Google+

გამოსვლები და განცხადებები

12.09.2005
მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა “ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის” ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაზე

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ს სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს და აქ დამსწრე საზოგადოებას, ასევე ამერიკელ და ქართველ ხალხს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს და სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს ამ გაბედულ პროგრამაში გამოვლენილი შორსმჭვრეტელობისა და სიბრძნის გამო. მე ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-ს კონგრესს უდიდესი მხარდაჭერისთვის. ასევე მსურს ჩემი მწუხარება და თანაგრძნობა გამოვხატო აშშ-ში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო.

ქართველი ხალხი ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობს ამერიკელ ხალხს - საქართველო ამერიკის, მისი მეგობარი ქვეყნის ძალზედ მადლიერია.

საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენთვის, ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, რომ ამერიკა ასეთი პრობლემების წინაშე დგას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ამ სირთულეების დაძლევას უახლოეს მომავალში შეძლებთ.

მინდა ასევე მადლობა გადავუხადო თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს: გრეტჰენ ბრავნოვს, სტივ გროტს, პოლ აპლეგარტს, ჯონ ჰიუკოს, კერი დუკავიჩს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამ პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო და რა თქმა უნდა, ჩემს მეგობარს, გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, რომელიც დასაწყისიდანვე ჩვენთან ერთად მუშაობდა.

ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ქმედითი დახმარებაა, რომელიც ოდესმე მინახავს. მე ბოლო ათი წლის მანძილზე, საქართველოში განხორციელებულ უამრავ დახმარების პროგრამას ვიცნობ.

ჩემი აზრით, ეს პროგრამა ყველაზე ქმედითი და მიზანმიმართულია, რომელიც ბევრ დადებით შედეგს მოგვიტანს.

საქართველოში პროგრესი ჩვენივე ძალებით მიმდინარეობს. მოვაგვარეთ სახელისუფლებო ბიუროკრატიისა და კორუფციის პრობლემა. ვფიქრობ, ამ მხრივ ყველაზე დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენ სახელმწიფო ბიუჯეტი ხუთჯერ გავზარდეთ, რაც კორუფციის შემცირებაზე მეტყველებს. ამჟამად მთელ ქვეყანაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გზების, საავადმყოფოებისა და სკოლების მშენებლობას, ენერგოსისტემის რეაბილიტაციას, წყალგაყვანილობის სისტემის შეკეთებას და ზოგადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს, რისი განხორციელებაც დიდ აუცილებლობას წარმოადგენდა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად შეუძლია თავისუფალ და დემოკრატიულ ხელისუფლებას მოქალაქეთა ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რადგან ის ანგარიშვალდებულია თავისი ხალხის მიმართ და მასმედიის, პოლიტიკური ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ზოგადად, მოსახლეობის ყოველდღიური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. სწორედ ეს გვაძლევს შედეგს.

ეს ასევე უდიდესი დადასტურებაა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის შორსმჭვრეტელობისა, რაც თბილისში მისი ისტორიული ვიზიტით გამოიხატა. საქართველომ დაამტკიცა, რომ ხელისუფლების ცვლილება ვინმესთვის უმნიშვნელო ზიანის მიყენების გარეშეც შესაძლებელია.

ახალი, საკუთარი ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული ხელისუფლების ფორმირება შესაძლებელია იმ სირთულეების მიუხედავად, რომელიც დემოკრატიას თან ახლავს. ასეთი ხელისუფლება გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ავტორიტარული, კორუფციული და კლეპტოკრატიული რეჟიმი, რომელიც საქართველოს მანამდე მართავდა.

მსურს კვლავ ხაზი გავუსვა ამ პროგრამის მნიშვნელობას, გზების რეკონსტრუქციის, ენერგოსისტემის რეაბილიტაციის, სიღარიბის დაძლევისა და რეგიონალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით, რადგან ყოველივე ეს პროგრესის მაჩვენებელია.

მოლოდინი ძალიან დიდი იყო, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებათა ტემპის შენარჩუნებაა და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ.

მინდა კვლავ დავუბრუნდე დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებისა და თანამშრომლობის საკითხებს. ეს არის თანამშრომლობა ორ ქვეყანასა და ორ ხალხს შორის, რომლებიც მსგავს ფასეულობებს იზიარებენ, საკუთარი შვილებისთვის ერთნაირი სურვილები და ოცნებები აქვთ და უზენაესი ფასეულობის - თავისუფლების ღრმად სწამთ.

ამერიკა საქართველოში ყოველთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა. მე ამ შეხედულებებზე გავიზარდე. იმ თაობისთვის, რომელიც საბჭოთა მმართველობას გადაურჩა, მრავალი წლის ტანჯვას, გადარჩენისთვის ბრძოლას, მცდელობას ქვეყნის განვითარებისა და სახელმწიფოს მშენებლობისთვის, გამართლება აქვს დღეს მიმდინარე და ბოლო ერთი წლის მანძილზე განხორციელებული უდიდესი ცვლილებებისა და საქართველოში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ვიზიტის გამო, რისი თვითმხილველი სახელმწიფო მდივანი კონდოლიოზა რაისიც იყო.

ქალბატონო კონდოლიზა, მსურს კიდევ ერთხრელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ შესანიშნავი შესაძლებლობის მინიჭებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)