Google+

გამოსვლები და განცხადებები

24.11.2007
მიხეილ სააკაშვილი: ''ხვალიდან საქართველოს პრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიას ვიწყებ''

მოგესალმებით!

პირველ რიგში მივესალმები საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტის გარკვეულწილად გადახალისებულ შემადგენლობას და ჩვენ ორ ახალ მინისტრს.

მინდა გისურვოთ წარმატება და გამოვთქვა რწმენა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი, ამომწურავი კონკრეტული, რეალისტური და საქმის ზუსტი ცოდნით გაკეთებული პროგრამა აღმოჩნდება კარგი საფუძველი ეკონომიკის განვითარებისათვის.

თქვენ იცით, რომ ჩვენ მივმართეთ ჩვენს ხალხს განახლებული დემოკრატიული მანდატისათვის.

ჩვენ მივმართეთ ჩვენს ელექტორატს იმისათვის, რომ 5 იანვარს ხელახლა მოგვცეს საშუალება გავაგრძელოთ ქვეყნის მართვა გაძლიერებული დემოკრატიული მხარდაჭერით, ჩვენი ამომრჩევლის აქტიური მონაწილეობით იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გადალახოს ყველა არსებული სიძნელე და იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა იმ ამოცანის ზუსტად შესრულება, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია.

თქვენ იცით, რომ ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას.

ორმოცი დღის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას და მე ვიქნები ჩართული საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში.

დღეს გადავწყვიტე, მინისტრთა კაბინეტის ამ შემადგენლობას გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით მივცე დავალებები.

ეს არის ძალიან მგრძნობიარე პერიოდი საქართველოსთვის.

ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ საქართველოს უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი, ავიცილოთ თავიდან ყველა შესაძლო პროვოკაცია, ყველანაირი გართულებები, რისი მცდელობაც ჩვენ ეჭვგარეშე ვფიქრობ გვქონდა, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურები ყველანაირად არიან მომზადებული, რათა თავიდან აიცილონ ეს ყველაფერი და არ დაუშვან რაიმე სახით პრობლემების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისათვის საზოგადოებრივი წესრიგის კუთხით. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მგრძნობიარე სხვადასხვა რეგიონალური პრობლემების მიმართ, მაგრამ ასევე ჩვენ ვართ მომზადებული იმისათვის, რომ ამ ყველა საფრთხის სათანადო დონეზე აცილება მოვახერხოთ.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის ფაქტი, რომ საქართველოში ამ ზამთარში ვინმე იყოს ისეთი, ვისაც ეციება და ეშიება, ან რაიმე სახის უკიდურესი პრობლემები ექნება. ეს ჩემი დავალებაა და დღეს ეს როგორც არასოდროს ისე უნდა იყოს აქტუალური.

ამისათვის უნდა ავამოქმედოთ ის საპენსიო მექანიზმები და გაზრდილი პენსია, რომელზეც ვსაუბრობთ.

ამისათვის ჩვენ უნდა ავამოქმედოთ უმწეოთათვის დახმარების განსაკუთრებული პროგრამა, უნდა მივიღოთ ყველა საჭირო ღონისძიება -დაწყებული შეშის პროგრამიდან, დამთავრებული ვაუჩერების პროგრამით, ასევე ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამის შესახებ მე ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ზამთრის უახლოესი თვეები უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი.

ბიუჯეტში ცვლილებები შესულია, დავალებები გავქვთ, ჩვენ ეს პარლამენტში უნდა გავიტანოთ და უნდა შევძლოთ ყველა ამ პრობლემის გადაჭრა და სიტუაციის შენარჩუნება და გაუმჯობესება.

ჩვენი მთავარი ამოცანაა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება.

ჩვენ არა მხოლოდ ახალი მანდატის მიღება გვინდა, არამედ მანდატის რომელიც მთლიანად გაამტკიცებს და გააძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებს, განამტკიცებს თითოეული ჩვენგანის მომავალ პერსპექტივებს საქართველოს გაერთიანებისათვის და უკეთესი მომავლისათვის. ამიტომ ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ძალას მივცემთ საშუალებას ძალიან დემოკრატულ სიტუაციაში გამოვიდნენ არჩევნებზე. ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს ვის რა შანსს აძლევს და ვის რა დახმარებას აღმოუჩენს.

