საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
მოგესალმებით!
პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ მობრძანებისათვის, ვიცი, რომ ბევრი სხვა საქმე გაქვთ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ საზოგადოებასთან შეხვედრა, რომლის წარუმატებელი წარმომადგენელიც ვარ მე.
ჩემი ოჯახი შედგება ექიმებისაგან და მე ვარ ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი ადამიანი, რომელიც მედიცინას ვერ მოერგო.
თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენი პრობლემები არ ვიცი, რადგან თქვენი საქიანობა და, შესაბამისად, თქვენი პრობლემები თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის არის მნიშვნელოვანია.
უწინარეს ყოვლისა, მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს.
მინდა მადლობა ვუთხრა სასწრაფო დახმარების ექიმებს, რომლებმაც ბოლო დღეების არეულობების დროს არ დაიბნენ და საოცარი ჰუმანიზმი, ოპერატიულობა, გამბედაობა გამოიჩინეს.
მათი ოპერატიული ქმედების შედეგია, რომ ბოლო შეტაკებებთან დაკავშირებით არც მსხვერპლი ყოფილა და არც რაიმე სახის გართულება.
მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, უსიამოვნოა, როდესაც სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების, თუნდაც მისი ერთი წანილის მიმართ, ძალის გამოყენება უხდება.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ ეს ჩემთვის და ყველა იმ ადამიანისათვის ვინც ამ ქვეყანას მართავს, ძალიან მძიმე იყო.
მინდა იცოდეს ყველამ, რომ ყველა ხელკეტი, რომელიც მოხვდა ხალხს, პირადად მეც მომხვდა, მე ვიტირე იმ ცრემლსადენი გაზით, რომელიც პოლიციამ გამოიყენა.
ძმებო და დებო! სახელმწიფო ასეა მოწყობილი - სახელმწიფოს სხვა მოვალეობები აქვს და სხვა გამოსავალი, როდესაც ამ მოვალეობის შესრულების აღსრულება უხდება, მას არა აქვს, რადგან ამის ალტერნატივა ქაოსი, არეულობა, საზოგადოების გათიშულობა და სამოქალაქო ომია.
საქართველომ ეს პერიოდი უკვე გაიარა, ჩემი უპირველესი მოვალეობა კი ისაა, რომ საქართველო იქ არასოდეს არ დაბრუნდეს.
მე ვარ ყველა ქართველის პრეზიდენტი და მათ შორის იმ ხალხის პრეზიდენტიც, ვინც კარვებთან მთლად კარგ ურთიერთობებში არ არის.
მინდა ყველამ იცოდეს, რომ მე მაქვს მოვალეობა ყველა მათგანის წინაშე, მაგრამ ასევე ჩვენი ქვეყნის წინაშე.
მე კარგად მახსოვს რა ხდებოდა აქ.
გახსოვთ პროფესორი ბოხუა, რომელმაც ურთულესი ოპერაცია ჩაუტარა დაჭრილს. შემდეგ კი მოვიდა მეორე ბანაკი და იგი ყველა თავის კოლეგის თვალწინ ამ შენობიდან ძალიან ახლოს დახვრიტეს.
კარგად მახსოვს ჩემი მეგობარი ქირურგიც, რომლსაც მხოლო იმიტომ, რომ მხედრიონელებს მისი გაკეთებული ოპერაცია არ მოეწონათ, ჩაქუჩით დაუმტვრიეს ხელები.
მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენ იმ დროში არასოდეს დავბრუნდეთ, ამის სიტყვას გაძლევთ.
ჩვენ ეს არასოდეს არ უნდა დავუშვათ.
ამ მხრივ, თქვენი გაგების და სახელმწიფოებრივი პოზიციისადმი მხარდაჭერის იმედი მაქვს.
მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის საქართველოს პრეზიდენტი, თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ სახე შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და განვითარების გაგრძელება, სახელმწიფო უნდა მოიქცეს ასე სააკაშვილის დროს და სააკაშვილის პრეზიდენტობიდან ასი წლის შემდეგაც.
მეორე არის ის, რაც ბოლო დღეებში აფხაზეთში ხდება.
გუშინწინ საღამოს აფხაზეთში შემოიყვანეს რამოდენიმე ათეული ერთეული ტანკი, რამდენიმე ათეული ბრონეტექნიკა და საარტილერიო სისტემა.
გუშინ ოჩამჩირეში გადმოვიდა დესანტი, ორასი კაცის შემადგენლობით, რომელიც სამშვიდო კონტიგენტის ნაწილი არ არის და ასევე ფსოუს საზღვარი გადაკვეთა კბილებამდე შეიარაღებულმა რამდენიმე ათეულმა ეთნიკურმა ჩეჩენმა, რომლებიც ჯერ დაბანაკდნენ გაგრაში, ახლა კი ჩამოიყვანეს ოჩამჩირეში.
ვფიქრობ, რუსეთის ფედერაციაში გარკვეული სამთავრობო ძალები მოქმედებენ ზუსტად სახელმძღვანელოში დაწერილი პრინციპით - მეზობელ სახელმწიფოში ჯერ აჯანყების იმიტაციის შექმნა, ხოლო შემდეგ შეიარაღებული კონტიგენტის შეყვანა.
1921 წელს ჩვენ ეს უკვე გავიარეთ.
მინდა შეგახსენოთ რა იყო 1921 წელს.
ეს იყო კომუნისტური პარტიის დაკანონების წელი, მთავრობამ ეს დათმო, ის არჩევნებს არ აპირებდა, ის აპირებდა მთავრობის დამხობას და ძალაუფლების აღებას. შემდეგ იყო აჯანყების იმიტაცია ბორჩალოში და შემდეგ თბილისში მე-11 არმიის შემოყვნა.
ახლა კი პირიქით მოხდა, აჯანყების იმიტაცია თბილისში და ძალის შემოყვანა აფხაზეთში, რადგან მოსკოვისთვის აფხაზეთი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
თანაც მათ იციან, რომ თუ აფხაზეთი საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოაშორეს, საქართველო, როგორც სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფო ვეღარ იარსებებს. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ არც ერთი მთავრობა ამას არ დაუშვებს.
თუ ამჩნევთ, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, რადგან რესურსები გვაქვს, რომ ყველაფერს გავცეთ პასუხი.
ეს არის ის, რომ საშიშროება მომდგარია ჩვენს კარებზე და ცალი ფეხი შემოდგმული აქვს ჩვენს სახლში.
ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ამაზე სასაუბროდ ელჩებიც მოვიწვიეთ.
ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოში ჩვენი ელჩი აქტიურად მუშაობს, რათა ყველას გააცნოს სიტუაცია.
დღეს ჩვენ მოვიპოვეთ დოკუმენტური მტკიცებულებები - ფოტო და ვიდეო მასალები იმისა, თუ რა ხდება.
1921 წლის საქაროთველო და 2007 წლის საქართველო ეს არის სრულიად სხვადასხვა რამ.
ეს არის კარგად შეკრული, დიდი გამოცდილების საზოგადოება და სახელმწიფო რესურსების მქონე ქვეყნა, დეტერმინებული სახელმწიფო აპარატითა და პოლიტიკური ხელმძღვანელობით და ასევე სერიოზული საერთაშორისო მექანიზმებით.
თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენს წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობაში ძალიან სერიოზული მექანიზმები და დიდი ფული ამოქმედებული.
მთავარია კარგად ვიყოთ და ყველანაირ ასეთ შემოტევას მოვიგერიებთ, ჩვენს ქვეყანას დავიცავთ და განვავითარებთ.
როდესაც ვსაუბრობთ ჯანდაცვის სისტემაზე, ორი საკითხი უნდა გამოვყოთ.
ერთია, რომ ჯანდაცვის სისტემა იყოს განვითარებული და იქ მომუშავე ადამიანები თავს გრძნობდნენ დაფასებულად, ხოლო მეორე ისაა, რომ ხალხისათვის ეს სისტემა უნდა იყოს პოპულარული და ადვილად ხელმისაწვდომი.
პირველი რაც პერსონალს შეეხება, მედიცინის სფეროში ჩვენ გვყავს უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმები და ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, ნამდვილი გმირები.
ამ რამდენიმე დღის წინათ, აქ ჩვენ მოვიყვანეთ სწავლების დროს დაჭრილი რეზერვისტი, სამედიცინო უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტი.
პირველი რეაქციით, მისი მისი გადარჩენა შეუძლებლად მიიჩნიეს, თუმცა 8-საათიანი ოპერაციის შემდეგ, ქირურგების ბრიგადამ და მათმა გმირულმა საქციელმა ეს ადამიანი სიტუაციიდან გამოაძვრინა - მიუხედავად იმისა, რომ მის რეაბილიტაციას კერ კიდევ დიდი დრო სჭირდება, ბიჭი ფეხზე წამოდგა.
როდესაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოვინახულე, 2 დღის გამოსული იყო კრიტიკული სიტუაციიდან და აღფრთოვანებული ვიყავი.
ეს ფაქტი ნებისმიერი ოჯახისთვის იქნებოდა სრული კატასტროფა და ტრაგედია, მაგრამ მისი ოჯახი მოიქცა ძალიან მშვიდად და ღირსეულად. ის ბიჭი თავად იყო მობილიზებული აქეთ გვაწყნარებდა. იცის ნიკა ყიფშიძემ როგორ განვიცდიდი ამ ამბავს - 48 საათის განმავლობში საათში ორჯერ ვრეკავდი და ვიგებდი მის ამბავს.
ჩვენთან ბევრი ისეთი ოპერაცია კეთდება, რომელსაც ბევრად უფრო დახვეწილ ქვეყნებშიც ვერ აკეთებენ.
ქართველებს კარგი ექიმობის ნიჭი აქვთ.
მოსკოვის ყველაზე მთავარი სამედიცინო ცენტრები შექმნეს და დააარსეს ქართველებმა.
დღესაც კი, ყველაზე გამოჩენილი ექიმები არიან ქართველები.
საბჭოთა დროსაც სულ ასე იყო - სამკურნალოდაც აქედან იქ დადიოდნენ, მაშინ ამის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ ყველაზე კარგი ექიმები ქართველები იყვნენ.
ნახეთ ევროპაში რამდენმა ქართველმა გამოიჩინა თავი მრავალი ბარიერის მიუხედავად, რომელთა გადალახვაც მათ მოუხდათ, მაგრამ გახდნენ მაღალი კვალიფიკაციის ექიმები.
ეს არის დიდი კულტურის მქონე ერების პრივილეგია. ამ ორ ნიჭს - სამედიცინო და სამხედრო ნიჭს დიდი ცივილიზაცია სჭირდება და ორივე ნიჭი სისხლში გვაქვს ჩვენ.
ორივე ნიჭის რეალიზაციას სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი.
დღეს ხდება საავადმყოფოების პრივატიზაცია, ბევრი ლაპარაკია იმაზე, რომ ეს საჭირო არ არის.
უნდა ითქვას, რომ უმეტესი საავადმყოფოები დიდი ხანია პრივატიზებულია.
ყველა საავადმყოფოში არის რამოდენიმე კლინიკა, ყველას აქვს თავისი აფთიაქი, მაგრამ ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამ პრივატიზაციაში მთავარ რამეს - არ დავუშვათ მონოპოლიზაცია და მივიღოთ ხარისხიანი მედიცინა.
არც ერთი საავადმყოფო არ დაიხურება, ვიდრე ახალი არ აშენდება და პერსონალის უმეტესობა სწორედ ამ ძველი საავადმყოფოებიდან გადამზადდება.
რაც შეეხება გადამზადებასა და სერტიფიცირებას, უნდა ითქვას, რომ დღევანდელი სისტემა მეტისმეტად რთულია, ბევრი რამ გაუგებარი, არაპროგნოზირებადი, არაგამჭვირვალე და ეიმების სამომავლო პერსპექტივიდან გამომდინარე, მათთვის მუდმივ რისკსა და საფრთხეს შეიცავს.
მე მივეცი დავალება ახალ მინისტრს, რომ სისტემა გამარტივდეს, გახდეს მაქსიმალურად მარტივი, ერთჯერადი და მინიმალურად გამოყენებული მხოლოდ იქ, სადაც ეს საჭიროა. უმეტეს შემთხვევებში ამ სისტემის გამოყენება შესაძლოა საერთოდ არ იყოს საჭირო.
რაც შეეხება ჩვენი მთავარი მომხმარებლის მრივ დანახულ სამედიცინო სისტემას, ხშირ შემთხვევაში, კატასროფულ ხარვეზებთან გვაქვს საქმე.
ერთის მხრივ, ჩვენ შევქმენით ახალი საავადმფოები, როგორიც არ არის ევროპულ ცენტრებშიც კი. ამის მაგალითია ქუთაისის საავადმყოფო და ამას ყველა სპეციალისტი აღიარებს.
ბატონმა ფრიდონ თოდუამ მაშინ, როდესაც საქართველოდან ყველა გარბოდა, ჩამოიტანა აპარატურა და დადგა საკუთარ ცენტრში.
დღეს კეთდება რესპუბლიკური საავადმყოფო.
ზუგდიდის და გორის საავამდმყოფოები, რომლებიც ჩემი კონტროლის ქვეშ კეთდებოდა, უმაღლესი დონის ცენტრებია.
ეს ძალზე მნიშვნელოვანია.
თუმცა ვნახოთ როგორია უმეტესი საავადმყოფოების ნაწილი: შედიხარ საავადმყოფოში, სადაც არის ფასიანი ავტოსადგომი. მათ, ვინც იქ დგას, არაფერს ვერჩი, მაგრამ სადგომები მათი უფროსებისაა და მთლიანად არის დაყოფილი ლოტებად - თანხაც, შესაბამისად, უფროსისაა. საქართვეოლო ერთადერთი ადგილია, სადაც ლიფტს უნდა გამოუძახო ხმით - „ლიფტი მე-8 სართულზე!" შემდეგ შეიძლება უფრო ავტორიტეტულმა ექიმმა დაუძახოს ქვევიდან და ჩავა მე-6 ზე. თან ამაში უნდა გადაიხადო ფული, ეს არის წარმოუდგენელი სისულელე. არ მომწონს ის კამპანია, რომელიც ტელევიზიით მიმდინარეობს და ჯანდაცვის სამინისტროს გადაცემაც იყო, და ლამის 1937 წლის პროცესები მოუწყვეს ექიმებს. მსგავსი საკითხები ასე მარტივად არ წყდება, ეს სისულელეა, მაგრამ ხარვეზები არის. ეს არ უნდა ვაქციოთ ცირკად. ამ საკითხებზე ბევრად უფრო სიღრმისეულად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს აღარასოდეს არ მოხდეს.
ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ იმაზე თუ ვინ არის ყველაზე დაუცველი და უმწეო საქართველოში.
ეს პროგრამა კარგად ამუშავდა ბევრი მიმართულებით, მაგრამ, მაგალითად, 62 წლის დალი ჯავახიშვილი (ალბათ არ მიწყენს მის სახელსა და გვარს რომ ვასახელებ) ვერ მოხვდა ამ პროგრამაში. მას არაფერი არა აქვს და შიმშილით კვდება, მაგრამ ამ პროგრამაში მხოლოდ იმის გამო ვერ მოხვდა, რომ მასთან მისულ სოციალური მუშაკს მეზობლებმა უთხრეს: ხანდახან მასთან დიშვილი მოდის და პური მოაქვსო. ქალბატონი, რომელსაც შეიძლება კვირაში ორჯერ პური მოუტანონ, თურმე სიღარიბის პროგრამას აღარ ექვემდებარება და ამის გამო არის აბსოლუტურად დაუცველი.
ნაძალადევში ცხოვრობს 75 წლის ქალბქტონი მარგარიტა ლორია, რომელიც წელიწადნახევრის განმავლობაში წერდა წერილებს. ვიდრე ერთ-ერთი ამ წერილთაგანი ჩემს მაგიდაზე არ აღმოჩნდა და 7 რეზოლუცია არ დავადებინე, არ გამოიკვლიეს. ჩვენი ჩარევის გარეშე ამ ქალბატონს, რომელიც სასწრაფოდ იყო საოპერაციო, ოპერაციას არ გაუკეთებდნენ.
მსგავსი შემთხვევები არის ძალიან ბევრი.
ამიტომ, რაც არ უნდა ბევრი კეთილი განზრახვა გვქონდეს, სანამ ასეთი ხალხი გვყავს, ჩვენ ვერ ჩავთვლით, რომ სოციალურმა სამართლიანობამ დაიწყო გამარჯვება, თორემ დიდ გამარჯვებას დიდი რესურსები და ბევრად უფრო მეტი განვითარება სჭირდება.
ბევრი სხვა საკითხია, რომელიც სწორად უნდა გადავწყვიტოთ.
იცით, რომ კრიმინალურ სამყაროს დაუნდობელი ბრძოლა გამოვუცხადეთ.
მოდით ვთქვათ, მიტინგების დროს მოვიდა ბევრი ხალხი, რომელთაგან თითოეული ჩემს პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ იმ ადამიანთა ერთი ნაწილი, რომელმაც პოლიციასთან ხელჩართული ბრძოლა გამართა, იყო ის ხალხი, ვისაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პოლიციასთან პრობლემები აქვს, რადგან პოლიცია ებრძვის ნარკომანებს, ქურდებს, გამომძალველებს, უბნის ყოჩებს, კორუმპირებულებს და ა.შ.
ვიდრე საქართველოში კანონიერი ქურდები იყვნენ, მანამ იყვნენ ორგანიზებული ქსელის და ქუჩის დამნაშავებიც.
მაშინ ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყველა დანაშაულს ერთნაირად უნდა ებძოლო, რადგან ბიბლიურად აქლემისა და ნემსის ქურდი ორივე ქურდია.
დღეს კანონიერი ქურდები აღარ არიან, ძირითადი ძალადობრივი დანაშაული შემცირებულია ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა გადავხედოთ ქვედა დონის დამნაშავეთა მიმართ დამოკიდებულებას.
ამ ხალხს ჭირდება სოციალური რეაბილიტაცია.
ციხე არის ყველაზე უარესი ადგილი, სადაც შეიძლება მხოლოდ მათი გაფუჭება მოხდეს.
ამიტომ მე მოვითხოვე ამინისტიის მომზადება არაძალადობრივი დანაშაულისა და გაუფრთხილებელი დანაშაულის ჩამდენ პირთა დიდი ნაწილისათვის.
არის ხალხი, ვინც მართლა იხდის საჯელს ერთი ქათმის მოპარვაზე ან მანქანის სარკის მოტეხვაზე.
ამ ხალხს კიდევ შეიძლება შანსი მივცეთ.
ამავე დროს, ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენმა, კაცის მკვლელმა, დამჭრელმა, პოლიციელის ჩამქოლავმა და რაც მთავარია კორუმპირებულმა თანამდებობის პირებმა არ შეიძლება იგძნონ, რომ მათ რაიმე პერსპექტივა აქვთ.
თუ მათ გაუჩნდებათ პერსპექტივა, ქვეყანა ისევ ბოლომდე მოისპობა.
თუ ეს ხალხი არ იქნება, ქვედა ხალხის გამოსწორება შეიძლება.
ამიტომ ამ მხრივ ჩვენ ვაპირებთ რომ ერთის მხრივ, დანაშაულთან ბრძოლა გაგრძელდეს, მაგრამ მეორეს მხრივ, სოციალურად ბევრად უფრო მოქნილად მივუდგეთ იმ ხალხს, რომელთა ოჯახებს მის დასაცავად ნორმალური ადვოკატის აყვანის შესაძლებლობა არა აქვთ.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, პოლიციის მთავარი მიღწევა მაინც ისაა, რომ იმ ნაძირლებმა, ვასაც საქართველოს არევა სურს, პოლიციის სტრუქტურაში ვერავინ ვერ იყიდეს, ვერავინ ვერ გააკონტროლეს და საქართველოს საწინააღმდეგოდ თავის მხარეს ვერ გადაიყვანეს; ვგულისხმობ ცალკეული ოლიგარქებისა და უცხო ქვეყნის იტერესებს.
ეს ვერავინ ვერ მოახერხა და ვერც მოახერხებენ, რადგან ეს არის ძალზე ჯანსაღი ორგანიზმი.
აი, ეს არის ის, რისი თქმაც, ძირითადად, მსურდა.
მიმაჩნია, რომ ჩვენ ბევრი სხვა ცვლილებაც უნდა გავატაროთ, ჩვენი კურსი უნდა იყოს უცვლელი, მაგრამ ცვლილებები ბევრად უფრო სწარფად უნდა განვახორციელოთ.
ბევრი რამ არის გამოსასწორებელი და კორექტირებას საჭიროებს.
ჩვენ ეს ვიცით და უკან დახევას არ ვაპირებთ, მუშაობა კი მნიშვნელოვანი და დაჩქარებული ტემპით უნდა გაგრძელდეს.
დიდი მადლობა.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური