Google+

გამოსვლები და განცხადებები

18.04.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა

უწინარეს ყოვლისა, თითოეულ თქვენგანს მადლობას მოვახსენებ იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტი მაღალორგანიზებულობისა და დისციპლინის პირობებში, ძალზე გამართულად, ნაყოფიერად მუშაობს.

მსურს განსაკუთრებულად გადავუხადო მადლობა პარლამენტის თავმჯდომარეს, რადგან ქალბატონი ნინო საერთაშორისო არენაზე საქართველოს ძალზე ღირსეულად წარდგენას და იმავდროულად, ქვეყნის შიგნით ყველაზე აქტუალურ, მთავარ პოლიტიკურ საკითხებზე ძალიან დროულ და პრინციპულ რეაგირებას ახერხებს.

არ შეიძლება, რომ ეს მას არ დავუფასოთ.

მსურს განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ფრაქციების თავმჯდომარეებს, ვგულისხმობ უმრავლესობის ლიდერს, ისევე როგორც ბესო ჯუღელს, ბატონ გოგი ლიპარტელიანს და ყველა დეპუტატს, ვინც კარგად მუშაობს.

უწინარეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალზე მნიშვნელოვან შემდეგ ეტაპზე გადავდივართ.

ჩვენ წარმოვადგინეთ კანონების პაკეტი, რომელთა დახმარებითაც საქართველოში ბიზნესის წარმოება გაადვილდება.

იმ პირობებში, როდესაც საქართველო ღვინის, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ემბარგოს პირობებში იმყოფება, ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

დღეს, როგორც არასდროს, პარტნიორობისა და მეგობრობის პირობებში, ჩვენი ბიზნესისა და ხელისუფლების ერთობლივი, სწორი მუშაობა გვჭირდება, რათა სოფლის მეურნეობის ემბარგოს საკითხი გაირკვეს, ახალ ბაზრებზე გავიდეთ და ჩვენი სოფლის მეურნეობის წარმოების რეორიენტაცია მოვახდინოთ.

ამას მხოლოდ მარკეტინგი არ ეყოფა - სოფლის მეურნეობის ბაზა მთლიანად უნდა შეიცვალოს; უახლოეს წლებში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა უნდა გაორმაგდეს; მექანიზაცია, სარწყავი არხების მშენებლობა და მათი სათანადო მდგომარეობაში მოყვანა ფორსირებული წესით უნდა გავაგრძელოთ; საბანკო სექტორი უნდა განვავითაროთ, რადგან ეს სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა; ელექტროენერგიით მუდმივად უნდა მოვამარაგოთ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ამას უკვე ვაკეთებთ კიდეც; ინფრასტრუქტურა უნდა განვავითაროთ, ახალი გზები ვაშენოთ, ახალი სატრანსპორტო დერეფნები უნდა გავჭრათ; ჩვენი პროდუქციისა და, მთლიანად, ჩვენი ქვეყნის რეკლამირების საქმეში ფული უნდა ჩავდოთ.

ეს თითოეული ჩვენგანის ერთობლივი ამოცანაა.

თითოეული დეპუტატი, მინისტრი, მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც საზღვარგარეთ დადის, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელია ყველა საკითხში - არა მარტო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ ღვინის, თუნდაც მწვანილის გაყიდვის საკითხში, ახალი ბაზრების მოძიების საქმეში და იმ ხალხის გულის გასახეთქად, რომელმაც ჩვენი დანგრევა და განადგურება გადაწყვიტა, ეს ამოცანა უნდა შევასრულოთ.

ჩვენ ვერავინ გაგვანადგურებს - საქართველოს განვითარების ისეთივე სწრაფი ტემპი ექნება, როგორიც აქამდე ჰქონდა.

უკრაინაში განვითარების მხრივ პრობლემები შეიქმნა, რადგან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ნულის ტოლი იყო; რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ მას ნავთობი აქვს, ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელმა ექვსი პროცენტი შეადგინა, თუმცა, ნავთობის გარეშე, ეს მაჩვენებელი მინუს რვა პროცენტს შეადგენდა.

ეს ჩემი პროგნოზი არ არის, ეს რუსეთის მთავრობის ეკონომისტების მიერ მოყვანილი ციფრებია.

საქართველომ ემბარგოსა და გაზის ტარიფის გაორმაგების პირობებში და მიუხედავად იმისა, რომ შარშან არც ნავთობსადენი გვქონდა, თითქმის 10 პროცენტიანი ეკონიმიკური ზრდის მიღწევა მოახერხა.

ამ ტენდენციას იმ შემთხვევაში შევინარჩუნებთ, თუ ჩვენი მთავარი რესურსის - ეკონომიკური თავისუფლების ამოქმედებასა და გამოყენებას გავაგრძელებთ.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი რესურსი, ასევე, პრინციპული ხელისუფლებაა.

მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეზე ჩვენ პარლამენტის ისეთი ბირთვის შექმნა მოვახერხეთ, რომელიც ვიწროდ გაგებული კერძო ინტერესებისგან, პირდაპირ რომ ვთქვათ, საპარლამენტო ტრიბუნიდან კანონების მეშვეობით, კონკრეტული ბიზნესების ლობირებისგან თავისუფალია; ასევე თავისუფალია კორუფციისგან და ამ მხრივ, თქვენთან ერთად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, ასევე სხვა დეპუტატების მიმართ, ძალზე პრინციპული გადაწყვეტილებები მივიღეთ; ამას გარდა, ეს ბირთვი თავისუფალია სხვადასხვა კლანური და ორგანიზებული დანაშაულის მხრივაც.

ჩვენი მთავარი კაპიტალი არის ის, რომ რუმინეთისგან, ბულგარეთისგან, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულს ვანგრევთ და ჩვენს ქვეყანაში ასეთი ჯგუფები აღარ არსებობს.

საქართველოს კანონიერი ქურდები აღარ მართავენ, ქართულ ბიზნესს კრიმინალური სტრუქტურების წარმომადგენლები აღარ აკონტროლებენ!

ამ შედეგს კი იმის ხარჯზე მივაღწიეთ, რომ ისინი ხელისუფლებაში არ შემოვუშვით და არც შემოვუშვებთ.

ეს ძალზე პრინციპული საკითხია.

როგორი შანტაჟიც არ უნდა მოგვიწყონ, რა ზემოქმედებაც არ უნდა მოახდინონ და როგორც არ უნდა გვაკრიტიკონ, ჩვენი ერთიანობისა და კონსოლიდაციის პირობებში, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები საქართველოს პოლიტიკაში ვეღარ გაიხარებენ.

ეს ძალზე პრინციპული საკითხია, რაც უდავოდ თქვენი - საპარლამენტო უმრავლესობის დამსახურებაა.

ჩვენი ხალხი მშვენივრად ხედავს და აფასებს, რომ მან პარლამენტში ის უმრავლესობა მოიყვანა, რომელიც არა მარტო თავად არის პრინციპული, არამედ თავის რიგებშიც კი არ აჭაჭანებს ეჭვის საფუძვლის მქონე პიროვნებებსა და სუბიექტებს.

საპარლამენტო უმრავლესობა ყველას მიმართ ასეთი პრინციპულია და რაც მთავარია არავისი ეშინია.

დაშინებული და აკანკალებული ხელისუფლება არავის სჭირდება.

რა თქმა უნდა, ამავე დროს, ჩვენ ინტენსიური დიალოგი გვსურს ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

თუმცა ეს უნდა იყოს დიალოგი და არა ის, რასაც ზოგიერთი გვთავაზობს.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია ხელისუფლების კრიტიკოსის ფუნქციას ასრულებდეს.

მიმაჩნია, თავად ხელისუფლების მთავარი პრობლემაა ის, რომ ოპოზიცია ამ ფუნქციას ვერ ასრულებს.

ასეთ ხელისუფლებას აქვს რისკი, რომ მოდუნდეს, მოეშვას, ზოგიერთ ადამიანს აქვს მცდელობა, რომ გათავხედდეს და თავს გავიდეს, რაც ხელისუფლებისთვის ძალიან ცუდია.

თუ რაიმე დაანგრევს ხელისუფლებას - სწორედ ასეთი ტენდენციის გაჩენა.

ოპოზიცია იმდენად მნიშვნელოვანი და საჭიროა საზოგადოების განვითარებისთვის, რომ ამ საკითხზე კამათიც ზედმეტია.

ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თამაშის წესები დავიცვათ და იყოს ოპოზიცია, რომელიც ჩვენს გაკეთებულს გააკრიტიკებს - თუნდაც ხშირად ჩავთვალოთ, რომ დაუმსახურებლად გვაკრიტიკებენ.

ესეც დემოკრატიის დიდი მონაპოვარია.

მინდა, რომ ოპოზიცია აკრიტიკებდეს ჯანდაცვის, განათლების, სამართალდამცავი სტრუქტურების, თავდაცვის სისტემის რეფორმებს.

ასევე მსურს, რომ ოპოზიცია საგადასახადო ნორმების თაობაზე გვეკამათებოდეს.

ოპოზიცია უნდა გვეკამათებოდეს ყველაფერთან დაკავშირებით, რაც პოლიკას შეეხება.

შესაძლოა ჩვენ მიგვაჩნდეს, რომ ეს პოლიტიკა სწორი და ჯერჯერობით წარმატებულია, მათ კი, შესაძლოა, მიაჩნდეთ, რომ ის წარუმატებელი და არასწორია.

ერთია კრიტიკა, მაგრამ მეორეა ჩავერთოთ საუბარში იმის თაობაზე, რომ ვიღაც ნაძირალაა, მკვლელი, ბრუციანი (ეს მათი ტერმინია) და გაუნათლებელი, თუმცა ყველაზე განათლებული ჯგუფი, თუკი როდესმე შეგვხვედრია, თქვენს უმრავლესობასა და საქართველოს ხელისუფლებაშია წარმოდგენილი, პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა ლიდერების მეთაურობით - ეს, უკვე, გემოვნების საკითხია.

ამ თემებზე ერთმანეთს ელაპარაკონ, ხოლო თუ უნდათ, რომ საკუთარ თავს შეურაცხყოფა მიაყენონ - ფართო აუდიტორიასაც.

ჩვენ მზად ვართ, რომ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ყველაზე მძაფრ კრიტიკასაც გავუძლოთ, დანარჩენი კი უნდა მოვითმინოთ, რადგან ეს მოუმწიფრობის, არაკომპეტენტურობისა და სისუსტის ნიშანია.

ჩენი საზოგადოება ძალიან გონიერია იმისათვის, რომ ამას ვერ მიხვდეს.

პირადად მე ძალზე ბევრს დავდივარ, ყოველდღიური ურთიერთობა საკმაოდ ბევრ ადამიანთან მაქვს და უნდა აღინიშნოს, რომ ამას ყველა კარგად ხვდება.

თავის დროზე ვთქვით, რომ სადგურიდან ჩვენ ერთი "მატარებლით" გავდივართ.

ამ "მატარებელში" ზოგი საკუთარი შრომით, ზოგი კი "უბილეთოდ" აღმოჩნდა.

ამ "მატარებლით", ვისაც სურვილი აქვს (მათ შორის უბილეთოებიც), ყველა იმგზავრებს, მაგრამ თუ ვინმეს "სტოპ კრანის" ჩამოქაჩვა და ჩვენი რელსებიდან გადაყვანა მოუნდება, ეს არ გამოუვა.

მატარებლით მგზავრობასაც ელემენტარული წესები აქვს.

ჩვენი "მატარებელი" დანიშნულების პუნქტს აუცილებლად მიაღწევს, თუმცა წინ ჯერ კიდევ დიდი ხნის სავალი გზა გვაქვს.

მინდა კიდევ ერთი რამ შეგახსენოთ, რომ "მატარებლის", რომელიც თბილისიდან გავიდა და ჩვენ კი მისი მგზავრები ვართ, საბოლოო დანიშნულების პუნქტი არის სოხუმი, გაგრა და ლესელიძე (საქართველოს საზღვარი ფსოუზე).

ყველა ვინც "სტოპ-კრანის" ჩამოწევას ცდილობს, სხვა ინტერესებსა და ამბიციებს ემსახურება.

ეს მათი პრობლემაა, მაგრამ მათ ამ მიზნის განხორციელების საშუალებას არ მივცემთ.

მუშაობა ყველა მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ.

ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, ჩვენ ბევრი კანონი მივიღეთ.

არავინ დაიჯერებდა, რომ ქურდებთან ბრძოლას მხოლოდ კანონის მიღებით კი არ დავჯერდებოდით, არამედ საქართველოში ადამიანებს მხოლოდ ქურდის სახელის გამოც დაიჭერდნენ.

ჩვენ ძალზე ძლიერი სისტემა შევქმენით.

ასეთი რამ ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ განხორციელდა - მაგალითად ამერიკაში ეს შეძლეს და ორგანიზებული დანაშაული ამიტომაც დაამარცხეს.

იტალიაში და აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს ვერ მოახერხეს, აღარაფერს ვამბობ რუსეთსა და სხვა ქვეყნებზე სადაც ორგანიზებული დანაშაული, ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ინტიტუციონალიზირებულია.

ჩვენ ვთქვით და გავაკეთეთ კიდეც, მაგრამ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი კანონია მისაღები.

ერთის მხრივ, ადამიანის უფლებების სტანდარტები უნდა ავამაღლოთ.

ეს ძალზე პრინციპული საკითხია არა იმიტომ, რომ ვინმესთან ზედმეტი ქულა დავიწეროთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებას მეტი ჰუმანურობა და უფლებების დაცვა სჭირდება, რადგან ერთი უდანაშაულო ადამიანის დასჯა უფრო დიდი ტრაგედიაა, ვიდრე ასი დამნაშავის გაშვება.

კანონს ყველა დამნაშავე უნდა დავაჭერინოთ, მაგრამ უდანაშაულო ადამიანი რაღაც რეპრესიების ქვეშ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხვდეს.

ამავდროულად, უნდა მივიღოთ კანონი (ამაზე მუშაობა უკვე დავასრულეთ), რომლის თანახმადაც ნულოვანი ტოლერატულობა იქნება ყოველგვარი მცირე დანაშაულის მიმართაც.

ჩვენ აღარ გვყავს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები, მაგრამ გვყავს უამრავი ჯიბის ქურდი, ბაცაცა, ბინის გამტეხი და სხვა.

თითოეული მათგანის ადგილი ციხეშია და თუ გვსურს, რომ ქვეყანა ასეთი ადამიანებისგან გაიწმინდოს, ასეც უნდა მოვიქცეთ.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შვძლებთ.

შემდეგი პრინციპული საკითხი არის სასამართლო რეფორმა.

თავის დროზე, მე, ნინო ბურჯანაძემ და აქ მყოფმა კიდევ რამდენიმე ადამიანმა, ძველი რეჟიმის პირობებში, სასამართლო სისტემის რეფორმირება დავიწყეთ და გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ცუდად დასრულდა, რადგან სისტემა ამისთვის მზად არ იყო.

საბოლოოდ, შეიქმნა სიტუაცია, როდესაც პროკურატურის, პოლიციის, სახელმწიფო აპარატის, თავდაცვის სისტემების რეფორმირების პირობებში, საზოგადოების თვალსაზრისით, ყველაზე პრობლემური სექტორი საქართველოს სასამართლო დარჩა.

ერთის მხრივ, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხოლო მეორეს მხრივ, ეს გრძელი და რთული გზაა, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ.

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოში სამართლებრივი და სასამართლო რეფორმის სახელმწიფო კომისია შევქმნათ, რომლის მუშაობაში მონაწილეობას ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის, თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს (თუ რომელიმეს, რა თქმა უნდა, ამის სურვილი აქვს) ვთავაზობთ.

დარწმუნებული ვარ, რომ გამოჩნდებიან ისეთებიც, რომლებსაც ქვეყნის ბედ-იღბალზე გული შეტკივათ და ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ.

ყველა ერთად კი, ყოველგვარი პარტიული და პოლიტიკური მიკერძოების გარეშე, განვიხილავთ საკითხს თუ როგორ უნდა მოხდეს სასამართლოს იმგვარად რეფორმირება, რომ ეს სისტემა მართლაც დამოუკიდებელი, ძლიერი, ეფექტიანი იყოს და რაც მთავარია, ხალხს მისი ნდობა რეალურად ჰქონდეს.

ხალხის ნდობის მოპოვება არც ტელევიზიის მეშვეობით არის შესაძლებელი და არც შელოცვებით.

ხალხის ნდობა ან გაქვს ან არა.

პოლიციამ იმიტომ კი არ მოიპოვა ეს ნდობა, რომ ჩვენ ვაქეთ, მათ საქმით დაამტკიცეს, რომ მათი ნდობა შეიძლება.

იგივე შეიძლება ითქვას პროკურატურაზე - ხალხს ჰქონდა მასთან შეხება და კარგი გამოცდილებაც მიიღო.

ჯარში იმის გამო კი არ აგზავნიან დედები შვილებს, რომ ჯარისკაცის კარგი კვების შესახებ ტელევიზიით მოისმინეს, არამედ ნათესავისგან, მეზობლისგან, ახლობლისგან გაიგეს და დარწმუნდნენ, რომ იქ ყველაფერი კარგადაა, საკმაოდ კარგი პირობებია და შვილების გაშვება მათთვის მისაღებია.

ზუსტად ასევე უნდა გავაკეთოთ სასამართლოს მიმართაც.

რომში ვიზიტისას, ჩვენ მივმართეთ ევროპის კავშირს და დახმარება ვთხოვეთ, რადგან ამ მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებების დაგეგმვას ვაპირებთ.

პირველი ნაბიჯი არის ის, რომ გენერალური პროკურორი იუსტიციის საბჭოს შემადგენლობიდან გამოვიყვანოთ.

ჩვენ გსურს, რომ იუსტიციის საბჭოში იყოს ისეთი პარიტეტი, სადაც გენერალური პროკურორი და, ზოგადად, პროკურატურა წარმოდგენილი არ იქნება.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ პროკურატურა და სასამართლო, გარკვეულწილად, ერთმანეთს დავაშოროთ, მაგრამ, ამავე დროს, ილუზია არავის არ უნდა ჰქონდეს, რომ ქვეყანაში უკანონობასა და თავაშვებულობას შევეგუებით.

ეს ჩვენი საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს.

ჩვენი ამოცანაა, საქართველოში ისეთი სასამართლო სისტემის მიღება, რომელიც თავის უპირატესობით, ბევრი სხვა მეზობელი ქვეყნის სისტემასთან შედარებით, ათჯერ უკეთესი იქნება.

გახსოვთ ალბათ, ლიცენზიების გაუქმების თაობაზე მსჯელობისას, ბევრი ამბობდა, რომ რესტორნებში ხალხი მოიწამლებოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ერთადერთი მივიღეთ ის, რომ რესტორნების მფლობელები სანიტარულ, სახანძრო და სხვა ინსპექციებს ყოველდღიურ, ყოველკვირეულ, თუ ყოველთვიურ გადასახადს აღარ უხდიან.

როდესაც ლაპარაკი იყო ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების გაუქმების შესახებ, კეთდებოდა პროგნოზი, რომ ავარიების რიცხვი გაიზრდებოდა, მაგრამ არც ასე მოხდა.

მოხდა მხოლოდ ის, რომ მძღოლების უმრავლესობამ ამოისუნთქა და მას სულს აღარავინ უხუთავს.

იგივე შეიძლება ითქვას შრომის კოდექსთან დაკავშირებითაც - ჩვენ არ ვეხებით ორსულთა და დაუცველი კატეგორიების ადმიანთა უფლებებს.

ჩვენ არ ვართ საფრანგეთი და ნორვეგია და ხალხის დასაქმება გვჭირდება, ხოლო თუ გვინდა სამუშაო ადგილები გაჩნდეს, ქართული ბიზნესი ხელოვნურად არ უნდა შევზღუდოთ.

ბევრი ასეთი რამის დადგენა კანონით არ ხდება.

თავისუფლება, უპირველესად იმას ნიშნავს, რომ სუბიექტებს შორის კონტრაქტის თავისუფლება უნდა იყოს.

ჩვენ ისეთი ნორმები უნდა მივიღოთ, რომლებიც საქართველოს ყველაზე თავისუფალ ქვეყანად აქცეს.

ჩვენ უკვე ვართ ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანა, მაგრამ ინსტიტუციონალიზირებულად არაკორუმპირებულ ქვეყნად უნდა ვიქცეთ, სადაც კორუფციის მექანიზმებიც კი არ იარსებებს.

ჩვენი ძალა სწორედ ამაშია.

ერთის მხრივ, ჩვენ სხვადასხვა ოლიგარქიულ, მაფიოზურ, ქურდულ თუ სხვა ინტერესებს პოლიტიკას ახლოსაც არ ვაკარებთ.

მეორეს მხრივ, ბიზნესთან მუდმივ დიალოგში ვიმყოფებით იმისათვის, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი, დაცული და წინასწარ გათვლილი, წინასწარ პროგნოზირებადი, წინასწარ ჩამოყალიბებული წესების პირობებში მუშაობდეს, რომელსაც ასე მარტივად ვერც ერთი პრეზიდენტი, ვერც ერთი საგადასახადო ინსპექცია, პარლამენტის კომიტეტი თუ სამინისტრო ვერ შეცვლის.

ამ გაზაფხულზე შესაფერისი მომენტია იმისათვის, რომ ეკონომიკური თავისუფლების გზით, წინ ძალზე სწრაფად ვიაროთ.

ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ძალიან დიდი ინვესტიციების შემოსვლას ველოდებით და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ზოგს ეს არც სიამოვნებდეს, ეს ინვესტიციები უკვე შემოდის.

წინ პრივატიზაციის დიდი პროცესი გველოდება.

ასევე ვაპირებთ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას და ამის თაობაზე უკვე საკმაოდ ბევრი განაცხადია შემოსული.

ვაპირებთ ჩვენი პორტების ბევრად უფრო ინტენსიურად განვითარებას და ამაზეც ბევრი განაცხადია შემოსული.

ვაპირებთ ჭიათურის საბადოების ბევრად უფრო ინტენსიურად ამოქმედებას და ამ შემთხვევაშიც ბევრი მსურველი გამოჩნდა, მათ შორის რამდენიმე მსხვილი კომპანიაა.

ვაპირებთ საბანკო სექტორის განვითარებას და მის ლიბერალიზაციას, ბევრი მსურველია იმისა, რომ საქართველოში ახალი კაპიტალი შემოიტანოს.

ეს ჩვენი მთავარი რესურსია და ეს რესურსი ჩვენ უკვე ავამოქმედეთ.

ეხლა, როგორც არასდროს, ამ მიმართულებით მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების მიღებაა საჭირო.

თქვენ იცით,რომ ნოემბერში ადგილობრივ თვითმმართველობას ვადა გასდის და ამ პერიოდში საქართველოში ადგილობრივი არჩევნები უნდა გაიმართოს.

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ჩვენი პოლიტიკის და ხალხისთვის მიცემული დაპირებების ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედია.

პარლამენტის თვმჯდომარემ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა - შეხვდეს საარჩევნო კომისიას, მოიწვიოს ყველა დაინტერესებულ მხარე, რათა ადგილობრივი არჩევნებისთვის საარჩევნო სიები ბოლომდე დავაკონკრეტოთ.

ჩვენი სურვილია, რომ იქ კითხვის ნიშნები არ იყოს.

ჩვენთვის პროცედურა სრულიად გადამწყვეტია, რადგან ძლიერები ვართ.

ასეც რომ არ იყოს, მაინც გადამწყვეტი იქნებოდა, რადგან დემოკრატები ვართ, მაგრამ ჩვენ ერთდროულად დემოკრატებიც ვართ და ძლიერებიც.

ამიტომ გამჭვირვალე, დემოკრატიული, ღია არჩევნების გამართვა გვინდა, რათა ჩვენი ხალხის არჩევანის შეუქცევადობა კიდევ ერთხელ დადასტურდეს.

ამავე დროს, თუ სხვა ასპექტებზეც ვისაუბრებთ, ნატო-ში ჩვენი დელეგაციის გამოცდამ ძალიან კარგად ჩაიარა და ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმა წარმატებულად დამტკიცდა.

საქართველო, ალბათ, ყველაზე წარმატებული იყო ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის.

ითქვა, რომ თავდაცვის სფეროში ჩვენმა ქვეყანამ 6 თვის განმავლობაში თითქმის სასწაული მოახდინა და ჩვენ ამ ორგანიზაციაში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადავდივართ.

ეს ეტაპი ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების შეუქცევადობის დასაწყისია.

ვიცი, რომ ზოგიერთს ესეც აღიზიანებს, მაგრამ ქართული საზოგადოება ამას მხარს უჭერს და პირველი მოვლენა, რომელიც საქართველოს ირგვლივ ხდება, გარკვეულწილად, ამ საკითხს უკავშირდება.

ნატო-ში შესვლა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული აქცია არ არის - ეს არის საქართველოს გაძლიერებისკენ და საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ გადადგმული გააზრებული, სტრატეგიული და, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშვიდობიანი ნაბიჯი.

ვფიქრობ, ამ ვითარებაში კონსულტაციები და მუშაობა ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ.

მადლობელი ვარ იმ დეპუტატების, რომლებიც საზღვარგარეთ დადიან და საქართველოს ღირსეულ და ეფექტურ ქვეყნად წარმოაჩენენ.

განსაკუთრებით მადლიერი ვარ მათი, ვინც საქართველოს რეგიონებში დადის და სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას უწყობს ხელს.

სოფლის მეურნეობის პროგრამასთან დაკავშირებით, გუშინ რამდენიმე დეპუტატთან და პოლიტიკურ აქტივთან გვქონდა შეხვედრა.

მას შემდეგ, რაც ენერგომომარაგების პროგრამა გადავწყვიტეთ, მას შემდეგ, რაც ინფრასტრუქტურის მშენებლობა დავიწყეთ, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოვაყალიბეთ, მთავარი დიდი ეტაპი სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია და სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოსახლეობის დახმარებაა, რათა ისინი ემბარგოთი ვერ მოახრჩონ, რათა ვერ მოახერხონ ის, რისი მიღწევაც რუსეთის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ კონტროლირებადი საშუალებებით სურთ - რომ ეს არის ქვეყნის აღსასრული.

ეს დიდი, ახალი ეტაპის, ჩვენი გაძლიერების დასაწყისია.

ჩვენ ვისწავლით ახალ ბაზრებზე ბევრად უფრო ეფექტიანად და მაღალი ხარისხით მუშაობას.

ეს ის ეტაპია, რომელიც ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გაიარეს, როდესაც ისინი მართლა თანამედროვე ქვეყნები გახდა.

ამავე დროს, მზად ვართ რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგი გავმართოთ - სოფლის მეურნეობის მინისტრი მოსკოვში უკვე იმყოფებოდა და მზად ვართ, რომ პრემიერ-მინისტრიც ნებისმიერ წუთს გავგზავნოთ იქ, რათა ერთად ჩამოვყალიბდეთ და ეს საკითხები გადავწყვიტოთ.

თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ეს, უდავოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ყოველივე ამის შემდეგ, საქართველო პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც გაძლიერდეს და წინ წავიდეს.

ეს არის ჩვენი სტილი და მუშაობის წესი.

მაშინ, როდესაც ენერგეტიკაში გაჩნდა პრობლემა გავაძლიერეთ ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობაში გვაქვს პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ დაგვჭირდება დრო და მუხლჩაუხრელი შრომა, გავაძლიერებთ ამ დარგსაც.

თუ პრობლემები საერთაშორისო ორგანიზაციებში შეგვექმნა, კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო ორგანიზაციაში მოვახდენთ ინტეგრირებას და კიდევ უფრო აქტიურად განვახორციელებთ ქვეყნის ძალიან აგრესიულ (ამ სიტყვის სწორი გაგებით) დამკვიდრებას საერთაშორისო არენაზე.

ეს არის ჩვენი ქვეყანა, ხოლო ჩვენი ქვეყნის ინტერესები ჩვენთვის ყველაზე მთავარია.

ეს არის ის, რაც, ძირითადად, თქვენთვის მინდოდა მეთქვა.

ეხლა რამდენიმე კანონი გვაქვს განსახილველი - ინვესტიციების კანონი, საგადასახადო და საბაჟო კოდექსები, სისხლის სამართლებრივი კანონები, რომელთა მიღების შემდეგაც იმის თამამად თქმა შეგვეძლება, რომ ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის (მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების ჩათვლით) საპარლამენტო ისტორიაში, ჩვენ ყველაზე რეფორმისტული პარლამენტი გვაქვს.

კარგად ვიცნობთ ესტონურ, ლიტვურ, ლატვიურ გამოცდილებებს, ამ ხალხმა იქ მაქსიმუმ ერთი წელი გაძლეს, რომ რაღაც ეკეთებინათ.

ჩვენ უკვე ორი წელია დაჟინებული ვაკეთებთ რეფორმებს და კიდევ ორი წელი გავაკეთებთ.

რამდენჯერ ითქვა, ერთი წლის, წელიწადნახევრის წინათ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაიშლებოდა - მოტყუვდნენ, რადგან ძალა ერთობაშია, რადგან ჩვენი "მატარებელი" სოხუმში მიდის და არაფერი მაქვს კასპისა და კასპელების საწინააღმდეგო, მაგრამ ვისაც კასპში უნდა ჩასვლა, ჩავიდეს, არ დავუშლით; ვისაც სოხუმში ჩასულებს მოსკოვისკენ მოუნდებათ გზის გაგრძელება, ამის საწინააღმდეგოც არაფერი გვექნება, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს მარშრუტზე წასვლა დაგვაცადონ.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)