 მოსამართლე

ჩვენი ხელისუფლების ფილოსოფიით ბიუროკრატია არ უნდა იყოს გადაბერილი. მთავრობა უნდა იყოს პატარა და ქმედითი.

მე არ მინდა გადაგღალოთ ზედმეტი სტატისტიკით, მაგრამ ამ წარმატებული შედეგების ფონზე განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის თუ რამდენად გაზრდილია პროკურატურის, როგორც ორგანიზაციის ეფექტიანობა.

2003 წელს, ქვეყანაში კრიმინალის ბოგინის პირობებში, პროკურატურაში მუშაობდა 763 პროკურორი, დღეს მათი რიცხვი 388-ს არ აღემატება.

2003 წელს გვყავდა 274 გამომძიებელი - დღეს გამომძიებელთა რაოდენობა მხოლოდ 42-ია. 

ანუ სულ 638 თანამშრომელი 1504-ის ნაცვლად. ეს არის 100-ჯერ უკეთესი შედეგი 3-ჯერ ნაკლები თანამშრომლით.

დღეს, მაშინ როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, ჩვენი ქვეყანა დიდი გამოწვების წინაშე იმყოფება. ჯერ ბევრი გვაკლია იქამდე, სანამ საქართველო სრულყოფილ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, დაცული საზღვრებით და განვითარების მშვიდი და უღრუბლო გარემოთი.

მანამდე, როგორც ერს და როგორც სახელმწიფოს ბევრი წინააღმდეგობა გვაქვს გადასალახავი, ბევრად მეტი ცოდნა გვაქვს შესაძენი და ბევრად მეტი გამოცდა ჩასაბარებელი.

მაგრამ ჩვენ წინსვლას ვერ შეაჩერებს ვერაფერი თუ ჩვენ შევინარჩუნებთ მთავარს - კანონის უზენაესობას, სამართლიანობას და შეურიგენელი ბრძოლის სულისკვეთებას კორუფციის, კრიმინალისა და ქურდული მენტალიტეტის წინააღმდეგ.

თუ გავაგრძელებთ თვითწმენდას და თვითსრულყოფას.. თანამედროვე მართვისა და მაღალ-ეფექტიანი ორგანიზაციის პირობებში.

თქვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრიათ სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში.

და თითოეული თქვენთაგანის სახეზე მე ვხედავ, რომ ამ პასუხისმგებლობას სიამაყით და შემართებით ატარებთ.
 

 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)