საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებულებს სიტყვით მიმართა
მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო!
ამას წინათ, 51-ე საშუალო სკოლას ვესტუმრე, სადაც ერთ-ერთი გაბანდიტებული მე-10 კლასელის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ვმსჯელობდით.
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ერთი, ვითომ ზედმეტად ჭკვიანი ნაწილი მის მხარდასაჭერად დადგა და იგი ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადეს - თურმე ეროვნული გმირები გვყავდა: დავით აღმაშენებელი, ცხრა ძმა ხერხეულიძე და ვინმე ზერეკიძე, რომელიც თბილისის ცენტრის რამდენიმე უბანს ატერორებდა.
ჩვენი უახლოესი წარსულის სამარცხვინო გამოვლინება იყო ის, რომ საქართველოში მსგავსი იდეოლოგია დომინირებდა.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ენახა ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს საზოგადოების ელიტად მიიჩნევენ. მათგან ერთ-ერთი ამტკიცებდა, რომ ძალიან საშიში და ცუდი მთავრობა გვყავს, რადგან ხალხს "ჩაშვებისკენ" მოუწოდებს. მეორე რესპონდენტი იყო მევიოლინე (არ ვიცი როგორი მევიოლინეა, მაგრამ მოქალაქე რომ არ არის ეტყობოდა), რომელსაც პოლიციელმა დანაშაულის გასახსნელად დახმარება სთხოვა, მან კი უპასუხა: მე ხომ ვიოლინოზე დაკვრას არ გთხოვ, დანაშაულის შემთხვევაში საკუთარ თავს მიხედე, მე არაფერ შუაში არ ვარო.
როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, როგორც მოქალაქემ მინდა ვთქვა, რომ ხალხი, რომელსაც მსგავსი შეხედულება აქვს, არის ქართული საზოგადოების სირცხვილი.
ეს არის ის ხალხი, ვინც ჩვენ ომები და ბრძოლები წაგვაგებინა, ვინც საქართველო დაქცევამდე და დანგრევამდე მიიყვანა; თუმცა, ეს პროცესი ვარდების რევოლუციამ შეაჩერა.
ეს ხალხი ქადაგებს, რომ საზოგადოების სოლიდარობა და მისი ფასეულობები არაფერს არ ნიშნავს.
ეს ის ხალხია, რომელიც სუფრასთან საქართველოს სადღეგრძელოს სვამს, მაგრამ საკუთარი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის თითსაც არ გაანძრევს. ამიტომ, გადავწყვიტე თქვენთვის, ჩვენი ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილისთვის მომემართა.
ზერეკიძე და მისი მსგავსი ბანდიტები კანონის შესაბამისად, ცივილიზებული ფორმებით სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ.
ვიღაცის დასაჯა და ციხეში ჩასმა თავისთავად ტრაგედიაა. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი განწყობა, რომ ხალხი, რომელიც ყველაზე კარგად სწავლობს, შრომობს და საუკეთესო შედეგები აქვს, დანარჩენი საზოგადოებისთვის მისაბაძი იყოს.
სწორედ თქვენ უნდა იყოთ მთელი საზოგადოებისათვის მისაბაძი.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოსწავლეთა ოლიმპიადებში წარმატებულთათვის სტიმულირების სისტემა მკვეთრად გავაფართოვოთ.
ბოლო წლების განმავლობაში განათლების სამინისტრომ ძალზე კარგი სისტემა შექმნა - ეს ოლიმპიადების პროგრამაა.
ჩვენ ოლიმპიადების 80-წლიანი ტრადიცია გვაქვს.
პირადად მე ძალზე ვამაყობ იმ დიპლომებით, რომლებიც სკოლაში სწავლის პერიოდში სხვადსხვა ოლიმპიადაში მონაწილეობის შედეგად მივიღე.
თქვენს ასაკში თეატრის მოყვარულთა ოლიპიადებში, მშობლიური და რუსული ენისა და ლიტერატურის, ქიმიისა და ფიზიკის ოლიმპიადებშიც კი ვმონაწილეობდი.
ახლა მართლაც ძალზე საინტერესო ახალგაზრდობა გამოჩნდა და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სასკოლო ოლიმპიადებში მონაწილეობას რამდენიმე ათასი ადამიანი იღებს.
ამას წინათ, ვიყავი ჭიათურაში, რომელიც თითქმის განადგურებულია და წელს იქ გზების შეკეთებას, სპორტული ობიექტების მშენებლობას და ახალგაზრდების გადამზადების დაწყებას ვაპირებთ.
ვნახე იაკობ გოგებაშვილის პროგრამის ფარგლებში გარემონტებული ჭიათურის მეორე საშუალო სკოლა.
იქ დაგვხვდა "კომაროველი" ქალბატონი, რომელიც დიდი ენთუზიაზმით ატარებდა ოლიმპიადას მათემატიკაში.
ამ ოლიმპიადაში 200 ბავშვი იღებდა მონაწილეობას.
სწორედ ეს ქალბატონი არის ახალი საქართველოს სახე და არა ის მევიოლინე, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ.
ამ ოლიმპიადებს მომავალში მკვეთრად გავაფართოვებთ.
გასულ წელს სხვადასხვა ტურებში 5 ათასამდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, პირველი ტური წელს უკვე 4 ათასმა ბავშვმა გაიარა.
ამ ტურებში გამარჯვებულთაგან კომპლექტდება ეროვნული ნაკრებები და შემდეგ მათ საერთაშორისო ოლიმპიადებზე ვგზავნით.
ჩვენ მათი სრული სია გვაქვს, ვინც საერთაშორისო ოლიმპიადებში გაიმარჯვა.
დემირელის კოლეჯის მე-11 კლასელმა რატი გელაშვილმა მათემატიკის ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სლოვენიაში გაიმართა და ბრინჯაოს მედალი მიიღო. თუ რატი საქართველოში განაგრძობს სწავლას, მას ყოველთვიურად 400-ლარიანი პრეზიდენტის სტიპენდია დაენიშნება.
ზვიად მეტრეველმა მექსიკაში ინფორმატიკის განხრით გამართულ ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი აიღო. და თუ ის საქართველოში ისწავლის, მას უმაღლეს სასწავლებელში 500-ლარიანი სტიპენდია ექნება.
დიდი მადლობა თქვენ!
გიორგი არაბიძემ ყაზახეთში მათემატიკის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. მასაც 500-ლარიანი სტიპენდია დაენიშნება. დიდი მადლობა შენ, შენს მშობლებსა და მასწავლებლებს.
რაც შეეხება ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებულებს, გადავწყვიტეთ, რომ თითოეული მათგანი ერთჯერადად 1000 ლარით დავაჯილდოვოთ, რათა მათ სწავლის გაგრძელება გაუადვილდეთ და ეს თანხა სახელმძღვანელოებსა და მათთვის აუცილებელი საგნების შესაძენად გამოიყენონ.
ამ ოლიმპიადების დაფინანსებას ოთხჯერ გავზრდით.
ჩვენ გვინდა, რომ მსგავსი შეჯიბრებები უფრო ხშირად მოეწყოს სხვადასხვა კლასებსა და სკოლებს შორის.
მართლაც ძალზე კარგი ღონისძიებები განხორციელდა სხვადსხვა სკოლაში.
აქ კიდევ რამდენიმე გამარჯვებულია და მინდა მათაც იცოდნენ, რომ ვერცხლის მედალოსნები მიიღებენ 500-ლარიან, ბრინჯაოს მედალოსნები კი 400-ლარიან სტიპენდიას.
დარბაზში იმყოფება 175-ე სკოლის გამარჯვებული გუნდი: ნიკა ჩხეტიანი (გუნდის კაპიტანი), ამირან ქირია, მარიამ ჯამაგიძე, ნინო და მარიამ კეპულაძეები და მათი გეოგრაფიის მასწავლებელი ცარო ხორბალაძე.
ამ გუნდის პროექტის სახელწოდება იყო "ბუნებრივი კატაკლიზმები და მოსახლეობის უსაფრთხოება".
მათ მოინახულეს თბილისის მიწისძვრით დაზარალებული უბნები და ეკოლოგიასა და სეისმურ უსაფრთხოებაზე ხალხს ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს, მეწყერსაშიშ ზონებში დარგეს ხეები და სხვა.
ბავშვებმა მართლაც კონკრეტული სასარგებლო საქმე გააკეთეს.
ჩვენ მკვეთრად გავზრდით ამ პროექტების დაფინანსებას.
ყველა ამ ახალ ინიციატივას მივესალმებით.
ასევე, ხელს შევუწყობთ ყველა იმ ადამიანს, იმ სკოლის მოსწავლეს, რომელიც საკუთარ უბანში უმწეო ადამიანებს დაეხმარება, რომელიც კონკრეტული ურბანისტული საკითხების გადაწყვეტაში და სხვა პრობლემების გადაჭრაში მიიღებს მონაწილეობას.
ჩვენ დავაფინანსებთ იმ პროექტებს, რომლებიც განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებში გაიმარჯვებს.
მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან მსგავს პროექტებში და ამის მაგალითები მრავლად გვაქვს.
ძალიან საინტერესო და მისასალმებელია "კლუბ კომაროველი"-ს ინიციატივები და მინდა იცოდეთ, რომ განათლების სამინისტროსთან ერთად ყველა თქვენს წამოწყებაში პირადად პრეზიდენტია ჩართული.
"კომაროვი"ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლებელია, სამწუხაროდ, მე არ ვყოფილვარ ამ სასწავლებლის მოსწავლე და ყოველთვის შევნატროდი მათ ვისაც მასთან შეხება ჰქონდა.
უნდა ვთქვა ისიც, რომ ჩვენი მთავრობის რამდენიმე წევრი ამ სკოლის კურსდამთავრებულია.
24-ე სკოლის მოსწავლეებმა ლევან კობახიძემ (გუნდის კაპიტანი), გვანცა სარალიძემ, ლევან მორჩილაძემ, დავით კუჭავამ, ირაკლი ნავდარაშვილმა და მათი ისტორიის მასწავლებელმა და კონსულტანტმა მაია შაბურიშვილმა გადაწყვიტეს წარმოეჩინათ თბილისური ეზოების თავისებურებანი, იქ მცხოვრები სხვადსხვა ეთნიკური ჯგუფის ტრადიციები და ცხოვრების წესი.
ჩვენთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო მრავალეთნიკური და მრავალეროვანი ქვეყანაა - თითოეული ადამიანის ტრადიცია, თითოეული ადამიანის წარმომავლობა ჩვენი სიმდიდრეა.
თუ ვინმე ბრიყვს, რომელიმე ადამიანს თუნდაც პოლიტიკაში, ჰგონია, რომ ეს საქართველოს სისუსტეა, მწარედ ცდება.
ოლიპიადების გამარჯვებულთა შორისაც არიან სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები - მაგალითად, გიორგი მილოშევიჩს არა აქვს ქართული გვარი, მაგრამ ამის განურჩევლად თითოეული თქვენგანი საქართველოს შვილი და ჩვენი სიამაყეა.
ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანისთვის.
განათლების სამინისტროს ვავალებ, რომ ყველანაირი შეჯიბრი, გამარჯვება, წარმატება, სასარგებლო იდეა და ინიციატივა წახალისდეს, დაჯილდოვდეს, დაფინანსდეს და შემდეგ ყველაფერი გაკეთდეს, რათა კარგად სწავლა განაგრძოთ.
პირადად მე ვსწავლობდი საფრანგეთში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ამერიკაში და ჩემს სწავლას ყოველთვის ეს ქვეყნები თავად აფინანსებდნენ.
ვამაყობ, რომ შარშანწინ პირველად გააგზავნა სტუდენტები საზღვარგარეთ სასწავლებლად საქართველოს მთავრობამ საკუთარი ფულით.
წინა წელთან შედარებით შარშან სამჯერ მეტი სტუდენტი გავგზავნეთ საზღვარგარეთ, წელს კი გაცილებით მეტის გაგზავნას ვაპირებთ.
თუკი თითოეული თქვენგანი მსოფლიოს 500 უმაღლესი უნივერსიტეტიდან მოგვიტანს მოწვევას, სწავლის დასაფინანსებლად ამ საკითხს სიამოვნებით განვიხილავთ.
ჩვენ ყველა პროფესიის ადამიანი გვჭირდება.
გვჭირდება არა მარტო ბიზნესმენები და იურისტები, არამედ სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, ძალიან გვჭირდება არქიტექტორები.
ახლა მთელი მსოფლიოს წამყვანი არქიტექტორები მონაწილეობენ საქართველოს პროექტებში, მაგრამ ჩვენ ქართველი არქიტექტორები გვჭირდება, ჩვენი ქვეყანა მათ უნდა ააშენონ; არ შეიძლება, რომ საქართველოში ძროხა სამჯერ ნაკლებს იწველიდეს, ვიდრე მაგალითად, მეზობელ სომხეთში, ან უკრაინაში - ჩვენ ამ სფეროს სპეციალისტებიც გვჭირდება.
ასევე გვჭირდება ინფორმატიკის სპეციალისტები.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ყველა სკოლაში დავიწყეთ კომპიუტერიზაციის პროცესი, რომელიც ძალზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
სხვათა შორის, გული გამინათდა, როდესაც ასეთი სკოლა ჭიათურაში და რამდენიმე შორეულ მაღალმთიან სოფელში ვნახე, მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია.
ჩვენ ყველა ამ დარგის სპეციალისტი გვჭირდება.
სახელმწიფო დაგაფინანსებთ ყველას, ვისაც უცხოური სასწავლებლებიდან მოწვევა გექნებათ, თუ შემდეგ საკუთარ თავზე საქართველოში მუშაობისა და ქვეყნისთვის სასარგებლო საქმის კეთების ვალდებულებას იკისრებთ.
ასე რომ, ჩვენი მომავალი არა ძველბიჭობის აპოლოგეტები, არა ზერეკიძეები და მათი მხარდამჭერები, არამედ - თქვენ და თქვენნაირი ახალგაზრდები არიან.
ბევრს აღიზიანებს რომ პატრიოტთა ბანაკებს ვხსნით.
მათ, ვინც ეროვნულ ოლიმპიადებში მონაწილეობისას თავს გამოიჩენს, ზაფხულში ორკვირიან დასვენებას ვპირდებით გალის რაიონში, სოფელ განმუხურში, ულამაზეს პლიაჟზე კარგად დაცულ პირობებში, რასაც ცალკე უზრუნველვყოფთ.
სწორედ იქ ვაკეთებთ ძალიან ლამაზ პატრიოტთა ბანაკს დისკოტეკებითა და სხვა მრავალი გასართობით.
პირველი 500 მოსწავლე, რომელსაც საოლიმპიადო ტურებში შედეგი ექნება, ზღვაზე სწორედ განმუხურის პატრიოტთა ბანაკში დაისვენებს.
ესეც ჩვენი წახალისებაა თქვენთვის.
ძვირფასებო!
თქვენ ხართ ჩვენი მომავალი, თქვენ ხართ ჩვენი წარმატების მთავარი საწინდარი!
საქართველოს ვერავინ მოერევა თუკი ინტელექტით ვაჯობებთ იმ ხალხს, ვისაც ჩვენთვის პრობლემების შექმნა სურს.
ჩვენ ვერ ვაჯობებთ მათ რიცხოვნობით, ჩვენ არ გვაქვს გაზი და ნავთობი. თქვენ იცით, რომ ბუნებრივი გაზი გაგვიძვირეს და ამ "იარაღს" სწორედ ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ. მთავარი რაც ჩვენ გვაქვს არის ნიჭიერი ხალხი და ამ ხალხის ნიმუში ხართ თქვენ.
არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენი ფასეულობა თურმე კარგი ჭამა-სმა, ე.წ. ქალაქელობა, უბნელობა და საქართველოს დაქუცმაცებაა.
ქვეყნის დაქუცმაცება მათ ჯერ უბნებიდან დაიწყეს - კარგად მახსოვს, ამბობდნენ: რომ ვერელი ვაკელზე უკეთესია, ვაკელი საბურთალოელს სჯობს და ა.შ.; აღარ გვასვენებენ სოფლელები ქალაქელებს და ამის თქმას ღიად, ტელევიზიის საშუალებითაც არ ერიდებოდნენ.
ეს ხალხი ჩაირეცხა და ჩაირეცხება ბოლომდე! ლაპარაკია ასეთი მენტალიტეტის მქონე ადამიანებზე. მათ ჩაანაცვლებს ყველა თაობის, ასაკისა და კვალიფიკაციის ის ხალხი, რომელსაც საკუთარი ქვეყანა უყვარს; რომელსაც სხვა მოქალაქეები უყვარს და პატივს სცემს მათ უფლებებს; რომელიც მზადაა საზოგადოებისთვის გაიღოს მსხვერპლი, დაუღალავად იმუშავოს და შრომითა და ნიჭით დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა.
საქართველოს ფულის დიდი ნაწილი სწორედ ამას მოხმარდება.
ამას ვავალებ განათლების სამინისტროს.
მსურს ვუთხრა საქართველოს ყველა ბავშვს, სკოლის მოსწავლეს და სტუდენტს - თუ იქნებით მაგრები, ბევრს ისწავლით და იმუშავებთ, ჩვენ ხელს გაგიმართავთ.
საქართველოს მთავრობა თითოეულ თქვენგანს ბოლომდე მიხედავს და შეუქმნის საუკეთესო პირობებს სწავლისა და შრომისათვის, შემდეგ კი დასაქმების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს გაუხსნის.
რაც შეეხება სკოლებს, მომავალ წელს სკოლის ვაუჩერს გავზრდით.
წელს ძირითადი ფული სკოლების მოწყობაზე იხარჯება.
მინდა, რომ მომავალი წლის დამლევს ყველა ძირითადი რაიონული ცენტრის ყველა სკოლა და თბილისის ყველა სკოლა ისევე იყოს მოწყობილი როგორც ჰოლანდიაში, ავსტრიაში, გერმანიაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში.
ჭიათურაში ყოფნისას ვნახე, რომ სკოლაში მშვენიერი რადიატორიები აქვთ, მაგრამ წელს გათბობის ქვებების დადგმა ვერ მოასწრეს.
მომავალ წელს ეს უნდა დასრულდეს.
უპირველეს ყოვლისა, სკოლა უნდა იყოს გამთბარი, სკოლებში ნორმალური კომპიუტერები უნდა იდგეს, მაგრამ, ამავდროულად, მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა გავითვალისწინოთ თანხა მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გასაზარდელად და განსაკუთრებით წარმატებული მასწავლებლების წასახალისებლად.
პედაგოგებს, რომლებიც გაზრდიან ან უკვე გაზარდეს ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლეები, განსაკუთრებულ პირობებს შევუქმნით.
ესეც არის ცალკე დავალება, რომელსაც განათლების სამინისტროს ვაძლევთ.
საქართველოში თქვენ უნდა შეცვალოთ ყველაფერი, რასაც უკვე აკეთებთ კიდეც!
ამისათვის დიდი მადლობა თქვენ და განათლების სამინისტროს.
ასე განაგრძეთ!
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური