Google+

გამოსვლები და განცხადებები

01.04.2008
ნატო-ს სამიტზე გამგზავრების წინ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა

ძვირფასო თანამოქალაქენო, დღეს საღამოს მე მივემგზავრები ბუქარესტში ნატოს ქვეყნების ლიდერების უმნიშვნელოვანეს სამიტზე და სანამ წავალ მინდა აგიხსნათ, თუ რატომ არის ეს სამიტი ესოდენ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.

ნატოს ეს სამიტი ჩვენი ქვეყნის ყველაზე გადამწყვეტ ისტორიულ მომენტს ემთხვევა. დღეს საქართველო არის უფრო თავისუფალი და უფრო ძლიერი ვიდრე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა: ჩვენ ვართ ახალგაზრდა ძლიერი დემოკრატია, რომელსაც პატივს სცემენ საერთაშორისო თანამეგობრობაში და რომელსაც იცავს საიმედო და თანამედროვე ქართული არმია.

ყოველი ჩვენთაგანი ვალშია ჩვენს 33 ათას ჯარისკაცთან, ჭეშმარიტად პატრიოტ და საქართველოს საამაყო შვილებთან, რომელნიც ეხლა მსახურობენ საქართველოს არმიაში და 70 ათასამდე ქართველ რეზერვისტთან.

მაგრამ ამავე დროს, ეს არის დრო დიდი გამოწვევებისა. კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, შესაძლო არასტაბილურობის ნიშნებზე აალაპარაკა ზოგიერთი. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჯერ არ დაბრუნებია ჩვენს კონტროლს და კოსოვოს პრეცენდენტმა გარკვეულ ძალებს საშუალება მისცა, დაეწყოთ ღია სპეკულაციები აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ჯერაც რთულია. ხოლო ევროპასა და ნატოსთან დაახლოვების პროცესი უკიდურესად კომპლექსური პროცესია, იმის გამო, რომ ევროპასა და ამერიკის წინაშე დიდი გამოწვევები გააჩინა ერაყისა და ავღანეთის ომებმა.

ამ რთულ ფონზე, მე მინდა განგიმარტოთ, თუ რა არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტები:

ჩვენი პირველი და უზენაესი ამოცანაა, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს მუდმივი თავისუფლება, დაცულობა და საზღვრების ურღვევობა. ჩვენ ამისათვის უკან არაფერზე და არასოდეს დავიხევთ. ამიტომ მე მუდმივად ვმუშაობ იმისათვის, რომ საქართველოს გაუჩნდეს ისეთი მეგობრები, გავწევრიანდეთ ისეთ კავშირებში, დავდოთ ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომ საქართველოს დაცულობა იყოს სამუდამოდ უზრუნველყოფილი; რომ ყოველთვის გვქონდეს საშუალება, დავიცვათ ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი მონაპოვრები. ჩვენ გადატანილი გვაქვს ომები და კარგად ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ომისაგან ქვეყნის დაცვა.

მეორე უმთავრესი მიზანი არის ის, რომ აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და შორს არ არის დღე, როდესაც ჩვენ მათ მთელ ტერიტორიას ვიხილავთ ერთიანი და განუყოფელი საქართველოს შემადგენლობაში. გაერთიანება მოიტანს მშვიდობას, ჩვენი ეკონომიკის მკვეთრ ზრდას და დიდი ერის სამუდამო სიმტკიცეს.

ჩვენი მესამე ამოცანა არის ის, რომ უზრუნველვყოთ საქართველოს ეტაპობრივი და მიზანმიმართული დაახლოვება ნატოსა და ევროპასთან. სამყაროს იმ ნაწილში სადაც ჩვენი ქვეყანაა, ყველაზე განვითარებული და თანამედროვე ეკონომიკა არის ევროპული ეკონომიკა, ყველაზე თავისუფალი და დაცული საზოგადოება არის ევროპული საზოგადოება და საქართველოს ეკონომიკური და პოლიტკური მომავალი მხოლოდ ევროპას უკავშირდება. ჩვენი მომავალი ასევე უკავშირდება ნატოს, როგორც მსოფლიო ისტორიის ყველაზე ძლევამოსილ და წარმატებულ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსს, რომელიც აერთიანებს და იცავს მსოფლის თავისუფალ ერებს, რომელთა რიგშიც გვინდა ვიხილოთ საქართველოც. ამიტომაც ვთანამშრომლობთ ასე აქტიურად ნატოსთან ერაყში, ავღანეთსა და ყოფილ იუგოსლავიაში, ჩვენი მიზანი ნატოს სრულუფლებიანი წევრობაა. ნატო არის საქართველოს მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის გარანტია ჩვენი შვილების, შვილიშვილებისა და მთელი მომავალი თაობების წინაშე.

მეოთხე ამოცანა, რომელიც ჩვენ გვამოძრავებს არის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია. რუსეთი არის ჩვენი უდიდესი და უმთავრესი მეზობელი, რომელთანაც გვაკავშირებს დიდი ისტორია. ისტორია, რომელიც ამავე დროს ჩვენი ყველაზე დიდი მასწავლებელია. ჩვენ გვაკავშირებს დიდი კულტურული და პოტენციურად ძალიან დიდი ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველოს ეროვნული ინტერესები გვკარნახობს და ყოველთვის გვიკარნახებს, რომ რუსეთთან უნდა გვქოდეს კეთილმეზობლური და თანასწორი, პარტნიორული ურთიერთობა და ამ ურთიერთობის დასამყარებლად, ამ ურთიერთობის გადასარჩენად, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც შესაძლებელია... სანამ შესაძლებელია.

ამ ოთხი ურთულესი და უმნიშვნელოვანესი ამოცანიდან გამომდინარე, მე შეუსვენებლად ვმუშაობ იმისათვის, რომ საქართველოს განვუმტკიცო საერთაშორისო კავშირები, იმისათვის რომ დაცული ვიყოთ ჩვენს სამშობლოში და გვქონდეს უფრო მეტი დასაქმება და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებში. თუ შევძლებთ, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას, შევძლებთ იმასაც, რომ ქართული ღვინო, მანდარინი, თხილი, ვაშლი და სხვა უამრავი პროდუქტი და მომსახურეობა თავისუფლად გადიოდეს რუსულ ბაზარზე ისე, როგორც ეს ადრე ხდებოდა. ამიტომაც ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადა დავიწყე პრეზიდენტ პუტინის საქართველოში მოწვევით, ამიტომაც იმედის თვალით ვუყურებ დათბობის თუნდაც მცირედ, მაგრამ გარკვეულ ნიშნებს, მაგალითად საავიაციო და საფოსტო, საზღვაო მიმოსვლის აღდგენას.

ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი დაახლოვება ევროპასა და ამერიკასთან ნატოს მეშვეობით და მოძრაობა ამ დიდი ალიანსის მიმართულებით. ნატოს წევრობა შექმნის ფუნდამენტურ გარანტიას საქართველოს ტერიტორიული ურღვევობისა და სტაბილურობისთვის - გარანტიას, რომელიც საქართველოში მოიზიდავს დიდ ეკონომიკურ ინტერესებს და დიდ საინვესტიციო კაპიტალს, რაც გამოიყვანს საქართველოს უმუშევრობის კოშმარიდან და შემოიტანს კეთილდღეობას ჩვენს ოჯახებში.

ჩემი მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს უსაფრთხოების გარანტიების მოსაპოვებლად, ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება, რასაც ჩემი მუშაობა ქვეყნის შიგნით ხალხის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. იმიტომ რომ უსაფრთხო საქართველო ნიშნავს "საქართველოს არა მხოლოდ სიღარიბის გარეშე, არმედ საქართველოს შიშის გარეშე" და ეს არის უმთავრესი პირობა იმისათვის, რომ მივაღწიოთ ყველა ჩვენს ეკონომიკურ მიზანს.

ყველა ეს ამოცანა ურთიერთდაკავშირებულია და ამიტომაც არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბუქარესტის სამიტი.

ამ შეხვედრაზე, მე გავაგრძელებ ნატოს წევრი ქვეყნების დარწმუნებას იმაში, რომ საქართველო ჭეშმარიტი მატარებელია ნატოს წევრი სახელმწიფოების დემოკრატიული და მშვიდობისმოყვარული ფასეულობებსა; რომ ჩვენ უკვე შეგვწევს ძალა მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ნატოს ოპერაციებში ისევე, როგორც ამას დიდი წარმატებით ვაკეთებთ ერაყში; რომ ჩვენ უკვე მზად ვართ დავიწყოთ სრულუფლებიანი გაწევრიანების პროცესი მთელი იმ პასუხისმგებლობებით, რაც ამ პროცესს მოდსევს, რომ ჩვენი მიზანი არა მხოლოდ ისაა, რომ ცალმხრივად ვისარგებლოთ ნატოს დაცვის სისტემებით, არამედ ის, რომ ავიღოთ სრული პასუხისმგებლობა, რომ სოლიდურად დავუდგებით გვერდში მთელს ალიანსს და ჩვენს ღირსეულ წვლილს შევიტანთ როგორც ამას ახერხებდნენ ქართველები რეგიონალური მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ჩვენ ჯერ არ ვიცით რა ნაბიჯებს გადადგამს ნატო ჩვენი გაწევრიანებისაკენ მწობრი სვლის შესანარჩუნებლად. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბუქარესტის სამიტი ყველა შემთხვევაში გადაიქცევა მნიშვნელოვან დეკლარაციად იმისა, რომ საქართველოს წინსვლა ნატოსკენ წარმატებით გრძელდება. ჩვენ ასევე ვიცით, რომ სრულ გაწევრიანებას, გაცილებით უფრო მეტი მუშაობა, ხანგრძლივი პროცესი სჭირდებადა კიდევ არაერთი ასეთი სამიტი დასჭირდება. ვიცით, რომ ბუქარესტში არ გადაწყდება. საქართველოს სრული გაწევრიანების საკითხი, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ბუქარესტის სამიტის შედეგად, საქართველო მნიშვნელოვნად დაუახლოვდება ნატოს და მთელ ცივილიზებულ სამყაროს.

ბუქარესტშიც და სხვა ევროატლანტიკურ სამიტებზეც, მე მივდივარ და ვივლი იმ რწმენითა და შემართებით, რომ საქართველოს ევროპაში დაბრუნება არა მხოლოდ დღევანდალობის გამოსავალია, არამედ ჩვენი ყველაზე ფუნდამენტური და უძველესი ისტორიული ორიენტირი. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენი უდიდესი სიმდიდრე ჩვენი მრავალათასწლიანი ისტორიაა. ისტორიაა ჩვენი მასწავლებელიც და ეროვნული სიბრძნისა და გამოცდილების საგანძურიც.

როდესაც დღეს საქართველოს ევროპულ მომავალზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი დღევანდელი არჩევანი, ევროპა ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს უძველესი წარსულიდან აირჩიეს და განსაზღვრეს, როგორც ჩვენი ნავსაყუდელი.

ევროპა ჩვენი უძველესი ეროვნული ორიენტირია. ევროპული და ქართული ცივილიზაციები იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთში, რომ ძნელი გასარკრვევია ევროპაა ჩვენი ფესვები, თუ პირიქით - საქართველოა ევროპის ფესვები.

ჩვენს ევროპულ ცივილიზაციას არა მარტო უძველესი ევროპელები ზეზვა და მზია ადასტურებენ, არამედ ამას აღწერს მთელი ჩვენი შემდგომი ისტორია დაწყებული ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულიდან, როდესაც არგონავტები ოქროს საწმისის, მედიცინისა და მექანიკის საიდულმოებათა დასაუფლებლად ჩამოვდნენ საქართველოში... როედესაც ქართველი დედოფლის - მედეას სახელი ეწოდა მედიცინას.

საქართველო უძველესი დროიდან იყო ევროპული ცივილიზაციების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სისტემების განუყოფელი ნაწილი.

ჯერ კიდევ პლურატქე აღწერდა, თუ როგორ იბრძოდნენ გმირი ლაზი მეომრები ტროასათვის, ხოლო მოგვიანებით, როგორ მონაწილეობდნენ მათი შთამომავლები ქალაქ რომის დაარსებაში.

ევროპულმა ეკონომიკამ განაპირობა ჩვენი უნმიშვნელოვანესი ქალაქების - ოჩამჩირის, სოხუმის, ფოთის, ბიჭვინთისა და ქუთაისის დაარსება. ჩვენი წინაპრები მაშინდელი ევროპის ეკონომიკურ სისტემაში ცხოვრობდნენ და მათთან ერთად ევროპულ ფინანსურ სისტემაში მიმოქცევაში იყო ჩვენი პირველი ეროვნული ვალუტა - კოლხური თეთრი. რომელიც მთელ ევროპაში მოძრაობდა.

პირველ საუკუნეში, რომის დიდმა იმპერატორმა ვესპასიანე-ფლავიუსმა, მცხეთის გალავანი ააგო ნიშნად საქართველოსადმი სტრატეგიული მოკავშირეობისა. ეს ის იმპერატორია, რომელმაც მცხეთის გალავნის გარდა, იტალიის დღევანდელი სიამაყე - რომის კოლიზეუმიც ააშენა.

ჩვენ ვიცით, სულხან-საბა ორბელიანის სასოწარკვეთილი ვიზიტის შესახებ ევროპაში, როდესაც მან ვერ შეძლო დაეძლია ურთულესი პოლიტიკური რეალობა. მაგრამ, ძალიან ცოტამ იცის, რომ ქართველი მეფის, ფარსმანის დიდებული სტუმრობის შესახებ. როდესაც ძლევემოსილმა რომის იმპერატორმა ანტონინე პიუსმა ქართველ მეფეს ცხენზე ამხედრებულს, ძეგლი დაუდგა რომის ცენტრალურ - მარსის მოედანზე, როგორც რომის და შესაბამისად მაშინდელი ევროპის უმნიშვნელოვანეს მოკავშირეს, რომელიც მაშინდელ ევროპულ უსაფრთხოებას აღმოსავლეთიდან, პართიის აგრესიისაგან ბრწყინვალე წარმატებით იცავდა.

რომის დედოფალი ელენე, ჩვენი გამქრისტიანებელი წმინდანის - ნინოს მეგობარი იყო. ასევე მეგობრობდნენ საქართველოს გამქრისტიანებელი მეფე მირიანი და ელენეს მეუღლე, რომის იმპერიის გამქრისტიანებელი იმპერატორი კონსტანტინე. ევროპა და საქართველო ერთად ეზიარა ქრისტიანობას და პრაქტიკულად ადამიანების ერთმა ჯგუფმა დაარწია ქრისტიანობის აკვანი ევროპაშიც და მათ შორის ევროპის განუყოფელ ნაწილში საქართველოში.

4-5 საუკუნეებში ჩვენი მეფე ბაკურ დიდი ევროპის ყველაზე დიდი მოკავშირე იყო სპარსეთთან ომებში და მას ბიზანტიელი ისტორიკოსები უდიდეს გმირად მოიხსენიებენ.

ევროპის უსაფრთხოების სისტემაში საქართველოს მონაწილეობა განსაკუთრებულ მაშტაბებს აღწევდა შუა საუკუნეებში, როდესაც ევროპის ჯვაროსნული სამხედრო კოალიციის მნიშვნელოვანი წევრი იყო ჩვენი ქვეყანა.

თორნიკე ერისთავი, რომლის ჯაჭვის პერანგი ვნახე ამას წინათ ათონის მთაზე და განსაკუთრებული იყო ჩემთვის, როცა მას ხელით შევეხე. ის ბიზანტიას იცავდა, მაგრამ ამით იცავდა თავის სამშობლოს - საქართველოს.

მაშინდელ ევროპულ სამხედრო-პოლიტიკურ კოალიციას უმჭიდროვესი კავშირები ჰქონდა დავით აღმაშენებელთან და დავითის მხედრობა ჯვაროსანთა მიერ იერუსალიმის გათავისუფლების ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობდა.

სამაგიეროდ დიდგორის ბრძოლაში, - ყველზე საარაკო ქართულ გამარჯვებაში, - ჩვენი თავდადებული მებრძოლების გვერდით, საქართველოს დასაცავად იბრძოდა 200 ევროპელი რაინდი. ხაზს ვუსვამ, ჩვენი ისტორიის ყველაზე დიდი გამარჯვება, ქართველებმა ევროპელებთან ერთად მოვიპოვეთ.

ეს არ არის უბრალოდ საუბარი ისტორიაზე, ეს არის საუბარი ჩვენს დღევანდელობაზე. ეს არის საუბარი ჩვენს ფესვებზე.ლაპარაკია არა იმაზე, თუ საით გვინდა, რომ საქართველო წავიყვანოთ, არამედ იმაზე თუ სად არის საქართველოს კუთვნილი ადგილი დღეს. ეს არის წარსული, რომელიც არის ჩვენი აწმყოსა და მომავლის მშობელი.

ამიტომ მე ბუქარესტში მივდივარ და თან მიმაქვს არა მხოლოდ დღევანდელი საქართველოს დროშა, არამედ ჩვენი დიდი მამების: აიეტის, ფარსმან ქველის, ბაკურ დიდისა თორნიკე ერისთავის და დავით აღმაშენებლის დროშები. თან მიგვაქვს კაცთმოყვარეობის და მშვიდობის მოძღვრება, რომელსაც დედოფალმა ელენემ და წმინდა ნინომ გვაზიარეს. თან მიგვაქვს სულხან საბასა და დიდგორის მებრძოლების ოცნებები და ვიცი, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს ბუქარესტის სამიტი, ეს ყველა შემთხვევაში იქნება მათ მიერ არჩეულ გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯი წინ.

გარდა ამისა, ეს სამიტი მომცემს საშუალებას, რომ შეცვეცადო მოვიპოვო მსოფლიო ლიდერების კიდევ უფრო მყარი მხარდაჭერა იმ მიზნების მიღწევაში რაც ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხის უკეთესი ცხოვრებისთვის.

ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიო ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარი თემა საქართველო იყო. რამოდენიმე წლის წინ, ამაზე ოცნებაც კი არ შეგვეძლო. როდესაც სოხუმი დაეცა და საქართველოს ბომბავდნენ, აშშ-ის ერთ-ერთ ძალიან სერიოზულ თანამდებობის პირს შეეკითხნენ, რაიმე ხომ არ იცოდა საქართველოს შესახებ. მან განაცხადა, რომ საქართველოში ყველაფერი წესრიგში იყო - პრეზიდენტი შევარძდნაძე სამშვიდობოს გაიყვანეს. იმ წუთში მას საერთოდ არ აინტერესებდა და არ აღელვებდა სოხუმის, აფხაზეთისა და მთლიანად საქართველოს ბედი. დღეს კი, ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. დღეს მთელი დღის განმავლობაში კიევში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბუში საქარველოს შესახებ საუბრობდა. უკრაინის რევოლუციის ლიდერების თქმით კი, ისინი რევოლუციასა და თავიანთ საგარეო პოლიტიკურ კურსში მთელი ამ წლების განმავლობაში ბაძავდნენ საქართველოს. ეს არის საქართველოს სულიერი და კულტურული მისია, რომელის შესახებაც საუბრობდნენ ჩვენი გამოჩენილი მოღვაწეები ილია ჭავჭავაძის თაოსნობით.

მე შევეცდები ავუხსნა პრეზიდენტ პუტინს, რომ მზად ვარ ვიმუშავო მასთან და მის შემცვლელ მედვედევთან რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნების სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობები, რათა თანამშრომლობით მოვაგვაროთ კონფლიქტები და უზრუნველვყოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში სრულად დაბრუნება.

გავაკეთებ ყველაფერს, იმისათვის, რომ ამ გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ორიენტაციას და დაცულობას უფრო მეტი მხარდამჭერი და მოკავშირე ჰყავდეს მსოფლიოს ლიდერთა შორის.

ამიტომ მიუხედავად ძალიან კომპლექსური (თამამად ვიტყოდიურთულესი ), საერთაშორისო ვითარებისა და ურთულესი პროცესების ფონზე, მიუხედავად იმ უდიდესი გამოწვევებისა, რომელიც ჩვენი სამშობლოს წინაშეა. მე მივდივარ ბუქარესტში, დარწმუნებული, იმაში თუ რას უნდა მიაღწიოს საქართველომ მომავალი ორი დღის განმავლობაში და რაც მთავარია, დარწმუნებული იმაში, თუ რას უნდა მიაღწიოს ჩვენმა ქვეყანამ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში.

= დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მტკიცე ნაბიჯით გავაგრძელებთ სვლას ნატოსა და ევროპისაკენ. როგორც ეს გვიანჟერძეს ჩვენმა წინაპრებმა.

რომ გავაგრძელებთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის ყველანაირ მცდელობას. როგორც ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის დიდი მმართველები.

რომ გავაგრძელებთ ჩვენს დაუღალავ შრომასა და ბრძოლას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. რაც არის ყველა ქართველის გენეტიკური კოდის მთავარი ნაწილი და ჩემი ცხოვრების უმთავრესი, ყველაზე სანუკვარი მიზანი და მოტივაცია.

და რაც მთავარია, მაქსიმალური შემართებით გავავაგრძელებთ მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ საქართველოს, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი, წელში გამართული და ძლიერი სახელმწიფოს ზრდა, განვითარება და წინსვლა.

დიდი მადლობა


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)