ჩვენ ასევე უნდა ვუზრუნველყოთ მასმედიის ყველა საშუალების თავისუფლება იმ პირობებში, როცა დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობა, გამორიცხული იქნება ყოველგვარი ძალადობრივი ქმედებები.

უნდა გადაიდგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც დემოკრატიულ სამყაროში იცავს დემოკრატიას დემოკრატიის მოწინააღმდეგეთა მხრიდან. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობამ გადადგა ძალიან სერიოზული ნაბიჯები.

ჩემი მთავრობა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც აპირებს ამ მხრივ სერიოზული ნაბიჯები გადადგას და მკვეთრი პოზიცია დაიკავოს.

ამავე დროს, ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. მოვიწვიეთ ეუთოსა და ევროკავშირის დამკვირვებლები. ძალიან სერიოზული დახმარება აღმოგვიჩინეს ჩვენმა მეგობრებმა.

გუშინ ჩვენთან იყვნენ პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტები, გუშინწინ კრინიგზასთან დაკავშირებულ საუკუნის კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი.

ერთი სიტვით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებით აღსავსე პერიოდი, არა მხოლოდ ქვეყნისათვის, არამედ თითოეული მოქალაქისათვის და ქართული ოჯახისათვის, მარგამ საქართველო ამას როგორც ყოველთვის შეხვდება ძალიან მედგრად და მტკიცედ. დარწმუნებული ვარ, მთელ მსოფლიოს დავანახებთ სიმშვიდეს, ორგანიზებულობას და დავანახებთ რომ საქართველოს ყველა დონეზე ჰყავს მთავრობა და ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია სიმშვიდის პირობებეში ფუნქციონირება და ქვეყნის განვითარების გაგრძელება ყველაზე უფრო საარჩევნო პოლიტიკურ ცხელ პერიოდშიც კი.

ისიც მინდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში თქვენი მუშაობა შეფასდება განსაკუთრებულად , ჩვენ წინ კიდევ ბევრი ცვლილებები გვექნება.

ჩვენ ყველა დონეზე გვექნება სხვა ნაბიჯები გადასადგმელი იმისათვის, რომ ზოგადად ქვეყნის განვითარება ბევრად უფრო ინტენსიურად და სწორად გაგრძელდეს - ეს საზოგადოების მოთხოვნილებაა.

ამიტომ მეც, ახალი პრემირ-მინისტრი და თითოეული ჩვენგანი დეტალურად დააკვირდება არა მხოლოდ თითოეული თქვენგანისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქმედებას, არამედ ყველა დონის ადმინისტრაციული აპარტის მოქმედებას, საშუალო რგოლს. საზოგადოების ყველა წერტილში, სადაც სახელმწიფოს შეხება აქვს ხალხთან, ყველგან უნდა ვიყოთ განსაკუთრებცლად ფაქიზნი და მობილიზებულნი, ეფექტური იმისათვის, რომ არ გავაცინოთ საქართველოს მტერი და იმისათვის, რომ საქართველოს ისტორიული ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა ჩავაბაროთ ხუთიანზე. ლადო გურგენიძეს აქვს ყველა მანდატი იმისათვის, რომ კორექტირება მოახდინოს შემდეგი ორმოცი დღის განმავლობაში კონკრეტული გადაწყვეტილების.

ცხოვრება უნდა გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში, განსაკუთრებული მობილიზაციის პირობებში.

ეს ძალიან ან მნიშვნელოვანი ორმოცი დღეა. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი დამთავრდება ძალიან კარგად, მხოლოდ ყველამ უნდა გაანძრიოს ხელი და იყოს ფხიზლად.

ჩვენ, როგორც აქამდე ვიყავით წარმატებულები, ასევე წარმატებით დავაგვირგვინებთ ამ საარჩევნო კამპანიას და საქართველოს ისტორიაში 5 იანვარი შევა ძალიან დიდი ახალი ეტაპის დასაწყისის თარიღად.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)