საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მუხროვანის საწვრთნელ ბაზას ეწვია
მოგესალმებით!
მინდა საოცარი განცვიფრება და სიამაყე გამოვხატო იმით, რასაც დღეს მთელი საქართველო ხედავს.
ჩვენი არაკეთილმოსურნეების პროგნოზის მიუხედავად, საქართველო არ არის პატარა „გნომი", რომელსაც ფეხს დაადგამენ და გასრესენ.
საქართველო არ არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს თავმოყვარეობა, ღირსება და არ ჰყავს ხალხი, ვისაც მთავარ საკითხებზე შეთანხმება შეუძლია.
თვენ ხართ რეზერვში გაწვეული ნაწილის პირველი წარმომადგენლები. ჩვენთვის ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ თბილისელი და სხვა ქალაქების სტუდენტები, ბევრად უფრო მოტივირებული, მომზადებულები და მიზანსწრაფულები ხართ, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.
ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, დიდი გამოცდა ჩავაბარეთ.
მთავარი იმედი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, თქვენ ხართ არა უბრალოდ იმისათვის, რომ ფორმა გაცვიათ, ან ამ დღეებში სროლა ისწვალეთ, არამედ იმისათვის, რომ თითოეული თქვენგანი დემონსტრაციას აკეთებს იმისა, რომ მზად არის თავის თავზე აიღოს საზოგადოების პასუხისმგებლობა.
ქართველებმა ვაჩვენეთ რომ არა მხოლოდ პროგრესული ჯარის შექმნა შეგვიძლია, არამედ ისიც შეგვიძლია, ამ ჯარს ამოუდგეთ გვერდით და იგივე ფუნქცია შევასრულოთ.
დასამალი არ არის ის ფაქტი, რომ საქართველოში სხვადასხვა კატეგორიის ხალხი არსებობს.
არსებობს ხალხი, რომელსაც გართობის გარდა ინტერესი არ აქვს და ხალხი, ვისაც აქვს სურვილი ისწავლოს, პარალელურად მოემზადოს რეზერსივისტთა ბანაკში და ერთი წუთით არ დაზოგოს თავი.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან მოწინააღმდეგის პირველივე შემოტევაზე ბოდიშების მოხდა დაიწყონ იმ ცოდვებისათვის, რაც ჩვენს ხალხს ნამდვილად არ ჩაუდენია, ოღონდ საკუთარი თავი გადაირჩინონ.
ეს ადამიანები ამით ვერ ხვდებიან, რომ ღუპავენ საკუთარ თავს და მომავალ თაობებს; და ხართ თქვენ - საზოგადოების უმრავლესობა და საუკეთესო ნაწილი, რომელიც მზად არის მეგობარს მეგობრულად დახვდეს და მტერს შესაბამისი ადგილი მიუჩინოს.
თქვენ ხართ ხალხი, ვინც მზად არის საქართველოზე ნებისმიერ ზეწოლას მზადყოფნითა და ღირსების განცდით უპასუხოთ.
არსებობენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებსაც თავიანთი პირადი ამბიცია ცხოვრების და მოღვაწეობის მთავრი საქმე ჰგონიათ; და ვართ უმრავლესობა, ვინც იცის, რომ ძალა მართლაც ერთობაშია. მთავარი, რაც საქართველოს მოწინაღმდეგეს არ უნდა ვაჩვენოთ, ეს ჩვენი ერთმანეთისათვის შექცული ზურგია.
ჩვენ მრავალეროვანი საქართველოს წარმომადგენლები ვართ, სადაც საუკუნეების განმავლობში, ქართველები და ეთნიკური ოსები, აზერბაიჯანელები, სომხები და უკრაინელები ცხოვრობდნენ.
ისინი მზად არიან დაიცვან საკუთარი ქვეყანა და მომავალი.
არსებობს უმცირესობა და არსებობს მრავალრიცხოვანი ქართული, ერთიანი საზოგადოება.
ქართველებს ცალ ხელში ყოველთვის გვეჭირა თოხი, მეორეში- იარაღი.
უდავოა, რომ დღეს ჩვენ უნდა გვეჭიროს სახელმძღვანელოები, უნდა გავხდეთ კარგი იურისტები, ეკონომისტები, ბიზნესმენები, ხელოვანები, ისტორიკოსები, ფილოლოგები; მაგრამ თუ საჭირო გახდა, ყველანი საველე მწვანე ფერის ფორმას ჩავიცმევთ, ერთი მოწოდება გვექნება და ჩვენი ქვეყნის ნამდვილ პატრიოტებად და მამულიშვილებად დავრჩებით.
კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აღტაცებული და აღფრთოვანებული ვარ თქვენი მომზადების დონით.
ჩვენ ვაორმაგებთ ბანაკებში მოსამზადებელი ხალხის რაოდენობას.
მალე მივალთ იმ მიზნამდე, რომელიც დავისახეთ - საქართველოს ეყოლება ასი ათასი რეზერვისტი.
პროფესიულ ჯართან ერთად ჩვენ გვეყოლება აგრესიის შემაკავებელი მნიშვნელოვანი ძალა, რათა იმ ხალხს, ვისაც დანა-ჩანგალი აქვს მომარჯვებული საქართველოს ნაწილების „შესაჭმელად", პირველი ლუკმა ისე გაეჩხირება ყელში, რომ აქეთ გამოხედვის ყოველგვარი სურვილი დაეკარგება.
როგორც თქვენ ფიცში წერია, საქართველო იქნება მთლიანი და ძლიერი. მინდა მადლობა გითხრათ თქვენ, თქვენს ოჯახებს, თქვენს შეყვარებულებს, ვინც თვრამეტი დღის განმავლობაში გელოდათ.
დარწმუნებული ვარ, დღეიდან თქვენი ცხოვრების ამ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი მონაკვეთის შემდეგ, ცხოვრებას სხვანაირად შეხედავთ.
დიდი მადლობა ბიჭებო!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური