Google+

გამოსვლები და განცხადებები

30.01.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა

მოგესალმებით ყველას, სინათლის ქალაქიდან!

მინდა გითხრათ, რომ თანდათან ენერგოსისტემაში ვითარების ნორმალიზაცია ხდება.

მთავარი, რაც ამ დღეების განმავლობაში მოხდა არის ის, რომ ამ შვიდი დღის შემდეგ საქართველო უფრო ძლიერია, ვიდრე ადრე იყო.

ჩვენმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ ძალზე მნიშვნელოვანი გამოცდა ჩააბარა.

აფეთქებების მიზანი საქართველოს დემორალიზაცია იყო და მსოფლიოს დასანახად იმის წარმოჩენა, რომ ჩვენ ვართ უკიდურესად სუსტი ქვეყანა, რომელსაც პერსპექტივა არა აქვს.

ამის ნაცვლად, ამ საბოტაჟმა სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო.

აღმოჩნდა, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი საზოგადოება გვყავს და ამ კრიზისიდან ის კიდევ უფრო ძლიერი გამოვიდა.

ამაზე მეტყველებს ის, თუ როგორ გაუძლეს ამ დაშინებასა და საბოტაჟს ჩვენმა ბავშვებმა, უფროსი ასაკის ადამიანებმა, საზოგადოების თითქმის ყველა წარმომადგენელმა.

ამ დღეებში თითქმის ყველა გამოირჩეოდა დისციპლინირებულობით და ორგანიზებულობით - არ ყოფილა ზედმეტი წუწუნი, შელაპარაკება, დაჩივლება, რისო ნახვაც საქართველოს არაკეთილმოსურნეს ძალიან სურდა.

ამას ტელეეკრანიდან მთელი მსოფლიო აღფრთოვანებით უყურებდა.

უცხოელი ჟურნალისტების კითხვებს მათი რეაქციის შესახებ, საწვავის რიგებში მდგომი ხალხი პასუხობდა - გავუძლებთ, რადგან ამაზე უარესისთვის გაგვიძლია, გადავრჩებით და უფრო ძლიერი და წარმატებული ვიქნებით.

ამ დღეებში დავინახეთ, რომ საქართველოს ჰყავს კარგად ორგანიზებული, ერთ მუშტად შეკრული, კარგად კოორდინირებული სახელისუფლებო გუნდი.

ჩვენმა ენერგეტიკოსებმა უზრუნველყვეს ის, რომ სისტემის სრული კოლაფსი არ მომხდარიყო, თუმცა ამას ყველა ელოდა.

ჩვენ ყველა სასიცოცხლო ფუნქცია შევინარჩუნეთ, მოსახლების უმეტესობისთვის თანაბარი გრაფიკი და თანაბარი შეზღუდვები დაწესდა და ჩვენი საზოგადოების ელექტროენერგიით მომარაგება საკმაოდ დიდ პერიოდში შევძელით.

ცოტა ხნის წინათ, ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო.

ენერგეტიკოსებმა მართლაც გმირულად იმუშავეს, ვნახეთ, როგორ იშრომეს ჩვენმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ერთ ღამეში ერთი კვირის სამუშაოს დაუღალავად, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ასრულებდნენ.

ძალიან რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ტრანსპორტის მუშაკებმა ყველაფერი იღონეს იმისათვის, რომ შეფერხებები არ ყოფილიყო.

თბილისის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების უკლებლივ ყველა ორგანომ, დამეთანხმებით, თავი გამოიჩინა.

ჩვენ მოვახერხეთ მუნიციპალური სამსახურების მუშაობის ორგანიზება და ყველა სასიცოცხლო რგოლის ამუშავება, რაც ამ პირობებში თითქმის შეუძლებელი იყო.

წინა წლების განმავლობაში, როდესაც ელექტროენერგიის მიწოდება წყდებოდა, გადამყიდველები შექმნილი მდგომარეობით სარგებლობდნენ, ფასებს მკვეთრად ზრდიდნენ და ხალხის გაჭირვებაზე ითბობდნენ ხელს.

ამჯერად, უმეტეს ადგილას ნავთსა და სხვა საწვავზე არა მარტო შევინარჩუნეთ ფასები, არამედ თითქმის სასწაული მოვახდინეთ - ნავთის ფასი შევამცირებინეთ და ზოგან, საქართველოს ბევრ დასახლებულ პუნქტში - გაზის ფასიც კი.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჰყავს ეფექტიანი, ქმედითი ხელისუფლება, რომელმაც იცის რა უნდა გააკეთოს.

პოლიციამ წესრიგი უზრუნველყო...

ყველა რგოლმა ძალიან კარგად იმუშავა.

მსურს მადლობა გადავუხადო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს.

ეს არ არის საარჩევნო პერიოდი და უახლოეს არჩევნებამდე თითქმის ერთი წელია დარჩენილი, მაგრამ ამ ხალხმა ყველაფერი გვერდზე გადადო, საკუთარი ოჯახები მიატოვა და იმ პირობებში, როდესაც ზოგირთი პოლიტიკური ძალა საერთოდ არ გამოჩნდა, დღე და ღამე დაუღალავად არიგებდა საწვავს, შეშას, პროდუქტებს.

მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დახმარებოდნენ.

ვფიქრობ, რომ ისინი ჩემგან განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებენ.

ამ დღეების განმავლობაში გამოჩნდა, თუ რამდენად გაძლიერდა საქართველოს პოზიციები.

ამ აფეთქების ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ ქართველი ხალხისთვის ეჩვენებინათ, რომ მას არავინ უპატრონებდა და მასზე არავინ იზრუნებდა.

სრულიად საპირისპირო რამ აღმოჩნდა - რეალობა სულ სხვაა.

გულწრფელად ვთქვათ, წლების განმავლობაში, დენისა და გაზის მიწოდების თვალსაზრისით, საქართველოში ბევრად უარესი მდგომარეობა იყო, ვიდრე ეხლა.

1992 წლის შემდეგ ბევრად უარესი გრაფიკი იყო, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით, ერთხელ არავის უთქვამს, რომ საქართველოში გაჭირვებაა, არც ერთი საინფორმაციო საშუალება ამ ვითარებით არ დაინტერესებულა.

1999 წელს შევარდნაძის მთავრობას შეუწყვიტეს ბუნებრივი გაზის მიწოდება - ჯერ ერთი, არც მთავრობას ამოუღია ხმა და ზედმეტად არავინ შეუწუხებია და მეორეც, საერთოდ არავინ დაინტერესებულა ამ ფაქტით, არადა რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველო სრულ წყვდიადში იყო.

დიდი სიურპრიზი უნდა ყოფილიყო ჩვენი არაკეთილმოსურნესათვის ის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს პრობლემები, გაუზვიადებლად ვამბობ, მსოფლიოს მასშტაბით, განსჯის მთავარი საგანი გახდა.

ყველა ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვებები საქართველოში მიმდინარე მოვლენებით იწყებოდა, ყველა გაზეთის პირველ გვერდზე გამოქვეყნებული იყო ანალიტიკური სტატიები და რაც მთავარია, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო არავის დაუდანაშაულებია ვაქჰანალიასა და რამის გაზვიადებაში.

გამოხატავდნენ თანაგრძნობას, აღგვითქვავდნენ თანადგომას და ფიქრობდნენ, თუ რა საფრთხე ექმნებოდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპას.

ეს ჩვენთვის უდიდესი გარღვევაა.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ნორმალური ქვეყანა გავხდით, რომელსაც მეგობრები და გულშემატკივრები ჰყავს, სადაც დენის გათიშვა საერთაშორისო დონის ახალი ამბავია.

უკვე ყველა მიეჩვია, რომ საქართველოში მოხდა ცხოვრების ნორმალიზაცია, აქ ხალხი უფრო ადამიანურად ცხოვრობს, ვიდრე ადრე.

ენერგობლოკადამდე რამდენიმე დღით ადრე ენერგეტიკული კომისიის სხდომა ჩვენ სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გავმართეთ.

უკვე დიდი ხანია, რაც ძალზე ინტენსიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ საქართველო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი გახდეს.

მთელი წელი ვიმუშავეთ ენერგოობიექტების შეკეთებაზე, მივაღწიეთ შეთანხმებას აზერბაიჯანთან, სხვა მეზობელ ქვეყნებთან, შევაკეთეთ ხაზები და ჩვენი ენერგეტიკის ისტორიაში პირველად დავიწყეთ პარალელურ რეჟიმში მუშაობა თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან.

იმ დღებში, ჩვენი ენერგეტიკის მინისტრი მეზობელ ქვეყნებში გავგზავნეთ, რათა ამ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავალი გვეპოვნა, ჩვენ პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ მუშაობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან და სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ელექტროენერგია სრულად არ გაგვეთიშა.

ჩვენმა მოძმე აზერბაიჯანმა საკუთარ მოსახლეობას მოაკლო და გაზი და ელექტროენერგია ჩვენ მოგვცა.

ეს ძალზე დასაფასებელი და ბევრის მთქმელი ფაქტია.

ამ დღეებში თურქეთის მხარესთან აქტიური კონსულტაციები გავმართეთ და თურქეთმაც მკვეთრად გაზარდა ელექტროენერგიის მოწოდება.

ასევე, ვმუშაობთ იმაზეც, რომ უკვე მომავალი ზამთრიდან საქართველოს ენერგომომარაგებაში რუსეთის გაზის წილი საგრძნობლად შემცირდეს.

ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ და საერთაშორისო კონკურსს ვამზადებთ ჩვენი ჰიდროენერგორესურსების განსავითარებლად, რათა 2-3 წლის განმავლობაში, ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადის ბოლოს, საქართველო მთლიანად უზრუნველყოფდეს საკუთარ თავს, საკუთარი წარმოების ენერგორესურსებით.

რამდენიმე დღის წინათ, ამერიკული ტიპის გაზოტურბინული ახალი სადგური გავხსენით, რომლის მშენებლობაზე ფიქრი ერთი წლის წინათ დავიწყე და მისი გახსნა რეკორდულ ვადებში მოვახერხეთ.

მსგავს სადგურებს ასეთ მოკლე ვადებში - ერთ წელიწადში, არსად არ დგამენ, მაგრამ ჩვენ ეს გვჭირდებოდა.

სისტემის მდგრადობისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია.

დღეს მოხდა ისტორიული მოვლენა, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო მხოლოდ რუსული გაზით არ მარაგდება.

გაზის ალტერატიული წყარო მრავალი წლის განმავლობაში პირველად გაგვიჩნდა.

ამ მიმართულებით მუშაობას მკვეთრად გავაძლიერებთ.

საქართველოს კომუნიკაციების გამოყენების საშუალებაზე მთელი ევროპა დაფიქრდა, რათა ენერგომატარებლებით სწორედ ჩვენი კომუნიკაციების მეშვეობით მომარაგდეს და მუშაობას ამ მიმართულებითაც ვაძლიერებთ.

ეს კი მკვეთრად აძლიერებს საქართველოს პოზიციებს, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის უფრო მეტი უსაფრთხოების მომტანია.

სწორედ ამიტომ, დღესდღეობით, ჩვენი ამოცანა მსგავსი ნაბიჯების მკვეთრი გააქტიურებაა.

როდესაც რუსული გაზის ხვედრითი წილი შემცირდება, ფასებით მანიპულირებისა და რაიმე სხვა საბოტაჟის ცდუნება ბევრად უფრო გახუნდება.

რუსეთმა გაგვიძვირა გაზი, რაც, ბუნებრივია, გაზისა და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების მომატებას იწვევს, მაგრამ საქართველოს მთავრობის ეფექტიანი მუშაობის შედეგად, ზამთრის განმავლობაში, მაშინ, როდესაც ეს მოსახლეობისთვის უდიდესი დარტყმა იქნებოდა, ქვეყნის ბიუჯეტმა ამ თანხის დაფარვა საკუთარ თავზე აიღო.

შემდგომშიც, მომატებულ ფასებზე გადასვლა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, რათა მაქსიმალურად ნაკლებად დაარტყას ხალხის ბიუჯეტს, განსაკუთრებული ყურადღება კი ყველაზე დაუცველ ფენებს უნდა მივაქციოთ.

საქართველოში არ უნდა იყოს ხალხი, რომლებსაც ფიზიკურად არ შეეძლება ამ თანხის გადახდა, ამისათვის მთავრობამ ყველაფერი უნდა იღონოს.

ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა მხოლოდ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას არ გულისხმობს.

ჩვენ მივაღწიეთ მთავარ რამეს - ნგრევის ეპოქიდან საქართველო აღმშენებლობის ეპოქაში გადავიდა.

ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რასაც არჩევნების დროს სხვადასხვა პარტიები მრავალი წლის განმავლობაში გვპირდებოდნენ - ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს (თუ ავარიებს არ ჩავთვლით) 24 სააათიანი ელექტრომომარაგება ჰქონდა.

რა თქმა უნდა, ენერგობლოკადის მოხსნისთანავე ჩვენ სწორედ ამ რეჟიმით გავაგრძელებთ მუშაობას.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავარიები აღარ იქნება, არც იმას ნიშნავს, რომ დენი აღარ გაითიშება და შეზღუდვა აღარ დაწესდება, მაგრამ სულ უფრო ნაკლები ავარია მოხდება და ნაკლებად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება, ჩვენი სისტემა კი, თანდათანობით უფრო მდგრადი და მაქსიმუმ 2-3 წელიწადში ჩვეულებრივი ევროპული ენერგეტიკული სისტემა გახდება.

საქართველოს რეგიონები განათდება და შესაძლებელი გახდება დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, რადგან ბიზნესი უნდა განვითარდეს, ელექტროენერგიის გარეშე კი ვერც ერთი საწარმო ვერ იმუშავებს, ხოლო გაზის გარეშე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ძალზე გაგვიჭირდება.

თუმცა, უკვე დღეს, ჩვენი ენერგეტიკოსების მუშაობის შედეგად, საქართველოს ენერგეტიკის ამუშავება შესაძლებელია, რაც დიდი მიღწევაა.

ეს ამ ისტორიის მხოლოდ ნაწილია.

მთავარი არის ის, რომ საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა მზარდი ტემპით მიმდინარეობს, დაიწყო ტურისტული ობიექტების აღდგენა, გზების, სკოლების, საავადმყოფოების მშენებლობა, საქართველოში იხსნება ახალი საწარმოები და ეს წელს დიდ და მასშტაბურ სახეს მიიღებს.

ყველა სახის შანტაჟზე, საბოტაჟსა და დაშინების მცდელობაზე ჩვენი მთავარი პასუხი მხოლოდ ერთი რამ უნდა იყოს - ჩვენ უნდა გავძლიერდეთ.

ჩვენ წუწუნის დრო არ გვაქვს, ეხლა უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ.

არც დეზორგანიზების დრო გვაქვს და ვაჩვენეთ კიდეც, რომ, ისე როგორც არასდროს, ძალზე ორგანიზებული ვართ.

ჩვენ უფრო მეტად ორგანიზებული, მოტივირებული, მონდომებული უნდა ვიყოთ, რათა ჩვენი დასახული მიზნები აუცილებლად განხორციელდეს.

ყველაფერი აუცილებლად უნდა შევასრულოთ, რათა გავაგრძელოთ აღმშენებლობა, რეფორმები და ყველა ჩვენი კეთილმოსურნის გასახარად უკეთესი საქართველოს შენება უნდა გავაგრძელოთ.

ამ გზაზე ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ამ დღეებმა ყველა დაგვარწმუნა, რომ არ არსებობს ამოცანა, გამოწვევა და საფრთხე, რომელსაც ქართველი ერი ვერ გაუძლებს, ვერ გადაიტანს და განსაცდელიდან კიდევ უფრო გაძლიერებული და საკუთარ თავსა და ძალებში კიდევ უფრო დარწმუნებული ვერ გამოვა.

ამას მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს და ყველას, უპირველესად კი საკუთარ თავს, ჩვენი ძალა და ჩვენი ერთობა დავანახეთ.

დიდი მადლობა ყველას თქვენ, ჩემო მეგობრებო!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)