Google+

გამოსვლები და განცხადებები

16.02.2005
საქართველოს პრეზიდენტის საჯარო გამოსვლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მსურს თითოეულ თქვენგანს, უნივერსიტეტის დიდ საბჭოს და ქალბატონ რუსუდანს დიდი მადლობა მოვახსენო.

მიუხედავად იმ ზემოქმედებისა, რომელიც ძალიან ღირსეულ ხალხზე საკმაოდ უხეში ფორმით ხორციელდებოდა, თქვენ დაამტკიცეთ, რომ არავითარ შანტაჟს არ დაექვემდებარებით.

ნახეთ, რომ საჯარო გამოსვლებისგან თავს მაქსიმალურად ვიკავებდი.

ბევრი ადამიანი, რომელიც უნივერსიტეტში სწავლის დროს კარგი აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩეოდა, უნივერსიტეტის საქმეების განკარგვის დიდი სურვილი გაუჩნდა.

უნივერსიტეტმა მათ სათანადო პასუხი გასცა.

სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი.

მთავრობას ხალხთან მჭიდრო კონტაქტი უნდა ჰქონდეს და დიალოგი მუდმივად უნდა გამართოს.

თქვენ საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები ხართ.

ჩვენი მთავარი უპირატესობა ხალხია, მისი განათლება და ინტელექტის დონე.

თქვენ ახალი მთავრობის ძირითად ორიენტირს განასახიერებთ.

ჩვენ მოკლე და გრძელვადიანი გეგმები გვაქვს, რაზეც მთავრობა დღეს მუშაობს.

ორ-სამ თვეში გზების მშენებლობა უნდა დავიწყოთ და ეკონომიკური განვითარების პროცესი მზარდი უნდა გავხადოთ.

ჩვენი გრძელვადიანი გეგმა საქართველოს განვითარებულ, თანამედროვე და წარმატებულ ქვეყნად ჩამოყალიბებაა.

ამ მიზანს მოკლე ვადებში ვერ მივაღწევთ.

ჩვენ გვაქვს საშუალოვადიანი გეგმები, რაც ენერგეტიკის სფეროს რეაბილიტაციას გულისხმობს.

იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა ამუშავდეს, ქვეყანას ენერგეტიკა სჭირდება.

ენერგეტიკის ასაღორძინებლად კი, 2-3 წლიანი სერიოზული მუშაობაა აუცილებელი.

ყოველივე ამის კომბინაცია ქმნის იმას, რასაც საქართველოს განვითარება ეწოდება.

უნდა გავიაზროთ, თუ რა ხდება დღეს საქართველოში.

ვამბობთ და ეს ასეც არის - ჩვენ უზარმაზარი ისტორიული ტრადიცია გვაქვს.

ჩვენი სახელმწიფოებრიობის ბევრად უფრო ძველი ტრადიცია გვაქვს, ვიდრე ზოგიერთ განვითარებულ და წარმატებულ ქვეყანას;

მაგრამ სახელმწიფოს განვითარების თანამედროვე ტრადიცია - მთავარი, რითიც პოლიტიკა განისაზღვრება, არ გვაქვს.

პრაქტიკულად, ნანგრევებიდან ახალ ქვეყანას, თანამედროვე სახელმწიფოებრიობას ვაშენებთ.

როდესაც მიმდინარე პრობლემებზე, ხალხის გაჭირვებაზე ვსაუბრობთ, გვავიწყდება, რომ ერთი წლის განმავლობაში ახალი სახელმწიფოსთვის ჩარჩოს შექმნა და ნგრევის შეჩერება შევძელით.

ქვეყნის განვითარება შეუძლებელია, თუ სახელმწიფო აპარატი არ ფუნქციონირებს.

ჩვენ არამარტო ახალი გერბის და დროშის შექმნა (რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ატრიბუტია), არამედ ახალი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაც შევძელით.

შევქმენით ახალი პოლიცია, თუმცა არავის სჯეროდა, რომ ამ ქვეყანაში არაკორუმპირებული, არსებითად განსხვავებული პოლიციის სტრუქტურის ჩამოყალიბება შესაძლებელი იქნებოდა.

საფუძვლი ჩავუყარეთ ახალ არმიას.

გაგვიჩნდა ახალი სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ხელფასით თავის რჩენა შეუძლიათ.

ეს არის მთავარი, რაც სახელმწიფო აპარატს არასახელმწიფო მოღვაწისგან განასხვავებს.

ჩვენ გვყავდა მინისტრები, რომელთა ხელფასი 50 დოლარს შეადგენდა, მაგრამ 3-სართულიანი სახლები ჰქონდათ.

დღეს გვყავს თანამდებობის პირები, რომლებსაც მაღალი ხელფასი აქვთ, მაგრამ 3-ოთახიანი ბინის შესაძენად გრძელვადიანი კრედიტის აღება მოუწევთ.

ამის საშუალება დღეს მათ ნამდვილად აქვთ.

ეს არის არსებითი განსხვავება ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის.

როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, კარგად მახსოვს, რამდენს ლაპარაკობდნენ, რომ ჩვენ პოპულისტები ვართ და მხოლოდ იმას გავაკეთებდით, რაც პოპულარულია.

თუ დააკვირდით, ბევრი ძალიან არაპოპულარული საქმეებიც ვაკეთეთ - ქუჩის მოვაჭრეების განაწყენებით დაწყებული და სახელმწიფო აპარატის შემცირებით დამთავრებული.

რატომ მცირდება სახელმწიფო აპარატი? - იმიტომ, რომ თბილისში, სადაც მილიონიანი მოსახლეობაა, შეუძლებელია 3 ათას კაციანი მმართველობითი აპარატის არსებობა.

ეს იმას ნიშნავს, რომ, დაახლოებით, 300 კაცზე ერთი მმართველი მოდის.

ჩვენ, რა თქმა უნდა, პიროვნულ პოპულარობას არ ვეძებდით.

ჩვენი მთავრობა და ხელისუფლება პიროვნული რეიტინგისა და პოპულარობის მოპოვებას არ ცდილობდა, მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმას მივაღწიეთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა გაიზარდა.

ჩვენში პოლიციას საზოგადოების მხოლოდ 6 პროცენტი ენდობოდა, ეხლა კი, ამ ადამიანების რაოდენობა 90 პროცენტს აღემატება.

პროკურატურას ჩვენთან მოსახლეობის 7 პროცენტი ენდობოდა, გამოკითხვების მიხედვით კი, დღეს ეს რიცხვი ათჯერ გაიზარდა.

ჩვენთან ინსტიტუტებს, როგორიცაა სამინისტროები, ორგანიზაციები და პრეზიდენტის ინსტიტუტი (ხაზგასმით აღვნიშნავ ინსტუტს და არა პიროვნულად პრეზიდენტს), დღეს გაცილებით უფრო ბევრი ადამიანი ენდობა, ვიდრე თუნდაც რამდენიმე თვის წინათ.

სწორედ ეს არის სახელმწიფო.

ხალხი სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა ენდობოდეს და მიაჩნდეს, რომ ისინი საზოგადოების აზრს გამოხატავს.

ამავე დროს, ძველი საბჭოთა სტერეოტიპების გადალახვა გვიწევს.

ეს არამარტო ქუთაისის, ან თბილისის წყალგაყვანილობის დაძველებული მილები და დანგრეული ინფრასტრუქტურაა - 12 წლის განმავლობაში საქართველოში ახალი გზა არ აშენებულა და ინფრასტრუქტურის არცერთი პროექტი არ განხორციელებულა.

უპირველეს ყოვლისა, ეს არის მენტალიტეტი.

საქართველო საბჭოთა სტანდარტების მიხედვით, საკმაოდ მდიდარი ქვეყანა იყო.

მონოპოლია გვქონდა ციტრუსებსა და ღვინოზე, ტურიზმსა და მინერალურ წლებზე.

მთლიანობაში ეს ძალიან ბევრი ფულია.

ეს ფული დიდი შრომის გარეშე მოდიოდა.

თუმცა, როგორც კი ბაზარზე გავედით და დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ეს მონოპოლია დაიმსხვრა.

ინერცია იმისა, რომ ვიღაცამ უნდა გვაჭამოს, ღვინისა და ციტრუსების გასაღების ბაზრის ძებნა არ გვჭირდება, ტურისტი თავისთავად უნდა ჩამოვიდეს და საამისოდ რეკლამა აუცილებელი არ არის, მაინც არსებობს.

ეს ინერცია ჩვენი განვითარების მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.

ხალხი სახელმწიფოსაგან ჯერ კიდევ ელის იმას, რისი მოცემაც მას არ შეუძლია.

სახელმწიფოს არ შეუძლია თავისი მოსახლეობის ასე უბრალოდ გამოკვება და ამას ყველანი უნდა შევეგუოთ, რადგან ეს ჩვეულებრივი საბაზრო ურთიერთობებია.

ამავე დროს, სახელმწიფომ თავისი მთავარი ფუნქცია არ უნდა დაივიწყოს.

ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაშიც კი, განათლებისა და კულტურის სფეროები ინვესტიციების გარეშე ვერ განვითარდება და საბაზრო ეკონომიკას ვერ მოერგებიან.

ასე რომ, სახელმწიფომ უნდა მოიხსნას ის ფუნქციები, რაც მისი არ არის, მაგრამ კონცენტრირება უნდა მოახდინოს იმაზე, რაც უდავოდ მისია.

სტერეოტიპები, რომლებიც პოლიტიკურ სისტემას ეხება, ყველამ ერთად უნდა დავანგრიოთ.

მაგალითისათვის პარლამენტის დებატები ავიღოთ, უკმაყოფილება გამოითქვა იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტს გამოსვლისას მკვეთრი ტონი ჰქონდა.

ბოდიშს ვიხდი, მაგრამ დემოკრატია ის კი არ არის, რომ მარტო ერთმა ადამიანმა ილაპარაკოს და დაბეჩავებულმა ხელისუფლებამ ხმაც არ ამოიღოს.

ასეთი ხელისუფლება ხომ გვყავდა?

ტოტალიტარულ სახელმწიფოებზე ტკბილმოუბარი და გემრიელი ხელისუფლება არ არსებობს, მაგრამ ეს დემოკრატია არ არის.

დემოკრატია არის ის, როდესაც ნებისმიერს შეუძლია საკუთარი აზრის გამოთქმა, მათ შორის, ყველაზე რადიკალსაც კი, მაგრამ, საბოლოოდ, ხალხი გადაწყვეტს ვინ მართალია და ვინ მტყუანი.

სწორედ ეს არის ნამდვილი დემოკრატია.

სვამენ კითხვას, თუ რას ჰგავს საქართველოს მთავრობა, სადაც ერთი განსხვავებული აზრიც კი არ არსებობს და ამის პროპაგანდას ახდენენ.

მე კი კითხვას ასე ვსვამ: რას ჰგავს ის მთავრობა, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს და რომელ ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაშია ისეთი მთავრობა, სადაც 50 განსხვავებული აზრი და პოზიცია ფიგურირებს.

არ მოსწოთ ისიც, რომ არსებობს საპარლამენტო უმრავლესობა და მონების ჯგუფს უწოდებენ, რადგან ისინი ერთი მიმართულებით აზროვნებენ.

ამ უმრავლესობას ის შიდა დისციპლინა აქვს, რომელიც დემოკრატიას სჭირდება.

ხანგრძლივი კამათის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებში ჩვენ ერთიანი ვართ და კერძო ინტერესს არ გავატარებთ.

ეს არის ნამდვილი დემოკრატიული სისტემა.

ამავე დროს, რა თქმა უნდა, არის სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი პრესა, რომელიც ჩვენი მთავარი მონაპოვარია.

ხალხი ყველა სატელევიზიო არხით გამოდის და ამბობს, რომ მათ სიტყვის თავისუფლება არა აქვთ.

ეს ჩვეულებრივი რამ არის და ესეც არსებული სტერეოტიპია.

დემოკრატია და დებატები არის ის, რაც საქართველოს განავითარებს, ჭეშმარიტება კი, ყველა კამათში დაიბადება.

დებატებსა და ცხარე დისკუსიებში უნდა შევძლოთ ჭეშმარიტების დანახვა, რომლის არსი საზოგადოების წინსვლაშია.

ყველა მთავრობა, რომელიც დისკუსიების ხელოვნურად შეზღუდვას შეეცდება, აუცილებლად დამარცხდება.

ჩვენი ძალა იმაშია, რომ დისკუსიებისა და დებატების არ გვეშინია, ამიტომაც ვართ დღეს თქვენს წინაშე.

შეგვიძლია სხვა სტერეოტიპებზეც ვისაუბროთ.

მაგალითად, გუშინ ქუთაისში რეზერვისტები ჩავიდნენ.

ყველამ ვიცით, რომ ქუთაისის პრობლემა რეზერვისტთა ჩასვლით არ გადაწყდება - ამას ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება სჭირდება, რადგან წყლის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ ქუთაისშიც და სხვა ქალაქებშიც გადაწყდეს.

ამისთვის აუცილებელია მილიარდობით დოლარის ინვესტიციები და, რა თქმა უნდა, ეს არც დღეს მოხდება და არც ხვალ.

მთავარი ამ ღონისძიებაში ის იყო, რომ ასობით ადამიანმა, განსაკუთრებული ანაზღაურების გარეშე, ოჯახებში წყალი მიიტანა და საზოგადოების სასარგებლოდ იშრომა.

რეზერვისტთა ბანაკებში ოცი ათასამდე ადამიანი რიგში დგას, რათა ყოველ დილას 6 საათზე ადგეს, 5 კილომეტრი 20-გრადუსიან ყინვაში ირბინოს და სხვა დაბრკოლებები გადალახოს.

შემდეგ კი, როდესაც საჭირო გახდება, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში გაჩენილ ხანძარს ჩააქრობს და ქუთაისის მოსახლეობას წყლით მოამარაგებს.

ეს არის ერთი მენტალიტეტი - "საქართველო უნდა ავაშენო მე".

საქართველოს ვერ ააშენებს ვერც სააკაშვილი, ვერც ნოღაიდელი, ვერც ლომაია, საქართველო ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მენტალიტეტია.

რამდენიმე დღის წინათ ერთმა დამსახურებულმა 75 წლის ადამიანმა წერილი მომწერა: "გთხოვთ, წამიყვანოთ რეზერვისტთა ბანაკში, ნუ გაქვთ ასაკობრივი შეზღუდვა. შემიძლია ყველაფრის კეთება".

ამავე დროს, ტელევიზიით აჩვენებდნენ 22 წლის ბიჭს, რომელიც პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლზე კომენტარს აკეთებდა: "ისევ დაპირებები და დაპირებები..."

ეს ბიჭი ნაადრევად არის დაბერებული.

ოცდაორი წლის ხარ, მთელი ცხოვრება წინ გაქვს, ჯანი გერჩის და გადაადგილება შეგიძლია, ალბათ რაღაც გატაცებაც გაქვს, მოდი, შენ ააშენე ეს ქვეყანა.

ჯერ ერთი, არცერთი დაპირება ჩემს გამოსვლაში არ ყოფილა, ჩვენ ყველაფერი ერთობლივი ძალებით უნდა გავაკეთოთ.

თუ ამის მოსმენა არ გინდა, არავინ გავალდებულებს, მაგრამ შენ ააშენე ეს ქვეყანა, იშრომე და შენ იყავი მისი შემოქმედი.

მაგალითად, პარლამენტში ოპოზიციური ჯგუფი გამოდის და ამბობს, რომ არ მოსწონს წარწერა საპატრული პოლიციის მანქანებზე.

აიღეთ საღებავი, ფუნჯი, შეარჩიეთ ფერი, გინდა გადაღებეთ და გინდა მოხატეთ, მე რაც შემეძლო, დავაწერე.

ეხლა ცოტა თქვენც იშრომეთ, თუ ასე კარგად იცით, რა როგორ უნდა იყოს.

ეს არის მთავარი, რაც საქართველოში უნდა დაინერგოს.

ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ქმედითი საზოგადოება ვართ, რომელიც მის ნაცვლად, ვინმეს მიერ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტას არ ელოდება.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს უმწეოები, რომლებსაც უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ.

გუშინ, როდესაც წყალი მეთორმეტე სართულზე აჰქონდათ, ესეც მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღების მაგალითი იყო.

მაგრამ ეს გამონაკლისია.

მთლიანობაში საზოგადოებას შეუძლია, რომ საკუთარ ბედზე თავად იზრუნოს.

როდესაც ჩვენ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ის ეთნიკურად ჭრელია და მასში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ცხოვრობენ.

ჩვენ უნდა შევძლოთ მათი თვალით დავინახოთ ის, რაც წინა წლებში საქართველოში მოხდა.

ყოველივე ამის დანახვა ოსის და აფხაზის თვალით უნდა შევძლოთ.

ჩვენ ასევე ისიც უნდა შევძლოთ, რომ ყველა აზერბაიჯანელი და სომეხი თავს ამ საზოგადოების ნაწილად მიიჩნევდეს.

ამ ადამიანებისთვის სპეციალურ ადმინისტრაციულ სკოლას ვქმნით, რათა სახელმწიფო აპარატში მათი ინტეგრაცია მოხდეს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე ბანდიტების თარეშზე თანხმობას ვაცხადებთ.

არასოდეს შევეგუები იმას, რომ ვინმემ საქართველოს ტერიტორიის ხელყოფა მოახდინოს.

იმისათვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით მოხდეს, მშვიდობაზე არამარტო უნდა ვისაუბროთ, არამედ უნდა გვჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია.

ეს ძალიან მნიშვნელივანი ფაქტორია და სწორედ ეს იყო ჩემი სამშვიდობო გეგმა, რომელიც სტრასბურგში წარვადგინე.

უნდა გავიაზროთ, თუ რისთვის კეთდება ყოველივე ეს.

ჩვენ გვყავს მთავრობის წევრები, მაგალითად, ვერავინ ვერ ეტყვის ზინაიდა ბესტაევას, რომ მან საქართველოთი არ უნდა იამაყოს, რადგან ეს მისი სამშობლოა, ისევე, როგორც ვერავინ ეტყვის მას, რომ მან არ უნდა იამაყოს თავისი ოსობით, რადგან ეს მისი იდენტურობაა.

ეს ის ოსია, რომელიც საქართველოთი ამაყობს და ჩვენ გვყავს აზერბაიჯანელები, სომხები, რომლებიც საქართველოთო ამაყობენ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად მეტი აფხაზი გვეყოლება, რომელიც იამაყებს, რომ იგი საქართველოს ნაწილია.

ეს ჩვენი სიმდიდრეა და არა სისუსტე.

ჩვენ ეს ხალხი სწორედ ასე უნდა აღვიქვათ.

ეს მეორე საკითხია, რაც სტერეოტიპების ნგრევას შეეხება.

ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს.

პირველი წელი სახელმწიფო აპარატის ინფრასტრუქტურის შექმნას დავუთმეთ.

მეორე წელი კი, განათლების სისტემაში, სახელმწიფო ადმინისტრციასა და ადგილობრივ მმართველობაში სერიოზული რეფორმების განხორციელებას დაეთმობა.

სრული ადგილობრივი დემოკრატიის შექმნა მერების და გუბერნატორების დონეზე უნდა მოხდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველა მერი და გუბერნატორი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი წესით, არჩეული და არა დანიშნული უნდა იყოს.

ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მმართველობითი ფუნქციები საქართველოს ხელისუფლებას არ ექნება, რადგან ამის გარეშე ქვეყნის მართვა წარმოუდგენელია.

ეს მორიგი რეფორმაა.

ჩვენ ინფრასტრუქტურის დიდ მშენებლობას ვიწყებთ.

როგორც კი დათბება, საქართველოში ტექნიკა შემოვა, ასფალტის დაგება და მშენებლობები დაიწყება, რათა ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა შეიქმნას.

როგორც კი ახალი საგადასახადო კოდექსი გვექნება, ვერცერთი სახელმწიფო ორგანო მეწრმეს ცუდად ვეღარ შეეხება.

თქვენ ფხა და მარიფათი უნდა გამოიჩინოთ, ყველა სტუდენტი უნდა ფიქრობდეს, რომ კერძო სექტორში წავიდეს, რა თქმა უნდა, საუკეთესო ნაწილი სახელმწიფო სტრუქტურებში უნდა დასაქმდეს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეკონომიკას კერძო სექტორი ქმნის.

კერძო სექტორის საშუალებით, პროდუქციის სოფლიდან გასატანად, სახელმწიფოს გზების დაგება შეუძლია, ჩვენს ბიზნესს კი, დღეს ამის ფული არა აქვს.

ჩვენ შეგვიძლია მოველაპარაკოთ სხვა სახელმწიფოებს, რომ შეღავათიანი ტარიფები დავაწესოთ, რაზეც უკვე ვმუშაობთ.

თქვენ არცერთი სახელმწოფო ორგანო ცუდად არ შეგეხებათ, დანარჩენი კი, უკვე ადამიანების გადასაწყვეტია.

ისევ ვუბრუნდები ძველ თემას - საზოგადოებამ თავისი ბედი თავად უნდა განაგოს და ეკონომიკა შექმნას, ისევე, როგორც მე არმიისა და პოლიციის შექმნა შემიძლია.

რაც შეეხება განათლების სისტემას - განათლების რეფორმის განხორციელება, უპირველეს ყოვლისა, ამ სფეროში ინვესტიციების ჩადებას ითვალისწინებს და ჩვენ ამაზეც სერიოზულად ვმუშაობთ .

ფულის გარეშე ხარისხიანი განათლების მიღება წარმოუდგენელია.

სამ-ოთხ წელიწადში ყველა ქართული სკოლის კომპიუტერიზაცია და ინტერნეტში ჩართვა უნდა მოხდეს.

ეს არის კახა ლომაიას პროგრამა და პირველი ქართული ანბანის პრეზენტაციაც გაიმართა.

ეს, დაახლოებით, 40 მილიონი დოლარი ჯდება და ამ თანხას აუცილებლად გამოვყოფთ, მაგრამ ფული უნივერსტიტეტებს და ინსტიტუტებსაც სჭირდებათ.

მაგალითად, ავიღოთ "ბაქტერიოფაგი" - მსოფლიო რანგის კვლევითი ინსტიტუტი, რომლის ანალოგი არ მოიძებნება.

ის დღეს მიტოვებული და გაუბედურებულია.

ჩვენ ასეთი საგანძური გაქვს და პრაქტიკულად, მას სრულად ვერ ვიყენებთ.

ამის მსგავსი, პოტენციურად ძალზე მნიშვნელოვანი და გამოუყენებელი სამეცნიერო ცენტრის მაგალითი, ბევრი გვაქვს.

ამას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

დაბოლოს, მინდა გითხრათ - ეს მთავრობა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

მანამდე, სანამ მას პარლამენტში საბოლოოდ "შეახრამუნებენ", ყველაზე გემრიელი ლუკმა თქვენ, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უნდა გერგოთ.

მინდა, რომ მათ ყველა კითხვა დაუსვათ და ყველანაირი პირობა დაადებინოთ, რომელთა შესრულებასაც თავად მოვითხოვ.

პარლამენტთან ძალიან ადვილია საერთო ენის გამონახვა, რადგან ისინი მაინც პოლიტიკოსები არიან, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ თუ კარგად ვერ იმუშავებენ, სტუდენტებს ვერ მოელაპარაკებიან.

მთავრობა აქ სრული შემადგენლობით არის წარმოდგენილი და თუ თქვენ მოიწონებთ, მაშინ ხუთშაბათს მათ პარლამენტიც დაამტკიცებს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შემადგენლობის გამოცვლაზე სერიოზულად ვიფიქრებ.

მთელი ძალაუფლება თქვენ - საქართველოს სტუდენტობასა და ახალგაზრდობას გადმოგეცემათ.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)