Google+

გამოსვლები და განცხადებები

10.05.2005
პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრესკონფერენცია პარლამენტის შენობაში

მიხეილ სააკაშვილი: "საქართველო ძალიან ამაყია, რომ თქვენ ამ პატარა მიწაზე ჩამობრძანდით!"

ბატონო პრეზიდენტო, ამ ისტორიულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მინდა მოგესალმოთ.

როგორც მითხრეს საქართველოს ქუჩებში თქვენს დასახვედრად 150 ათასამდე ადამიანია შეკრებილი.

მსურს მოგახსენოთ, რომ საქართველოს ისტორიაში ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა და თქვენი ვიზიტის მნიშვნელობაზე მეტყველებს.

გუშინ აეროპორტთან სწორედ ის ხალხი ნახეთ, რომელიც ქუჩაში თქვენს დასახვედრად გამოვიდა.

ეს ჩრდილოეთ კორეა არ არის.

ჩვენ არ შეგვიძლია მოსახლეობა მოვატყუოთ და მცდარი ინფორმაცია მივაწოდოთ.

ეს პირადად ჩემთვის ძალზე ამაღელვებელი იყო.

ამ შენობასთან 18 წლის წინათ, დემოკრატიისა და მისი პრინციპების დასაცავად 180 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარებებისა და დემოკრატიის განვითარების მხრივ, საქართველოს მიმართ არც ერთ ქვეყანას ისეთი მხარდაჭერა არ გამოუხატავს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ამ თვალსაზრისით ქართველები ამერიკელების მიმართ მადლიერებას მუდმივად გამოხატავენ.

მსურს მივესალმო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს!

ამერიკასა და საქართველოს შორის პარტნიორობას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, აქედან გამომდინარე, ჩვენი ურთიერთობა, მილსადენების პროექტებსა და სხვა სტრატეგიულ საკითხებზე უფრო მნიშვნელოვანია.

ეს თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების გაზიარებასა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებას შეეხება.

პრეზიდენტი ბუში ის პიროვნებაა, რომელიც ამ საკითხს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს და მისი აქტიური მხარდამჭერია.

პრეზიდენტი ბუში საქართველოს იმიტომ ეწვია, რომ ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა - თავისუფლებისმოყვარე ადამიანს ტირანიის პირობებში არსებობა არ შეუძლია.

ორივემ ვიცით, რომ თავისუფლება მათგან უნდა დავიცვათ, ვისაც მისი შეზღუდვა სურს.

ჩვენი ერთობა კი, გვაძლიერებს და იმედს გვაძლევს, რომ უფრო მეტ შედეგს მივაღწიოთ.

სწორედ ამიტომ 800 ქართველი ჯარისკაცი მოკავშირეთა ძალებს ეხმარება, ერაყში იბრძვის იმ ძალის დასამარცხებლად, რომელთა მთავარი მიზანი ხალხის დამონება, დაშინება და ხოცვაა.

ამიტომ არიან ქართველები ავღანეთში ნატოს მისიით.

აქედან გამომდინარე, ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ამერიკა, უკრაინის მსგავსად, საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციას მხარს უჭერს.

ამერიკის შეერთებული შტატები ასევე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ ვაფასებთ ამ მხარდაჭერას და უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.

ჩვენ ვაპირებთ, რომ მშვიდობიანად გადავწყვიტოთ პრობლემები, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებთან - ამ რეგიონების მოსახლეობასა და ტერიტორიებთან არის დაკავშირებული.

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დემოკრატიული პროცესები, მიმდინარე რეფორმები უფრო ფართომასშტაბიანი გავხადოთ, რათა საქართველოში ცხოვრება უკეთესი გახდეს.

ამას გარდა მივისწრაფვით, რომ ყველა მეზობელ ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობა დავამკვიდროთ და დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ყველა ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხს გადავწყვეტთ.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ბრწყინვალე ლიდერი ბრძანდებით!

საქართველო ძალიან ამაყია, რომ თქვენ ამ პატარა მიწაზე ჩამობრძანდით!

ქართველებს გვწამს, რომ სტუმარი ღვთისაა და თქვენ ყველაზე ძვირფასი სტუმარი ხართ!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!]

ჯორჯ ბუში: "თქვენ გყავთ მეგობრები ამერიკაში!"

მოგესალმებით!

ბატონო პრეზიდენტო, უპირველეს ყოვლისა მადლობელი ვარ თქვენი სტუმართმოყვარეობისთვის.

ქართული ცეკვა და სიმღერა გასაოცარი და თვალწარმტაცი იყო, ქართული სამზარეული კი - უგემრიელესი.

დიდი მადლობა მსურს გადავუხადო მათ, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ძალზე გულახდილი საუბარი მქონდა.

გულახდილია პრეზიდენტი სააკაშვილიც და ეს მე ძალიან მომწონს.

მას უყვარს დემოკრატია და თავისუფლება, უყვარს ქართველი ხალხი.

თანამედროვე ისტორიაში ვარდების რევოლუცია მნიშვნელოვანი მომენტი იყო.

ვარდების რევოლუციამ თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრება მთელ მსოფლიოს მოანდომა.

ამგვარი სიმამაცე აღნიშვნის ღირსი და დასაფასებელია.

ხალხის სურვილია გაიზარდოს მშვიდობიან ქვეყანაში.

ვაფასებ იმ რეფორმებსაც, რომლებიც თქვენ განახორციელეთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ მოკლე პერიოდის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება შეძლო.

საქართველოს პრეზიდენტმა იცის, რომ გასაკეთებელი და სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.

დემოკრატია უფრო მეტად უნდა განვითარდეს და კანონის უზენაესობა უნდა დამკვიდრდეს.

აუცილებელია თავისუფალი მასმედიის არსებობა.

პრეზიდენტი სააკაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა და ეს კარგია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ თავისუფლები ხართ.

ჩვენს მასმედიაზე უკმაყოფილო მეც ხშირად ვარ, მაგრამ საზოგადოების წინაშე ამას არ ვაცხადებ.

თქვენი სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას მოუთმენლად ველი.

ამ ხალხს შევახსენებ, რომ მათ გვერდით ისეთი ჭეშმარიტი დემოკრატიული საზოგადოებაა, რომელიც ეროვნულ უმცირესობებს პატივს სცემს.

საქართველო მრავალფეროვანი და დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანაა, სადაც დემოკრატია აუცილებლად განვითარდება უფრო მეტად.

ჩვენ ნატო-სთან დაკავშირებულ საკითხებზეც ვისაუბრეთ.

პრეზიდენტმა ნათლად გამოხატა, რომ საქართველოს ამ ორგანიზაციასთან ინტეგრაცია სურს.

ამას ჩვენც მოუთმენლად ველით!

ამერიკასა და საქართველოს ალიანსი ორივე ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს.

ჩვენ გვსურს, რომ ქართველმა ხალხმა მიზნებს მიაღწიოს.

მადლობას ვუხდით საქართველოს პრეზიდენტს და ქვეყნის მოსახლეობას იმისათვის, რომ ერაყსა და ავღანეთში ჯარი დანაყოფები გაგზავნა.

შეხვედრისას სხვადასხვა რეგიონული პრობლემების მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხსაც შევეხეთ.

იმედი მაქვს, რომ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე ამ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებას შევძლებთ.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დახმარებით, ამ თვალსაზრისით საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.

მე მოუთმენლად ველოდი ამ ვიზიტს და ახლა, მოუთმენლად ველი თავისუფლების მოედანზე გასვლას.

ეს ჩემი ქვეყნის ერთგვარ სავიზიტო ბარათად წამოვიდგინოთ, რადგან მოედანს თავისუფლების სახელი აქვს.

მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საქართველოს და ვუთხრა, რომ თქვენ გყავთ მეგობრები ამერიკაში!

შეკითხვები:

დავით ნიკურაძე - რუსთავი 2

- შეკითხვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან მექნება - თუ გქონდათ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარი საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების შესახებ? მას შემდეგ რაც თქვენ მოსკოვი დატოვეთ, რუსეთის პრესა აცხადებს, რომ ეს ორ ქვეყანას შორის განსახილველი საკითხია და აშშ არ აპირებს მოითხოვოს სტამბოლის გადაწყვეტილების შესრულება. როგორ ფიქრობთ, ეს მართლაც საშინაო და ორ ქვეყანას შორის გადასაწყვეტი საკითხია, თუ მიგაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში, საერთაშორის თანამეგობრობის ზემოქმედება უფრო ეფექტიანი იქნება?

ჯორჯ ბუში: შეკითხვა რუსეთის ბაზების გაყვანას შეეხებოდა. ამის შესახებ პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრეთ. მან იცოდა, რომ მე საქართველოში ჩამოვდიოდი და ვთქვი, რომ მოუთმენლად ველოდებოდი ჩემს მეგობარ, სააკაშვილთან სტუმრობას. დარწმუნებული ვიყავი, რომ სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხი აუცილებლად წამოიჭრებოდა. ვიცი რომ არსებობს 1998 წლის სტამბულის შეთანხმება. პრეზიდენტ პუტინთან რუსეთის ბაზებზე საუბრისას, მან მითხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, პოზიტიურად არის განწყობილი. პრეზიდენტ პუტინმა თავად შემახსენა სტამობოლის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთი იღებს ვალდებულებას, რომ რუსული ბაზები საქართველოს ტერიტორიიდან გარკვეულ ვადებში გაიყვანოს.

ამერიკელი ჟურნალისტი

- როგორი დამოკიდებულება აქვს ამერიკას ისეთ სეპარატისტულ რეჟიმთან დაკავშირებით, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყნისგან გამოყოფა სურს.

ჯორჯ ბუში: დემოკრატია მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა დამყარდეს, ხოლო რაც შეეხება სეპარატისტულ რეგიონებს, ეს საკითხი გამჭვირვალე მიდგომით უნდა მოგვარდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ავტონომიასა და თვითმართველობას, მაგრამ ქვეყნის დანაწევრებას მხარს ვერ დავუჭერთ. ამერიკა ყოველთვის დემოკრატიისა და თავისუფლების მომხრეა. საქართველოს პრეზიდენტთან დგომა ამ საკითხის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების ერთგვარი მესიჯია. ჩვენ შეგვიძლია ყველანაირი დახმარება გავუწიოთ პარტნიორებს, რათა საქართველოს საზოგადოების მომავალი თაობები თავისუფალ ქვეყანაში გაიზარდონ. სააკაშვილი ჩემი პარტნიორია, რომელსაც დემოკრატიის გამარჯვების მტკიცედ სწამს და ამ მხრივ ვაფასებ მის წვლილს! კიდევ ერთი მსურს დავამატო - მე აბსოლიტურად ვუჭერ მხარს ძლიერ თვითმართველობის ინსტიტუტებს, ვიცი თუ რას ნიშნავს ეს და რამდენად სერიოზულია ადამიანებმა საკუთარი იდენტურობა გაითავისონ. რაც შეეხება აფხაზეთს - ეს არ არის დემოკრატია, როდესაც მოსახლეობის ერთი ნაწილი ცალკე ცხოვრებას წყვეტს. ხოლო როდესაც საქმეში იარაღი ერთვება, მშვიდობიან მოლაპარაკებაზე საუბარი შეუძლებელია.

ირმა გეგეჭკორი - ტელეკომპანია იმედი

- თქვენ საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და ამერიკის როლის გააქტიურებაზე საუბრობთ. კონკრეტულად, რითი შეიძლება ამ საკითხში ამერიკა საქართველოს დაეხმაეროს, რადგან საქართველოს ხელისუფლებას უკვე არჩეული აქვს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზა? კონკრეტულად რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ამერიკამ? ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კონფლიქტების მთავარი პრობლემა არის მესამე ძალა და ეს ძალა რუსეთია?

ჯორჯ ბუში: შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რა სახის დახმარება შეიძლება შევთავაზოთ საქართველოს ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას აბსოლუტურად მისაღები სტრატეგია აქვს და თუ ბატონ პრეზიდენტს ექნება სურვილი კონკრეტული საკითხები ერთად განვიხილოთ, ამისთვის ყოველთვის მზად ვარ. მაინც ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობა წყვეტს იმ პრობლემებს, რომლებიც სეპარატისტულ რეგიონებთან არის დაკავშირებული და ჩვენს გადაწყვეტილებებს თავს ვერ მოგახვევთ. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრვ სახელისუფლებო სტრუქტურებთან, გაეროსთან და შეგვიძლია მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი პრობლემების მშვიდობიან გადაწყვეტაში. ბატონმა პრეზიდენტმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ საქართველო ავტონომიურ სეპარატისტულ რეგიონებს აბსოლუტურად გაფართოებულ უფლებებს პირდება. სატელეფონო საუბრების დროს ამ საკითხზე ჩვენ ხშირად. როდესაც იგი დახმარებას მთხოვს, ყოველთვის მოხარული ვარ (და მომავალშიც ასე იქნება) მას ხელი გავუმართო.

ამერიკელი ჟურნალისტი:

- თუ შეახსენეთ ბატონ პუტინს, რომ რუსეთის საზღვრებთან დემოკრატიული პროცესების განვითარებით, იგი დაინტერესებული უნდა იყოს?

ჯორჯ ბუში: რამდენიმე დღის წინათ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის უკანასკნელ გამოსვლაში ამ საკითხებზე ისაუბრა. მისი გამოსვლა კონსტრუქციული იყო და ხაზი გაუსვა დემოკრატიის აუცილებლობას მისი ქვეყნისთვის. დემოკრატია მშვიდობიანი ქვეყნების პრიორიტეტი გახლავთ. როდესაც გაქვთ მშვიდობიანი ქვეყანა და მშვიდობიანი მეზობლები გყავთ - ეს არის ეს რუსეთისთვისაც სასარგებლოა. საქართველო დღესდღეობით დემოკრატიული, მშვიდობიანი ქვეყანაა. პრეზიდენტი აქტიურად მელაპარაკებოდა ეკონომიკურ წინსვლაზე, მრეწველობისა და მცირე ბიზნესის განვითარების პერსპექტივებზე. ადამიანებმა უნდა შეძლონ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და როდესაც თქვენ ყურადღებას ამაზე ამახვილებთ, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას მშვიდობიანი მეზობლები ჰყავდეს. ალბათ, რუსეთი აუცილებლად გააცნობიერებს იმას, რომ დემოკრატიული ქვეყნის მეზობლობა უმნიშვნელოვანესია. აქედან გამომდინარე, ყველა ის საკითხი, რომელიც ორ ქვეყანას აწუხებს მშვიდობიანად გადაწყდება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოვახსენო ბატონ პრეზიდენტს მასპინძლობისთვის და იმ მაგალითისთვის, თუ რისი მიღწევა შეიძლება, როდესაც ადამიანებს აზრის გამოხატვა თავისუფლად შეუძლიათ. დემოკრატია თავისუფალ საზოგადოებას ნიშნავს. ჩვენ - პირადად მე და ბატონი პრეზიდენტი ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის მშვიდობიანი სამყაროს, მშვიდობიანი მსოფლიოს შექმნისათვის ვიბრძვით. ძალიან დიდი მადლობა ამისათვის, ბატონო პრეზიდენტო!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)