Google+

გამოსვლები და განცხადებები

07.05.2006
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა და ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტიეპან მესიჩმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

უწინარეს ყოვლისა მსურს მივესალმო ჩვენს სტუმარს, ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტს და აღვნიშნო, რომ მისი სტუმრობა ჩვენთვის ძალზე სასიამოვნოა.

თუ ამჩნევთ, ძველი დროისგან განსხვავებით, საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარი ჩამოდის.

ძველ დროში მხოლოდ ერთი ან ორი სტუმარი თუ გვეწვეოდა, შეიძლება მსგავსი რამ საერთოდ არ მომხდარიყო, თანაც ეს წრე არ ფართოვდებოდა.

დღესდღეობით, საქართველოს მეგობრების წრე სულ უფრო ფართოვდება და მათი რიცხვი დღითიდღე იზრდება.

ხორვატიის რესპუბლიკა ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო ქვეყანაა, რადგან ჩვენი ისტორიები ბევრგან იკვეთება - ორივე უძველესი კულტურის ერი ვართ, ორივეს ძველი სახელმწიფოებრიობა გვაქვს, ორივე ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში ამ პრობლემის წინაშე ვიდექით, ხორვატებმა სეპარატისტული კონფლიქტი გამოიარეს, ხოლო საქართველოს ეს პრობლემა ჯერ კიდევ მოსაგვარებელი აქვს, ორივე ევროატლანტიკური და, ზოგადად, ევროპული ინტეგრაციისკენ მივისწრაფით.

ჩვენი დღევანდელი სტუმარი ხორვარტებისთვის და საერთოდ, ამ რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობის ფიგურაა, რადგან მან ქვეყნის სტაბილიზაცია და მისი რეფორმატორული, ევროპული, წარმატებული განვითარების კურსით წაყვანა შეძლო, რაც იმ პირობებში ძალზე რთული იყო.

საქართველო საინტერესო და მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება.

სამწუხაროდ, ჩვენს წინააღმდეგ ძალზე მძიმე ეკონომიკური სანქციები ხოციელდება.

ჩვენზე ზემოქმედებას ახდენენ, რათა საქართველომ ევროპულ არჩევანზე, ქვეყნის მშვიდობიან და ეკონომიკურ განვითარებაზე უარი თქვას.

ასევე, საქართველოს ტერიტორიათა ნაწილების ღია ანექსია ხორციელდება.

ამავე დროს, საქართველოს ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს, თუმცა სხვა ურთიერთობებაც ვანვითარებთ.

თქვენ იცით, რომ თურქეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.

ეხლა თურქეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის მიწოდების და გადასახადებისგან გათავისუფლების ბევრად უფრო ფართო და ხელსაყრელ რეჟიმზე გადასასვლელად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას.

ამავე დროს, ხორვატიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეების ფართო კატეგორიამ ხორვატეთში მოგზაურობა გამარტივებული სავიზო რეჟიმის პირობებში შეეძლოს, რათა გადაადგილების, ტურიზმის განვიტარების, დასვენებისა და საქმიანი ურთიერთობის შესაძლებლობა გვქონდეს.

ამ კონტაქტებს მომავალშიც ყოველმხრივ განვავითარებთ.

იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ჩვენი განვითარების შეჩერება, ნებისმიერ ფასად, სურს, საქართველო დინამიურად უნდა განვითარდეს.

შარშან პრეზიდენტ იუშჩენკოსთან ერთად ბორჯომში დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ჩამოვაყალიბეთ.

ამ ორგანიზაციის პირველი სხდომა კიევში ძალზე წარმატებული იყო, მაგრამ კიდევ უფრო წარმატებული ვილნიუსში გამართული სხდომა აღმოჩნდა, რადგან იქ ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერი და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა.

საქართველოსთვის ეს, ჩვენს რეგიონსა და ევროპაში თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით, დიდი პოლიტიკური გამარჯვება იყო.

რა თქმა უნდა, ეს გაერთიანება, ახალი რეგიონალური ფორუმი არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

სრულიად ნათელია, რომ ეს ფორუმი მასში შემავალი ქვეყნების გაძლიერებისა და განვითარებისკენ არის მიმართული.

ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო არხებს, ისევე, როგორც ზოგიერთ რუს პოლიტიკოსს, სრულიად არაადეკვატური, ისტერიული რეაქცია ჰქონდათ იმაზე, რომ ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მსოფლიოს ყველა სხვა ძლიერ სახელმწიფოსთან ჰორიზონტალური პოლიტიკური კავშირების გამყარება და ფეხზე დადგომა გვსურს, რათა საქართველოს ხმა კარგად ისმოდეს მთელ მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანა მარტო არ დარჩეს.

ამ ძალებმა კარგად უნდა იცოდნენ, საქართველოსთან ისინი მარტო ვერ დარჩებიან და ახალგაზრდა ქართული დემოკრატიის ინკვიზიცია იმისათვის, რომ დანარჩენმა მსოფლიომ ზურგი შეგვაქციოს და არ შეიმჩნიოს ის, რაც დღისით მზისით ხდება, ვერ განხორციელდება.

ვერავინ დაჩაგრავს მეზობელ სახელმწიფოს მხოლოდ იმისთვის, რომ მას თავისუფლება, განვითარება და საკუთარი ხალხის კეთილდღეობა სურს.

ჩვენ უკეთესი ცხოვრებისკენ სვლას ვაგრძელებთ.

გუშინ ბათუმში ვიმყოფებოდი, სადაც ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყეთ.

იქ ძალიან საინტერესო და დიდი ინვესტიცია ხორციელდება.

ასეთივე პროცესები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

ჩვენი სურვილია, რომ ეს გზა გაგრძელდეს და საერთაშორისო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებას, დავიწყებთ კონსულტაციებს დსთ-ს ფარგლებში, ამ ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით.

საქართველო მზადაა მიიღოს თავის ხალხისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ერთპიროვნული არ უნდა იყოს.

ჩვენი სურვილია, რომ კოლექტიური, შეთანხმებული, გააზრებული, კარგად კოორდინირებული ნაბიჯები გადავდგათ, თუნდაც დსთ-სთან და მის მომავალთან მიმართებაში.

ჩვენ გვემუქრებიან, რომ თუ საქართველო დსთ-ს რიგებს დატოვებს, ელექტროენერგიას გაგვიძვირებენ, მაგრამ ეს ერთმანეთთან კავშირში არ არის.

თქვენ იცით, რომ ეს ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს პროგრესი გააჩერონ.

მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები ამ ორგანიზაციის წევრები არ არიან, მაგრამ ელექტროენერგიის ფასი, ტრანსპორტის ხარჯების გათვალისწინებით, მათაც, დაახლოებით იგივე აქვთ, რაც ჩვენ.

ჩვენი ამოცანაა, რომ რეფორმები უფრო დიდი ტემპით გავაგრძელოთ და ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად განვავითაროთ.

ამ მხრივ, ჩვენი ხორვატი მეგობრებისგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ, ხორვატიის წარმატების რეცეპტი გადმოვიღოთ და მათი გამოცდილების გასაზიარებლად იქ ჩვენი სამინისტროების წარმომადგენლები მივავლინოთ.

ამაში სასირცხვილო არაფერია - ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ შედეგებს, მაგრამ სხვა ქვეყნების წარმატების საფუძვლებსაც უნდა ვეზიაროთ.

ამ ქვეყნათა შორის, ერთ-ერთი, ჩემი მეგობრის, პრეზიდენტ სტიეპან მესიჩის ქვეყანაა და ვაპირებ, რომ, ამ მხრივ, თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმავო.

დიდი მადლობა.

ხორვატიის პრეზიდენტი სტიეპან მესიჩი

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ძალზე ღია, სასარგებლო დისკუსია და საუბარი გვქონდა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ის საუბარი გავაგრძელეთ, რომელიც ამას წინათ, ტატრებში დავიწყეთ.

შესაბამისად, ეს საუბარი მეგობრულ გარემოში იგივე თემებზე გაგრძელდება და ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიის წარმატების თაობაზე, ერთმანეთის გამოცდილებას გავიზიარებთ.

ყურადღება განსაკუთრებით უნდა გამახვილდეს ორივე ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იმისათვის, რომ ნატო-ს წევრები გავხდეთ.

აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ განხორციელებულ, თუ გასახორციელებელ რეფორმებს, რომლებიც დემოკრატიის განვითარებასა და ამ სტრუქტურებში ინტეგრაციას უზრუნველყოფს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ გამოცდილების გაზიარების მხრივ, ურთიერთობა კვლავაც გავაგრძელოთ.

როგორც იცით, ხორვატია ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ და გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება იმ სფეროებში, რომლებშიც წარმატებას უკვე მივაღწიეთ.

ასევე სურვილი გვაქვს, რომ იმ ქვეყნების ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენოთ, რომლებიც, განვითარების თვალსაზრისით, იგივე პროცესში იმყოფებიან და იმავე გზას ადგანან.

როდესაც ორმხრივ ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ, მოხარული ვარ გითხრათ, რომ ამ ვიზიტის განმავლობაში (და ეს ხორვატიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საქართველოში), მუშაობა სამართლებრივი რეჟიმის დამყარებაზე დავიწყეთ, რომლის გარეშეც თანამშრომლობა შეუძლებელი იქნება.

მიმაჩნია, რომ ამ ურთიერთობის განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს და ამისათვის ყველა გზა უნდა ვეძებოთ.

ეს პოტენციალი უნდა მივმართოთ იქით, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორივე ქვეყნის სასარგებლოდ განვითარდეს.

მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია.

როდესაც კონკრეტულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და ისეთ მწვავე პრობლემებზე ვლაპარაკობთ, როგორიც დღესდღეობის მსოფლიოს წინაშე დგას, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი თვალსაზრისით, არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრა მოლაპარაკებისა და დიალოგის გზით არ შეიძლება.

სრულიად ნათელია, რომ ამ შემთხვევაში, ლაპარაკია ორივე მხარის მზადყოფნაზე შეთანხმების მისაღწევად.

მსურს ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ და ხორვატიის მაგალითზე გითხრათ, რომ უკეთესია მოლაპარაკება 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდეს, ვიდრე, თუნდაც, ერთი დღე - ომი.

ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფებოდე დღეს აქ.

პირადად მე, პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული მოლაპარაკებებითა და საუბრით ძალზე კმაყოფილი ვარ.

იმედს ვიტოვებ, რომ თბილისში ჩემი ყოფნის პერიოდში, მოლაპარაკებები კვლავაც გაგრძელდება და ჩვენი საუბარი კონსტრუქციული და სასარგებლო იქნება.

ეხლა უკვე შემიძლია ვთქვა - ჩვენი დღევანდელი ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატება იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გამყარდება და გაღრმავდება.

ასევე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკასაც ეწვევა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)