საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლა ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ერთმანეთს ბოლოს 1995 წელს შევხვდით, მაშინ, როდესაც მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ყმაწვილი ვიყავი.
დღეს ჩემთვის უდიდესი პატივია აქ, თქვენს შორის ყოფნა - ჩემი გულის ნაწილი ამ შესანიშნავ სკოლაში დარჩა.
ვარ პიროვნება, რომელიც ვსწავლობდი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის გულში - ამ დიდ სკოლაში.
მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ.
16 საათის განმავლობაში მოვფრინავდი, რათა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს ვწვეოდი და ესოდენ დიდი პატივი მრგებოდა წილად.
შენახული მაქვს ყველა ის წერილი და სამახსოვრო, რაც აქ მიმიღია, მათ შორის ჩემი დეკანის ბარათიც.
ჩემს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ საქართველოს პარლამენტში დავიწყე მოღვაწეობა და უკან დამრჩა ჩემი წარსული - აქ გატარებული წლები, ჩემი სახელმძღვანელოები.
მერწმუნეთ, ნოსტალგიის გრძნობა კიდევ მაქვს შემორჩენილი.
ახლა, თქვენს წინაშე ვარ, რათა კიდევ ერთხელ შევხვდე ჩემს პედაგოგებს, პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც საკმაოდ ბევრი გააკეთეს ჩემთვის.
დავბრუნდი, რომ შევხვდე ჩემს პროფესორს, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში საკმაოდ კვალიფიცირებული მოსამართლეა და წარმატებულად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის განხრით.
საქართველოში გამგზავრების წინ მას ვუთხარი, რომ დაბრუნებისთანავე აქ მიღებული ცოდნის რეალიზაციას მოვახდენდი და აქტიურად ჩავერთვებოდი ჩემი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.
პროფესორი დაინტერესდა და მთხოვა რეფერატის სახით, ზოგადად საქართველოს და იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიმეწოდებინა.
როდესაც ჩვენს ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას გაეცნო მითხრა, თუ მაინც მიდიხარ იქნებ შენი კონცეფცია ჩამოაყალიბო და ახალი სახელმწიფოს მოდელი შექმნა, მეცნიერულად გააანალიზე ის, რასაც მომავალში გააკეთებ - აღწერე არსებული კრიზისი და მოგვარების შესაძლო ვარიანტებიც დასახეო.
ახლა საქართველოში ახალგაზრდა პოლიტიკოსები, მოღვაწეები, ისინი, ვინც უცხოეთში მივიღეთ განათლება, ჩვენს ცოდნას მაქსიმალურად ვიყენებთ - ეს ამა თუ იმ სფეროში კარდინალური ცვლილებების განხორციელებას ეხება.
ქვეყნის მართვის საქმეში ეს რეალური პროგრესია.
მათ, ვისაც რეფორმების წარმატებით გატარების სურვილი აქვთ, უნდა იცოდნენ და ახსოვდეთ, რომ ქვეყნის ინტერესების ხარჯზე კომპრომისებზე არ უნდა წავიდნენ და არც საკუთარი პოზიცია უნდა დათმონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში მიღწევებზე ლაპარაკი ზედმეტია.
ჩვენი ხალხი უკვე მზად არის მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის.
მართალია, ჩვენს ქვეყანას სტრატეგიულ მნიშვნელობას სძენს მისი გეო-პოლიტიკური მდებარეობა, ინტერესიც მის მიმართ საკმაოდ დიდია, მაგრამ აქ ყოფნისას მივხვდი, რომ ჩვენთვის მთავარია არამარტო საქართველოს გეო-პოლიტიკა, სატრანსპორტო და ეკონომიკური პროექტები, ან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები, არამედ, ძირითადად, ის ღირებულებები, რაც მოწინავე მსოფლიოს გააჩნია და რითაც ამ წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი.
აქ სწორედ იმისათვის ჩამოვედი, რომ თქვენი მხარდაჭერა გთხოვოთ.
საქართველოს პარლამენტის 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებში ხალხმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მათი იმედები არ გამართლდა - არჩევნები იმ დროს არსებულმა ხელისუფლებამ გააყალბა.
პრობლემა იმაშია, რომ საქართველოში და მის მსგავს ქვეყნებში პრეზიდენტები ვერ საზღვრავენ, როდის უნდა გადადგნენ.
ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესა და მის მთავრობას ვერ წარმოედგინათ, რომ ერთ დღეს შესაძლოა ისინი ჩამოეგდოთ, ეს კი მოხდა.
უსამართლობით დაქანცულმა ხალხმა გადაწყვიტა გაერთიანებულიყო და მათ პროტესტს წინ ვერავითარი ძალა ვერ აღუდგა.
მთავრობას არ დაემორჩილა არც პოლიცია და არც ჯარი.
ის, რაც საქართველოში მოხდა, მართლაც საოცრება იყო.
ქართველებმა დაამტკიცეს, რომ ძალა ერთობაშია.
ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ყველა ცნობილმა ტელეარხმა და საინფორმაციო სააგენტომ გააშუქა და, დღეს, ეს ყველასათვის, მთელი მსოფლიოსათვის არის მაგალითი.
რა თქმა უნდა, ჩვენ გლობალიზაციასა და მის პარალელებზეც უნდა ვილაპარაკოთ.
ეს კი, ჩვენი ჩათვლით, მრავალ ერს აახლოებს და ისინი პროგრესისაკენ მიჰყავს, თუმცა იმავდროულად, ბევრ მტკივნეულ საკითხსაც გამოკვეთავს.
ზოგ შემთხვევაში ძალაუფლება გვაკლდება, მაგრამ ისეთი პატარა ერისათვის, როგორიც ქართველი ერია, დიდ შესაძლებლობებსაც იძლევა.
თუ გინდა იყო კონკურენტუნარიანი, დაიცვა შენი მომავალი, მაშინ გაქვს შანსი ამ დიდ გლობალურ სამყაროში.
ის ცვლილებები, რასაც ამჟამად ვახორციელებთ, გლობალიზაციის ტენდენციების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
საქართველოში რევოლუციას ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები არ ყოფილიყო, რითაც ერთმანეთთან კონტაქტს ვამყარებდით.
ასევე, სი-ენ-ენის გარეშე, რომელიც ოპერატიულად აწვდიდა მსოფლიოს აქ მიმდინარე მოვლენების ამსახველ რეპორტაჟებს.
ამერიკაში ნორვეგიისა და გრენლანდიის გავლით ჩამოვედი.
ჩვენ შევჩერდით გრენლანდიის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, სადაც, როგორც მითხრეს, 460 მოსახლეა.
ჩემი თანმხლები ჟურნალისტები გაოცებას ვერ მალავდნენ, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ჩემში საქართველოს პრეზიდენტი შეიცნო.
ეს ცუდიც არის და კარგიც - ერთის მხრივ, ზღუდავს ჩემს უფლებას, ვინაიდან ჩემი პირადი ცხოვრება შეუმჩნეველი არ რჩება, ხოლო მეორეს მხრივ, ძალზე მნიშვნელოვანია იმით, რომ ხალხები უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს.
ჩვენ უკეთ ვაცნობიერებთ იმ ღირებულებებს, რომლებიც თანაბრად ვრცელდება როგორც ქართველისათვის, ისე გრენლანდიელისათვის, ავსტრალიელის, აფრიკელისა თუ ამერიკელისათვის.
პიროვნებას, რომლის სახელსაც ეს დიდებული უნივერსიტეტი ატარებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ამ ღირებულებათა ჩამოყალიბებასა და მთელ მსოფლიოში მათ გავრცელებაში, რაც ყოველი ჩვენგანისათვის ძალზე საამაყოა.
ეს წვლილი არც სამხედრო ინტერვენციას გულისხმობს და არც საქართველოსნაირი ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას.
ეს დახმარებები, რა თქმა უნდა, ხშირად კარგი, მნიშვნელოვანი და დროულიც არის, თუმცა ამ შემთხვევაში, ლაპარაკია იდეებისა და ფასეულობათა მსოფლიოს მასშტაბით ექსპორტირების შესახებ.
"ექპორტირება" შესაძლოა არც იყოს ზუსტი სიტყვა და ჯობდეს "ერთმანეთისათვის გაზიარება" ვთქვათ.
ახალგაზრდა დემოკრატიის პირობებში საჭიროა ახალი აზროვნებისა და გამოცდილების, ასევე, ძველი კომპლექსებისაგან თავისუფალი ადამიანების ხელისუფლებაში მოსვლა, რაც წინა მთავრობისათვის უცხო იყო.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ჩვენ უკვე გვყავს გუნდი, რომელიც სწორედ ასე ფიქრობს.
ამის შესახებ, ჩემი ინაუგურაციის დროს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელსაც ვესაუბრე.
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნისას, ჩინეთის ტელევიზიამ ჩემს შესახებ საათნახევრიანი ფილმი გადაიღო და ინტერვიუს ჩასაწერად მუდმივად თან დამყვებოდა.
მე კი ჩემთვის საინტერესო არხებს ( "ბიბისი", "სიენენი" და სხვა) ვაძლევდი ინტერვიუს, რაზეც მათ მითხრეს: როგორ არ გესმით, ესენი ყველა პატარა ტელევიზიები არიან, ჩვენ კი 740 მილიონი მაყურებელი გვყავსო.
მაგრამ ეს არ არის მთავარი და ამით არც ვტრაბახობ.
მთავარი ის არის, რომ ამ დარბაზში გამოსვლით ვამაყობ, თუნდაც ათ-კაციანი აუდიტორია მისმენდეს - ეს ჩემთვის დიდი პატივია.
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი ჩემთვის თბილი, შესანიშნავი და მყუდრო სახლია და დღეს ჩემი აქ მოსვლა შინ დაბრუნებას ჰგავს.
ამ კედლებში გატარებული რამდენიმე თვე, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე აღსანიშნავი და მნიშვნელოვანი პერიოდია.
მადლობას გიხდით მობრძანებისათვის და თბილი მიღებისათვის.
დიდი მადლობა!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური