Google+

გამოსვლები და განცხადებები

30.04.2007
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე

მოგესალმებით!

დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალები მე-16 წლისთავს აღნიშნავს და ამ ზეიმს მნიშვნელოვანი წინსვლით ხვდება.

ჩვენი სამხედროები მუდმივ მზადყოფნაში არიან; მათი აღჭურვა, მოდერნიზაცია და პროფესიული მომზადება არნახული ტემპით მიმდინარეობს.

ჩვენ დავიწყეთ ბევრად უკეთესი სამხედრო სწავლების სისტემის ჩამოყალიბება.

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების კურდამთავრებულთა შორის რეზერვისტთა პირველ ნაკადში ჩარიცხვის სურვილი ათასზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.

რეზერვისტთა სამსახურის გასავლელად გრძელი რიგები დგას.

მინდა მადლობა ვუთრა ამ ბიჭებს.

ჩვენი შეიარაღების არსს და მნიშვნელობას სულ უფრო მეტი ადამიანი იგებს.

ყველა ხვდება, რომ შეიარაღებული ძალები არის რთული ორგანიზმი, თუმცა არც ისე საშიში, როგორც ამას რეალური შოუ „ყაზარმა" წარმოგვიდგენს.

ნამდვილი არმია საპატიოც არის და, ამავე დროს, რთულიც.

ნამდვილი არმია არის ადგილი, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, ღირსებას პატივს სცემენ და აფასებენ.

ნამდვილი არმიის პირობების გაუმჯობესებაში ქართული სახელმწიფო უზარმაზარ რესურსს ხარჯავს.

საქართველოს ტრადიციულად ჰყავდა დიდი მხედართმთავრები.

ის ხალხი, ვინც მსოფლიო ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ყველა სპარსელმა იცის დავით ხან უნდილაძის სახელი - მისი აშენებულია სპარსეთის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი - ისპაჰანი.

გიორგი უნგიაძემ ყველაზე დიდი ბრძოლები მოიგო;

პეტრე ბაგრატიონი რუსეთის იმპერიისათვის იბრძოდა და ყველაზე დიდ ბძოლაში გაიმარჯვა;

დიმიტრი ამილახვარი სახელოვანი ფრანგი ოფიცერი იყო, მოსულიშვილი კი - იტალიის ნაციონალური გმირი.

მალხაზ შალიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი არმიის შტაბს ხელმძღვანელობდა. თანამედროვე მსოფლიოში ყველა სტანდარტის მიხედვით ძალიან მაღალი სამხედრო თანამდებობა ეკავა. ეს ადამიანი არის ქართველი, ქართველი ოფიცრის შვილი.

ამგვარად, საქართველოს და ქართველებს, სისხლში აქვთ შეიარაღებულ ძალებში ყოფნა და გამარჯვება, ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხება.

ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული შანსი, პატივი და პრივილეგია, რომ ვიყოთ ძლიერი, გვყავდეს თანამედროვე ჯარი, დავიცვათ ჩვენი დამოუკიდებული ქვეყანა და ვიზრუნოთ მის უსაფრთხოებაზე.

ჩვენ ვბეჭდავთ 120 ათას ბროშურას „ქართული არმიის ღირებულებები და სტანდარტები", რომლებსაც დავურიგებთ 100 ათას რეზერვისტს და 20 ათას სამხედრო მოსამსახურეს.

მთავარი, ამ ბროშურებში ჩვენი არმიის ღირებულებები და მაღალი მოტივაციაა.

გახსოვდეთ, რომ ერთი მოტივირებული ადამიანი, უმრავლესობის ტოლფასია.

იმარჯვებს არა ის, ვისაც მეტი ფიზიკური ძალა აქვს, არამედ ის, ვინც მოწინააღმდეგეზე მეტად არის დარწმუნებული საკუთარი საქმის სიმართლეში.

ყველა ბრძოლაში დგება მომენტი, როდესაც თითოეული მხარე თავს დამარცხებულად მიიჩნევს.

გამარჯვებულია ის, ვინც წამგებიან სიტუაციაშიც კი უკან არ იხევს.

ეს საქართველოს გამოცდილებაა; ეს ჩვენი მთავარი სიმბოლოს - წმინდა გიორგის გამოცდილებაა. სულიერად უფრო მტკიცე და ძლიერი, თუმცა ფიზიკურად სუსტი, ამარცხებს ფიზიკურად ძლიერ, თუმცა უსამართლო ძალას.

მთავარი არის ის, რომ ჩვენ ვფლობდეთ ინიციატივას - მოწინააღმდეგემ არასოდეს არ უნდა მოგვახვიოს თავს საკუთარი თამაშის წესები და გეგმა. მათ პრატიკულ გათვლებს, სტრატეგიასა და თითოეულ ნაბიჯს მოქნილი და გააზრებული მოქმედებით უნდა ვუპასუხოთ.

მაშინ ყველაზე მცირერიცხოვანი ძალაც კი შეძლებს მრავალრიცხოვანი ჯარის მოთოკვას და მასზე უპირატესობის მოპოვებას.

ჩვენი მთავარი ძალა არა ჩვენი მოსახლეობის მრავალრიცხოვნებაში, არამედ შინაგან ენერგიასა და მრავალეთნიკური საზოგადოების კონსოლიდაციაშია.

როგორი განსხვავებული აზრიც არ უნდა გვქონდეს, პირად ინტრიგებს, პატივმოყვარეობას და ამბიციას, საერთო ეროვნულ ინტერესზე მაღლა არ დავაყენებთ.

ჩვენი ძალა არის არა მხოლოდ ეთნიკური ქართველები, არამედ ერთმანეთის გვერდით მებრძოლი ეთნიკური ოსები, აფხაზები, ებრაელები, სომხები და აზერბაიჯანელები, როგორც ეს დავით აღმაშენებლის დროს იყო.

ეს ხალხი ერთიანი ქართველი ერის შემადგენელი ნაწილია.

ის სომხები, ოსები, აზერბაიჯანელები და სხვა ეთნიკცური წარმომავლობის მქონე ადამიანები, რომლებიც საქართველოსთვის სწირავდა თავს და სისხლს ღვრიდა, ყველაზე დიდი გმირები არიან. საქართველოს მოწინააღმდეგე არც ერთი ეთნიკური ჯგუფი არ არის.

ჩვენი ფუნქციაა, რომ ისინი დავიცვათ და მათ მხარში ამოვუდგეთ.

ჩვენი მოწინააღმდეგეა ყველა, ვინც საქართველოს მთლიანობაზე და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ხელს აღმართავს.

ჩვენი ხალხი ჩვენივე დასაცავია.

ჩვენი ძალა ჩვენივე თავდაცვაშია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ფუნქცია ვინმეზე თავდასხმა კი არ არის, არამედ ტერიტორიული მთლიანობის, საქართველოს თითოეული მოქალაქის მშვიდი ძილის, მათი მომავლისა და ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს.

ჩვენ პატივს მივაგებთ ყველას, ვინც ბოლო წლებში თავი გასწირა საქართველოსთვის.

საქართველოს აქვს დიდი მომავალი და მის მომავალში თითოეული ჩვენგანის წვლილის შეტანა მთავარი გამარჯვებაა.

ვემსახურებით საქართველოს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)