Google+

გამოსვლები და განცხადებები

11.05.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისასალმებელი სიტყვა ესტონეთის პრეზიდენტის არნოლდ რუუტელის მიმართ

მივესალმები ყველას!

დღეს სტუმრად გვყავს ჩვენი მეგობარი, ესტონეთის პრეზიდენტი არნოლდ რუუტელი.

ესტონეთსა და საქართველოს დიდი ისტორიული მეგობრობა აკავშირებს.

მიხარია, რომ ჩვენმა მეგობარმა საკუთარი დაბადების დღე თბილისში აღნიშნა და ამ ფაქტმა ის დრო გამახსენა, როდესაც ბევრი ქართველი ახლადდაქორწინებული წყვილი სამოგზაუროდ ტალინში მიდიოდნენ...

დარწმუნებული ვარ, რომ ეს დრო აღდგება და ამ მხრივ ბევრად უფრო წინ წავალთ.

ამავე დროს, ესტონეთი ჩვენთვის დიდი მაგალითია, რადგან ის, რაც დღეს საქართველოს მიმართ ხორციელდება - ეკონომიკური ემბარგო, ბლოკადა, გამოუცხადებელი ეკონომიკური სანქციები, ეკონომიკის განადგურების და თითოეული ოჯახისთვის პრობლემების შექმნის მცდელობა, ესტონეთმა რამდენიმე წლის წინათ განვლო.

თუმცა ჩვენთვის ესტონეთი ასევე იმედის ორიენტირია, რადგან ესტონეთი, რომელსაც რუსეთმა სრული ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა (ესტონეთის პროდუქციის ექსპორტის 90 პროცენტი სწორედ რუსეთზე მოდიოდა), რუსეთის ბაზარი გადაუკეტეს და ყველა პროდუქტი დაუბლოკეს, ეკონომიკური თვალსაზრისით, დღეს აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა და რუსეთზე, დღესდღეობით, ესტონეთის საერთო ექსპორტის მხოლოდ 4-5 პროცენტი მოდის.

ესტონეთმა ნავთობისა და გაზის გარეშე შეძლო სირთულეებისთვის თავი დაეღწია და ამ ქვეყანაში, ერთ სულ მოსახლეზე, დღეს 3-ჯერ მეტი შემოსავალია, ვიდრე რუსეთში.

რუსეთი ნავთობის გაზისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყანაა, მაგრამ სამჯერ უფრო ღარიბად ცხოვრობს, ვიდრე ესტონეთი, რომლის დაჩოქება, განადგურება და ეკონომიკის მიწასთან გასწორებაც განიზრახა მაშინდელმა რუსულმა პოლიტიკამ.

უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელთაა.

ესტონეთსაც ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ფონს გავიდა და დღესდღეობით გამარჯვებული, წარმატებული და ეკონომიკური თვალსაზრისით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა.

ესტონეთში ეკონომიკური სასწაული მოხდა, რადგან ამ ხალხმა ირწმუნა, რომ გაჭირვებიდან თავის დასაღწევად, დიდი შრომა და მუშაობაა საჭირო და გადაწყვიტა გაესწრო მათთვის, ვინც ისინი ამ გაჭირვებისთვის გაიმეტა.

ასევე მინდა გითხრათ, რომ მარტ ლაარი, რომელიც ესტონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველი პრემიერ-მინისტრი და იმ პერიოდში ამ ქვეყნის ეკონომიკური სასწაულის ავტორი იყო, ოფიციალურად გახდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.

რამდენიმე დღეში იგი თბილისში გადმოვა, რათა ჩვენთან ერთად საქართველოს ეკონომიკურ რეფორმირებასა და მის წინსვლაზე, ასევე იმ გაჭირვებისა და პრობლემების გადასალახად იმუშაოს, რომელსაც დღეს გვიქმნიან.

თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითი პრობლემებია.

ჩვენ გადმოვიღეთ ესტონეთისგან ბევრი რამ, მათ შორის სკოლების კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტიზაციის პროგრამა, მაგრამ თუ ამაზე ესტონეთს 5 წელიწადი დასჭირდა, საქართველოსთვის 2,5 წლიწადი საკმარისი იქნება.

ამას წინათ, ჩვენი განათლების მინისტრი კახა ლომაია ხულოში, შუახევსა და ქედაში იმყოფებოდა და გამიხარდა, როდესაც მითხრა, რომ ხულოში ყველა სკოლას აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი, გათბობის ახალი სისტემა.

ის, რაც შესაძლებელი აღმოჩნდა ტალინსა და ტარტუში, შესაძლებელია და უფრო სწრაფად კეთდება ხულოში, შუახევში, ქედაში, ჩხოროწყუში, ბათუმში, თბილისსა და საქართველოს ყველა სხვა ადგილზე.

დღეს ვისაუბრეთ, რომ ესტონეთის იუსტიციის სამინისტრო, მთლიანად მთავრობა დაგვეხმაროს იმაში, რომ ესტონეთსა და საერთოდ ევროპის ბაზრებზე არა "სვანჭკარა" და სხვა ათასგვარი საეჭვო დასახელების ღვინო კი არ იყიდებოდეს, ან ჩვენი ღვინის სახელწოდების ხარჯზე, ესპანელი, ან სხვა ქვეყნის მოვაჭრეები კი არ მდიდდრდებოდნენ, არამედ ქართველი გლეხის მოყვანილი ყურძნისგან დაწურული ღვინო გავიდეს.

ამისათვის ჩვენ გვჭირდება ფალსიფიკაციის აღმოფხვრა და ამ ბაზრებიდან მსგავსი პროდუქციის გამოდევნა.

ამისათვის ასევე საჭიროა, რომ ჩვენი მწარმოებლების ერთმა ჯგუფმა ჩაიტანოს ქართული ღვინო, მოელაპარაკონ მისი გაყიდვის შესახებ, მით უმეტეს, რომ ისინი მზად არიან ამ პროდუქციის გასაყიდად.

დარწმუნებული ვარ, რომ მუხლჩაუხრელი შრომის შდეგეად, თუ წელსვე არა, ორი წლის განმავლობაში მაინც, რუსეთის ბაზარზე გასატან მთელ ღვინოს (თანაც მისი რაოდენობა არც თუ დიდია) მსოფლიოს ბაზარზე უპრობლემოდ გადავანაწილებთ.

ოღონდ, კიდევ ვიმეორებ, ამისათვის ყველამ უნდა გავანძრიოთ ხელი.

საქართველოს მთავრობა საამისოდ ყველაფერს აკეთებს - ჩვენ ვიხდით ფულს რეკლამისთვის, ვიხდით ფულს კონფერენციებისა და გამოფენების მოსაწყობად, ხელს ვუწყობთ პირდაპირი რეისების გახსნას ყველა მიმართულებით.

ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან პირველი რეისი რიგის მიმართულებით გაიხსნა და დარწმუნებული ვარ, იქიდან ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთანაც შესაძლებელია დაკავშირება.

ვხსნით საელჩოებს ყველგან - ჩვენი წარმომადგენელი გვეყოლება ტალინში და მისი პირდაპირი ფუნქცია ბაზრებზე გასვლა იქნება.

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რაც მას შეუძლია.

თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩვენ სარეკლამო კამპანიებში მილიონებს დავხარჯავთ და ევროპის მასშტაბით ბილბორდები, სატელევიზიო, თუ საგაზეთო რეკლამები გაჩნდება, თუ ქართველი მეღვინეები არ გაინძრევიან და ამას ქართულ ღვინოს არ მოაყოლებენ, ისევ "სვანჭკარისა" და "სინძმარაულის" გამყიდველი გამდიდდრდება.

თუ საქმიან წრეებსა და სახელმწიფოს შორის იქნება თანასწორი პარტნიორობა და ყოველდღიური ურთიერთობა, აზრთა ურთიერთ გაცვლა და თნამშრომლობა, თუ დღე და ღამე დაუღალავად ვიშრომებთ, ყველაფერს მივაღწევთ.

ჩვენ ეხლა დასვენებისა და მოცდის დრო არ გვაქვს.

ასე, რომ კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენს დიდ მეგობარს, ესტონეთსა და მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეზე მნიშვნელოვან ფიგურას ბატონ არნოლდ რუიტელს!

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები, რომლებმაც ერთმანეთი ყველაზე რთულ პერიოდშიც კი არ დაკარგეს, ბევრად უფრო დაახლოვდებიან, ბევრად უფრო ხმამაღლა და ინტენსიურად დავიცავენ ერთმანეთის ინტერესებს ევროკავშირშიც, ნატო-შიც, პოსტსაბჭოთა სივრცეზეც და საერთაშორისო არენაზეც, მას შემდეგ, რაც ერთმანეთი საბოლოოდ ვიპოვეთ.

ამ მხრივ, ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია.

თქვენ იცით, რომ ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვართ.

მას შემდეგ, რაც ვიწყებთ ფიქრს დსთ-დან გამოსვლის თაობაზე, თუმცა ეს თვითმიზანი არ არის და ამ საკითხს სხვადასხვა სამინისტროებთან ერთად სათანადოდ ვსწავლობთ, უკრაინამაც განაცხადა, რომ ამ თემაზე ისიც მსჯელობს.

საქართველო და უკრაინა კონსულტაციებს ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროების დონეზე ვმართავთ.

ამ ვითარებაში ორიენტირი იმ ქვეყნების მაგალითზე გვაქვს, რომლებმაც გარდამავალი პერიოდი წარმატებით განვლეს და დღეს ძალზე წარმატებული და მყარად მდგარი ეკონომიკის მქონე ქვეყნები არიან.

ამავე დროს ბუნებრივია, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, რუსულ ბაზარზე დაბრუნება და ურთიერთობის ნორმალიზაციაა.

ყოველივე ეს ერთმანეთთან სრულიად შეთავსებადია.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)