მიხეილ საკაშვილის საჯარო გამოსვლა საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ აღლუმზე
გილოცავთ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი გათავისუფლების, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს!
ეს ულამაზესი დღეა.
საქართველო ამაყი ერია.
ერი, რომელიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისგან შედგება: ქართველებისაგან და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისაგან, რომელთაც აქვთ ოსური, აფხაზური, სომხური, აზერბაიჯანული წარმომავლობა, მაგრამ ისინი ჩვენი სამშობლოს მოქალაქეები და პატრიოტები არიან.
ჩვენ ვცხოვრობთ მნიშვნელოვან ისტორიულ დროში. საქართველოში მომხდარმა ვარდების რევოლუციამ, ისევე როგორც თავის დროზე ჩვენმა ეროვნულმა გამათავისუფლებმა მოძრაობამ საფუძველი დაუდო ევროპის გათავისუფლების ახალ, ძალიან მნიშვნელოვან ტალღას.
საქართველოში მომხდარმა ვარდების რევოლუციამ უკრაინის პატრიოტებს შთააგონა და უკრაინა რევოლუციამდე მიიყვანა. მე თქვენი სახელით 31 დეკემბერს, უკრაინის დამოუკიდებლობის მოედანზე ამაყად ვიდექი მრავალი უკრაინელის წინაშე.
მსგავსი წუთები განუმეორებელია ჩვენნაირი მრავალსაუკუნოვანი ერის ისტორიაში.
საქართველოს რევოლუციამ შთააგონა მსგავსი გამათავისუფლებელი მოძრაობები ახლო აღმოსავლეთს, ყირგიზეთს, შუა აზიას.
ჩვენი რევოლუციის მაგალითით საზრდოობენ თავისუფლებისათვის მებრძოლები ბელორუსიაში.
საქართველო სამაგალითოა არა მხოლოდ რევოლუციით, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რაც მოხდა რევოლუციის შემდეგ, რაც მოხდა პირველად ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკაში წარმატებები მივაღწიეთ. საქართველოს თავმჯდომარეობით სუაამმა შეძლო დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანებად გარდაქმნა. ჩვენ დემოკრატიისა და სტაბილურობის ერთიან ღერძს ვქმნით. ჩვენთვის დიდი პატივი და სიმბოლურია ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენს დამოუკიდებლობის დღესასწაულს ლატვიის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ესწრება.
სიმბოლურია იმიტომ, რომ ლატვიის ქვყნებმა და საქართველომ ერთად შეძლეს საბჭოთა იმპერიის დანგრევა.
სიმბოლურია იმით, რომ ჩვენ ერთად ვიბრძოდით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ერთად ვიღებდით ერმანეთისაგან შთაგონებას.
სიმბოლურია, რომ ის გზა, რაც გავლო ლატვიამ, საქართველოს კიდევ აქვს გასავლელი - გზა ევროკავშირისაკენ და ნატოსკენ. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ერთიანობით, გამძლეობით გავივლით ამ რთულ გზას და დავიბრუნებთ ჩვენს ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში, რომლის ერთ- ერთი ღირსეული წამომადგენელი საქართველო და ქართველი ერი იყო.
საქართველომ უკვე შექმნა დემოკრატიული კონსოლიდირების მაგალითები.
სუაამის ბოლო სხდომას შემოუერთა რუმინეთი და ლიტვა. ჩვენი ინიციატივით დაიწყო იალტის ახალი პროცესი.
თავის დროზე იალტამ გადაანაწილა ევროპა გავლენის სფეროებად.
ახლა ჩვენ მოვახერხეთ შავი ზღვის დემოკრატიული ქვეყნების ახალ გაერთიანების შექმნაზე საუბარი, რომელიც მთელი პოსტ-იმპერიული სივრცისათვის დეოკრატიული სტანდარტების და თავისი ხალხის უკეთესი ცხოვრების დამკვიდრების მაგალითი იქნება.
ჩვენ ასევე შევქმენით წარმატებული მაგალითები. საქართველომ დსთ-ს სივრცეში კორუფციის დაძლევის პირველი წარმატებული პრეცენდენტი შექმნა.
პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოს ნამდვილი თანამედროვე შეიარაღებული არმია გაუჩნდა, ჩვენ თქვენით ვამაყობთ.
პირველად საქართველოს გაუჩნდა არაკორუმპირებული, ნამდვილი პოლიცია, რომელიც ხალხს უყვარს. დსთ-ს სივრცეში ეს პირველი არაკორუმპირებული პოლიციაა.
პირველად დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩვენ აღვადგინეთ უფასო სასწრაფო დახმარება, რომელიც დღეიდან ამოქმედდება და რითაც მე ძალიან ვამაყობ.
განსაკუთრებულად გაჭირვებულთათვის მთელი რიგი უფასო პროგრამები ამოქმედდება.
წელს პირველად საქართველოში საერთო ეროვნული გამოცდები ტარდება, რომელიც ჩვენ ნიჭიერ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს უმაღლეს სასწავლებლებში ყოველგვარი კორუფციის გარეშე მოხვდნენ.
ჩვენ განათლების სფეროში ძალიან ბევრი ცვლილებები გვაქვს.
ძალიან გამახარა აჭარის მთავრობის ინიციატივამ იმის თაობაზე, რომ წელს პირველად ბათუმის სკოლებში აღდგბა ახალი, ლამაზი, ეროვნული საბავშვო სასკოლო ფორმა, რომელიც აჭარის მოსწავლეებს უფასოდ დაურიგდება. თუ ეს გაამართლებს, მას მთელ საქართველოში გავავრცელებთ.
ჩვენი კულტურის არნახული აღორძინება დაიწყო.
თქვენ ნახეთ როგორ ამაყად იდგა ამერიკის პრეზიდენტი ჩვენს მომღერლებთან და მოცეკვავეებთან ერთად.
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თეატრებით.
რუსთაველის პროსპექტზე თითქმის ყველა თეატრი განახლდება.
ერთ-ორ წელიწადში ეს თეატრები ისეთი ლამაზი იქნება, როგორც არასოდეს.
ჩვენი ბალეტი და ოპერა მხოლოდ ერთ წელიწადში გავიდა მსოფლიო ასპარეზზე.
სპორტის ასაღორძინებლად უკვე დიდ ნაბიჯებს ვდგამთ.
დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოს პირველად გაუჩნდა ოლიმპიური ჩემპიონები.
პირველად, დამოუკიდებლობის შემდეგ, მთელი ქვეყნის მაშტაბით სათამაშო მოედნების და სპორტული დარბაზების მშენებლობა დავიწყეთ.
მთელ საქართველოში პირველად დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მასობრივი მშენებლობა, შენდება გზები, რისთვისაც რამდენიმე ათეულ მილიონი დაიხარჯება, მომავალი წლის დამლევამდე თბილისში ყველა ძირითადი გზა აღდგება.
მომავალი წლის დამლევამდე რეგიონებში ყველა რაიონულ ცენტრთან მისასვლელი გზები აღდგება.
თბილისს მომავალი წლის დამოუკიდებლობის დღესასწაულისათვის თანამედროვე ახლი ტიპის აეროპორტი ექნება.
დავიწყეთ ჩვენი ლამაზი ქალაქების: თბილისის, ქუთაისის, სიღნაღის, ზუგდიდის, თელავის, ბათუმის მასობრივი აღდგენა და ეს პროცესი არ შეჩერდება. ეს კოსმეტიკური ცვლილებებს არ გულისხმობს.
ჩვენ დავიწყეთ ახალი მშენებლობები თბილისის ისტორიული ცენტრის აღსადგენად.
დაწყებულია უამრავი ახალი პროექტი, სადაც უცხოური და ქართული ინვესტიციები ჩაიდება.
საქართველო არის თავისუფლების მანათებელი შუქურა მთელი მსოფლიოსათვის და თქვენ იცით, რომ ეს ჩემი სიტყვები არ არის.
ეს საქართველოს სულიერი მისია და კაცობრიობასთან მიმართებაში განსაკუთრებული დანიშნულებაა.
საქართველო ბოლომდე თავისუფალი მანამდე არ იქნება, სანამ მისი ყველა კუთხე არ გათავისუფლდება, სანამ იმის საშუალება არ გვაქვს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის დღე სოხუმში აღვნიშნოთ.
მე მთელი ერის წინაშე პირობას ვდებ, რომ ჩვენ, ჩემო თანამემამულეებო, ამას თქვენთან ერთად ნამდვილად მოვახერხებთ.
ჩვენ მშვიდობა გვსურს.
ჩვენთვის არაფერია ისე მნიშვნელოვანი, როგორც მშვიდობა, რადგან მხოლოდ მშვიდობის პირობებში შეიძლება ნამდვილი განვითარება და წარმატების მიღწევა.
ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ სასწაული, როგორც ეს რევოლუციის დროს მოვახერხეთ, რომლის დროსაც პარლამენტში მხოლოდ ერთი ფანჯარა ჩაიმტვრა.
ჩვენი გამძლეობით და ერთიანობით ჩვენ მოვახერხეთ აჭარის საკითხის გადაწყვეტა და აჭარის დაბრუნება.
აჭარა დაკარგული ჰქონდა საქართველოს, ჩოლოქის მეორე მხარეს იდგა ჯარი, რომელიც მზად იყო ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით ესროლა.
აჭარაში იყო დიქტატორი, რომელიც მზად იყო აეფეთქებინა პლაჟები და ეს კუთხე გაენადგურებინა.
ჩვენი გამბედაობით, რწმენითა და გამძლეობით მოვახერხეთ აჭარის დაბრუნება, ასევე უნდა მოვახერხოთ საქართველოს საბოლოო გამთლიანება.
ჩვენ გვინდა ყველა მეზობელთან განსაკუთრებული ურთიეროთბა დავამყაროთ.
მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩვენ ვუწვდით მეგობრობის ხელს რუსეთს.
ჩვენ გსურს რუსეთთან მეგობრობა.
ჩვენ გვსურს თანასწორუფლებიანი,ღირსეული ურთიერთობა.
ყველა უნდა მიხვდეს, რომ საქართველო თავისუფალია და თავისუფალ ქვეყანასთან ურთიერთობა ადვილი და კარგია.
ამ შემთხვევაში მართლაც ღირსეულ ქვეყნებს შორის მჭიდრო, კეთილმეზობლური, ადამიანური სივრცე იქნება.
ჩვენ მხოლოდ ასეთი ურთიერთობა გვსურს და დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ კიდეც.
იმ პირობებში, როცა რუსეთი ბოლომდე პატივს სცემს საქართველოს მთლიანობას, დარწმუნებული ვარ ყველა მიხვდება, რომ იმპერიული ურთიერთობები აღარასოდეს აღორძინდება, თუმცა დამყარდება დამოუკიდებელი, თავისუფალი, მეგობრული კავშირის, რასაც ერთად მივაღწევთ.
ქვეყანაში ჩვენ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს.
ამჟამად ენერგეტიკული პრობლემების მოსაგვარებლად ვმუშაობთ. ჯერ კიდევ ყველა ბავშვს არ აქვს ღირსეული განათლების მიღების, ყველა ავადმყოფს არ აქვს მკურნალობის საშუალება.
ჩვენს სახელმწიფო სტრუქტურებს ბევრი რამ აკლია.
სხვადასხვა დონეზე კორუფცია კიდევ არის.
უნდა მივხვდეთ, რომ ხშირად იმ კრიტიკის უკან, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო ლიდერების მხრიდან ხშირად გვესმის, კერძო ინტერესი დგას. ასეთი კრიტიკის მე არ მეშინია.
ერთი რამ ნათელია, პატიოსან სახელმწიფო მოხელეს ვერავინ ვერ დააშანტაჟებს.
ჩვენ უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც ჩვენს საწარმოებს და მეწარმეებს ზედმეტი ტვირთისაგან გაათავისუფლებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მეწარმებს ამ წნეხისაგან გავათავისუფლებთ, რადგან ბიზნესმა სამუშაო ადგილები უნდა შექმნას, ბიზნესმა კი - ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე.
მივესალმები სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს.
მე მუდამ მახსოვს მისი სიტყვები - მთავარია თავისუფლება, პასუხისმგებლობა და ღირსება.
ყველგან მთელ მსოფლიოში ამბობენ, რომ თავისუფლებას მოაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩვენ ერს, როგორც არასოდროს სჭირდება ღირსება.
ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ღირსების აღდგენა, მოვახერხეთ ის, რომ ქართველობით ხელახლა ვიამაყოთ.
საქართველოს შვილობით ყველა ეროვნების წარმომადგენლები ამაყობენ.
მე მინახავს სომხები, ოსები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოდან არიან.
მათთვის სამუდამო ადგილი არის საქართველო, რომლის ღირსებას და დიდებას ყველა ერთად დავიცავთ და რომლითაც ყველა ვიამაყებთ.
წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
ბოლო წლებში ჩვენ ყველანი ვიდექით და ვიბრძოდით ერთად.
თქვენ მოაწყვეთ ეს ზეიმები, თქვენ მოახდინეთ რევოლუცია, თქვენ მოიყვანეთ ჩვენი ერი აქამდე.
რამდენიმე დღის წინ თქვენ მთელი მსოფლიოს დასანახად დიდი ზეიმი მოაწყვეთ.
დღევანდელ ზეიმსაც თქვენ ქმნით, თქვენ ქმნით ამ ჯარს, ეს ჯარისკაცები თქვენი და ჩვენი შვილები არიან.
თქვენ შექმნით ერთიან საქართველოს.
მე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩაწერილი ამ რიგებში, ვინც კიდევ ფიქრობს და ყოყმანობს - გამოდით დამკვირვებლის მდგომარეობიდან და ნუ ელოდებით, რომ ვინმე შეუქმნის თქვენ შვილებს მომავალს თქვენ გარეშე.
ეს თქვენი გასაკეთებელია.
საქართველოდან ერთი მილიონი ადამიანი წავიდა, ისინი დასაბრუნებელი გვყავს, რადგან თითოეული ადამიანი ჩვენთვის ძვირფასია.
აქ შეკრებლი ადამიანები ახალ რეალობას და ახალ საქართველოს ვქმნით.
ჩვენ დავინახეთ, რომ ისტორია ჩვენს მხარესაა.
დრო ჩვენზე და თავისუფალ მომავალზე მუშაობს.
ჩვენ დავინახეთ, რომ ღმერი ჩვენს მხარესაა, წმინდა გიორგი გაჭირვების ჟამს არ გვტოვებს.
მე გისურვებთ წარმატებულ, მშვიდობიან დღესასწაულს.
მე გისურვებთ წარმატებასა და გამარჯვებას!
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური