Google+

გამოსვლები და განცხადებები

21.04.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა ნინო ბურჯანაძის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

როგორც იცით, 21 მაისს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკო-ში პარტიული სიების წარდგენის ვადა დასრულდა.

ეს არჩევნები, 5 იანვარს გამართული პლებისციტის შედეგებზე დაყრდნობით, ქართველი ერის გადაწყვეტილებით დაინიშნა და ქართული დემოკრატიის განვითარებისა და ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლის ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მსურს, რამდენიმე საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება და ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ.

უწინარეს ყოვლისა, ქვეყნის პრესტიჟის, ღირსებისა და მომავლის საკითხია, რომ ის პატიოსნად და გამჭვირვალედ ჩატარდეს; ყველა ხმა დაითვალოს სწრაფად, რათა არავის არ დარჩეს უსამართლობის, ჩაგვრის, ან რაიმე სახის სერიოზული დარღვევის განცდა - არ მოხდეს მსგავსი ინციდენტები და დარღვევები.

ამისთვის, ჩვენ აბსოლუტურად გახსნილი ვართ.

მინდა 21 მაისს რაც შეიძლება ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდეს.

ყველა ქართულ ორგანიზაციას, არასამთავრობო ჯგუფს და პოლიტიკურ პარტიას, შესაბამისად, საარჩევნო პროცესში მონაწილეობის, დაკვირვებისა და აგიტაციის ყველა შესაძლებლობა შეუზღუდავად და დაუბრკოლებლად ჰქონდეს.

მეორე საკითხი, ნაციონალირი მოძრაობის პარტიულ სიას შეეხება.

იცით, რომ დღის ბოლოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გადაწყვიტა, არ ჩაეწეროს საპარლამენტო სიაში.

მე მესმის, რატომაც გადაწყვიტა ასე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ვარ.

მინდა გითხრათ, რომ ნინო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა.

იგი არის საქართველოს პატრიოტი, რომელთან ერთად მრავალი წლის განმავლობაში მოვდივარ;

ის არის ადამიანი, რომელიც ყველაზე რთულ დღეებში, მაგალითად, ნოემბერში, ქვეყანაში ძალზე მწვავე პოლიტიკური კრიზისის დროს დადგა მაგრად;

პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება ორჯერ მოუწია - ორჯერვე ურთულეს პირობებში და ორივეჯერ მოახერხა სტაბილურობისა და წყნარი გადასვლის უზრუნველყოფა.

ეს არის ადამიანი, რომელიც ჩემთვის პოლიტიკური ინტელექტის, სტაბილურობის, სიმშვიდის და ღირსების სიმბოლოა.

მიუხედავად მისი გადაწყვეტილებისა - დროებით ჩამოშორდეს პოლიტიკას, ის არის და დარჩება საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოლიტიკურ ფიგურად.

ახალი პარლამენტის არჩევამდე, ნინო ბურჯანაძე საკუთარ მოვალეობას შეასრულებს და ამ გარდამავალ პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დარჩება.

შემდგომშიც, როდესაც იგი, იმედია, დაუბრუნდება აქტიურ ქართულ პოლიტიკას, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება.

ამავე დროს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნაციონალური მოძრაობა არ არის მხოლოდ სააკაშვილი, ბურჯანაძე, პარლამენტის ცალკეული წევრები, გუბერნატორები, მინისტრები თუ პრემიერ მინისტრი.

ნაციონალური მოძრაობა მასობრივი, საერთო სახალხო მოძრაობაა, რომელმაც საქართველოში ვარდების რევოლუცია მოახდინა, ძალიან რთული და მტკივნეული რეფორმები განახორციელა.

უნდა აღინიშნოს, რომ შეცდომებიც იყო და ხარვეზებიც, მაგრამ მან საქართველო გადააქცია ნამდვილ სახელმწიფოდ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ამ პროცესში ჩართულ ადამიანებთან ერთად მთელ მსოფლიოს გააცნო.

ნაციონალურ მოძრაობას ამ საკითხში ძალიან წვლილი მიუძღვის.

ეს მოძრაობა უნდა დარჩეს საერთო სახალხო მოძრაობად, რომელიც არ ეფუძნება მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებს.

ეს არ არის პრეზიდენტ სააკაშვილის პარტია - ეს ამ ორგანიზაციის წევრებისა და მათი მხარდაჭერების პარტიაა.

ჩვენ საზოგადოებრიობის მთავარი დაკვეთა მივიღეთ - საპარალამენტო სიის რადიკალურზე რადიკალური განახლება.

მინდა ვთქვა, რომ ახალ საპარლამენტო სიაში, რომელიც ცესკო-ში წარვადგინეთ, სამ მეოთხედზე მეტი ახალი სახეა.

ეს ის ხალხია, რომელთა უმრავლესობა წინა წლებში საერთოდ არ გაკარებია პოლიტიკას და აქამდე არ ყოფილა პოლიტიკით დაკავებული.

სიის სათავეში არის დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი ფიგურაა და არა პარტიული აქტივისტი.

სხვათა შორის, პოლიტიკაში ის სწორედ ნინო ბურჯანაძემ მოიყვანა.

სიის მეორე ნომერი კობა სუბელიანია, რომელიც ნამდვილად საერთო სახალხო ფიგურაა, მაგრამ არა - პოლიტიკური.

ამ სიაში არიან ყველა ასაკის ადამიანები.

მართალია, ბევრია ახალგაზრდა, მაგრამ ჭარმაგი ადამიანებიც მრავლადაა - ქართული ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლები, ადამიანები განათლებისა და მეცნიერების სფეროდან, წარმოდგენილია ქართველი ბიზნესმენებიც, რომლებიც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სახით ამ სიაში უმცირესობას წარმოადგენენ, თუმცა ისინი ოლიგარქიული, კორუმპირებული ბიზნესიდან კი არა, თავისუფალი ბიზნესიდან მოდიან.

მათ თავისუფლების პირობებში ააწყვეს საქმე და კარგად იციან თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ფასი.

ერთი სიტყვით, ჩვენ წარმოვადგინეთ ქართული საზოგადოებრიობის მაქისმალურად ფართო სპექტრი.

ჩვენი ამოცანა საზოგადოების დაკვეთაა, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის ახალი სახეებით განახლებას და არა ახალგაზრდებით.

იგულისხმება სხვადასხვა ასაკის ის ადამიანები, რომლებმაც საკუთარ დარგებში მიაღწიეს წარმატებებს, სხვადასხვა ასაკის გამოცდილება აქვთ, მაგრამ ძალუძთ, ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალონ უკეთესობისკენ.

ყველა ეს ადამიანი ჩვენს სიაში მაქსიმალურადაა წარმოდგენილი და დაფასებული.

ამ სიასთან დაკავშირებით შეთანხმება, რა თქმა უნდა, მოხერხდებოდა, უფრო მეტიც, ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობიდან ძალიან ბევრი არ შესულა ახალ სიაში და თითოეული მათგანი ახალი ლიდერია.

ახალ სიაში არ არის არც უმრავლესობის ლიდერი, არც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი გენერალური მდივანი, არც ცნობილი საპარლამენტო სახეები, დაბოლოს ამ სიაში არ არის დღევანდელი საპარლამენტო ფრაქციის უმრავლესობა.

ვაპირებ, რომ ხვალ ამ ადამიანებს შევხვდე და ვუთხრა, რომ თითოეულ მათგანის შრომა, ჯაფა, ერთგულება დაფასდება ქვეყნისა და ჩემს მიერ.

ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას ოთხი წლის განმავლობაში პატიოსნად ემსახურა, არ გაუსვრია ხელი სხვადასხვა გარიგებებში, არ ჩაფლულა კორუფციაში და ყველანაირად უჭერდა მხარს ჩვენს ანტიკორუფციულ რეფორმებს.

მინდა შეგახსენოთ, რომ ეს არის პარლამენტი, რომელშიც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უმრავლეობამ კორუფციაში ბრალდებულ რამდენიმე დეპუტატის დაკავებასა და დაპატიმრებას დაუჭირა მხარი.

ერთი სიტყვით, ეს არის წესიერი უმრავლესობა და ამ ხალხს დაფასება სჭირდება.

მაგრამ მთავარი, რაც დღეს აუცილებელია, განახლება, ახალი ენერგია და ქვეყნის უკეთესი მომავალია.

დღეს საქართველოს, როგორც არასდროს სჭირდება სიმშვიდე და დღეს საქართველოს, როგორც არასდროს სჭირდება ერთიანობა და სტაბილურობა.

საქართველო ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგას, მაგრამ, ამავდროულად, ისტორიული შესაძლებლობების ეპოქაში იმყოფება.

ჩვენი ამოცანაა, თავიდან ავიცილოთ შესაძლო დიდი პრობლემები, და გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ეს დიდი შესაძლებლობები.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (11)
2012 (12)
2011 (12)
2010 (10)
2009 (12)
2008 (12)
2007 (11)
2006 (12)
2005 (12)
2004 (4)