საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ევრაზიის ენერგოუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ფორუმზე
ქალბატონებო და ბატონებო, პატივცემულო სტუმრებო, კოლეგებო!
ჩემთვის დიდი პატივია მივესალმო თითოეულ თქვენგანს აქ, თბილისში.
მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს, განსაკუთრებით კი ბატონ კლოდ მანდელს, ასევე ელჩს და ყველას, ვინც ყველაფერი იღონა ამ კონფერენციის გასამართად.
საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელიც ენერგეტიკულ საკითხებს განიხილავს როგორც დღეს ისე მომავალში..
მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ხედვა ყველაზე მნიშვნლოვანი იქნება პოლიტიკოსებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
დღეს ყველას შეგვიძლია დიდი სარგებელი მივიღოთ თქვენი შეხედულებების გაზიარებით, განსაკუთრებით კი როდესაც ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ, ასევე, საბაზრო დივერსიფიცირების საკითხებთან დაკავშირებით.
ეს ის საკითხებია, რომლებსაც დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ.
საქართველო არის ქვეყანა, რომელშიც ჯერ კიდევ დიდი გაჭირვებაა, მაგრამ რეგიონში ყველაზე ჩქარი ტემპით, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჩქარი ტემპით ცდილობს გადალახოს ეს პრობლემები და წავიდეს წინ.
თუ ბევრ სხვა ქვეყანას ცვლილება ყოველ ათ წელიწადში ეტყობა-ხოლმე, საქართველოში ეს ყოველთვიურად იგრძნობა.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ჰყავს ახალგაზრდა და გამოუცდელი სახელმწიფო აპარატი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მთელი რეგიონის მასშტაბით.
ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული სახელმწიფო აპარატი გვაქვს და ვართ ქვეყანა, რომელსაც სამი წლის წინათ სრულ კრახს უწინასწარმეტყველებდნენ
თუმცა დღეს ყველა აღიარებს, რომ არა მარტო ჩამოვყალიბდით ყველაზე სტაბილურ სახელმწიფოდ, არამედ ძალიან კარგი პერსპექტივა და მომავალიც გვაქვს.
რამდენიმე წლის წინათ, საქართველო ძალზე შორეული და უცნობი ქვეყანა იყო.
დღეს საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი ინტერესები იკვეთება და დღევანდელი კონფერენცია ჩვენ ქვეყნის მზარდი სტრატეგიული მნიშვნელობის ნათელი დადასტურებაა.
ასევე, ამ კონფერენციაში მონაწილეობით, თითოეულ თქვენგანს მიეცემა იმის საშუალება, რომ თბილისს გაეცნოს და დედაქალაქი დაათვალიეროს.
თბილისი ისეთი ქალაქია, სადაც ცვლილებები ძალზე სწრაფად ხდება.
თუ თქვენ საქართველოში კვლავაც ჩამოხვალთ დარწმუნდებით, რომ მთელი საქართველო გარდაიქმნა და შეიცვალა.
ჩვენს სახელმწიფო ინსტიტუტებს საზოგადოებაში დიდი ნდობით სარგებლობს.
რამდენიმე წლის წინათ ეს წარმოუდგენელი იყო.
საქართველოში საკმაოდ სერიოზული ინვესტიციები განხორციელდა - ჩვენს ქვეყანაში ასობით კილომეტრი გზა შეკეთდა, ამას გარდა, აშენდა ახალი სკოლები და საავადმყოფოები.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ წლის განმავლობაში უფრო მეტი გზა შეკეთდა და სკოლა და საავადმყოფო აშენდა, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან შარშანდლამდე, ანუ ბოლო 15 წლის განმავლობაში.
ეს უბრალო ციფრები არ არის, ეს რეალური ფაქტებია.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში უზარმაზარი ენერგიაა და არ შეიძლება, რომ ეს ქვეყანა უყურადღებოდ დავტოვოთ.
ბოლო წლის განმავლობაში სერიოზული ძვრები მოხდა - ქვეყანა გაიზარდა და განვითარდა.
ასევე შეინიშნება ეკონომიკური ძვრები.
შეიძლება ითქვას, რომ გასულ წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9.5 პროცენტს მიაღწია, ხოლო ამ წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, იგი 11 პროცენტს შეადგენს.
ვხედავ, რომ აქ მრეწველობის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელმა მოიყარა თავი, შესაბამისად ყოველივე ეს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას წაადგება.
არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელთა განხილვაც თქვენთან ერთად მსურს და საინვესტიციო კლიმატის შესახებ ვისჯელო.
თქვენ იცით, რომ ტარიფები შემცირდა და საქართველოში ახალი საგადასახადო პოლიტიკა გატარდა.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ამ რეგიონში, მსოფლიოს ამ ნაწილში ეკონომიკის განვითარებისათვის ყველა პირობაა შექმნილი.
დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასევე მსოფლიო ბანკის ანგარიშებში ჩვენს მიღწევებს საკმაოდ ხშირად აღნიშნავენ, რაც იმ განვითარებაზე მეტყველებს, რომელიც საქართველოში შეინიშნება.
ჩვენ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო დღეს კორუმპირებული სახელმწიფო აღარ არის.
საქართველოში მომუშავე სხვადასხვა კომპანიებთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა განახორციელა კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით, საქართველო ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელშიც კორუფცია არ არის.
შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ საკმაოდ ხელშესახები ცვლილებები შეინიშნება, რის გამოც, ინვესტიციების შემდგომი განხორციელების თვალსაზრისით, საქართველო ძალზე პოზიტიური ქვეყანაა.
ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველო აღიარებული იქნება, როგორც დღესდღეობით ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანა მსოფლიოს მასშტაბით.
საამისოდ, ჩვენს ქვეყანას ძალზე დიდი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, საქართველო განვითარდება, დემოკრატიის თვალსაზრისით უკვე შეინიშნება სერიოზული ძვრები.
მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი ევროპული ხედვაა და ჩვენი იდენტურობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა.
თუ მიაქცევთ ყურადღებას იმას, თუ როგორ განხორციელდა პრივატიზაციის პროცესი რამდენიმე თვის, ან თუნდაც რამდენიმე წლის წინათ, ნახავთ ჩვენს აქტივებზე გადახდილ თანხას და რაოდენ დიდი პოტენციალი გვაქვს, დარწმუნდებით, რომ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მივიღეთ.
ეს კი ნათლად აჩვენებს იმას, თუ რას ვაკეთებთ ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით.
ამ მხრივ, მონაცემები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ერთი წლის წინათ იყო - ლაპარაკია ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორის პრივატიზაციაზე, საზღვაო პორტებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ოქროს საბადოებსა და ფოლადის საწარმოებზე, ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე...
ჩვენ ყველა მიმართულებით უნდა განვვითარდეთ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს გზაა ყველაზე სწორი და აუცილებელი, რათა ქვეყნის აღორძინებისთვის ყველაფერი გაკეთდეს.
ტურიზმის სფეროში პრივატიზაციის პროცესი შარშან დავიწყეთ და ამ სექტორიდან ასობით მილიონ და მილიარდობით დოლარსაც ვიღებთ, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 15 წლის განმავლობაში.
უნდა ითქვას, რომ ამ ორი დღის განმავლობაში განვიხილავთ რამდენიმე საკითხს, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია, არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.
ეს საკითხები ასევე მნიშვნელოვანია ენერგეტიკული ბაზრებისთვის.
ჩვენ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე ვლაპარაკობთ - უსაფრთხო ენერგეტიკის მიწოდებაზე, რაც გლობალური ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
ეს საკითხები უმნიშვნელოვანესია როგორც მწარმოებლებისთვის, ისე მომწოდებლებისთვის და აგრეთვე, ენერგეტიკის სექტორში დაკავებული ნებისმიერი მუშაკისთვის.
ეს საკითხები ყველაზე სერიოზული დაბრკოლებაა ყველა ჩვენგანის წინაშე.
ენერგეტიკული დივერსიფიცირება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც კონკურენციის განვითარების საშუალებას გვაძლევს.
ასევე ლაპარაკია სხვადასხვა ინტერესთა კონფლიქტზე და აუცილებელია, რომ ამ პრობლემების გადაჭრაში ყველამ აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა.
აუცილებელია, დიდი არჩევანი გვქონდეს, რადგან ამ შემთხვევაში წარმატების უფრო მეტი შანსი გვექნება.
გარდა ამისა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ჩვენი ერთიანი ძალისხმევის შედეგი და ჩვენი ვალდებულებაა.
აუცილებელია აღვნიშნოთ ისიც, რომ აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა, ისევე როგორც აუცილებლად უნდა იყოს მოგვარებული სერთიფიცირების საკითხი, ამას გარდა, უნდა გამოვიყენოთ ის ბუნებრივი პოტენციალი, რომელიც ქვეყანას და რეგიონს უხვად აქვს.
თუ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ მდებარეობას განვიხილავთ, მივხვდებით, რომ საქართველო ცენტრში იმყოფება, რომლის ერთ მხარეს არიან მწარმოებლები, ხოლო მეორე მხარეს მომხმარებლები და ევროპის ბაზრები.
შეიძლება ითქვას, რომ გეოგრაფიას საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში.
აქედან გამომდინარე, ზონის ფაქტორს გადამწყვეტი ადგილი უკავია იმისათვის, რომ წარმატებით დასრულდეს ბაქო-სუფსას მილსადენი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი, სამხრეთკავკასიური გაზსადენი, რომელიც ამ წლის დამლევს შევა ექსპლოატაციაში.
საქართველოსთვის შესაძლებელი აღმოჩნდა ამ მეტად მნიშვნელოვანი, კომპლექსური პროექტების განხორციელება, რასაც ვაკეთებთ კიდეც.
ეს ძალზე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომლითაც ყველა დაინტერესებულ მხარეს მსურს მივმართო.
რა თქმა უნდა, ხელისუფლება ვალდებულია საკუთრების უფლების დაცვა და უსაფრთხოება უზრუნველყოს, მაგრამ თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ამ პროცესებს უნდა გაუძღვეს.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დამატებითი რესურსები შემოვიდეს, რათა ინფრასტრუქტურა განვითარდეს და ამ რეგიონში არსებული პოტენციალი ამოქმედდეს.
ჩვენ უნდა გამოვიყენოთ დივერსიფიცირების ქსელების ყველა შესაძლებლობა, რათა გავიდეთ ბაზარზე და ეს რეგიონი ნამდვილად მდიდარია, რეგიონი იზრდება და აუცილებელია, რომ უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და მოპოვებაც განვითარდეს.
საქართველოს აქ უზარმაზარი როლი აქვს, რადგან ინფრასტრუქტურის განვითარება ჩვენი ქვეყნისათვის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია.
მსურს მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც ენერგეტიკული-სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობს.
ლაპარაკია, ახალი მილსადენების მშენებლობის თაობაზე, საკომუნიკაციო-სატრანსპორტი ხაზის მშენებლობაზე, რომლის საშუალებითაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს დაუკავშირდება.
ყაზახეთმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავისი ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში შეეტანა.
ამას გარდა, ჩვენ კარგად უნდა გამოვიყენოთ სატრანსპორტო გზების როგორც არსებული, ისე მომავალი შესაძლებლობები, რაც იმას მიუთითებს, რომ ეს არის ჩვენი მომავლისკენ მიმავალი გზა, ეს კი ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება მსოფლიოს ამ ნაწილში.
ვილაპარაკოთ ახალი ალტერნატივების მშენებლობის შესახებ.
აუცილებელია გვქონდეს ისეთი მილსადენი, რომელიც დააკავშირებს ბუნებრივ გაზს უკრაინასთან თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან.
ეს საკითხები უკრაინასთან უკვე განვიხილეთ და მას დიდი დაინტერესება გამოიჩინა სხვადასახვა პროექტების მიმართ.
ჩვენ ძირითადად არჩევანის შესაძლებლობაზე ვლაპარაკობთ, რაც უმნიშვნელოვანესი საკითხია მსოფლიოს ბაზრების უსაფრთხოებისათვის, განსაკუთრებით, როდესაც ბუნებრივი გაზის ბაზარზე ვლაპარაკობთ.
ეკონომიკის განვითარებისთვის ეს დღეს მამოძრავებელი ძალაა.
ჩვენ აუცილებლად უნდა შევქმნათ წინაპირობა იმისათვის, რომ ეკონომიკა განვითარდეს და ქვეყნები გახდნენ აყვავებულები.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევის შემთხვევაში, ყველა მიზანს მივაღწევთ.
ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხედოთ წინ, მომავალში და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ყველა პრობლემის მოგვარება შეგვიძლია.
მსოფლიოს ამ ნაწილში ენერგეტიკული პროექტები არ არის უბრალოდ ის პროექტები, რომლებიც ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებას ეხება.
მთავრობასა და მოქალაქეებს შორის აუცილებელია თანამშროლობა იმისათვის, რომ საერთო მიზანს მივაღწიოთ და ერთობლივი პროდუქტი მივიღოთ.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვლაპარაკობთ არა მარტო ჰიპოთეტურ შესაძლებლობებზე, არამედ - არსებულსა და რეალურზე.
ყოველივე ეს ქვეყანაში უკვე ფუნქციონირებს და არსებობს, ხოლო მომავალში უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ მეტი გავაკეთოთ და შევქმნათ.
ეს ის საქმიანობა არაა, რომელიც ვიღაცის წინააღმდეგ არის მიმართული, ან ის, რომელიც მიზნად ვიღაცის იზოლირებას ისახავს, შესაძლოა ვინმე ასეც ფიქრობდეს, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ აბსოლუტურად ყველა ამ რეგიონში უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ უფრო მეტი გამჭვირვალობა და უფრო მეტად კონკურენტუნარიანო გარემო იქნება.
ხელისუფლებისა და ჩემი ქვეყნის სახელით ნება მომეცით თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ მოგესალმოთ საქართველოში.
მინდა მოგიწოდოთ, რათა გამოიყენოთ შესაძლებლობები, რომ ყველა უდიდესი პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ამ რეგიონს გააჩნია, კარგად განიხილოთ.
ჩვენ ერთად ნამდვილად შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენს მიზნებს მივაღწიოთ.
დღევანდელი კონფერენცია ამის დადასტურებაა.
ჩვენი ამოცანა ყველასათვის ნათელია და დროც შესაბამისად არის შერჩეული.
დიდი მადლობა!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური