Google+

გამოსვლები და განცხადებები

22.01.2006
მიხეილ სააკაშვილმა გაზსადენის აფეთქებასთან დაკავშირებით ტელეკომპანია ”ბი-ბი-სი”-სთვის კომენტარი გააკეთა

სამწუხაროდ, საქართველოში ისეთივე ენერგოკრიზისია, როგორიც ეს უკრაინაში რამდენიმე კვირის წინ იყო. მე იმას ვგულისხმობ, რომ რუსეთი, როგორც ენერგიის მომწოდებელი არასაიმედო და არასანდო პარტნიორად რჩება. აფეთქება ორ ძირითად მილსადენზე მოხდა, რომლითაც საქართველოს გაზი მიეწოდება და ელექტროგადამცემ ხაზზე, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. მინდა აღვნიშნო, რომ აფეთქება სასაზღვრო ზოლში რუსეთის მიერ სრულად კონტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელდა, რომელსაც რუსი მესაზღვრეები და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები იცავენ. აფეთქებები ერთდროულად სრულიად განსხვავებულ ადგილებზე მოხდა, რითიც რუსეთის ენერგომომარაგება არ შეფერხებულა. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეს კარგად ორგანიზებული და კოორდინირებული აქტი იყო.

ეს აფეთქებები გაზთან დაკავშირებით წარმოებული რთული მოლაპარაკების წინააღმდეგ განხორციელდა, სწორედ მაშინ, როდესაც რუსეთის მხრიდან ჩვენ არაერთი მუქარა მივიღეთ. ცოტა ხნის წინ ჩვენ მოულოდნელად გაზის გადასახადი გაგვიორმაგეს. ვფიქრობდით, რომ ეს ჩვენთვის დამღუპველი იქნებოდა, მაგრამ ეს გამოწვევა მივიღეთ და მუშაობას დღემდე ვაგრძელებთ. რუსეთი ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის ალტერნატიული გაზსადენის პროექტის ჩაშლით, რუსეთს, საქარათველოსა და სომხეთის დამაკავშირებელ გაზსადენზე კონტროლის დამყარებას დაჟინებით ცდილობდა.

ჩვენ სხვადასხვა რანგის რუსი პოლიტიკოსებისგან და ოფიციალური პირებისგან უამრავი მუქარა მივიღეთ იმის შესახებ, რომ ისინი ჩვენ დაგვსჯიდნენ, მაგრამ არა მილსადენის, არამედ ჩვენს მიერ არჩეული პროდასავლური დემოკრატიული კურსის გამო. ეს მოვლენები იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ირანში იმყოფება და გაზის ალტერნატიულ წყაროებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ჩვენ ხვალ აშშ-ს მიერ აშენებული გაზოტურბინის ახალი სადგურის გახსნას ვგეგმავდით, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემას საბოლოოდ მოაწესრიგებს.

ფაქტობრივად, საქართველოში ძალიან ცივი ზამთარია და მათ კარგად იცოდნენ, რომ დარტყმას შესაფერის დროს გვაყენებდნენ. აქედან გამომდინარე კი, ის, თუ როგორ იქნა შერჩეული დრო, მე წინა პერიოდს ვგულისხმობ და ასევე ის, თუ როგორ იქნა გათვლილი მიყენებული ზარალის მასშტაბი, იმაზე მიგვანიშნებს, რომ ყოველივე ეს ხანგრძლივი მომზადების შედეგად განხორციელდა.

წარმოუდგენელია აფეთქების განხორციელება იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უშიშროების სამსახური სრულად აკონტროლებს. ეს არის უსაფრთხო ტერიტორია, რომელსაც, ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის მესაზღვრეები იცავენ. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ყველაფერი ძალიან საეჭვო და ორაზროვანია.

ვარდების რევოლუციის შემდეგ საქარველოში ენერგოსისტემა საგრძნობლად გაუმჯობესდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს პირველი ზამთარია, როდესაც ქვეყანას ენერგოპრობლემები არა აქვს და მოხმარებული ენერგიის გადასახადებს ზედმიწევნით დროულად ვიხდით. ხალხმა უკვე წარსულს ჩააბარა ნავთქურები და პრიმიტიული გამათბობლები. ამჟამად ჩვენს მიერ გაზის მოხმარება ბოლო ორი თვის მანძილზე გაორმაგდა და შესაბამისად მოთხოვნილებაც გაიზარდა, სწორედ ამიტომ მათ ჩვენ ასეთი მძიმე დარტყმა მოგვაყენეს.

ჩვენ ჯანსაღი ზრდის ტემპი გვაქვს აღებული. ჩვენ 10 პროცენტიან ზრდას ველოდებით, მაშინ, როდესაც გასულ წელს 9 პროცენტიანი ზრდა გვქონდა. სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი და სწრაფი განვითარებისა და სტაბილური ენერგოსისტემის გამო, ეს პირველი ზამთარია, როდესაც ქვეყანას ენერგიის მიწოდესათან დაკავშირებით პრობლემები არ აქვს. მათ სწორედ აქ მოგვაყანეს დიდი დარტყმა. მართალია, რომ პრობლემები ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით ჩვენ ვარდების რევოლუციამდე გვქონდა, მაგრამ მათი მოგვარება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მიღწევად რჩება; ჩვენ ეს პრობლემა გადავჭერით და ენერგოწყაროების დივერსიფიკაცია მოვახდინეთ.

ჩვენ გვაქვს გაზის ალტერნატიული წყარო აზერბაიჯანიდან, ამჟამად კი ვმუშაობთ ცენტრალური აზიიდან ევროპისაკენ ზერბაიჯანის, შავი ზღვისა და უკრაინის გავლით, ალტერნატიული მარშრუტებისა და წყაროების მოძიებაზე. ეს უკანასკნელი ზამთარია, როდესაც მათ ჩვენთვის მსგავსი დარტყმის მიყენება შეუძლიათ. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ მათ ამის გაკეთება შეეძლოთ. ეს არ არის ჩემი ვარაუდის შედეგი. ვისურვებდი, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყოს, რასაც ნამდვილად არა ჰგავს. საქართველოში დანამდვილებით არავის სწამს, რომ ეს ასეც იყო, რადგან ჩვენ მანამდე არაერთი მუქარა მოვისმინეთ. ეს არის ყველაზე მეტად სავარაუდო სცენარი, რომელიც განვითარებულ მოვლენებამდე ბევრად ადრე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა დაგვისახეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)