საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ლიტვის პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის ერთობლივი პრესკონფერენცია
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
მინდა მივესალმო ჩვენს სტუმარს, ლიტვის პრეზიდენტს, ჩვენს მეგობარს ვალდას ადამკუსს!
ლიტვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის და განსაკუთრებული ემოციური დატვითვა აქვს ჩემთვის და იმ თაობისთვის, რომელიც საზოგადოებრივი მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ და დამოუკიდებლობის შედეგად მოვიდა.
ჩვენ გვქონდა საერთო ლოზუნგი: თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის.
ლიტვა ბალტიის ქვეყნებში დამოუკიდებლობის მოძრაობის მედროშე იყო, ისევე, როგორც ამ მხრივ, საქართველო - ჩვენს რეგიონში, პოსტსაბჭოთა თუ ბევრ სხვა ქვეყანაში.
ჩვენ აღფრთოვანებით ვადევნებდით თვალს იმას, რომ ლიტვა პირველი საბჭოთა რესპუბლიკა იყო, რომელმაც, დიდი ზეწოლისა და საბჭოთა იმპერიის უზარმაზარი წინააღმდეგობის მიუხედავად, დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
პირადად ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის დღე, როდესაც ლიტვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რადგან მაშინ ვთქვი, რომ საქართველო იქნებოდა შემდეგი.
ამის შემდეგ ერთად ბევრი ქარტეხილი გავიარეთ.
ლიტველებს და ქართველებს საბჭოთა იმპერიამ ავტომატები და სხვა იარაღი სიამოვნებით დაურიგა.
ჩვენგან განსხვავებით, მინდა ეს გულისტკივილით აღვნიშნო, ლიტველებმა საბჭოთა არმიას ეს იარაღი არ გამოართვეს და იმ პირობებში, როდესაც მათ პროვოცირებას ცდილობდნენ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში პროვოკაციაზე არ წამოგება, პრაქტიკულად, ცარიელი ხელებით (მათი ყველაზე დიდი იარაღი რეზინის ჯოხი იყო) მოახერხეს.
ჩვენ კი, მაშინდელი პოლიტიკოსების გამოუცდელობის გამო, დიდი სიამოვნებით გამოვართვით იარაღი და შემდეგ ამ იარაღით სამოქალაქო ომი გაჩაღდა, რომელმაც საქართველო საგრძნობლად დასწია უკან.
დამოუკიდებლობის მიღწევის დასაწყისში, ლიტვისა და საქართველოს ეკონომიკური შემოსავლები დაახლოებით ერთნაირი იყო და საქართველო, მთელი რიგი მონაცემებით, საგრძნობლად ჯობდა კიდეც მაშინდელ საბჭოთა ლიტვას.
დღეს ლიტვის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, ჩვენი დაანგარიშებით, 3-4-ჯერ აღემატება ჩვენსას.
ეს იმ პირობებში, როცა ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში დაკავებული ვიყავით ნგრევით, ხოლო ლიტვა და მისი ხალხი - აღმშენებლობით.
ვფიქრობ, რომ ვარდების რევოლუციამ ყველაფერი შეცვალა.
რევოლუციის შემდეგ საქართველოშიც ისეთივე აღმშენებლობა დაიწყო, როგორიც ლიტვაში მთელი ამ წლების განმავლობაში.
ამიტომ, ლიტვა ჩვენთვის არა მარტო მეგობარი, არამედ აღმშენებლობის პროცესში, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი პარტნიორია.
ბევრი რამ გვინდა გადმოვიღოთ და ვისწავლოთ ამ ქვეყნისგან და, ზოგადად, ერთმანეთისგან - ეს ერთი.
მეორე - ლიტვა არის ერთ-ერთი მთავარი ხმა ევროპის კავშირში.
ლიტვა ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანაა და ის საქართველოს დაეხმარება ნატოში პოზიციების გასამყარებლად.
მე ვიტყოდი, ეს არის ზნეობრივი ხმა, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ყველა ევროპული სახელმწიფო ერთნაირად არ უჭერს მხარს, იმ პირობებში როდესაც ევროპას ბევრი სხვა პრობლემაც აქვს მოსაგვარებელი, ლიტვა მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალზე გეგმაზომიერად იცავდა საქართველოს ინტერესებსა და პოზიციებს.
პრეზიდენტ ადამკუსს ეკუთვნის ინიციატივა 3+3 - ბალტიის სამი ქვეყანა და სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა.
საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყანაა და ამავდროულად, შავი ზღვის ქვეყანა.
ამ ინიციატივის მიხედვით, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ლუბლიანაში დეკემბერში 6 მინისტრი (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, საქართველო აზერბაიჯანი, სომხეთი) ერთმანეთს შეხვდება, რათა სამი კავკასიური ქვეყნის ევროპის კავშირსა და ნატო-ს სატრუქტურებში ინტეგრაცია დაჩქარდეს.
ეს არის პრეზიდენტ ადამკუსისა და ჩემი ერთობლივი ინიციატივა, რომელიც შარშან ვილნიუსში ვიზიტისას გავახმოვანეთ და ამას ბოლომდე მივიყვანთ.
ასევე, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ამ წუთებში, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ბუქარესტში სიტყვით გამოდის, სადაც ერთმანეთს ლიტვის ლატვიის ესტონეის ბულგარეთის რუმინეთის პოლონეთის და საქართველოს წარმომადგენლები ხვდებიან.
ეს არის საქართველოს მეგობრების ახალი ჯგუფი, რომელიც საგანგებოდ შეიქმნა და რომელსაც ასეც ეწოდება "საქართველოს ახალი მეგობრები".
ამ ჯგუფის ფუნქციაა დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საქმეში.
რუმინეთში, ჩვენი და ლიტვის საგარეო მინისტრებმა ეს საკითხი ერთმანეთთან განიხილეს.
ეხლა ლიტვის საგარეო უწყების პირველი პირი საგანგებოდ საქართველოსთვის მოწვეულ კონფერენციაზე სიტყვით გამოდის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კონკრეტულ საკითხებზე საუბრობს.
ამგვარად, პრეზიდენტ ადამკუსის სტუმრობა ჩვენი ნამდვილი მეგობრისა და ახლობლის ვიზიტია.
წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი წელს რეკორდულად მაღალია.
თუმცა, 10 წლის განმავლობაში, სანამ ლიტვა შენდებოდა, ჩვენი ქვეყანა ინგრეოდა.
ბოლო ორ წლის განმავლობაში ვცდილობთ დავეწიოთ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს.
ამას წლები დასჭირდება, მაგრამ, მთავარია, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იყოს და ამას საქართველო აუცილებლად მიაღწევს, თუ ჩვენი მეგობრები დაგვეხმარებიან.
კიდევ ერთხელ მსურს მადლობა მოგახსენოთ ყველა ინიციატივისთვის, რომელიც ჩვენს მიმართ გამოიჩინეთ და კიდევ ერთხელ მოგესალმოთ აქ, თბილისში.
ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი
თქვენო აღმატებულებავ!
პატივცემულო მინისტრებო, პატივცემულო სტუმრებო!
ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე აქ, როგორც თავისუფალი ხალხის წარმომადგენელი, რომლებსაც მსგავსი ისტორია აქვს, როგორც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც თავისუფლებისათვის და ადამიანის უფლებების დაცვისათვის 60-წლიან ბროლას ითვლის.
ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს არა მარტო ჩვენი ქვეყნისათვის.
ჩვენ ევროპის კონტინენტისათვის უკეთეს მომავალს ვაშენებთ.
ჩვენს წინაშე ბევრი სირთულეებია, რომელიც თავისულებისათვის მებრძოლი ქვეყნების და ადამიანების დახმარებით უნდა გადავლახოთ.
ჩვენ საერთაშორისო საზოგადოების წევრები ვხდებით.
ევროკავშირისა და ნატოს წევრები უკვე გავხდით, ამავე დროს, მსურს გითხრათ: ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ გვჭირდება, რომ თქვენც ამ სივრცის წევრები იყოთ, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ და, შესაბამისად, როგორც თანასწორ წევრს მოგესალმოთ.
ჩვენ მსგავსი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ ყოველივე ეს სიძლიერეს გვმატებს.
ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, უკეთესი მომავალი ავაშენოთ, აქედან გამომდინარე ახალი იდეებით უნდა გამოვიდეთ, რომლებიც ჩვენს ხალხს წაადგება.
თქვენ იბრძოლეთ, აქ იყო ვარდების რევოლუცია, რაც ძალიან ბევრის ნიშანია.
ეს იმას მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნისათვის უკეთეს, ბედნიერ მომავალს ვაშენებთ.
ეს ის ურთიერთობებია, რომელიც თანამშრომლობას ემყარება.
შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებს შეუძლიათ თქვან, რომ ჩვენი თანამშრომლობით სერიოზულ შედეგებს მივაღწევთ.
ორივე ქვეყანას განვითარებისათვის დიდი შესაძლებლობები ეძლევა, როგორც პოლიტიკურ, ასევე კულტურულ, ეკონომიკურ თუ განათლების სფეროებში.
ჩვენ ამ სფეროებშიც ვითანამშრომლებთ.
ჩვენთან ერთად ჩამოსულია დელეგაცია და ამ სფეროებში თანამშრომლობისათვის მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.
ამ ორი დღის განმავლობაში ყველა საკითხს განვიხილავთ.
დიდი მადლობა, იმედი გვაქვს მომავალში თქვენთან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ.
შეკითხვები
ლიტვის ტელევიზია
კითხვა საქართველოს პრეზიდენტს: პატივცემულო პრეზიდენტო ლიტვას იმედი აქვს, რომ თქვენ რეგიონში მიმდინარე ყველა პროცესის ლიდერი იქნებით (ვგულისხმობ 3+3 ფორმატის ფარგლებში გამართულ სამიტს). მაინტერესებს გახდება თუ არა შესაძლებელი, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ასევე ერთ მაგიდასთან დასხდნენ?
მიხეილ სააკაშვილი: უპირველეს ყოვლისა, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობლივი ინიციატივა განხორციელდეს, რადგან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის გადამწყვეტი არის ის, ვიქნებით ჩვენ დემოკრატიული, თანამედროვე ევროპული ტიპის ქვეყნები, თუ წავალთ უკან ფეოდალური ტიპის კორუმპირებული რეჟიმისკენ, რომლიდანაც გამოსვლა დავიწყეთ. კარგად გავეცანი ლიტვის პრეზიდენტის ბერლინში გამოსვლას - "შავი ზღვის ხედვა". ეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბატონმა ადამკუსმა საქართველოზე ძალიან ბევრი ილაპარაკა. მან ასევე ბევრი ისაუბრა რეგიონზე. ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც იგი ჩემი სიტყვების ციტირებას ახდენდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა არასოდეს ივიწყებს, რომ ჩვენ მხოლოდ ერთად შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული და ერთად უნდა წავიდეთ წინ. პირადად მე, დარწმუნებული ვარ, რომ როგორი განსხვავებული პოლიტიკური კონცეფციაც არ უნდა იყოს, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებული რა პრობლემებიც არ უნდა არსებობდეს, კავკასიის სამივე ქვეყანა ევროპასთან და ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ერთობლივი პოლიტიკის გამომუშავებას შევძლებთ. არსებობს ევროპული დემოკრატიული გზა და არსებობს კორუმპირებული, ფეოდალური რეჟიმის, არეულობისა და შინააშლილობის გზა. საქართველომ დაამტკიცა, რომ დემოკრატიულობა და სტაბილურობა, სამთავრობო სიმტკიცე და თავისუფალი არჩევნები, ასევე ეკონომიკური წინსვლა არის სწორი არჩევანი. თუ ციფრებში გამოვსახავთ, საქართველოს მთელ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე დიდი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს. ყოველივე ეს ურთიერთკავშირშია. დღეს ის, ვინც ერთი წლის წინათ საქართველოს "ჩაფლავებას" წინასწარმეტყველებდა, იმედგაცრუებულია. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემზე და საქართველოს ხელისუფლებაზე იმდენი სიბინძურე ითქვა (სპეციალური ცენტრებიც კი შეიქმნა), რომ მსოფლიოს ყველა პრაზიდენტს ათი წლის მანძილზე ეყოფოდა. ამის მიუხედავად, ვერავინ ვეღარ ამბობს (ვერც ჩვენს ჩრდილოეთით და ვერც სხვაგან), რომ საქართველო "ჩაფლავდა". ჩვენი ქვეყანა განვითარების ყველა სფეროში წარმატებას აღწევს. რა თქმა უნდა, ვამჯობინებდი ნახტომი გვქონოდა, მაგრამ ეს არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს, ევროპული დემოკრატიული გზის გარდა, იმ გზის გარდა, რომელიც მათი ხალხის ინტერესების ბოლომდე გამოხატვას უზრუნველყოფს, ალტერნატივა არა აქვს. ამ მხრივ, ჩვენთვის მაგალითია ლიტვა. ეკონომიკური წარმატებების მიუხედავად, პრობლემები იქაც არის, თქთქვენთანაც მოლოდინი უფრო მეტი იყო ვიდრე წარმატება - ეს ჩვეულებრივია; მაგრამ ყველა გადამწყვეტ მომენტში, როდესაც, თქვენს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას საფრთხე დაემუქრა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ კონსესუსის პოვნა და მთავარ საკითხებთან მიმართებაში ერთობლივი პოზიციის გამომუშავება მოახერხა. ამ კვირაში საქართველოს პარლამენტი ეროვნული თანხმობის დეკლარაციას განიხილავს, რომელიც ლიტვაში რამდენიმე წლის წინათ ნატო-სთან და ევროკავშირთან მიმართებაში მიღებული დეკლარაციის მსგავსად, ყველა პარტიას მოუწოდებს, რომ სხვადასხვა პოზიციების მიუხედავად, მთავარ პრინციპებზე შეთანხმდნენ. ეს პრინციპები კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ უარს არ ვიტყვით დამოუკიდებლობაზე, დემოკრატიაზე, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაც ნებისმიერი სახელმწიფოს მთავარ მიზანს წარმოადგენს. ეს დოკუმენტი ჩვენს პარლამენტში განხილულია და ესეც ერთ-ერთი მსგავსებაა ლიტვასა და საქართველოს შორის. ჩვენ ძალზე ბევრი რამ გვაკავშირებს და ქვეყნების განვითარების საქმეში ბევრი საერთო გვაქვს. ამ მხრივ, ეს გზა მთელი რეგიონისთვის მიაღებია და ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობლივი ინიციატივა წარმატებული იქნება. ისტორიული დიალექტიკა სწორედ აქეთ მიისწრაფის. მსურს უკრაინის მაგალითი მოგიყვანოთ. თქვენც იცით და ჩვენც გვახსოვს, რომ ვალდას ადამკუსის, პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტის ალექსანდრე კვასნევსკისა და საქართველოს პრეზიდენტის გარდა, დასავლეთსა და ევროპაში არავის სჯეროდა, რომ უკრაინაში დემოკრატიის გამარჯვება შესაძლებელი იყო. მხოლოდ ასეთმა ხედვამ მოუტანა გამარჯვება უკრაინის ხალხს და დარწმუნებული ვარ, რომ გადამწყვეტი როლი შეასრულა უკრაინის სწორ, დემოკრატიულ გზაზე დადგომის საკითხში. ზუსტად ასევე ვაპირებთ გავაგრძელოთ არა მარტო ამიერკავკასიის ქვეყნებთან, არამედ ბელარუსთან მიმართებაში... საქართველომ ბევრი საყვედური მიიღო, მათ შორის ზოგიერთი ევროპელისგანაც, რომ ჩვენ ზედმეტად რადიკალურები ვართ, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნის თავისუფლებას, დემოკრატიასა და დამოუკიდებლობას ჩვენ ბოლომდე რადიკალურ პოზიციას გამოვავლენთ. ამას წყალი არ გაუვა. მიმაჩნია, რომ ლიტვისა და ჩვენი პოზიცია ერთმანეთს სრულად ემთხვევა.
თენგიზ გოგოტიშვილი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"
შეკითხვა ლიტვის პრეზიდენტს: თქვენს ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ბევრი გამოძიება და საიმპიჩმენტო პროცედურა მიმდინარეობს. ეხლა გამოძიება დაიწყო პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ - მისი მეუღლის მიერ სასტუმროს პრივატიზაციის თაობაზე. ყოველთვის საუბარია რუსული ფულის კვალზე. მიგაჩნიათ, თუ არა, რომ რუსული ფული და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ქვეყნის ნატო-სა თუ ევროპულ სტრუქტურებთან კავშირისთვის საფრთხეს წარმოადგენს?
ვალდას ადამკუსი: უპირველეს ყოვლისა, ლაპარაკია მორალურ ასპექტებზე, რომლებიც სხვა ყველაფერთან შედარებით, უპირატესი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, დღესაც კი, ისევე როგორც წარსულში, მორალური ასპექტი უპირატესი იქნება. გამოძიების შედეგები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, საბოლოოდ, პარლამენტზე იქნება დამოკიდებული. მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, პარლამენტის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეს ასეც უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხს წარმატებით გადაწყვეტენ კიდეც. როდესაც ლაპარაკია ფულზე, უნდა აღვნიშნო, რომ პირადად მე, მჯერა - არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა რაოდენობის ფული ჩაიდება ამ გარიგებებში. ბევრი მსგავსი საკითხი ჩვენს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს. ამიტომ, სწორედ ასეთი უნდა იყოს გზა, რომელსაც დავადგებით.
მიხეილ სააკაშვილი: მართალია, შეკითხვა ჩემთან არ იყო, მაგრამ ეს საერთო პრობლემაა. კარგად ვიცი, რა რაოდენობის თანხა იხარჯება საზღვარგარეთ იმისათვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სურათი შეიცვალოს. ისიც კარგად ვიცი, რომ ჩვენი რამდენიმე, არცთუ საქმიანი აქტივისტი ამით საკუთარ კეთილდღეობას იწყობს, მაგრამ საქართველოსთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. რა გადაცემებიც არ უნდა გაუშვან სხვა ქვეყნის ტელევიზიებით, როგორი შეურაცხყოფაც არ უნდა მოგვაყენონ, რა ჭორებიც არ უნდა გაავრცელონ (ამაზე მთელი სამსახურები მუშაობს), რა ფილმებიც არ უნდა გადაიღონ, ეს იმ ხალხის თამაშებია, რომლებსაც არ ესმით, თუ რას ნიშნავს ეროვნული სიამაყე. მათ არ ესმით რას ნიშნავს იმ ერების ეროვნული ღირსება, რომლებსაც ისინი ეთამაშებიან. ეროვნული ღირსება ფულზე არ იყიდება - ეს რომ ფულზე იყიდებოდეს, მსოფლიო სხვაგვარად იქნებოდა განაწილებული. ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი არჩევანი ფულზე არ იყიდება. ის ხალხი, ვინც ფულზე იყიდება, საქართველოში მხარდაჭერას ვერასოდეს მოიპოვებს. საიდუმლოს კი არავისთვის წარმოადგენს, რომ ასეთი ხალხი არსებობს. უფრო მეტიც, მათ შეიძლება არც იცოდნენ, მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით ვინ რამდენად იყიდება. თუმცა ჩვენ ამის არ გვეშინია და თუ ამ ფულით მანქანას, ან სახლს შეიძენენ, ესეც ქართულ ეკონომიკაში ჩადებული ფული იქნება და "დიდი მადლობა" მათ სპონსორებს, რომ ამ გზით, მართალია, მახინჯად, მაგრამ მაინც ჩვენ ეკონომიკაში დებენ თავიანთი კორუმპირებული შემოსავლის ნაწილს.
კითხვა საქართველოს პრეზიდენტს: ლიტვის ექსპერტები ამბობენ, რომ როდესაც აქ თავიანთი გამოცდილების გაზიარების მიზნით ჩამოდიან, სხვადასხვა უწყებებში ყოველთვის სხვადასხვა ადამიანები ხვდებათ დანიშნული. რას აკეთებთ იმისათვის, რომ თქვენს ქვეყანაში კორუფცია აღმოიფხვრას?
მიხეილ სააკაშვილი: კორუფციის ინდექსი კარგადაა ნაჩვენები ჩვენს ბიუჯეტში. ორი წლის წინანდელთან შედარებით, ჩვენი ბიუჯეტი 6-ჯერ გაიზარდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში, არც ერთ სხვა ქვეყანაში მსგავსი ცვლილებები არ განხორციელებულა და ეს სწორედ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მაჩვენებელია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ეკონომიკის განვითარებისათვის დაფინანსება მივიღოთ. ჩვენ ვიღებთ ინვესტიციებს საუდის არაბეთიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, მეორეს მხრივ კი, არსებობს ფული, რომელიც ბიუროკრატების ჯიბეში იყო, მაგრამ ეს თანხა ხალხს დაუბრუნდა. აღმშენებლობის პროცესი მთელ ქვეყანაში მიმდინარეობს - შენდება გზები, სკოლები, წყლის მიწოდების საკომუნიკაციო სისტემები იცვლება, ინფრასტრუქტურა ვითარდება და როდესაც ყოველივე ამაზე ვლაპარაკობთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოსავლები 10-ჯერ გაიზარდა. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ეკონომიკურ სასწაულზე. ეს საკმაოდ რთული, კომპლექსური პროცესია. საქართველოში სერიოზული ძვრები მოხდა. ორი წლის წინათ ხალხის 5 პროცენტი მხარს უჭერდა საქართველოს, ხოლო 95 პროცენტს სძულდა ის. ეხლა ყველაფერი შეიცვალა, ეს კიდევ ერთი მიღწევაა, სასწაული, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოხდა. ამ წლის განმავლობაში ბევრი რამ გავაკეთეთ და ცვლილებები ადვილი შესამჩნევია. ჩვენს ქვეყანაში განათლების სისტემის მოდელი ძალზე სუსტი იყო და ამიტომ განათლების სფეროში რეფორმებს ვახორციელებთ. ბევრი რამ ლიტვის მაგალითით გავაკეთეთ, ლიტვაში კი ბევრი ევროპული მოდელია გადმოღებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბუნებრივი რესურსების სიმდიდრით არ გამოვირჩევით, მაინც ბევრს ვაღწევთ და ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ნორმალური ქვეყანა გავმხდარიყავით. მინდა შევადარო ჩვენი დღევანდელი პოლიციელები, პროკურორები, საგადასახადო ინსპექტორები ადრინდელ მუშაკებს. ჩვენი ქვეყნის შემოსავლები რამდენჯერმე ნაკლებია ლიტვის შემოსავალთან შედარებით, მაგრამ მოვახერხეთ, რომ იგივე, ან ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი გადაგვეხადა ჩვენი მოსამსახურეებისთვის, რადგან კორუფციის თვალსაზრისით, ჩვენი პოლიციელები, პროკურორები, საგადასახადო მუშაკები, სახელმწიფო მოსამსახურეები უფრო დიდი პრობლემის წინაშე იდგნენ, ვიდრე ლიტვაში. ჩვენ, პრაქტიკულად, გარკვეული ადმინისტრაციული სასწაული მოვახდინეთ და ჩვენი ლიტველი კოლეგებისგან უდავოდ ბევრი რამ ვისწავლეთ. ლიტვისგან ბევრი რამის გადმოღება შეიძლება და, რაც მთავარია, სხვის შეცდომებზე სწავლა უფრო მომგებიანია, ვიდრე საკუთარ შეცდომებზე.
ნინო მამალაძე, ტელეკომპანია "იმედი"
შეკითხვა ორივე პრეზიდენტს: თქვენ იმ გამოცდილების შესახებ ილაპარაკეთ, რომელიც ლიტვისგან უნდა მივიღოთ. მაინტერესებს როგორ გაგრძელდება თანამშრომლობა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში. არსებობს ქართული მხარის სამშვიდობო გეგმა, რომელშიც საერთაშორისო საზოგადოებრიობაა ჩართული და მაინტერესებს რამდენად მიიღებს მონაწილეობას ლიტვა ამ საკითხთან დაკავშირებით.
მიხეილ სააკაშვილი: მიმაჩნია, რომ 3+3 ფორმატი ძალზე მნიშვნელოვანია. ბუქარესტში საქართველოს ახალი მეგობრების ჯგუფის მიმდინარე შეხვედრაზე, რამდენიმე ქვეყანა საქართველოს საკითხებს განიხილავს. ვფიქრობ, ჩვენ ნატო-ს ყველა პირობა შევასრულეთ და ამ პროცესში ეს ორგანიზაციაც უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს. ამრიკელები ბოლომდე გვიჭერენ მხარს, გუშინ მოსკოვში ამერიკის დელეგაცია სწორედ ცხინვალის რეგიონის საკითხთან დაკავშირებით სალაპარაკოდ ჩავიდა. დეკემბერში ლუბლიანის სამიტი გველოდება, ასევე ეუთო-ს სამიტიც და და იმედია, რომ ევროკავშირიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. ლიტვამ გადამწყვეტი როლი შეასრულა საზღვრის მონიტორინგის ახალი ინიციატივის დაწყების საქმეში (საქართველო-რუსეთის საზღვარს ვგულისხმობ). მართალია, ლიტვა ევროპის კავშირში ყველაზე დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ ევროკავშირის შიგნით ყველა განხილვისას საქართველოს ყველაზე აქტიური მხარდამჭერი ნამდვილად არის. ამგვარად, ლიტვისა და სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნის აქტიურ მონაწილეობას მხოლოდ მივესალმებით.
ვალდას ადამკუსი: ამ შეკითხვას ძალიან მოკლედ გავცემ პასუხს. რაც არ უნდა მოხდეს ამ რეგიონში - იქნება ეს სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ სხვა პროცესები, საკითხების სირთულის მიუხედავად, თქვენს მხარდასაჭერად და თქვენთან ერთად სამუშაოდ ყველაფერს ვიღონებთ. მიმაჩნია, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომელიღაც საკითხს, მეორესთან შედარებით უპირატესობა მივანიჭოთ. ასე, რომ თქვენ შეკითხვაზე პასუხი ერთია - დიახ, ჩვენ აქტიურად ვიქნებით ჩართული ამ პროცესებში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რეგიონში სტაბილურობის დამყარების საქმეში კონტრიბუცია შევიტანოთ და კანონის უზენაესობის დამკვიდრება უზრუნველვყოთ.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური