Google+

გამოსვლები და განცხადებები

21.11.2005
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა სამების საკათედრო ტაძარში

თქვენო უწმინდესობავ!

პატივცემულო დამსწრე საზოგადოებავ!

პატივცემულო სტუმრებო!

მსურს პატივი მივაგო ჩვენი ქვეყნის ეროვნული გმირის - ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას.

მე და ჩემმა მეგობრებმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნეშტის გადმოსვენებაზე მუშაობა 1997 წლიდან დავიწყეთ.

მაშინ ქართული ემიგრაციის იმ ნაწილმა, რომელიც ლევილში ჩვენს მამულს და ქაქუცას საფლავს უვლიდა, ჩათვალა, რომ ამისთვის ნიადაგი ჯერ არ იყო მომზადებული.

ქაქუცა ჩილოყაშვილის ანდერძის მიხედვით, ის თავისუფალ საქართველოში უნდა გადმოსვენებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დაჭრილია, ის მაინც თავისუფალია.

საქართველო გათავისუფლდა არა ფორმალურად, არამედ სულიერად.

საქართველომ ირწმუნა საკუთარი ძალების, ირწმუნა იმის, რომ მას რთული ამოცანების გადაწყვეტა შეუძლია.

ჩვენ ყოველთვის გვყავდა ეროვნული გმირები. როდესაც საქართველოს სამეფო გაუქმდა და ჩვენი არისტოკრატიის უდიდესმა ნაწილმა ეროვნული დამოუკიდებლობა ჩინ-მედლებზე, ეპოლეტებზე და მაღალ ხელფასებზე დიდი სიამოვნებით გაცვალა, საქართველოს უკანასკნელმა დედოფალმა მარიამმა საპატიო გადასახლებაში წასვლაზე უარი თქვა.

როდესაც დამპყრობელი ჯარის გენერალმა ძალადობის გამოყენებით დედოფლის სახლიდან გამოყვანა შეძლო, მან ხანჯალი იშიშვლა და გენერალი ციციანოვი მოკლა, რის შემდეგაც ხელბორკილდადებული მარიამი ჩრდილოეთში ფეხით ჩაიყვანეს.

ამ ხნის განმავლობაში მისი სახელი ტაბუდადებული იყო.

არავის აწყობდა იმის დაფიქსირება, რომ საქართველოში იყო ხალხი, ვისაც წინააღმდეგობის გაწევა შეეძლო.

1832 წელს ქართული არისტოკრატიის საუკეთესო ნაწილი აჯანყდა, მაგრამ ის მარცხით დასრულდა.

ჩვენ ყოველთვის გვყავდა ხალხი, რომლებიც საქართველოსთვის იბრძოდნენ.

შემდეგ 60-იან წლებში თერგდალეულთა თაობა - ილია ჭავჭავაძე გამოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო არ მომკვდარა და ქართული ეროვნული სული აღორძინდება.

მან საქართველოს თითქმის ყველა კუთხე ფეხით მოიარა და თქვა, რომ ერთიანი, მრავალეთნიკური წარმომავლობის მქონე ერი, მზად არის ხელახლა გაერთიანდეს და აღორძინდეს.

ჩვენ ბევრი სხვა ქარტეხილი დაგვატყდა, იყო ორი მიმართულება: სერგო ორჯონიკიძე, რომელიც საქართველოში დამპყრობლებს ხელახლა შემოუძღვა. ჩვენდა სასირცხვილოდ ამ ჯარის სათავეში ფილიპე მახარაძე, სერგო ორჯონიკიძე და სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები იყვნენ.

მათ წინააღმდეგ კი ნამდვილი პატრიოტები - სომხები, ქართველები, აზერბაიჯანელები, ოსები, აფხაზები იბრძოდნენ, ვისთვისაც საქართველოს დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი იყო.

მაშინ ორჯონიკიძის გზამ დროებით იმარჯვა, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა.

საქართველოში წინააღდეგობის გაწევის მცდელობები ოდითგანვე იყო. კათალიკოსმა ამბროსი ხელაიამ გენუის კონფერენციას წერილი მისწერა, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა მოითხოვა. ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავდა. მან ეს კარგად იცოდა, მაგრამ ამ ნაბიჯზე იგი შეგნებულად წავიდა. როდესაც ბოლშევიკებმა ის აწამეს, მან ამაყად განაცხადა: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული საქართველოს, ჩემი სხეული თქვენთვის მომიცია ჯალათებო, რაც გინდა ის უყავით მას". ეს არის ჩვენი ეროვნული აღორძინების მთავარი არსი.

საქართველოში ყოველთვის იყვნენ ორჯონიკიძეები, მაგრამ ათ ორჯონიკიძეზე ყოველთვის მოდიოდა ერთი ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ერთი ექვთიმე თაყაიშვილი, ერთი მარიამ დედოფალი, ისინი საბოლოო ჯამში გამარჯვებულები აღმოჩნდებოდნენ.

მე მიხარია, რომ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად სამების ტაძარში ჩვენი შეიარაღებული ჯარების წარმომადგენლები ფორმაში ჩაცმულები მოვიდნენ.

ჩვენ ქედს ვიხრით მათი გამბედაობის წინაშე!

მე დღეს აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ბავშვი ვნახე, ეს სრულიად სხვა თაობაა.

ეს არის ის თაობა, რომელიც საქართველოს მთავარ სიმბოლოებს - ხუთჯვრიან დროშას, საქართველოს ჰიმნს, აბუჩად არასოდეს აიგდებს, იმიტომ რომ ეს ბავშვები ქვეყნის პატივისცემას ითავისებენ და მათ ბევრ ბრიყვზე უკეთესად იციან საკუთარი ქვეყნის ფასი.

საქართველოში ორჯონიკიძეები დღესაც არიან, ჩართეთ ტელევიზორი და მათ იქაც ნახავთ, მაგრამ ისინი ვერ გაიმარჯვებენ, იმიტომ რომ ქაქუცას დროს საქართველო სახელმწიფო არ იყო, ქაქუცას დროს საქართველო დაშლილი იყო. დღეს საქართველო სახელმწიფოა, ის არ არის ჯერ ერთიანი, მაგრამ აუცილებლად წავა ამ გზით.

ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ, ჩვენ ვერასოდეს ვერავინ დაგვამარცხებს.

მე გუშინ თქვენი სახელით მხედრული სალამი მივაგე ქაქუცა ჩოლოყაშვილს, იმიტომ რომ ის საქართველოს ყველაზე გაბედული და ერთგული ჯარისკაცი იყო, რომელიც სამშობლოს სიყვარულს შეეწირა, თუმცა უკან ერთი წუთით არ დაუხევია.

როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი საქართველოდან მიდიოდა, ბათუმის საზღვრიდან უკან მობრუნდა, მობრუნდა სრულიად წაგებულ თამაშში, რადგან ნათელი იყო, რომ არანაირი პერსპექტივა არ არსებობდა.

მან ჩათვალა, რომ თავის ქვეყანაში ბოლომდე უნდა ებრძოლა.

როდესაც მეტეხის ციხეში მყოფი შეფიცულები დასახვრეტად მიჰყავდათ, ისინი სასაკლაოზე სიმღერით თავაწეულები მიდიოდნენ. ისინი არც ფანატები იყვნენ და არც გიჟები, მათ სამშობლო უყვარდათ და ესმოდათ რას ნიშნავდა მისთვის თავგანწირვა.

მათ სწამდათ, რომ ათწლეულების შემდეგ ჩვენ შევიკრიბებოდით და მათ გმირობას დავაფასებდით - ეს არის მთავარი რწმენა, რომელიც ჩვენი ერის სულისკვეთებას გამოხატავს და იმასაც, რომ ჩვენ კვლავ გავიმარჯვებთ.

ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ერთიანობისა და აღმშენებლობის ეპოქაში, იმ ეპოქაში, რომელიც გვქონდა და მომავალშიც აუცილებლად გვექნება.

ჩვენ კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და ყველა ჩვენი დაღუპული ეროვნული გმირების ხსოვნის წინაშე.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)