საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის გამო, მთავრობის საგანგებო სხდომაზე განცხადება გააკეთა.
ჩვენ მთავრობის საგანგებო სხდომა იმიტომ მოვიწვიეთ, რომ ქვეყნის უმეტეს რეგიონში ენერგეტიკული კრიზისია შექმნილი.
ჩვენ საზოგადოებას ფუჭი დაპირებები არ უნდა მივცეთ, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა.
ენერგეტიკული კრიზისი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავამთავროთ, ასევე უნდა შევიმუშავოთ ზუსტი პროგრამა, რომ საქართველოში ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს.
ამის შესახებ ზურაბ ნოღაიდელს უკვე ვესაუბრე.
მარტო ის, რომ თბილისი და ბათუმი განათებულია, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონები ჩაბნელებული, ეს სერიოზულ მიღწევად არ უნდა ჩაითვალოს.
ჩვენ ახალი ობიექტების მშენებლობა უნდა დავიწყოთ და თითოეულ ოჯახს, მთელ საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, თუ როდის გამოვა საქართველო წყვდიადიდან.
ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის გარეშე, ეკონომიკის განვითარება და ქვეყნისთვის სასიკეთო პერსპექტივების განხორციელება შეუძლებელი იქნება.
უახლოეს მომავალში, საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა ენერგეტიკული კრიზისის მოგვარება იქნება.
დღევანდელი მთავრობის სხდომა სწორედ ამ საკითხს ეძღვნება და ჩვენ ენერგეტიკის მინისტრის მოხსენებასაც მოვისმენთ.
მე მივესალმები, რომ სხდომას პარლამენტარი გიორგი ნაცვლიშვილი და სხვა დეპუტატები ესწრებიან.
მინდა ყურადღება გავამახვილო პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დეპუტატთა რაოდენობის 150-მდე შემცირების შესახებ, რაც წინა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა.
ჩვენი მიღწევა არის ის, რომ უკვე ძალიან კარგი იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ასევე ძალიან კარგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გვყავს.
დღეიდან უზენაეს სასამართლოს ორი საუკეთესო მოსამართლე ეყოლება, მათი კანდიდატურები პარლამენტმა დაამტკიცა.
ეს ხალხი პოლიტიკური ნიშნით არ შეირჩა, ჩვენი ძირითადი კრიტერიუმი წესიერება და პატიოსნება იყო.
მოხიბლული ვარ, რომ ცხარე დებატების მიუხედავად, პარლამენტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საკითხს პასუხისმგებლობით ეკიდება.
მთავრობას ჰყავს პრესსპიკერი ქალბატონი ლეილა ავიძბა და გთხოვთ, მასთან ერთად მოამზადოთ საინფორმაციო ფურცელი, რომელიც თითოეულ ქართულ ოჯახში დარიგდება და საზოგადოების წევრებს არსებულ ვითარებას განუმარტავს.
ჩვენ წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ხალხთან საუბარი და სიმართლის თქმა უნდა შევძლოთ.
ფაქტია, რომ სისტემა მთლიანად დანგრეულია, ორმოცდაათ მილიონიანი კრედიტი, რომელიც საქართველომ მიიღო, საკმარისი იყო ხუდონჰესის ასაშენებლად, რაც პრობლემას მთლიანად მოაგვარებდა, მაგრამ ეს თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა.
ამასთან ერთად, მეზობელი ქვეყნების ვალიც დაგვემატა.
ფინანსთა მინისტრს ვთხოვ, რომ ეს საკითხი დეტალურად შეისწავლოს.
ჩემი პრეზიდენტობის ერთი წლის თავზე გავარკვიე, რომ ქვეყანას დამატებითი ვალები აქვს.
ეს აღმაშფოთებელი ფაქტია, რადგან ქვეყანაში კრედიტის სახით მიღებული თანხები პრობლემების მოგვარებაზე არ დახარჯულა.
თუ ვიღაცის ოფშორულ ანგარიშებზეა საუბარი შვეიცარიაში, ან რომელიმე სხვა ქვეყანაში, მაშინ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამიოიძიონ.
სიმართლე, რომელიც მთავრობამ ხალხს დაუმალა ძალიან მარტივია_ არსებული სიმძლავრეებით საქართველოს მთლიანად განათება ფაქტობრივად შეუძლებელია.
ჩვენ საქარველო აპრიორულად იმისათვის გავწირეთ , რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში ენერგოდეფიციტი ყოფილიყო.
ხალხს საბოლოოდ უნდა ვუხრათ, რომ საქართველოში არსებული ჰესები, თბოელექტროსადგურები, ასევე იმპორტის შესაძლებელი ხაზები საკმარისი არ არის იმისათვის, რომ თითოეული ქართული ოჯახი ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი იყოს.
ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ახალი სიმძლავრეები და ხაზები გვჭირდება, რათა მთელი საქართველო დამოკიდებული არ იყოს ერთ მავთულზე და იმ ადამიანთა ნება-სურვილზე, რომლებსაც ხაზის დაზიანება იარაღის გამოყენებით შეუძლიათ.
ჩვენი მთავარი ამოცანაა ახალი თბოელექტროსადგურების მშენებლობა, ვინაიდან ჰესების რეკონსტრუქციას ვერ შევძლებთ.
ხუდონჰესის ინვესტორიც რომ გამოჩნდეს, მის დასრულებას 5-6 წელი მაინც დასჭირდება, საზოგადოება კი, ამდენს ვერ მოითმენს.
მანამდე საქარველოს გაზმომარაგების ალტერნატიული წყაროები და მის შესაძენად აუცილებელი თანხა არ ჰქონდა.
როგორც უკვე აღვნიშნე, თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა.
ჩვენთვის აუცილებელ თანხებს პრივატიზაციიდან მივიღებთ, რაც საქართველოს განვითარების გრძელვადიან პროგრამას მოხმარდება. პრივატიზაციიდან მიღებული ფული ენერგეტიკის რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.
ჩვენ დაახლოებით 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია გვჭირდება.
მსურს, რომ მოლაპარაკები გაზოტურბინების თაობაზე, გამჭვირვალე იყოს.
მსოფლიოში სულ ხუთი-ექვსი მწარმოებელია.
თუ ვინმე უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ხელშეკრულებას მასთან გავაფორმებთ.
მშენებლობა არაუგვიანეს აპრილის ბოლოს უნდა დავიწყოთ.
მთელმა საქართველომ უნდა იცოდეს, რომ ამის შედეგად, თითოეულ ოჯახს 24 საათიანი ენერგომომარაგება ექნება.
რასაც ჩვენ ავაშენებთ, საკმარისი მხოლოდ ბინების გასანათებლად იქნება, ეკონომიკის განვითარებისათვის კი, აუცილებელია ახალი ხაზების მშენებლობა.
ისრაელი ჩვენსათვის პატარა ქვეყანაა, რომლის ენერგოსაწარმოები 4-ჯერ მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ეკონომიკა მაღალგანვითარებულია.
ჩვენთვის ახალი ხაზების ასაშენებლად მეტად მნიშვნელოვანია რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, შუა აზიისა და ირანის ინტერესების გათვალისწინება.
ჩვენი ენერგეტიკის დამოუკიდებლობა მეტად მნიშვნელოვანია.
ჩემთვის გაუგებარია გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს მთავრობა ისეთს არაფერს გააკეთებს, რაც მას მონოპოლიებზე დამოკიდებულს გახდის.
ჩვენ ყველა კომერციულ წინადადებას განვიხილავთ.
საქართველოს ინტერსებიდან და მისი ენერგეტიკული დამოუკიდებლობიდან გამომდინრე, ჩვენი დაშანტაჟება ვერავინ უნდა შეძლოს.
დღეს სეპარატისტებს ენგურიდან 200 მეგავატზე მეტი ელექტროენერგია რომ არ მიჰქონდეთ და ხელისუფლება გალის რაიონს მაინც რომ აკონტროლებდეს, საქართველოში ენერგოდეფიციტი აღარ იქნებოდა.
მე არავის ვემუქრები, რადგან ჩვენ მშვიდობიანი განზრახვები გვაქვს,
ასევე არავის ვურჩევ, რომ დენთან დაკავშირებით, პროვოკაციები და შანტაჟი მოაწყოს, რადგან ეს საქართველოსათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია.
ყველამ იცოდეს, რომ დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს.
მე ნამდვილად ვაფასებ იმას, რომ ენეგრეტიკის სამინისტროში კორუფცია აღარ არის.
ამიერიდან, შრომის შეფასება თქვენს მიერვე შესრულებული სამუშაოს მიხედვით მოხდება.
ის, რომ ადამიანი არ იპარავს, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ თანამდებობაზე დარჩეს.
ის, ვინც იპარავს, მირცხულავას მსგავსად, სასჯელს იხდის.
პარლამენტში შეგვაქვს კანონი, რომლის თანახმადაც, ფულის გადახდისა და ზარალის ანაზღაურების შემთხვევაშიც კი, დამნაშავე სასჯელს ვერ აიცილებს.
ყველამ გაიგო, რომ მთავრობა აღარ იპარავს, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საქმესაც აკეთებს.
ენეგრეტიკა ჩვენი მთავრობის მუშაობის შეფასების მთავარი კრიტერიუმია.
ჩვენ წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და გზების მშენებლობას ვიწყებთ.
სამი კომპონეტი _ ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა და პატიოსანი მთავრობა საქართველოს ეკონომიკას ააღორძინებს.
არცერთ ქვეყანაში მთავრობას ეკონომიკის ამუშავება არ შეუძლია, მაგრამ კარგი კანონების პირობებში, მან ქვეყნის ეკონომიკური სტუბილურობისათვის ნიადაგი უნდა მოამზადოს.
ტურისტულ ობიეტებთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო პროექტები არსებობს აჭარაში, ბორჯომსა და ბაკურიანში.
პროექტების ზრდასთან ერთად, ელეტროენერგიაზე მოთხოვნილება გაიზრდება.
ხალხს მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე უნდა ვუთხრათ და თუ გაუარესება იქნება, ესეც არ უნდა დავუმალოთ.
ჩვენი მთავარი კაპიტალი საზოგადოების ნდობის მოპოვებაა.
უმჯობესია ვუთხრათ, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, ვიდრე ფუჭი დაპირებები მივცეთ. ტარიფის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
როგორც საზოგადოებას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ჩვენი გადასახდელია.
ჩვენი არ გვაქვს ნავთობი, გაზი და არც მემკვიდრეობით დარჩენილი დიდი რაოდენობის თანხა, პირიქით, ყველაფერი გაძარცვულია.
ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელმაც საკუთარი თავი უნდა შეინახოს.
ბოლოს და ბოლოს, ჩვენ სიმართლის აღიარება შევძელით და პრობლემის მოგვარების კონკრეტული ვადა დავასახელეთ, რაზეც პასუხს ყველა ერთად ვაგებთ.
ბატონ ზურაბს ვთხოვ,რომ ეს საკითხი პირადად მკაცრად გააკონტროლოს. ენერგეტიკა საქართველოში უნდა მოწესრიგდეს, ქვეყანა უნდა განათდეს.
ჩვენს მიერ დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ, საქართველოში არცერთი ჩაბნელებული სახლი არ უნდა იყოს.
ამის მიღწევა შესაძლებელია, გაუმჯობესება კი, ყოველ კვარტალში უნდა იგრძნობოდეს.
გთხოვთ ყველას, რომ მაქსიმალური საჯაროობის პირობებში, მოლაპარაკება ყველა მიმართულებით დაიწყოს, ტელევიზიისა და პრესის საშუალებით განმარტეტები გაკეთდეს, რათა საზოგადოებასთან ინფორმაციის მუდმივი გაცვლა-გამოცვლა მოხდეს.
ჩვენი ამ ხალხის მიერ არჩეული მთავრობა ვართ.
მან უნდა იცოდეს, თუ რას ვაკეთებთ ქვეყანაში არსებული პრობლემების შესამსუბუქებლად.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური