Google+

გამოსვლები და განცხადებები

15.10.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ელენე გედევანიშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

მსურს მოგესალმოთ ყველას და, განსაკუთრებით, ჩვენს პატარა, მაგრამ ტიტულოვან სპორტსმენს ელენე გედევანიშვილს.

არც ჩვენთვის და არც მისი ოჯახისთვის სასიამოვნო არაა ის ფაქტი, რომ ამ ოჯახის ბედთან პოლიტიკა ძალზე ცუდად გადაიკვეთა.

რამდენიმე დღის წინათ, ელენესა და მისი ოჯახის წევრებს აცნობეს, რომ ისინი დეპორტირებული არიან რუსეთიდან.

ვფიქრობ ეს არის ძალიან უნიჭო, პირადი შურისძიების აქტი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დიდ პოლიტიკასთან არავითარ კავშირში არ არიან.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს უმწეობისა და წვრილმანი ბოღმის სრულიად გაუგებარი გამოვლინებაა იმ ჩინოვნიკების მხრივ, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ.

სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მსგავსი ცუდი პროცესების მონაწილეები კიდევ აღმოვჩნდებით.

თუმცა საქართველოს ეს არ სურს, ჩვენ საქართველოდან არავის ვაგდებთ, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს, ხოლო ვინც აქ არიან, დარჩნენ.

ამას წინათ, რუსი ოფიცრების ოჯახების წევრებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, დარჩენასა და ჩვენი მოქალაქეობის მიღებას შევთავაზეთ, რათა ჩვენთან ერთად აშენონ ახალი ქვეყანა.

ისევე, როგორც რუსეთში მცხოვრებ, ყველა ეროვნების ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოში დაბრუნებისა და საკუთარი ქვეყნის მშენებლობის პროცესში მონაწილების მიღებისკენ მოვუწოდებთ.

მთელ ამ ისტორიაში კარგი ის არის, რომ რუსეთიდან, პირდაპირ ვთქვათ, გამოგდებული ელენე გედევანიშვილი ავსტრიაში ძალზე სერიოზულ ტურნირზე გაემგზავრა, 17 ქვეყნის უმაღლესი კლასის 18 მოციგურავეს სძლია და თასი მოიპოვა.

ვფიქრობ ეს იმის კლასიკური მაგალითია, თუ როგორი ხალხი და შვილები ჰყავს საქართველოს - ჩვენ შეგვიძლია მათით ვიამაყოთ.

პირადად მე, ამ კონკრეტული ფაქტით, მართლაც, ვამაყობ და დარწმუნებული ვარ, ყველა იმ თანამემამულით ვიამაყებთ, რომლებსაც დღეს უსამართლოდ ექცევიან.

ეს ხალხი ერთხელ უკვე აქციეს დევნილებად აფხაზეთიდან, ეხლა მათ მოსკოვის, ვლადივოსტოკის, კურსკის, ეკატენბურგისა და პეტერბურგის ქუჩებში ეძებენ და იქიდან დევნიან.

მიმაჩნია, რომ ეს რუსეთისთვის დიდი დანაკარგია და ვფიქრობ, რომ დიდი შენაძენია საქართველოსთვის.

მინდა ვთქვა, რომ რუსეთში ზარ-ზეიმით ხვდებიან საქართველოდან გაძევებულ ჯაშუშებს, ჩვენ კი საზეიმო ვითარებაში ვხვდებით რუსეთიდან გამოგდებულ ჩემპიონებს.

სწორედ, ეს არის განსხვავება ჩვენსა და მათ შორის.

მსურს, რომ ჩვენს ჩემპიონს ერთ-ერთი უმაღლესი ქართული სახელმწიფო ჯილდო - ღირსების ორდენი გადავცე.

ჩვენის მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ელენე გედევანიშვილსა და მის ოჯახს საერთაშორისო კლასის წვრთნების გასაგრძელებლად ხელშეწყობა არ მოვაკლოთ, რადგან დარწმუნებული ვარ, შემდეგ ოლიმპიადასა და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მე-5 ადგილი მოიპოვა.

ქართული სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ელენეც და აქ მოსრიალე სხვა ბავშვებიც ნამდვილი ჩემპიონები გახდნენ და ყველას დაუმტკიცონ, რომ ქართველებს კიდევ ბევრის მიღწევა შეგვიძლია.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)