Google+

გამოსვლები და განცხადებები

13.07.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჯარო გამოსვლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პრეზენტაციაზე

მივესალმები თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს აჰმედ ნეჯდეთ სეზერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, პატივცემულ საზოგადოებას.

ძვირფასო საზოგადოებავ!

ჩვენთვის დღევანდევანდელი ღონისძიება და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავობსადენი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური, ან თუნდაც ენერგეტიკული პროექტი.

ეს ჩვენი ქვეყნების თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და მომავალი წარმატებების მყარი საფუძვლის ჩაყრის ისტორიული მნიშვნელობის წინაპირობაა.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია.

ბუნებრივი გაზის მილსადენის მშენებლობის პროექტთან ერთად, რომელსაც, თავის მხრივ, საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ის ურთიერთობის ერთი დიდი ეპოქის დასრულებას და ჩვენი რეგიონის პოლიტიკური მდგომარეობის, ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრულიად სხვა ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.

ეს ის ზღვარია, რომლის იქით მთავრდება პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა კონფრონტაციული, დიქტატის მეთოდებით და ურთიერთინტერესთა გათვალისწინებით, სრულიად განსხვავებული თანამშრომლობის, პოლიტიკისა და რეალობის ეპოქა იწყება, პოსტსაბჭოთა სივრცეში, შუააზიასა და კავკასიის მთელ რეგიონში თურქეთის ჩათვლით.

როსდესაც ამ პროექტზე ლაპარაკობენ ხშირად ამბობენ, რომ ჩემი ქვეყანა - საქართველო არის დერეფანი.

მინდა სრული კატეგორიულობით განვაცხადო, რომ საქართველო არავითარი დერეფანი არ არის, რადგან, ამ თვალსაზრისით, დერეფნის ცნება ჩემთვის მიუღებელია.

დერეფანი კედლების არსებობას მიანიშნებს და ეს დერეფანი რაოდენ ფართო შენობაშიც არ უნდა იყოს, იგი მაინც შეზღუდულ სივრცეს გულისხმობს.

სინამდვილეში, ის რაც დღეს ხდება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არა დერეფნები და ტერმინალები, არამედ ერთი დიდი სივრცე - ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, ურთიერთგაგების, მეგობრობის ერთიანი სივრცე შევქმენით.

სრულიად სხვა რეალობა ჩამოყალიბდა საქართველოს შიგნითაც - ჩვენ ძალზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ "ბრითიშ პეტროლიუმთან" და საქართველოში მომუშავე სხვა კომპანიებთან.

ეკონომიკური თვალსაზრისითაც სრულიად სხვა რეალობა იქმნება - რამდენიმე წლის განმავლობაში, 2003 წლამდე, ანუ ვარდების რევოლუციამდე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთადერთი ფაქტორი ნავთობსადენის მშენებლობა იყო.

ეხლა ნავთობსადენის მშენებლობა დასრულებულია და წელს, სხვა ადგილობრივი ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება.

ჩვენ სრულიად ახალი რეალობის შექმნა შევძელით: შევცვალეთ არა მხოლოდ ჩვენი ენერგეტიკული სტრატეგიული სადენი, არამედ მთლიანად, საქართველოს შიდა ენერგეტიკული დისტრიბუციის სისტემა.

ახალმა საინვესტიციო გარემომ, იმან, რომ საქართველოში აღარ არის კორუფცია, რის შესახებაც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, მოგვცა ის, რომ თუ ერთი წლის წინათ შიდა დისტრიბუციის ქსელების წაღებას რამდენიმე კომპანიას ერთ დოლარად ვთხოვდით, ოღონდ კი მისი ადმინისტრირება მოეხდინათ და ამას არავინ თანხმდებოდა, ერთი წლის შემდეგ, რამდენიმე კვირის წინათ, იგივე ქსელები, თანაც მათი მხოლოდ ნაწილი, რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარად გავყიდეთ.

სწორედ ეს მოაქვს ეფექტიან მართვას და გამჭვირვალე, არაკორუმპირებულ გარემოს.

ეხლა სხვა ეპოქაში გადავდივართ.

საბჭოთა პერიოდში ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ ვინ უნდა გვყვარებოდა და ვის მიმართ უნდა გვქონოდა ცუდი განწყობა.

მაგალითად, თურქეთთან არა მარტო თბილ დამოკიდებულებაში ყოფნას გვიკრძალავდნენ, არამედ იმასაც გვინერგავდნენ, რომ ქართველებისთვის თურქეთი მტერი იყო.

რამდენიმე წელიწადში (ამაზე ჩვენს თურქ ძმებთან გუშინ ვსაუბრობდი კიდეც) თურქეთის თანმიმდევრულმა, გახსნილმა, მეგობრულმა, ძმურმა დამოკიდებულებამ, რამდენიმე ათეული წლის საბჭოთა იდეოლოგიის ნამუშევარი მთლიანად ამოატრილა.

დღეს თურქეთი საქართველოსთვის უმთავრესი პარტნიორი, დიდი მეგობარი და მოძმე ქვეყანაა.

საქართველო და თურქეთს შორის დიდი თანამშრომლობის ეტაპი დაიწყო - თურქეთი სწრაფად ხდება საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი, ის სწრაფად ხდება და ალბათ მალე საქართველოში პირველი ინვესტორი ქვეყანა გახდება.

კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც თურქეთის პრემიერ-მინისრი ერდოღანი ორი წლის წინათ დანგრეულ განადგურებულ ბათუმში ჩამოვიდა.

ჩვენ ერთად წავედით საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, სადაც თუქეთისა და საქართველოს ვიზის აღების მოლოდინში, ორივე მხარეს გაწამებული მოქალაქეების რიგები იდგა.

მაშინ ჩვენ ერთად დავთქვით, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმს გავაუქმებდით.

გავიდა ცოტა დრო და დღეს საქართველოსა და თურქეთს შორის, იქ სადაც ნატო-სა და საბჭოთა ბლოკის საზღვარი გადიოდა, იქ, სადაც ყველაზე მეტი შეზღუდვა და აკრძალვა იყო, მთელ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და თავისუფალი საზღვარია.

ეს მართლაც ყველაზე გამჭვირვალე და მეგობრული საზღვარია ორ მოძმე სახელმწიფოს შორის.

აი, ეს არის იმ პოლიტიკოსთა გადაწყვეტილება, რომლებიც საკუთარ ხალხზე ზრუნავენ.

ჩვენ და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გადავწყვიტეთ, რომ ბათუმის აეროპორტი ერთობლივი გამოყენების ობიექტი იქნებოდა.

ეს გადაწყვეტილება სისრულეში ნოემბერში მოვა, მაშინ, როდესაც ბათუმის აეროპორტი ფუნქციონირებას დაიწყებს.

იგივე შეიძლება ითქვას თბილისის ახალი აეროპორტის ტერმინალზე, რომელიც ასევე თურქული კომპანიების მიერ შენდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისი და განსაკუთრებით ბათუმი სტამბულის მეშვეობით ყოველდღიურად (შესაძლოა დღეში რამდენიმე რეისიც განხორციელდეს) მთელ მსოფლიოს დაუკავშირდება.

ნოემბრიდან ეს სიახლე იქნება.

საქართველოში ძალზე ბევრი ბიზნესმენი ჩამოდის და მათ შორის თურქული კომპანიებიც.

საგულისხმოა, რომ სამშენებლო ბიზნესში თურქი ინჟინრების გვერდით ქართველი სპეციალისტებიც მუშაობენ, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს ეუფლებიან.

ეს მოხდა ნავთობსადენზეც და ეს ხდება ფართოდ მშენებლობის დარგშიც.

ჩვენ თურქული ტექსტილისა და სამკერვალო კომპანიები შემოვიყვანეთ.

ეს კომპანიები საქართველოში რიგრიგობით შემოვიდნენ და მას შემდეგ, რაც ნახეს, რომ წარმატებას მიაღწიეს, საქართველოში კარგი მუშახელია, საქმიანობა გააფართოვეს.

ჩვენც დავინახეთ, რომ ხალხი საქმდება, სამუშაო ადგილები გაჩნდა და ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელებს დავავალე, რომ უახლოეს პერიოდში თურქეთში ასეთივე ახალი პარტნიორები მოეძებნა და სამკერვალო წარმოების სფეროში კიდევ რამდენიმე ათასი დამატებითი სამუშაო ადგილი შეექმნა.

მეორე დღეს, ისევ აჭარაში ვიმყოფებოდი და ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი ჩემთან ერთად იყო, როდესაც მას დაურეკეს და უთხრეს, რომ აჭარის მთავრობის შენობას თურქეთიდან ტექსტილის რამდენიმე ფირმის წარმომადგენელი მოადგა, რომლებიც ახალი საწარმოს გახსნის საბაბით, აჭარის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ითხოვდნენ.

მათ აღნიშნეს, რომ ტელევიზიით საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას მოუსმინეს, მისი მოწოდება გაითვალისწინეს და ბათუმში ბიზნესის დასაწყებად მეორე დღესვე ჩამოვიდნენ.

ეს არის ოპერატიულობა და ნამდვილი თანამშრომლობა.

ჩვენში აღარ არის კორუფცია, დავწიეთ გადასახადები, გავხსენით საზღვრები, ორივე ქვეყნის მთავრობამ ყველა პირობა შექმნა იმისათვის, რომ ბაზრებზე მიმოსვლა გაადვილდეს და წელს, პირველად, თურქეთში დაბალი გადასახადებით, ერთი მილიონი ბოთლი ქართული ღვინო შემოვა.

პირველად ისტორიაში, თურქეთში ქართული სოფლის პროდუქტები შემოდის და ეს იმ პირობებში, როდესაც, ამ მხრივ, სხვა ბაზრებზე გარკვეული წინააღმდეგობები შეგვექმნა.

ამ ტიპის თანამშრომლობა, ისევე როგორც ის განვითარება, რომელსაც აზერბაიჯანში ვპოვებთ, ძალიან გვახარებს, რადგან ჩვენ ამაზე ახლო სახელმწიფო არ გვყავს.

ჩვენ ამ განვითარებით და ერთმანეთის დახმარებით სრულიად სხვა პერსპექტივების შექმნას შევძლებთ.

ჩვენ ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ ვითარება კარდინალურად იცვლება, მიუხადავად იმისა, რომ არსებობენ ისეთი ძალებიც, რომლებსაც შესაძლოა ეს ხელს არ აძლევდეს.

აღსანიშნავია, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, ეს ნიშნავს ჯავახეთის რეგიონში ასობით და ათასობით სამუშაო ადგილების შექმნას,

სხვა სანტრანსპორტო ინფრასტრუქტურას და ახალ სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოში.

ნავთობსადენი, გაზსადენი, ახალი აეროპორტები, ახალი რკინიგზები, ცოტა ხნის წინ, ამ ყველაფრის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო.

ცოტა ხნის წინ, ჩვენს ქვეყნებს უპერსპექტივო და სუსტ ქვეყნებად ახასიათებდნენ.

დღეს კი, მთელ მსოფლიოში ეს ქვეყნები დინამიურად მზარდი ქვეყნების რიცხვში შედის, რომლებიც განვითარების და კონსოლიდაციის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებისათვის მაგალითად იქცნენ.

რას გვაძლევს ექსპორტი? ეს არის სტაბილურობა, უსაფრთხოება, მომავლის იმედი. ეს არა მხოლოდ ენერგო და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას ეხება, ეს საერთოდ დამოუკიდებლობაა.

ეს ჩვენი ქვეყნისათვის მომავალი დუმოუკიდებლობის გარანტია, ეს ფანტაზია და ეს ჯეიმს ბონდის მრავალსერიანი ფილმი არ არის, რომელიც პროექტზე გადაიღეს, არამედ ეს რეალობაა. ალტერნატივა იძლევა არჩევანის საშუალებას. ეს არის მთავარი მიდგომა. თუ არ არის ალტერნატიული ბაზარი, თუ არ არის განვითარება, არ არის რეალური ინვესტირება, ჩვენი ხალხისათვის არ იქნება მომავალი.

ჩვენ ველოდებით ახალ პროექტებსაც, ჩვენ ჩავატარეთ კონფერენცია ევროპისათვის, თურქეთისათვის და საბერძნეთისათვის, ეს კვლავ და კვლავ რეალობაა.

ჩვენ გვაყვს სკეპტიკოსებიც, რომლებიც ეჭვში არიან, ისევე როგორც პროექტის დასაწყისში, მაგრამ ჩვენ საწადელს მივაღწევთ და გავიმარჯვებთ.

დღეს ბატონმა ბრაუნმა და ჩემმა თანამოძმეებმა აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ეს არ არის ისეთი რეალობა, რომელსაც ჩვენ ვერ მივაღწევთ, არ არის ოცნება რომელსაც ვერ ავისრულებთ.

მას შემდეგ, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, ამართლებს გამოთქმას - „არასოდეს თქვა არასოდეს".

მადლობა ყურადღებისთვის!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)