Google+

გამოსვლები და განცხადებები

24.01.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და შვედეთის პრემიერ-მინისტრმა იორან პერსონმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

მოგესალმებით!

დღეს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემებია, თუმცა ერთის მხრივ, ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოში შვედეთის პრემირ-მინისტრის იორან პერსონის მიღება.

მეორეს მხრივ, მინდა შეგატყობინოთ, ორი წლის წინათ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ძალაში შევიდა და ამ შენობაში ნინო ბურჯანაძემ ჩვენი ქვეყნის მართვა გადმომაბარა.

ეს თარიღი ჩვენი ქვეყნისათვის ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა.

ჩვენ უპრეცენდენტო კრიზისულ, ენერგოდარტყმის პირობებში ვიმყოფებით, მაგრამ ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ ეს გამოცდა მაღალ დონეზე ჩააბარა -ორგანიზებულობით, ერთიანობით, განსაკუთრებული სიმშვიდით გამოირჩეოდა.

ვიმედოვნებ, რომ რუსეთის მხარეც ჩვენთან ინტენსიურად ითანამშრომლებს.

მსურს აზერბაიჯანის ძმური დახმარების შესახებ აღვნიშნო.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა საქართველოსათვის გაზის მიწოდების შესახებ გადაწყვიტილება მიიღო, ბუნებრივი აირი მას თავად შეუწყვიტეს, თუმცა იგი, საკუთარი მომხმარებლის შეზღუდვის ხარჯზე, საქართველოს მაინც დაეხმარა.

ასეთი რამ ქართველ ხალხს არ უნდა დაავიწყდეს - მისი დახმარების წყალობით საშუალება გვაქვს, რომ დღეს არსებული გრაფიკი შევინარჩუნოთ.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი მსოფლიოში გამოცდილი პოლიტიკოსი და წარმატებული ქვეყნის ლიდერია.

ჩვენ შვედეთისგან ეკონომიკური განათლების, პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბებასა და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების შემოტანის საკითხებში ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია.

ჩვენ სურვილია, რომ ყველაზე წარმატებულმა ქვეყანამ სიბრძნე და გამოცდილება გაგვიზიაროს.

მნიშვნელოვანია შვედეთის როლი იმ გაერთიანებისთვის, რომელიც საქართველომ და უკრაინამ ბორჯომის დეკლარაციის „დემოკრატიული არჩევნების თანამეგობრობა" თანახმად შექმნა.

ამ გაერთიანების შემდეგი შეხვედრა ბუქარესტში გაიმართება.

მიგვაჩნია, რომ ამ გაერთიანებაში შვედეთის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საქმე შავი ზღვის და ბალტიის ქვეყნების სტაბილურ ერთიანობას შეეხება.

შევედეთის მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობის ენიჭება, რადგან ეს ქვეყანა სხვაგვარ ინერციას მისცემს ფორუმს, რომელიც საქართველოსთვის ევროპისაკენ მიმავალი სწრაფი გზა იქნება.

შვედეთი ნატოს წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ ევროპის ინტეგრაციის პარალელურად, საქართველოსთვის, როგორც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის ეფექტიანი გზა მთავარი ეტაპი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში სწრაფი გაწევრიანებაა.

საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტი სტუმარი ჩამოვიდა, ვიდრე ოდესმე.

ჩვენთვის ეს კონტაქტები ძალზე მნიშვნელოვანია - საქართველო მსოფლიო რუკაზე მკვიდრდება.

საქართველოში ენერგოპრობლემის გაჩენისთანავე, მსოფლიო მასმედია ამ თემაზე ალაპარაკდა.

ეს ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია.

ამ მხრივ, საქართველოში შვედეთის პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა მნიშვნელოვანი და სიმბოლურია.

მან შვედეთში ჩვენი შეხვედრისას მოცემული პირობა შეასრულა, მაშინ, როდესაც საზაფხულო შვებულება შეწყვიტა და საზაფხულო რეზიდენციაში ჩვენთან ერთად მნიშვნელოვანი დრო გაატარა.

დიდი მადლობა.

შვედეთის პრემიერ-მინისტრი იორან პერსონი:

მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო.

ნება მომეცით, გულითადი მადლიერება გამოვხატო და პრეზიდენტობის ორი წლისთავი მოგილოცოთ.

მინდა თქვენს ქვეყანას ის ძირითადი წარმატებები მივულოცო, რასაც ამ ხნის განმავლობაში მიაღწია.

ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ ქვეყნის აყვავების, დემოკრატიის დამკვიდრებისა და განვითარების გზაზე გარდაქმნის პროცესი თქვენ უკვე დაიწყეთ.

ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება, თვალს ვადევნებთ და მზად ვართ დახმარება გაგიწიოთ.

იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყნები უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ - ეს ქვეყნის განვითარებას, რეფორმების განხორციელებას შეეხება.

როგორც პარტნიორებმა, ჩვენ შეგვიძლია დემოკრატიულ, პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებითაც ვითანამშრომლოთ.

ვიმედოვნებთ, რომ გაეროში რეფორმების განხორციელებასთან დაკავშირებით, თქვენი და სხვა პოლიტიკური ლიდერების მხრივაც სერიოზული მხარდაჭერა იქნება.

მე ჩამოვედი უკრაინიდან, სადაც პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო გაეროს რეფორმირების შესახებ საუბრობდა.

უნდა ვთქვა, რომ იგი ასევე იმ პოლიტიკური ლიდერების ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც მრავალეროვნულ ორგანიზაციებში რეფორმების განხორციელების საკითხს უჭერენ მხარს.

მსგავსი დისკუსიები საქართველოს პრეზიდენტთანაც გაიმართა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შვედეთი საქართველოში მიმდინარე პროცესებს მხარს უჭერს (ვგულისხმობ მხარდაჭერას როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ქვეყნის გაძლიერების თვალსაზრისითაც).

ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, თქვენი პრემიერ-მინისტრი დაინტერესებულია, რომ ეკონომიკურ სფეროში ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ და იმედი მაქვს, რომ მასთან ერთად შესაბამისი საკითხების განხილვის საშუალება ხვალ მომეცემა.

ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ საქართველოში კვალიფიცირებული ეკონომიკური განათლების სისტემის დანერგვას მხარი დავუჭიროთ.

ამას გარდა, გვსურს, რომ ენერგეტიკული რესურსების დაზოგვის საკითხში ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ, რათა ენერგორესურსების გამოყენების თვალსაზრისით, მაღალეფექტიანობა უზრუნველყოთ.

ამის გაკეთება ორგვარად შეიძლება.

უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ენერგორესურსების ფასი უფრო და უფრო მატულობს.

შემიძლია გითხრათ, რომ ნავთობის მოპოვებამ დიდ მაჩვენებელს მიაღწია, მიუხედავად ამისა, მასზე მოთხოვნა იზრდება და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ მისი ფასი ძალიან მალე საგრძნობლად მოიმატებს, აქედან გამომდინარე, არც ის გვეეჭვება, რომ გაზის ფასიც გაიზრდება.

ამიტომაც ენერგორესურსები უფრო ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ.

ეს ერთი საკითხია.

მეორეს მხრივ, მინდა მსოფლიოს კლიმატურ პირობების ცვლილებაზე ვისაუბროთ.

დღესდღეობით ყველა მეცნიერს ძალზე კარგად ესმის, თუ როგორი მჭიდრო კავშირია ენერგომატარებლების წვასა და ბუნებრივ პირობებს, განსაკუთრებით კი, ეკოლოგიურ პრობლემებს შორის.

როდესაც ჰიდროელექტროსადგურებისა და ენერგიის სხვა წყაროების გამოყენებაზე ვლაპარაკობთ, მზად ვართ, რომ ჩვენი საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა საქართველოს გავუზიაროთ.

გარდა ამისა ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვართ.

საქართველოში ჩამოსვლისას ევროპის დროშა ვნახე, რაც იმას მიუთითებს, რომ საქართველოს აქვს ამბიცია ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.

ეს თავად ევროკავშირისთვისაც ძალიან კარგი, დადებითი ნიშანია.

საზოგადოებას - მომზადება, კანონმდებლობას კი, შეცვლა უნდა, რათა სამართლებრივი სისტემა დაიხვეწოს და ქვეყანაში ის დემოკრატიული პრინციპები შეიქმნას, რომლებიც დასახული მიზნის მიღწევას - საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

ეს, რასაკვირველია, უახლოესი მომავლის საკითხი არ არის, მაგრამ საქართველოსთვის ისევე, როგორც უკრაინისთვის ეს მომავალ სამუშაოთა ძირითადი მიმართულებაა.

ამიტომ, ბატონო პრეზიდენტო, იმედი მაქვს, რომ თქვენთან საკმაოდ კონსტრუქციული და სასარგებლო დისკუსია მექნება.

ამავე დროს, იმედს ვიტოვებ, რომ შვედეთშიც ჩამოხვალთ, მით უმეტეს, რომ, როგორც ვიცი, ვიზიტს ზაფხულში გეგმავთ.

დიდ მადლობას მოგახსენებთ ესოდენ თბილი მიღებისთვის და იმისთვის, რომ თქვენთან დისკუსიის გამართვის საშუალება მოგვეცით.

შეკითხვები:

შვედეთის ტელევიზიის წარმომადგენელი - შეკითხვა საქართველოს პრეზიდენტს: როგორ აისახება გაზის კრიზისი თქვენს ურთიერთობაზე რუსეთთან და ამ კონტექსტიდან გამომდინარე, რევოლუციის შემდეგი წლების განმავლობაში რამდენად წარმატებით ართმევთ თავს კონსოლიდაციის პრობლემებს, კონკრეტულად კი, საქართველოში საზოგადოების განმტკიცების საკითხებს.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: როდესაც გაზის საკითხებთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეა ლაპარაკი, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს საკითხები მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს პრობლემები, ზოგადად მთელ ევროპას ეხება, რადგან დღეს კონკრეტულად საქართველოსთან არის დაკავშირებული, ხვალ კი, შესაძლებელია, იგივე პრობლემა ნებისმიერი სხვა ქვეყნის წინაშე დადგეს.

350 კილომეტრიანი გაზსადენის აფეთქების გამო, ცხოვრება და მუშაობა ძალზე რთულ პირობებში გვიწევს. ამ პირობებში, იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება. კარგი ინფორმაციაა ის, რომ ჩვენ ამ პრობლემებთან გამკლავებას და არსებობას ვახერხებთ. მინდა გითხრათ, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საკითხები ჩვენთვის ძალზე სერიოზული და მნიშვნელოვანია. ჩვენ ვცდილობთ რომ პარალელური ხაზები შევქნათ აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც ამ პრობლემების მოგვარების საქმეში დახმარების ხელს გვიწვდიან. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ამ პრობლემების ნაწილობრივ დაძლევა მოახერხა. შესაბამისად იმედი გვაქვს, რომ მდგომარეობას კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ.

თუ ვითარებას გადავხედავთ, შეგვიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტზე მეტი ჩვენს კურსს ეთანხმება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს მოსახლეობა ძალზე აღშფოთებულია, როდესაც რამდენიმე საათით გაზი და ელექტროენერგია ითიშება. თუმცა ადრე საერთოდ არ იყო დენი და ამას შეგუებული იყვნენ. შემიძლია დღევანდელი ეტაპი წარსულში არსებულ მდგომარეობას შევადარო. ეკონომიკა ვითარდება, ინვესტიციების რაოდენობა იზრდება და ჩვენს ეკონომიკაში წელს უფრო მეტი თანხა (დაახლოებით 7 მილიონი დოლარი, ან შესაძლოა უფრო მეტი) ჩაიდება, ვიდრე ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

ჩვენ ენერგოსისტემას ვქმნით და ვანვითარებთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გასაკეთებელი საკმაოდ ბევრი გვაქვს. ჩვენ ეხლა იმ ეტაპზე ვართ, რომელზეც ბალტიის ქვეყნები 10 წლის წინათ იყვნენ. ჩვენ ვიწყებთ თავიდან, მაგრამ მათ გაკვეთილებზე ბევრ რამეს ვსწავლობთ და უკვე დიდი გამოცდილება დავაგროვეთ.

ევროპა პარტნიორ ქვეყნად აღგვიქვამს და საქართველოს სურს, რომ ევროპის უსაფრთხოების, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ცენტრალური აზიიდან და კასპიიდან ევროპისაკენ ენერგორესურსების ტრანზიტი განხორციელდება.

სწორედ ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ენერგეტიკის მინისტრების კონფერენცია აქ, თბილისში გაიმართოს, რომელსაც ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე. აქ მარტო უკრაინასა და საქართველოზე არ არის ლაპარაკი, საკითხი, როგორც ევროპისთვის, ასევე ჩვენთვისაც. ახალ ენერგეტიკულ სივრცესა და ვითარებას შეეხება. როგორც ჩვენმა მეგობარმა უკვე აღნიშნა, შვედეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მზადაა არა მარტო მოლაპარაკებები დაიწყოს, არამედ დახმარების პირველი ნაბიჯებიც გადადგას. ჩვენთვის ეს დახმარება უმნიშვნელოვანესია და თქვენი პრემიერ-მინისტრის ვიზიტსაც, შესაბამისად, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

ცალმხრივად არ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ ურთიერთადამოკიდებული ვართ - არა მარტო ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, არამედ ჩვენც შეგვიძლია თქვენ დაგეხმაროთ. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით და ამ საკითხების მნიშვნელობა ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს.

მეორეს მხრივ, ჩვენ ჯერ ორი წლისანი ვართ და უკვე საკმაოდ დიდი გზა გავიარეთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლობის წრმომადგენელი ნინო გომართელი - შეკითხვა შვედეთის პრემიერ-მინისტრს: თქვენი ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა თუ არა ეკონომიკური თანამშრობლობის პროექტები? გეგმავს თუ არა შვედეთის მხარე საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას?

იორან პერსონი: რასაკვირველია, ინვესტიციების განხორციელების საკითხი ხელისუფლების გადასაწყვეტი არ არის, გადაწყვეტილებას ამის შესახებ კერძო კომპანიები მიიღებენ. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანაშმრომლობა განვითარდეს, რომელიც ორმაგი დაბეგვრის სტანდარტებს თავიდან აგვარიდებს. თუ ჩვენ ვნახავთ, რომ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის შესაბამისი პირობებია, შვედეთში ძალიან ბევრი მსხვილი ინვესტორია, რომელიც საამისოდ მზად იქნება. თქვენ უნდა აჩვენოთ, რომ თქვენს ქვეყანაში ამის შესაძლებლობა არის.

ჩვენ გვსურს საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს დავეხმაროთ, რომლებიც უნივერსიტეტებში ეკონომისტებისათვის განათლების პროგრამებს განახორციელებენ. ამ სფეროში კარგი სახელმძღვანელოების მიწოდება შეგვიძლია. თუ შვედეთის ხელისუფლებას ენერგოეფექტურობის ამაღლების სფეროში დახმარება შეუძლია, მზად ვართ პარტნიორობისათვის, თუმცა ინიციატივა საქართველოს მხარესაც ეკუთვნის.

შვედეთის რადიოს წარმომადგენელი - შეკითხვა შვედეთის პრემიერ-მინისტრს: თქვენ მეორე რევოლუციურ ქვეყანაში - უკარანიაშიც იყავით, შესაბამისად, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის პრეზიდენტები იყვნენ შვედეთში. დღეს თქვენ აქ ხართ. იქონიებს თუ არა ეს ზემოქმედებას შვედეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობაზე და იქნება თუ არა თქვენი ვიზიტი ამის პოზიტიური ნიშანი?

იორან პერსონი: მე ვიქნები გაოცებული, თუ რუსეთის მხრიდან ამას ვინმე ცუდად შეხედავს. დამოუკიდებელი ქვეყნები, სადაც დემოკრატიული ლიდერები არჩეულნი არიან, ამ ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობების დამყარების უფლება აქვთ. აქ საუბარია შვედეთსა და საქართველოს,ასევე შვედეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობაზე. იგივე გავრცელდება რუსეთზეც.

ტელეკომპანია „მზე" - მაკა გიგაური შეკითხვა შვედეთის პრემიერ-მინისტრს: საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დღეს არსებულ ენერგოკრიზისზე ისაუბრა, საქართველოს ხელისუფლებამ მომხდარს დივერსიული აქტის შეფასება მისცა. როგორია თქვენი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით?

იორან პერსონი: საქართველოს პრეზიდენტმა გაზსადენზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მომაწოდა. მე მქონდა დისკუსია უკრაინის პრეზიდენტთან ვიქტორ იუშჩენკოსთან და ვიცი რა დიალოგი მიმდინარეობს უკრაინასა და რუსეთს შორის. სწორედ ეს არის ის საკითხი, რაზეც ევროპაში დისკუსიები მიმდინარეობს, თუ როგორ ვუზრუნველყოთ მომავალში გაზის მუდმივი მიწოდება. ეს ევროკავშირის მთავარი თემაა. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკოსები ამ მიმართულებას თვალს ადევნებენ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)