Google+

გამოსვლები და განცხადებები

16.09.2006
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა „პატრიოტთა ფორუმზე“

მივესალმები ლაგოდეხის, საგარეჯოს, ბაზალეთის, ბაკურიანის, ვარციხის, ხელვაჩაურის ბანაკების წარმომადგენლებს და ყველაზე პატარა პატრიოტს - ნიკუშა ძნელაძეს.

მივესალმები ჩვენს საუკეთესო ახალგაზრდობას, ჩვენს გმირებს - ზაზა ფაჩულიას, სოფო ხალვაშს.

მივესალმები ქალაქის მერს გიგი უგულავას.

საქართველო უკვე მაგარი და ლამაზია ქვეყანაა.

საქართველო უკე ნარინჯისფერ და წითელ ფერებშია, მუქი და უფერული ფერების, უიმედობის დრო წარსულს ბარდება.

ჩემო ძვირფასებო თქვენ საზოგადოების ყველაზე კარგი ნაწილი ხართ. საქართველოში არსებობენ ადამიანები, ვისაც საქართველოს გამთლიანების და მისი კარგი მომავლის არ სჯერა, ჩვენ კი მათ ვეუბნებით - ვისაც გვჯერა გაგვატარეთ.

საქართველო დაიღალა იმის მოსმენით, რომ ის ერთი პატარა ქვეყანაა, სადაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც მარტო ღვინის დასხმა, გართობა და მწვადების შეწვა შეუძლიათ. ნურავის ჰგონია, რომ ეს ასეა.

ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც მთელი მსოფლიოსთვის არის შუქურა თავისუფლებისათვის და საკუთარი ღირსებისათვის ბრძოლაში, გამბედაობაში, გამძლეობაში, შრომისუნარიანობაში და ნიჭიერებაში.

ჩვენ ამ სტატუსს თვენთან ერთად შევინარჩუნებთ.

ეს ესტაფედა საქართველოს საუკეთესო ნაწილის ხელშია.

იცვლება საქართველო - მე არ მახსოვს ასეთი სავსე სპორტის სასახლე, სავსე ეროვნული სტადიონი, რომელიც გიგი უგულავასთან ერთად გავაკეთეთ.

პირველად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, სამოცი ათასმა ქართველმა როგორც ერთმა ეროვნულ სტადიონზე ერთხმად პირველად იმღერა ქვეყნის ჰიმნი.

არ მოელოდა ჩვენი მოწინააღმდეგე იმას, რომ ქართველები შეძლებდნენ ფიქრს ერთი საფიქრალით, შეძლებდნენ ერთ ოცნებას და ამ ოცნების ასასრულებლად ერთად დაიძვრებოდნენ.

ჩვენ პატარა ერი ვართ. წმინდა გიორგიც არ იყო დიდი ლაშქრის მეთაური. ის უზარმაზარ იმპერატორს დაუპირისპირდა, რომელიც ბოროტებას, ურწმუნოებას, ძალადობას და იმას განასახიერებდა, რაც ღირსებას და სულიერებას ეწინააღმდეგებოდა.

ამ ერთმა ადამიანმა იმის გამო, რომ დიდი სულიერი ძალა გააჩნდა, ამ ძალის მობილიზაცია მოახერხა, აღდგა და იმპერატორი მთელი თავისი არმიით დაამარცხა.

საქართველო წმინდა გიორგია - სულიერად ძლიერი ქვეყანაა, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს.

სამი წლის წინ, ჩვენ ყველანი ცალ-ცალკე ვიყავით, მეგრელები აღარ ხვდებოდნენ კახელებს, კახელები გურულებს, გურულები ქართლელებს. ჩვენ ყველანი საკუთარ სახლებში ჩავიკეტეთ.

ჩვენს მოწინააღმდეგეს ეგონა, რომ საქართველო ვერასოდეს ვეღარ გაიმართებოდა წელში.

ერთხელ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლიდერმა საქართველოზე თქვა, უცნაური ხალხია ქართველები - რუსეთის იმპერიის დასაცავად, პირველ მსოფლიო ომში 250 ათასი მებრძოლი გამოიყვანეს.

მეორე მსოფლიო ომში საქართველომ დაკარგა ამდენივე. საკუთარი დამოუკიდებლობის დასაცავად საქართველომ 9 ათასი მებრძოლი გამოიყვანა.

აფხაზეთში, როცა სოხუმი სისხლისაგან იცლებოდა, იქ იყო სამი ოთხი ათასი მებრძოლი, დანარჩენი ქართველები რესტორნებში კაცმა არ იცის რას ზეიმობდნენ.

დღეს საქართველო დაქუცმაცებული აღარ არის. ამის გარანტი ჩვენ ვართ. ასეთი საქართველო ისტორიას ჩაბარდა.

დღევანდელი საქართველოსთვის ერთიანობა ცხოვრების წესია. გმირად არავინ არ იბადება, მაგრამ გამბედაობა თავისუფალი ადამიანის არჩევანია. გამბედავი ადამიანი ვიღაცის ბრძანებებს არ ასრულებს, მისი გამბედაობა შრომისუნარიანობის შედეგია.

ჩვენ გამბედავი თაობა გვჭირდება. საქართველოს დაშინებას ცდილობენ - ეკონომიკური ემბარგო გამოგვიცხადეს. მათ ეგონათ, რომ თუ ამას გააკეთებდნენ, ქართველი ხალხი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა, უიმედობაში ჩავარდებოდა - ნურას უკაცრავად.

ამ ემბარგოს პირობებში ჩვენ დავრწმუნდით იმაში, რომ ბევრი მეგობარი გვყავს. ლიტვაში თქვენი ტოლები ქუჩაში გამოდიოდნენ და ამბობდნენ ქართველების ღვინო იმის გამოა დაბლოკილი, რომ მათ თავისუფლება სურთ, იგივე მხარდაჭერა იყო პოლონეთშიც.

პოლონეთის პრეზიდენტმა მითხრა, 1921 წელს, როცა თქვენ ვერ დაიცავით თქვენი დამოუკიდებლობა, ქართველმა ოფიცრებმა პოლონეთი ბოლშევიკური რუსეთის დაპყრობას გადაარჩინეს. საქართველოს გვერდით დგას პოლონეთი, ევროპა და ყველა ცივილიზებული ადამიანი.

ჩვენი მომავლის მთავარი გადამრჩენი ვართ ჩვენ, ჩვენ საქმეს ვერავინ გააკეთებს.

მე რეზერვისტებთან ერთად ზაფხულის ცხელი დღეები კარვებში გავატარე, სადაც ძალიან ცხელოდა, ერთი ღამე ხელვაჩაურის ბანაკშიც გავათიე.

მომავალ წელს პატრიოტთა მოძრაობას ათი თხუთმეტი ათასი ადამიანი დაემატება.

ჩვენ სტაციონალურ ლამაზ კოტეჯებს ავაშენებთ და კარვებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადავცემთ, პატრიოტებს კომფორტული ბანაკები ექნებათ.

პირველმა გამომსვლელმა განაცხადაბ ვოცნებობ იმ დღეზე, როცა აფხაზეთში პატრიოტთა ბანაკები გაიხსნება. შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ზემო აფხაზეთის პირველ გათავისუფლებულ ტერიტორიაზე პირველ ასეთ ბანაკს საფუძველს ჩავუყრით.

მომავალი წლის ზაფხულში 1 ივნისს, როცა იქ გზა დასრულდება, სანატორიუმში, რომელსაც „მთის ხეობა" ერქვა, ულამაზეს ზემო აფხაზეთში ათას კაციანი ბანაკი გაიხსნება.

იმ ხალხმა, ვინც ბლოკადა გამოგვიცხადა, გადაწყვიტა, რომ საქართველოს განადგურებას შეძლებს, მათ ეს არ გამოუვათ.

მე მახსენდება ძველი ისტორია. შუა საუკუნეებში ყიზილბაშებმა ერთ ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყეს და ქართველებს დანებება შესთავაზეს. ექვსი თვის განმავლობაში ყიზილბაშებს საკვებს უგზავნიდნენ, ქართველებს კი არა, მიუხედავად ამისა ქართველები მათ მაინც არ დანებდნენ. აღმოჩნდა, რომ ქართველებს პატარა გვირაბი გაუთხრიათ და საკვები იქიდან შეჰქონდათ. ექვსი თვის თავზე, გალავანზე გადმოდგნენ ძალღონით სავსე ქართველები, ყიზილბაშებს თავზე დახედეს და ახლადდაჭერილი თევზები ამოიღეს. ჩვენც აქედან მივდივართ რიყეზე, რათა დავწუროთ ყურძენი, დავანახოთ თანამედროვე ყიზილბაშებს ის, რომ შაჰაბასმა ვერ ამოძირკვა ყურძენი, ყიზილბაშებმა ციხესიმაგრე ვერ აიღეს, ქართული ენა ვერ მოგვიშალეს და შენ ვინ ხარ ისეთი, რომ იმის გამო რომ შენ თვინონ არ გიყვარს ქართული ღვინის სმა, სხვასაც არ აძლევს საშუალებას ქართული ღვინო დალიოს. რა გგონია საქართველო ამიტომ წყურვილით მოკვდება, ვერ დალევს ბორჯომს, ამის გამო ჩაგბარდება? - ნურას უკაცრავად.

ებრაელები ათასწლეულების განმავლობაში ერთმანეთს ესალმებოდნენ შემდეგნაირად „მომავალში იერუსალაიმში".

ჩვენ ქართველი პატრიოტები ერთმანეთს ვესალმებით აქ - მთელი მსოფლიოს დასანახად, თავისუფლების, მშვიდობის და ერთიანობის პირობებში. მომავალში მივესალმებით სოხუმში, აფხაზეთში - ჩვენს ნათელ, უშფოთველ გარანტირებულ მომავალში.

გაუმარჯოს საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენ მფარველი.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)